Humans of Tbilisi - ქუჩის ჟურნალისტიკა საქართველოში

09 აპრ 2017

ქუჩის ჟურნალისტიკა თანამედროვე ჟურნალისტური კონცეფციაა, მაგრამ, მიუხედავად მისი პოპულარობისა, ჟურნალისტურ თეორიაში მისი სტანდარტული განმარტება ჯერჯერობით არ გვხვდება. ზოგიერთი მედია კრიტიკოსი მას სოციალურ ჟურნალისტიკასთან აიგივებს, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ ეს მისგან გაცალკევებული სფეროა, რადგან ქუჩის ჟურნალისტიკა ნაკლებად იზიარებს საყოველთაოდ დადგენილი ჟურნალისტური სტანდარტების უმრავლესობას. თუმცა, ყოველგვარი თეორიული განმარტების გარეშეც, აშკარაა, რომ ასეთი ტიპის ჟურნალისტური საქმიანობა სამოქალაქო ჩართულობის კონცეფციაზეა დაფუძნებული და გულისხმობს ჟურნალისტის დამოუკიდებელ აქტივობას ფაქტების შეგროვებასა და გამოქვეყნების პროცესში, რაც, ძირითადად, ქუჩაში სოციალური მედიის დახმარებით ხდება. ამ ტენდენციის მიმდევარი ბრენდონ სტეიტონი უკვე 7 წელია ერთერთ ყველაზე წარმატებულ ფოტო ბლოგს Humans of New York-ს ხელმძღვანელობს. ჟურნალისტი ყოველდღიურად აქვეყნებს ადამიანების პორტრეტებს ერთმანეთისგან განსხვავებული პირადი ისტორიებით. ამ პროექტის ანალოგი, ნიუ-იორკის გარდა, 25-მდე ქალაქში მიმდინარეობს. მათ შორისაა თბილისიც. 
Humans Of Tbilisi უკვე 3 წელია არსებობს, მას სოციალურ ქსელში 26 300-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დემეტრე დათიაშვილსა და გუგა ჩხიკვიშვილს ეკუთვნით. ჩვენ სწორედ ერთერთ მათგანს – დემეტრეს ვესაუბრეთ პროექტის მიზნებისა და ქუჩის ჟურნალისტიკის მნიშვნელობის შესახებ.

– დემეტრე, მოგვიყევი საიდან გაჩნდა ფოტო-ბლოგის ქართული ვარიანტის შექმნის იდეა?
– უკვე რამდენიმე წელია, ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული. 2014 წლის 13 მარტს, როდესაც კამერისთვის ახალი ობიექტივი შევიძინე, ერთერთ სკვერში დავჯექი და გადავწყვიტე გამომეცადა ჩემი ახალი შენაძენი. სპონტანურად, იქვე ერთ მოხუცს შევთავაზე გადაგიღებთ-მეთქი, ისიც დამთანხმდა და გამომელაპარაკა. მისი ისტორია ძალიან საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა. თავდაპირველად ეს გვერდი ჩემმა მეგობრებმა გახსნეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მიატოვეს, საბოლოოდ ავდექი, მოხუცის ისტორია დავწერე, ფოტო მოვამზადე, მეგობრებს Humans Of Tbilisi-ს ადმინისტრირების უფლება ვთხოვე და მათთან ერთად დავიწყე გვერდის მართვა. ეს იდეა Humans of New York-დან მოდის, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეხვდებით ანალოგიურ ფოტობლოგებს. 
ჩვენი პროექტის იდეა, ზოგადად, ქუჩის ჟურნალისტიკის განვითარებაში, ადამიანების ისტორიების უცვლელად გადმოცემაში და ხალხისთვის გაზიარებაში მდგომარეობს, რომელიც საერთო ჯამში იმ რეალურ სივრცეს ქმნის ინტერნეტ სამყაროში, რასაც უბრალო მოქალაქეები გვაჩვენებენ, გრძნობენ, განიცდიან და ფიქრობენ.
– როგორ ფიქრობ, რა არის ქუჩის ჟურნალისტიკის მთავარი დანიშნულება და რამდენად პერსპექტიულია მისი საქმიანობა საქართველოში?
– საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში ჟურნალისტიკის ეს სახე ნაკლებადაა განვითარებული, ბოლო პერიოდში ამის პოპულარიზაცია Humans of New York-მა დაიწყო და კარგადაც აიტაცა ხალხმა. ზოგადად, ამ ჟანრის დანიშნულება ალბათ საზოგადოებასთან ადამიანების უშუალო ურთიერთობაა, რაშიც შუალედურ როლს ჟურნალისტი თამაშობს. ჩვენ, ნებისმიერ ადამიანს, გვეძლევა თვითგამოხატვის საკმაოდ მარტივი პლატფორმა. აი, მაგალითად, შეიძლება ქუჩაში სეირნობის დროს უცბად შეგვხვდეს ჟურნალისტი, გვესაუბროს და ჩვენი ნაამბობი უცვლელად გამოაქვეყნოს – რაც მთავარია, ეს ისტორია მიაწოდოს ძალიან ბევრ ადამიანს. საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი ისტორიები აძლევენ საზოგადოებას ბიძგს, დაფიქრდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე. ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ გვაწუხებს ან გვახარებს, რეალურად კი ამ ისტორიებში, შესაძლოა, თანამოაზრეებიც ვიპოვოთ. აი, სწორედ ამაში გვეხმარება ქუჩის ჟურნალისტიკა. 
– ამ პერიოდის განმავლობაში გქონიათ თუ არა ინიციატივა, პროექტის ფარგლებში გეთანამშრომლათ სხვა მედია საშუალებებთან ან მათგან თუ წამოსულა მსგავსი ტიპის შემოთავაზება?
– 2014 წელსვე გვქონდა ტელეკომპანია „ტაბულასგან“ შემოთავაზება. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ საერთო კონცეფციაზე შევთანხმებულიყავით. საუბარი იყო ვიდეო-პროექტის შექმნაზე. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ მივიყვანეთ ეს წამოწყება, მხოლოდ 4 ვიდეო გავიდა ეთერში. ზოგადად, ამ პროექტის ხიბლი მისი ინტერნეტის საშუალებით გავრცელებაშია, ამიტომაც აღარ გვიცდია სხვა მედია საშუალებების დახმარებით ახალი პროექტების დაგეგმვა.
– რა გეგმები აქვს Humans Of Tbilisi-ს, შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ მის ფორმატში ცვლილებები?
– ბოლო პერიოდია ვფიქრობთ, რომ სიახლეები შემოვიტანოთ გვერდზე, რა თქმა უნდა, Facebook გვერდის ფორმატი დარჩება და იფუნქციონირებს, მაგრამ მნიშვნელოვანია განვითარებაც. გვსურს, ქალაქს გავცდეთ და ქალაქგარეთ ჩავწეროთ ხალხი. ამ პროექტს წლებია უსასყიდლოდ ვაკეთებთ, მაგრამ სამომავლოდ წიგნის გამოცემაც გვაქვს დაგეგმილი, რაც თანხებთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, ისევ გავაგრძელებთ ამ პროექტს და არ გავჩერდებით.

მარიამ გულიაშვილი, 
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი