თსუ­-ის მუ­ზე­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უნი­კა­ლურ ექ­სპო­ზი­ცი­ებს ინა­ხავენ, სტუ­დენ­ტებს ელიან

08 აპრ 2017

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალ წელს ითვლის. ამ მრავალი წლის მანძილზე ის ვითარდებოდა და სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საინტერესო და შემეცნებითი მასალებით უზრუნველყოფდა.
კავკასიის ნომერ პირველი უნივერსიტეტი თავის კედლებში არაერთ მუზეუმს აერთიანებს: არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, მინერალოგიის, პალეონტოლოგიის, უნივერსიტეტის ისტორიისა და ქართული ემიგრაციის მუზეუმს. ზოოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმები უნივერსიტეტის განივ (ბიოლოგების) კორპუსში მდებარეობს. სამწუხაროდ, მიუხედავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ამ უნიკალური ექსპონატებისა, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების გარკვეული ნაწილი მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.


ზოოლოგიის მუზეუმი

უნივერსიტეტის შექმნასთან ერთად, ჩამოყალიბდა მედიცინისა და ბიოლოგიის ფაკულტეტები. თავდაპირველად, ეს ფაკულტეტი უნივერსიტეტის III კორპუსში იყო განთავსებული. სწავლების პროცესში ისეთი ექსპონატების აუცილებლობა დადგა, რომელიც მასალის უკეთ თვალსაჩინოებას შეუწყობდა ხელს.
ზოოლოგიის მუზეუმი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ ჩამოყალიბდა 1946 წელს. პირველად მას კაბინეტის სახე ჰქონდა. ბევრი მასალის დაგროვების გამო, საჭირო გახდა მისი გაფართოება და ჩამოყალიბდა ზოოლოგიის მუზეუმი. მაშინ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით ორი კათედრა მუშაობდა: უხერხემლოთა ზოოლოგიისა და ხერხემლიანთა ზოოლოგიის. ექსპედიციების დროს, თითოეული კათედრა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აგროვებდა მასალას. მუზეუმის შექმნის შემდეგ ყველა მასალა ერთად განთავსდა და საკმაოდ საინტერესო ექსპოზიციის სახე მიიღო. 1984 წელს ბიოლოგიის ფაკულტეტი მესამედან განივ კორპუსში გადავიდა, რადგან კორპუსში სამხედრო კათედრა შევიდა და შენობაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო. სამუზეუმო დარბაზის დამთავრებამდე, ეს მასალები აუდიტორიებში ინახებოდა. 1985 წელს ზოოლოგიის მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა.
ქალბატონი მზია ჯაველიძე ამ მუზეუმში დიდი ხანია მუშაობს. იგი სპეციალისტია და დამთვალიერებლებსაც მასპინძლობს. მასვე ეკუთვნის კარადების, მაგიდებისა და დარბაზის დიზაინი, როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა მუზეუმისა. ზოოლოგიის მუზეუმის შესახებ დღეს ბევრი იწერება და მედიის მიერ სხვადასხვა სახის მასალა მზადდება.
2006 წლიდან ზოოლოგიის მუზეუმი საუნივერსიტეტო ერთეულად მიიჩნევა და ბევრი მნახველიც სტუმრობს. განივის კორპუსის სტუდენტები, გარდა სალექციო კურსის ფარგლებისა, თავისუფალ დროს ხშირად ათვალიერებენ მუზეუმს. მას სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც სტუმრობენ. განსაკუთრებული აქტიურობით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებიც გამოირჩევიან. წინასწარ შეთანხმებით და სურვილის მიხედვით, ქალბატონი მზია მათ ექსპონატებს ათვალიერებინებს და დამატებით დეტალურ ინფორმაციებსაც აწვდის.
