დასაქმების ფორუმი თსუ-ში - ახალი შეთავაზებები და კონსულტაციები დასაქმების მსურველთათვის

17 აპრ 2017

მსოფლიოში ახალი და კვალიფიციური კადრების მოძიების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია დასაქმების ფორუმი, რომელსაც კერძო კომპანიები, საჯარო უწყებები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები წელიწადში რამდენჯერმე მართავენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, ბოლო წლებია, ამგვარი ფორუმებისთვის ღიაა და საკუთარ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შრომით ბაზარზე ორიენტაციაში ეხმარება.

4 აპრილს უნივერსიტეტში 70-ზე მეტმა პოტენციურმა დამსაქმებელმა (42 კერძო და 25-ზე მეტი საჯარო დაწესებულება) მოიყარა თავი. ფორუმის მონაწილე დამსაქმებლები წარმოადგენდნენ საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს. 
კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც: სამინისტროები და სხვა საჯარო სამსახურები მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან ერთად.

 

ღონისძიება გახსნა და სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს მიესალმა თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამგვარი ღონისძიებები ტრადიციულია და მომავალშიც ჩატარდება. „ძალიან კარგია, რომ წლიდან წლამდე ფორუმს მეტი დამსაქმებელი ემატება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამსაქმებლებს შევთავაზო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ახალი ფორმა – კერძოდ, ჩვენი სურვილია, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ აკადემიურ თანამშრომლობაში სილაბუსების დონეზე. გვინდა, თავად თქვან – რა არის ის უნარ-ჩვევები, რომელიც ჩვენს კურსდამთავრებულებს უნდა ჰქონდეთ, რომ მათი დასაქმების მაჩვენებლები გაიზარდოს. თუ ასეთი ფორმით თანამშრომლობის სურვილი იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით“, – აღნიშნა მან. 
დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე. ამ მიზნით ფორუმზე, ძირითადად, კომპანიების ადამიანური რესურსების დეპარტამენტების წარმომადგენლები აქტიურობდნენ. მათ მთელი დღის განმავლობაში ათასობით სტუდენტს და სამუშაოს მაძიებელს უმასპინძლეს. 
კომპანიები და საჯარო უწყებები, ძირითადად, სტაჟიორების ვაკანსიებისთვის ეძებდნენ მსურველებს, სტუდენტები კი, სტაჟირებასთან ერთად, რეალური დასაქმების ადგილებით იყვნენ დაინტერესებულნი. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი გასაუბრება ისეთმა კომპანიებმა ჩაატარეს, რომლებსაც მათი დასაქმება შეუძლიათ. მაგალითად, ათობით ანკეტა ჩაიბარეს სავაჭრო ქსელის „კარფურის“ წარმომადგენლებმა. როგორც სავაჭრო ქსელის რეკრუტინგის მენეჯერმა ნინო გეგეშიძემ აღნიშნა, მათთვის ამგვარი ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან კარგი საშუალებაა – ორგანიზაციამ მიიღოს ენერგიული ახალი კადრები: „ჩვენ ამ ფორუმზე დაინტერესებული ვართ მოტივირებული ახალგაზრდებით. გვაქვს უნიკალური შეთავაზებები მათთვის, რომ გაიზარდონ ჩვენს ორგანიზაციაში და წინსვლის საშუალება მიეცეთ. ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა და წარმატების შესაძლებლობა არსებობს. ამ წუთისთვის გვაქვს შეთავაზება მათთვის, ვისაც უნდა სუპერვაიზორად მუშაობა. აქედან მათ აქვთ შესაძლებლობა – გახდნენ სექციის მენეჯერები. ვეძებთ სტაჟიორებს. ასევე შეიძლება ავიყვანოთ ოფისის მენეჯერიც. ზოგადად „კარფურში“ ხშირია კადრების ცვლა. შეიძლება კვირაში 30-მდე ადამიანი დაგვჭირდეს, ამიტომ ყველა ჩვენთვის საინტერესო კანდიდატურის მონაცემებს ვინახავთ და ეტაპობრივად დავუკავშირდებით“, – აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.
ასობით გასაუბრება ჩაატარეს „სმარტის“, „ვენდისის“ და „დანკინ დონატის“ წარმომადგენლებმა, რადგან მათთან დასაქმება სტუდენტისთვის, მისაღები სამუშაო გრაფიკის გამო, მოსახერხებელია. 
ფორუმზე წარმოდგენილი დამსაქმებლების ნაწილი კონკრეტული მიმართულების სპეციალისტებით იყო დაინტერესებული.
სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ Hღ მენეჯერის მარიამ მჭედლიშვილის თქმით, განსაკუთრებით ელოდებიან ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებს, რადგან „ციტო“ სამედიცინო მომსახურების სფეროა და ისინი, სტაჟირებისა და ვაკანსიებისთვის ექთნებთან ერთად, მომავალ ლაბორანტებსა და მიმღების ოპერატორებს ელიან. „ჩვენ სტუდენტებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით ვინტერესდებით ბიოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებითა და ახალკურსდამთავრებულებით. მათ ვთავაზობთ სტაჟირებას ლაბორატორიებში და მიმღებში, რათა დაიწყონ თავიანთი კარიერა ჩვენს სამედიცინო ცენტრში. ყოველთვის გვყავს სტაჟიორები, მაგრამ, დატვირთული რეჟიმის გამო, სტუდენტებს უჭირთ სწავლისთვის მუშაობის შეთავსება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღია ვართ და, თუ მონდომებული ახალგაზრდაა, ანგარიშს ვუწევთ და ხელს ვუწყობთ დასაქმებაში“, – აღნიშნა მან.
ასევე კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების სტაჟირებას სთავაზობდა სტუდენტებს საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია KPMG Georgia. როგორც ამ ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ანა გოცირიძემ განაცხადა, ისინი კადრებს საგადასახადო და აუდიტის დეპარტამენტებისთვის ეძებდნენ. „ჩვენ ძირითადად ვეძებთ სტუდენტებს ფინანსების განხრით სტაჟირებისთვის საგადასახადო და აუდიტის დეპარტამენტებში. მათთვის გვაქვს 6-თვიანი სტაჟირება და, თუ კარგად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, ავტომატურად გადავლენ ასისტენტის პოზიციაზე. დაახლოებით 10 ადამიანის აყვანას ვგეგმავთ ზაფხულისთვის და გაგვიხარდება, თუ ათივეს დღეს შევარჩევთ“, – აღნიშნა მან და კითხვაზე, თუ რა ცოდნით მიდიან მათთან კურსდამთავრებულები და რას ითხოვენ ისინი საწყის ეტაპზე, გვიპასუხა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა არ აქვთ, თუმცა ფინანსების მიმართულებით სამუშაოს მძებნელმა საწყისი ბუღალტერია მაინც უნდა იცოდეს: „ჩვენ, ძირითადად, პრაქტიკულ ცოდნას ვითხოვთ – როგორც წესი, IV კურსიდან აგვყავს სტაჟიორები და, რაც აქვთ ნასწავლი, იმ პროგრამიდან საწყისი ბუღალტერიის ცოდნა გვჭირდება, რათა ეს ცოდნა პრაქტიკით გააღრმავონ. ამისთვის ვატარებთ ტესტირებებს, რომელიც, ძირითადად, საუნივერსიტეტო პროგრამაზეა მორგებული. გარდა ამისა, დასაქმების მსურველმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა პროფესიას გაჰყვეს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ სტუდენტმა არ იცის, რა მიმართულებას უნდა გაღრმავება. არადა, ეს უკვე გასაუბრებაზე უნდა იცოდეს“, – განაცხადა მან.
