ადამიანები თბილისიდან - ისტორიები (Humans Of Tbilisi)

10 აპრ 2017

ქეთევან სამხარაძე-ანთაძე (თსუ-ის სტუდენტი):

– ბოლო სამი წელია, რაც ლაშქრობებმა და კარვის „დაცემამ“ გამიტაცა, ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრი ადგილი ვნახო და მუდმივად გზაში, მოძრაობაში ვიყო. გზის ერთ-ერთი ხიბლი ავტოსტოპით გადაადგილებაა. ამ დროს კომუნიკაცია უამრავ ადამიანთან გაქვს, იგებ ახალ ისტორიებს და იძენ ახალ მეგობრებსა თუ გამოცდილებას. ასეთი მოგზაურობის მთავარი პრინციპი გამართლებასთანაა კავშირში, ადრენალინის შეგრძნება, მუდამ რისკის ქვეშ ყოფნა, ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის.
წინა წლის ზაფხულს, ცხოვრებაში პირველად „გავსტოპე“ სრულიად მარტო. აღმოჩნდა, რომ კურორტ ბეშუმამდე მიმავალი მიკროავტობუსი დათქმულზე ორი საათით გვიან გადიოდა, ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე, მოვიგდე ზურგჩანთა, გავიკეთე ყურსასმენები და დავადექი გზას. მალევე გამაჩერეს. შიშის ფაქტორი დიდი იყო, რადგან მარტო ვიყავი და თან ქალი, მაგრამ ვენდე იმ ადამიანებს, რომლებმაც კეთილი ნება გამოიჩინეს და ბეშუმამდე მშვიდობით ამიყვანეს.
გზაში გამიმასპინძლდნენ კიდეც, გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ მძღოლის შვილი სტუდენტი იყო და თბილისში მოხვდა სასწავლებლად, მე შევპირდი, რომ საქირავებელი ბინის მოძებნაში დავეხმარებოდი. ეს იყო არა კეთილი ნების გამოხატვა ერთმანეთისადმი, არამედ იმ ემოციათა გაცვლა, რომელიც ცხოვრების დადებითი მხარეების დანახვაში გვეხმარება.
გზაში, როდესაც ყურსასმენებში ჩემი საყვარელი მუსიკა მესმოდა, ვაკვირდებოდი მაღალმთიანი აჭარის პეიზაჟებს და ვიყავი ბედნიერი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ უკანასკნელისთვის სულ მცირედიც იყო საჭირო ჩემთვის – გზა და მისგან მიღებული შთაბეჭდილებები, აი, რა მინდოდა; ცხოვრებაც ხომ რეალურად ეს არის – ის მანძილი, რასაც გავდივართ, სავსეა დაბრკოლებებითა და სასიამოვნო მომენტებით, მთავარია, როგორ გავუმკლავდებით ჩვენ მას და როგორ მივალთ დასახულ მიზნამდე.


ბუკინისტი თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიიდან:

– 20 წელია ბუკინისტი ვარ. აქედან ბოლო 12 წელია აქ, ჭავჭავაძის მიწისქვეშა გადასასვლელში ვმუშაობ. საკმაოდ საინტერესო პროფესიაა, ბევრ ახალ რამეს ვკითხულობ, ვგებულობ და თანაც სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა. მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ჩემ მიერ გაყიდულ წიგნებზე თაობები იზრდებიან. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ უცხო ადამიანები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ეს ადგილი უნდა დამეტოვებინა. ახალგაზრდები იყვნენ და იმედი მაქვს, რაღაც შეეშალათ, ბუკინისტურ საქმიანობას არავინ არც ერთ ქვეყანაში არ კრძალავს, შესაბამისად მეც არ ვაპირებ ამ ადგილის მიტოვებას...


თორნიკე შევარდნაძე (თსუ-ის სტუდენტი):