მუზეუმს, გარდა თბილისის მოსახლეობისა, რუსთავიდან, ფოთიდან, გორიდან, ხაშურიდან და სხვა ქალაქებიდანაც აკითხავენ. საუნივერსიტეტო კონფერენციების შემდეგ მას უცხოელი მეცნიერებიც ათვალიერებენ და ზოგი მათგანი აღნიშნავს, რომ მსგავსი ექსპონატები არ აქვთ. ექსპონატების დასათვალიერებლად საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც მოჰყავთ, რომლებსაც, თემატიკის მიხედვით, სხვადასხვა სახის ინფორმაციებს აწვდიან.
თსუ-ის ზოოლოგიის მუზეუმი, გარდა სასწავლო დანიშნულების ექსპონატებისა, ზოგად და მრავალფეროვან მასალას ინახავს. დამთვალიერებელს აქ შეუძლია ნახოს ბეჰემოტის თავის ქალა, აფრიკაში მობინადრე ანტილოპა „ორექსის“ რქებით, კენგურუს ჩონჩხი, ლომების ჩონჩხები. აქვე ნახავთ ტიბეტის ხოხობს, რომელიც გაკეთებულია დავით სარაჯიშვილის ოჯახში. მუზეუმში წარმოდგენილია ფრინველთა უნიკალური კოლექცია, რომელიც მოიცავს საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას – ხოხობი, როჭო, გნოლები, დურაჯი, კოდალა, ოფოფი... მოთავსებულია, ასევე, ფრინველები სხვადასხვა ქვეყნიდან – ინდოეთი, ჩინეთი...
განსაკუთრებული ექსპონატია ჟირაფი, რომელიც, დიდი ზომის გამო, უნივერსიტეტის III კორპუსიდან გადმოტანის დროს ძლიერ დაზიანდა და მასზე სამი რესტავრატორი მუშაობდა. ინახება შავი ზღვის ზვიგენი, ორბი, სვავი... ასევე ტახი ლაგოდეხის ნაკრძალიდან, მაკაკა...
მუზეუმში, მცირე რაოდენობით, ბუდეებსაც ნახავთ. ის ინახავს ისეთ ექსპონატებსაც, როგორიცაა ადამიანებისა და ფაუნის სხვადასხვა წარმომადგენლის ემბრიონები, შინაგანი ორგანოები, ძუძუმწოვრები, დელფინები, ღამურები, ქვეწარმავლები, ამფიბიები, დრაკონები, ქამელეონები, მახრჩობელა გველები, მწერები... ზემოხსენებული მასალები ფორმალინის სითხეშია მოთავსებული. ამავე მუზეუმშია შესაძლებელი მოლუსკების, კიბორჩხალების, პარაზიტების, წეროების, გედების, ფლამინგოების, ზღარბების ნახვა.
აღსანიშნავია, რომ ზოოლოგიის მუზეუმის ბევრი ექსპონატი „წითელ წიგნშია“ შეტანილი. აქ არის დაცული გარეული კატები, რომლებიც საქართველოს ფაუნას წარმოადგენს, ასევე ტყის კატები და ლელიანის კატები, მთის არწივი ყაზბეგიდან. მუზეუმი დამთვალიერებელს იმ ფრინველების კვერცხებსაც აცნობს, რომლებიც საქართველოში ბუდობენ. გარდა ჩამოთვლილისა, მუზეუმი სხვა არაერთ ექსპონატს ინახავს. მეტ-ნაკლებად, ყველას აქვს ეტიკეტი და მოკლე ანოტაცია.
ზოგიერთ ფრინველს ორი ეტიკეტი ახლავს – ერთ-ერთია ძველი ეტიკეტი (კავკასიური მუზეუმის) და მეორე – ახალი. ყველა ექსპონატი დარიშხანის ხსნარითაა გაჟღენთილი. უახლოეს დღეებში იგეგმება ექსპონატების შეწამვლა, რის შედეგადაც, ორი კვირით, მუზეუმი დაიკეტება, რადგან ხსნარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ფიტულების შეწამვლა აუცილებელია, რათა ექსპონატები სამუზეუმო ჭიისგან, ჭიანჭველებისგან და, შესაბამისად, დაზიანებისგან დაიცვას.
აღსანიშნავია „შთაბეჭდილებების წიგნი“, რომელიც ზოოლოგიის მუზეუმშია და ყველა იმ სტუმრისა და დამთვალიერებლის შთაბეჭდილებებს ინახავს, რომელსაც, წლების მანძილზე, მუზეუმის ექსპონატები დაუთვალიერებია.


