უკვე მეოთხედ მონაწილეობა მსოფლიო მარათონში

18 აპრ 2017

მსოფლიო სპორტის ის-ტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა – 7 მაისს კახეთში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 6 კონტინენტი, 24 ქვეყანა, 25 ლოკაცია და 100 ათასზე მეტი მორბენალი. მსოფლიო რბენას უკვე მე-4 წელია საქართველოც უერთდება. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის საშუალება აქვს 18 წლის ზემოთ ნებისმიერ მოქალაქეს. 
მსოფლიო რბენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული სარბენი მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული ფინიშის ხაზი. აქციას ეყოლება ორი გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, რომლებიც თავად აირჩევენ – თუ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ მონაწილეობას 2018 წლის ღონისძიებაში.

ამ დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მსოფლიო რბენის „Wings for Life“-ის ფონდის დამფუძნებელი ჰაინც კინიგადნერი ეწვია. იგი ცნობილი ათლეტი, 1984 და 1985 წლების მსოფლიო ჩემპიონი მოტოკროსში და მრავალი ტურნირის გამარჯვებულია. 2003 წელს, შვილის ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც ესაჭიროებოდა დახმარება, მეგობართან დიტრიხ მატეშიცთან ერთად, „Wings for Life“-ის ფონდი ჩამოაყალიბა. 
ფონდი „Wings for Life“ წარმოადგენს ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო არაკომერციულ ფონდს. მისი მისიაა ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნების საშუალებების პოვნა. ფონდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფინანსებს საერთაშორისო კლასის სამეცნიერო კვლევებს და კლინიკურ ცდებს, რომლებიც მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაზიანებების განკურნებას.
ჰაინც კინიგადნერთან შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, მსოფლიო მარათონის კეთილი ნების ელჩები საქართველოში და დაინტერესებული სტუდენტები ესწრებოდნენ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა და კეთილი ნების ელჩებმა ისაუბრეს მსოფლიო მარათონის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, თითოეული მონაწილეს წვლილზე საქველმოქმედო ღონისძიებაში.
თსუ-ს რექტორის მოადგილის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით: „მსოფლიო მარათონში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის ადამიანური ვალია. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ იმ სამეცნიერო კვლევებსა და ცდებს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებას. მიხარია, რომ ამ პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული. 1000-მდე უნივერსიტეტელმა უკვე დაუჭირა მხარი, საკუთარი მონაწილეობით, მსოფლიო აქციას. ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები წელს უკვე მეოთხედ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო მარათონში და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ დაუძლეველი არაფერია“.
ფონდის დამფუძნებელმა ჰაინც კინიგადნერმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ 2017 წელს მსოფლიო რბენა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება. „ეს პროექტი ჩვენი ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. World Run-ის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ზურგის ტვინის დაზიანება აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პროექტი არის ყველასთვის, რადგან ამ დაზიანებების 50% ხდება ქუჩაში, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს და მისგან დაზღვეული არავინაა. ამ შემთხვევაში სირბილი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობა, ეს არის, პირველ რიგში, კარგი საქმე და დახმარების გაწევა ამ დაზიანების მქონე ადამიანებისთვის“, – აღნიშნა „Wings for Life“-ის ფონდის დამფუძნებელმა ჰაინც კინიგადნერმა. 
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2017 წელს, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. ყველა ეს ღონისძიება თუ ასპარეზობა იმავე მიზანს ემსახურება, რასაც Check in Georgia – მეტი ადამიანი ჩამოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, მიიღოს პროფესიული გამოცდილება, დაისვენოს და საკუთარი ყოფნა საქართველოში მონიშნოს მსოფლიო რუკაზე. წელს, მხოლოდ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საქართველო 70-მდე ქვეყნის უამრავ ვიზიტორს ელის. 
„უკვე მეოთხე წელია, რაც ეს გარბენი არსებობს. წინა სამ მარათონში მივიღე მონაწილეობა და წელსაც ვაპირებ სირბილს. ჩვენ, ჯანმრთელ ხალხს, ვისაც არ გვაქვს ზურგის ტვინის ტრავმა, შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ პროექტში და დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს“, – განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა რატი გელაშვილმა. 
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მერაბ დუკაშვილმა ხაზი გაუსვა აქციის საქველმოქმედო მიზნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ .„ეს პროექტი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა ხდება. ამავე დროს, ეს შეჯიბრი არის საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. მაგრამ ყველაზე უმთავრესია, რომ ჩვენ, ყველანი, ქველმოქმედებას ვეწევით და საკმაოდ დიდ საქმეს ვაკეთებთ – ვეხმარებით იმ პრობლემის მოგვარებას, რასაც ზურგის ტვინის დაზიანება ჰქვია“, – აღნიშნა მერაბ დუკაშვილმა. 
მსოფლიო რბენაში მონაწილეების აქტიური ჩართულობა და ყოველ წელს ღონისძიების პოპულარობის გაზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩების დამსახურებაც არის. ისინი მსოფლიო რბენის პროექტს ხალხის ყურადღების მიპყრობაში ეხმარებიან. საქართველოში კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სეულის ოლიმპიადის პრიზიორი სირბილში მაია აზარაშვილი (ამავდროულად ღონისძიების სპორტული დირექტორი), კალათბურთელები: კოტე ტუღუში და რეზი როგავა, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი – მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მრბოლელი მევლუდ მელაძე, მოთხილამურე ივა წიკლაური, მორაგბეები: ვასილ ლობჟანიძე და ბაჩო კოლელიშვილი, პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი და სხვები. 
მსოფლიო პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი არა მარტო სპორტსმენები, არამედ ცნობილი ადამიანებიც: ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე, მუსიკოსები: აჩიკო გულედანი, ნიკა კოჩაროვი და ელენე კალანდაძე, ქირურგი და გადაცემა „ექიმების“ წამყვანი ლევან ხარაშვილი, ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე, ნიკა გრიგოლია, ქეთი ხატიაშვილი, დავით ქაცარავა, ირაკლი კაკაბაძე, ნინუცა მაყაშვილი და სხვები.
მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 21 მარტს დაიწყო ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com და 4 მაისს 1500 საათზე დასრულდება. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება „Wings for Life“-ის ფონდს. 
7 მაისს საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვის ადგილი.