კონკრეტული მოთხოვნები ახალი კადრებისათვის არ ჰქონდა „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლობას. როგორც HR სპეციალისტმა თიკა ქსოვრელმა გვითხრა, მათ არც ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვთ, უბრალოდ, აქ დასაქმების მსურველი უნდა იყოს მოტივირებული და აქტიური ადამიანი, რომლის რეალური დასაქმების შანსი ორგანიზაციაში ძალიან დიდია; „ჩვენ გასაუბრებაზე კონკრეტულად არაფერს ვითხოვთ. თუ გვჭირდება რომელიმე სპეციფიკური განათლება, ვთქვათ სამედიცინო, მათ ვინიშნავთ, ვიბარებთ ჩვენთან და ვიყენებთ შემდგომ საქმიანობაში იმ მიმართულებით, სადაც ის სპეციალობა არის საჭირო. მინიმუმ 20 ადამიანის აყვანის რესურსი გვაქვს როგორც დასაქმების, ასევე სტაჟირების პროგრამაზე“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება საჯარო დაწესებულებებს, აქ საკითხი უფრო სხვაგვარად დგას. იმის გამო, რომ ამ ტიპის დაწესებულებებში სტაჟირებაც და დასაქმებაც მხოლოდ კონკურსის საფუძველზე ხდება, დამსაქმებლები, ძირითადად, იმ ნიუანსებზე აკეთებდნენ აქცენტს, რაც საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყების მსურველებმა უნდა იცოდნენ. კერძოდ, ბევრისთვის სიახლე იყო ის, რომ არსებობს საიტები https://www/hr.gov.ge და https://www/stajireba.gov.ge, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ თვალი ადევნონ გამოცხადებულ კონკურსებს და ვაკანსიებს. „ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისითაც. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდების ძალიან დიდმა ნაწილმა, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ გასაუბრებაზე, არ იცოდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტის შესახებ, სადაც თავმოყრილია ყველა ის ვაკანსია და კვალიფიკაციის მოთხოვნები, რაც ამ სტრუქტურებში დასაქმების მსურველებმა უნდა იცოდნენ. ჩვენ დღეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში უამრავი ახალგაზრდა დავაკვალიანეთ და ავუხსენით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში (მათ შორის, დიპლომატიურ სამსახურშიც) დასაქმება, თუ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, სრულიად რეალურია. მთავარია, მუდმივად ადევნონ თვალი ვაკანსიებს და მოთხოვნებს“, – გვითხრა საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა ნონა ხვადაგიანმა.
სტაჟიორების აყვანის სურვილი განაცხადეს ასევე რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმაც. საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსის თათია მჟავანაძის თქმით, ფონდს კარგი პრაქტიკა აქვს წარმატებული სტაჟიორების დასაქმების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ ამ კონკრეტულ ფორუმზეც მოიძებნება მოტივირებული ახალგაზრდა, რომელსაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების შემდეგ სიამოვნებით დაასაქმებენ: „რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპი. ჩვენ წელიწადში რამდენჯერმე ვაცხადებთ სტაჟიორების მიღებას დამოუკიდებლად, როგორც ფონდი. გარდა ამისა, https://www/hr.gov.ge (საჯარო სამსახურის ბიურო) საიტიც აცხადებს სტაჟიორების მიღებას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სტუდენტი ავიყვანეთ სტაჟიორებად. გარკვეული დროის შემდეგ ისინი ფონდში დარჩნენ სამუშაოდ. ამის მაგალითად, გვარებიც შემიძლია გითხრათ: ანა გოგუაძე, თორნიკე სხირტლაძე, ცოტნე იაშვილი, ნოდარ კილაძე, ვახტანგ ჩქარეული და ნინო სუდაძე ფონდის სხვადასხვა დეპარტამენტშია დასაქმებული. მათი უმრავლესობა თსუ-ის კურსდამთავრებულია“, – აღნიშნა მან.