– ერთი წელი გავიდა უნივერსიტეტში სტუდენტური აქციებიდან. შემდგომ იყო სამოქალაქო აქტივიზმის მთელი ერთი წელი და დაუსრულებელი პროტესტები თბილისში თუ რეგიონებში. ასე მგონია, ამ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შევიცვალე; სამოქალაქო აქტივიზმი ყველაზე შთამბეჭდავი და ეფექტური სახელმძღვანელოა, ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ, რასაც, ალბათ, განაპირობებს გულწრფელი სოლიდარობა თუ ის სიბინძურეც, რომელსაც ამ დროს აწყდები. იყო მომენტი, როცა ვერ არჩევდი, რა ღირებულებაა უფრო წამყვანი შენთვის და მგონია, რომ ამას ვერც გაიგებ მანამ, ვიდრე არ გამოცდი შენს თავზე. ჰოდა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, არასდროს დამავიწყდება ის სოლიდარობა, რომელიც ღამით ჩამოსულმა ტყიბულელმა მეშახტემ სტუდენტებს გამოუცხადა. და კიდევ ერთი ლექტორი – ლელა გაფრინდაშვილი, მზრუნველი და ამავდროულად პრინციპული მზერით. უნივერსიტეტში დღემდე მიიჩნევა, რომ ლექტორი სტუდენტზე მაღლა მდგომი და მიუწვდომელი არსებაა, ყველაზე მეტად ეს სტერეოტიპი შარშან შეირყა სწორედ ასეთი ლექტორების დამსახურებით. საბოლოოდ, ეს აქტივიზმიც ერთი დიდი ბუშტია, ერთი და იგივე ადამიანები იკრიბებიან, ხვდებიან, იბრძვიან, მაგრამ ამ ერთი წლის მაგალითზეც შეიძლება დაასკვნა, რომ ეს ბუშტი უფრო და უფრო იზრდება და ძლიერი ხდება...


ქეთევან სახვაძე, სტუდენტი:

– საინტერესო ისტორია რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ ერთი დღის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც სრულიად შემცვალა.
ამ დღის დადგომამდე მეგონა, რომ გუშინწინდელი დღე გუშინდელს ჰგავდა, გუშინდელი დღევანდელს. ვერ აღვიქვამდი სიახლეებს და მეგონა, მონოტონურობაში ვიხრჩობოდი. ერთ დღეს გავიღვიძე და ჩემდა გასაკვირად, დაღლილობას არ ვგრძნობდი, პირიქით. მიზნად დავისახე, რომ ყოველი დღე განსხვავებული ყოფილიყო, ერთი საინტერესო ინფორმაცია მაინც უნდა წამეკითხა ან მომესმინა. ამ დღეს დავაყენე მობილურზე „რიმაინდერი“, რომელიც საათში ერთხელ მახსენებდა: „მორჩი წუწუნს“ .
მოვრჩი წუწუნს და ჩემი ცხოვრება მართლა გავხადე ფერადი და საინტერესო.
ვწუწუნებ მხოლოდ მაშინ, როდესაც მინდა და მჭირდება და არა ყოველ წამს, უაზროდ და უშედეგოდ!
ისე ამდენი ადამიანის შესახებ რომ იგებთ საინტერესო ისტორიებს, მეც მაქვს ერთი კითხვა თქვენთან: რომ არა ჰუმანს ოფ ტბილისი (ადამიანები თბილისიდან), რას ვერ მიიღებდა საზოგადოება, რომელიც თქვენი დიდი გულშემატკივარია?


სანდრო იანკოვსკი, ქუჩის მუსიკოსი:

– ბავშვობიდან დავდიოდი სიმღერაზე. დაახლოებით 8 წელი აქტიურად ვმღეროდი, შემდეგ ირგვლივ ყველამ ჭკუის დარიგება დამიწყო, რომ ეს არ იყო პერსპექტიული საქმე და ათასი სისულელე. მეც ავდექი და დიპლომისთვის სწავლა დავიწყე. საბოლოოდ სწავლაც დავამთავრე, ვმუშაობდი გაყიდვების მენეჯერად, თარჯიმნად, სასტუმროს ადმინისტრატორად და ბევრ სხვა მსგავს ადგილას. სამწუხაროდ, არც ერთი სამსახური, არც ფინანსურად და არც სხვამხრივ არ მაკმაყოფილებდა, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემს საყვარელ საქმეს დავბრუნებოდი. ქუჩაში სიმღერას ორი დადებითი მხარე აქვს: პირველი, რომ შენ არ გყავს არც უფროსი, არც ვინმე, ვინც შენს საქმეს შეგიმოწმებს და, შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია შენზე და მეორე, რომ ყველანაირი სიზარმაცის გრძნობა მიქრება, როდესაც ვმღერი, ან ახალ სიმღერას ვამუშავებ, ვსწავლობ. იმდენად მითრევს ეს ყველაფერი, რომ ხშირად ჭამაც მავიწყდება ხოლმე, სანამ კუჭი არ შემახსენებს თავს. ეს საქმე მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი პრობლემა მაქვს, თავს მაინც ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ, რადგან ვაკეთებ იმ საქმეს, რაზეც მთელი ჩემი არსებით ვარ შეყვარებული.