სტუდენტურმა თეატრმა სპექტაკლი „ბერნარდა ალბას სახლი“ დადგა

17 აპრ 2017

12 აპრილს სტუდენტური თეატრის „სხვენის“ დასმა ესპანელი დრამატურგის ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მიხედვით სპექტაკლი „ბერნარდა ალბას სახლი“ დადგა. „ბერნარდა ალბას სახლი“ ფედერიკო გარსია ლორკას ბოლო პიესაა, რომლის გამოქვეყნებიდან ორ თვეში იგი დახვრიტეს. მოქმედება ესპანეთის ერთ-ერთ ოჯახში, ბერნარდა ალბას მეორე ქმრის გარდაცვალებიდან მეორე დღეს ვითარდება: მისი ხუთი ქალიშვილი დედის ავტოკრატიის ქვეშ იმყოფება; თავის მხრივ, ბერნარდა ალბა სოფლის იდეოლოგიის სრულ ზეგავლენას განიცდის და ოჯახის ავტორიტეტის შენარჩუნებას ქალიშვილების სრული გამოკეტვით ცდილობს; თითოეული მათგანი ოცნებობს თავისუფლებაზე, თავისუფლება კი მათთვის გათხოვებასთან ასოცირდება, გამონაკლისი არც ბერნარდა ალბას 80 წლის დედაა; თავისუფლების სურვილი დედის ნების გაუთვალისწინებლობის შიშს, ოჯახში კონფლიქტს, ქალიშვილებს შორის დაპირისპირებას და, უფრო მეტიც, მოსამსახურესთანაც კი მუდმივ ჩხუბს იწვევს. ტრაგედია მას შემდეგ ვითარდება, რაც კონფლიქტი ერთი მამაკაცის გამო იწყება, რომელიც პიესაში ფიზიკურად არ ჩანს. შედეგად ბერნარდა ალბა კარგავს უმცროს ქალიშვილს – ადელას, ერთადერთ პიროვნებას, რომელიც დედის ავტოკრატიასა და სოფლის იდეოლოგიას არ შეეგუა. 
ფედერიკო გარსია ლორკა წერდა, რომ პიესაში აღწერილი ამბავი რეალურია. სპექტაკლის აღდგენა თეატრში „სხვენი“ დასის მსახიობმა ქეთევან ოქუაშვილმა გადაწყვიტა, რადგან პრობლემა, რომელიც პიესაში ავტორმა აღწერა, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. 
ქეთევან ოქუაშვილმა სპექტაკლში ბერნარდა ალბას როლი შეასრულა, რომელსაც წარმოდგენის დასრულების შემდეგ გავესაუბრეთ: „არსებობს მაყურებელი, რომელიც მოვა და მხოლოდ საპნის ოპერას დაინახავს – ხუთი ქალის ისტორიას, რომელიც სახლში გამოკეტილი ცხოვრობს. თუმცა, ასევე არსებობს მაყურებელი, რომელიც უფრო ღრმად ჩაიხედავს და აღმოაჩენს დიქტატურის რეალურ გავლენას ადამიანებზე და მის ტრაგიკულ შედეგებს“. 
„ბერნარდა ალბას სახლი“ სტუდენტურმა თეატრმა „სხვენმა“ განახლებული შემადგენლობით წარმოადგინა. ბერნარდა ალბას მსახურისა და ქალიშვილების როლი სალომე ბადაგაძემ, ელენე ჩხეიძემ, თეო ცუცქირიძემ, თათა მირიანაშვილმა, სალომე ჭონიშვილმა, მედეა სვანიძემ, მარიამ ვარდიაშვილმა და თაკო ძიძიკაშვილმა შეასრულეს. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი გომურაშვილი გახლდათ.