რას აღნიშნავდნენ გასაუბრების შემდეგ სტუდენტები
ფორუმით ათასობით სტუდენტი და კურსდამთავრებული დაინტერესდა, მათ შორის იყვნენ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის წარმომადგენლები. უმეტესობა გასაუბრების შემდეგ აღნიშნავდა, რომ ფორუმი კარგად ორგანიზებული იყო და იმედი გამოთქვეს, რომ მათი ანკეტებით დაინტერესდებიან.

მარიამ ჩიქოვანი, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების II კურსის სტუდენტი:
– ფორუმის შესახებ გავიგე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და დავინტერესდი. ვიყავი გასაუბრებაზე „ვენდისის“ და „დანკინ დონატის“ კომპანიების წარმომადგენლებთან. ძირითადად მკითხეს, რა გამოცდილება მქონდა და როგორ მოვახერხებდი სასწავლო და სამუშაო საათების შეთავსებას. კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ასეთი ფორუმები საჭიროა სტუდენტებისთვის, რომელთა უმეტესი ნაწილი ჩამოსულია და სამუშაო სჭირდებათ, რომ თავი ირჩინონ.

გიორგი ჯამბურია, თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტი:
– ვიყავი სსიპ სახელმწიფო სამხედ-რო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმომადგენლებთან, ასევე დავინტერესდი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ით და სადაზღვევო კომპანია „ალდაგით“. მკითხეს, რა დონეზე ვიცოდი ინგლისური და რა სამუშაო გამოცდილება მქონდა. ვფიქრობ, ეს კარგი ღონისძიებაა, მაგრამ თუ ხშირად გაიმართება და არა წელიწადში ერთხელ, უფრო მეტი შედეგი ექნება და მეტი სტუდენტი დაინტერესდება.

ირაკლი თავაძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტი:
– წელს უფრო ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი, ვიდრე შარშან იყო. ღონისძიებაც უფრო ორგანიზებულია. პირადად მე 8 კომპანიაში დავტოვე ჩემი რეზიუმე. მომავალში სასურველი იქნება, თუ ფორუმზე უფრო მეტი ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი.
ფორუმზე ისეთი კურსდამთავრებულებიც აღმოვაჩინეთ, რომლებიც სწორედ შარშანდელი ფორუმის შედეგად დასაქმდნენ და წელს უკვე თავად არჩევდნენ ახალ კადრებს, მაგალითად, სამედიცინო ცენტრ „ციტოშია“ დღეს დასაქმებული ლელა ღამბაშიძე. „ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი ამ ფორუმზე უნივერსიტეტში. აქედან ამიყვანეს „ჯი პი აი ჰოლდინგში“ და წელს უკვე თავად ვარჩევ ახალ კადრებს. ეს კარგი შანსია სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის, რომ დასაქმების ბაზარზე თავი დაიმკვიდროს“, – გვითხრა მან.
სტუდენტების მხრიდან მოტივირებულობისა და მიზანდასახულობის აუცილებლობაზე გვესაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სალომე ქარელი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2013 წელს დაამთავრა: „მეც სტაჟირება გავიარე – ძალიან ბევრგან მოვსინჯე ძალები: 16 წლიდან ვმუშაობდი (სტატიებს ვწერდი) და ვსწავლობდი თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. სტატიების წერამ გამოცდილება უფრო ჟურნალისტიკის მიმართულებით დამიგროვა... მერე ტელეკომპანია „მაესტროში“ დავიწყე კონკურსის საფუძველზე მუშაობა, შემდეგ კი, გადავწყვიტე საჯარო სივრცეში მეცადა ძალები. ასე ვაგზავნიდი მეც რეზიუმეებს და სამოტივაციო წერილებს სხვადასხვა ორგანიზაციაში. ბევრი უარიც მივიღე, მაგრამ უარმა მოტივაცია არ უნდა დაგიკარგოს. ბოლოს ამ ორგანიზაციაში გავიარე კონკურსი და დავსაქმდი. ასე რომ, ეს არ არის ფორუმი ფორუმისთვის, აქ რეალურია ადამიანებმა სტაჟირება გაიარონ და შემდეგ უკვე დასაქმდნენ სპეციალობით“, – აღნიშნა მან.
მსოფლიოში აპრობირებული ეს მეთოდი დასაქმების მსურველთათვის საქართველოშიც იკიდებს ფეხს
ფორუმის დასკვნით ეტაპზე მისი შეფასება ვთხოვეთ ორგანიზატორს, თსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა ცხადაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ღონისძიება წარმატებული იყო, რადგან მასში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა კომპანიამ, ხოლო რაც შეეხება დასაქმებას, ამას უკვე დრო აჩვენებს: „მეორედ ტარდება ასეთი მასშტაბური ღონისძიება, მაგრამ დამსაქმებლების რაოდენობა წელს გაცილებით წარმომადგენლობითია. 42 კერძო კერძო და 25-ზე მეტი საჯარო დამსაქმებელია წარმოდგენილი სამინისტროებისა და მათდამი დაქვემდებარებული სსიპ-ების სახით. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ ამის შესახებ ინფორმაცია მიგვეწვდინა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. დასაქმების ფორუმი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უმაღლესმა დაწესებულებამ შეიძლება შესთავაზოს თავის სტუდენტებს. ეს არ არის მყისიერ შედეგებზე გათვლილი ღონისძიება, ის ითვალისწინებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებლობების შექმნას. ფორუმმა კარგად ჩაიარა, თუმცა ვაკვირდებით და ვფიქრობთ, როგორ გავაკეთოთ კიდევ მომავლისთვის უკეთესი ორგანიზება. ჩვენი მიზანია, დამსაქმებლებსაც და სტუდენტებსაც ჰქონდეთ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა, რომ შეექმნათ წარმოდგენა – რას ითხოვენ დამსაქმებლები და, პირიქით, დამსაქმებლებმა ნახონ, რა ტიპის სტუდენტები აქტიურობენ. გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ გაისად მეტი სტუდენტი დაინტერესდეს ასეთი ფორუმებით“, – განაცხადა მან. 
ფორუმი შეაფასა და წარმატებული ღონისძიება უწოდა თსუ-ის რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმაც. მისი თქმით, მსოფლიოში აპრობირებული ეს მეთოდი დასაქმების მსურველთათვის საქართველოშიც იკიდებს ფეხს და იძლევა იმედს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები მეტად დაუახლოვდნენ შრომის ბაზარს: „ზოგადი განათლება, თეორიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია განათლებული პიროვნების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ, ასევე აუცილებელია, რომ ჩვენი პროგრამები დაუახლოვდეს შრომით ბაზარს და კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც დასაქმებას გაუადვილებთ. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამგვარი ფორუმები ხელს უწყობენ კვალიფიციური კადრების მოძიებას. ევროპაში რეგულარულად ატარებენ ასეთ ფორუმებს, სადაც სტუდენტები პირველ გასაუბრებას უნივერსიტეტებშივე გადიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადრეც ტარდებოდა ასეთი რამ და ვიცით კონკრეტული სტუდენტები, რომლებმაც ფორუმის შემდეგ გაიარეს სტაჟირება. მათ შორის ზოგიერთი დასაქმდა კიდეც. ამგვარი ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი სტუდენტებისთვის ასევე დამსაქმებლებისთვისაც, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის კადრების მთავარი სამჭედლო საქართველოში და მათაც სჭირდებათ კვალიფიციური კადრების შერჩევა.
ფორუმის გახსნაზე მე გავახმიანე ჩვენი ინიციატივა, რომ დამსაქმებლები უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში სილაბუსების დონეზე ჩაერთონ. ამას გარდა, გვაქვს ინიციატივა, რომ შევისწავლოთ საქართველოს შრომითი ბაზარი, რაც საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამის გაკეთება შეუძლია. ეს კვლევა გამოადგებათ ჩვენს კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს, რადგან მათ უკვე ეცოდინებათ, რომელ სეგმენტში რა კვალიფიკაციის კადრების საჭიროებაა. როცა გვეცოდინება, ბაზარი რას ითხოვს, შეგვეძლება მოვამზადოთ სტუდენტი ისე, რომ მას გაუადვილდეს დასაქმება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა ჩვენთან საუბრისას.
დასაქმების ფორუმი 2017 სტუდენტებს დაემშვიდობა და მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბური წარმომადგენლობით დაბრუნდება.