პალეონტოლოგიის მუზეუმი

პალეონტოლოგიის მონოგრაფიული მუზეუმის დაარსება გამოჩენილი მეცნიერისა და აკადემიკოსის, ალექსანდრე ჯანელიძის სახელთანაა დაკავშირებული. იგი დაარსდა 1926 წელს და განთავსებული იყო თსუ-ის პირველ კორპუსში. აქვე იყო გეოლოგიის ფაკულტეტიც. ალექსანდრე ჯანელიძემ უნივერსიტეტი საფრანგეთში დაამთავრა, გეოლოგიის მიმართულებით. მან სწორედ საფრანგეთიდან, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პალეონტოლოგიური მუზეუმი იყო (რომელშიც ინახებოდა პალეონტოლოგიური მასალა მსოფლიოს მასშტაბით), წამოიღო მუზეუმის შექმნის იდეა, ავეჯის ესკიზები და ნახაზები. პალეონტოლოგიური მუზეუმის ამჟამინდელი ინვენტარის გარკვეული ნაწილი იმ ნახაზების მიხედვითაა შექმნილი. როცა ის გაფართოვდა, ახალი ავეჯიც დაემატა.
ალექსანდრე ჯანელიძემ, პირველმა შეისწავლა პალეონტოლოგიური მასალა. ის ამავე მუზეუმშია დაცული და ეწოდება „კოლხედიდები“. მოგვიანებით, ეს მუზეუმი პირველი კორპუსიდან უნივერსიტეტის განივ კორპუსში გადავიდა. ყველა ექსპონატი, რომელიც ამჟამად განივის კორპუსის პალეონტოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი, გეოლოგიის ინსტიტუტის მასალაა (გარკვეული დროის შემდეგ, გეოლოგიის ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და, შესაბამისად, მუზეუმიც მას აჩუქა).
ნინო ლაფაჩიშვილი პალეონტოლოგიური მუზეუმის მენეჯერია, სპეციალობით – გეოლოგი. მისი თქმით, უნივერსიტეტის განივ კორპუსში პალეონტოლოგიური მუზეუმის არსებობის შესახებ, ზოოლოგიური მუზეუმისგან განსხვავებით, ბევრმა არ იცის. მისი უმთავრესი დამთვალიერებელი უნივერსიტეტის სტუდენტობაა. სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში კი, მუზეუმს, ძირითადად, IX კლასს ზემოთ მოსწავლეები სტუმრობენ.
პირველი ნიმუშები, რომელმაც პალეონტოლოგიური მუზეუმის დაარსებას დაუდო საფუძველი, არის ჯანელიძის ამონეტები. აქ მოთავსებული ყველა ექსპონატები გეოლოგებსა და პალეონტოლოგებს ეკუთვნის. გამოფენილი მასალა წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე – უკრაინას, სომხეთსა და აზერბაიჯანს. მუზეუმში ინახება ქეთევან ნუცუბიძის „ძირულის მასივის ლიასური (ასაკი) ღრუბლები (განმარხებული ორგანიზმები)“, მირიან თოფჩიშვილის, ივანე კახაძის, გიგა ზესაშვილის და სხვათა მიერ მოპოვებული ექსპონატები. ნინო ლაფაჩიშვილის თქმით, ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა გეოლოგები გასულან ველზე საკუთარი საქმიანობის ფარგლებში და უპოვნიათ ისეთი რამ, რაც, ახლა, პალეონტოლოგიის მუზეუმში ინახება.
მუზეუმშია დაცული თენგიზ პაიჭაძის მიერ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოპოვებული მასალა, რაც უნიკალურია სწორედ იმის გამო, რომ ისინი ხსენებულ ტერიტორიებზეა ნაპოვნი. შეიძლება ითქვას, მუზეუმში დაცული მასალა სრულიად საქართველოს ფარგლებს მოიცავს. ინახება ივანე რუხაძის ამონეტებიც.
მუზეუმში გვითხრეს, რომ მარჯნების პირველი სპეციალისტი ნუნუ ბენდუქიძე იყო. სწორედ მის მიერ მოპოვებული მარჯნებია წარმოდგენილი მუზეუმში, რომელიც მოიცავს როგორც საქართველოს, ისე ყირიმსა და სომხეთს. დაცულია განამარხებული ზღარბები და სხვა ცხოველები. შეგიძლიათ, ნახოთ ფესვების, თესლების, სპორებისა და ფოთლების ქვებზე ანაბეჭდები. ასევე, მედეა უზნაძის მიერ გოდერძის წყებიდან (უღელტეხილი) წამოღებული მასალა ფოთლების ანაბეჭდების სახით.
როდესაც მუზეუმი გეოლოგიის ინსტიტუტს ეკუთვნოდა, მისი დირექტორი თინათინ დვალი იყო. მუზეუმში მის მიერ მოპოვებული მასალაცაა წარმოდგენილი. თინათინ დვალის შემდეგ დირექტორის თანამდებობა ნანა სამხარაძემ დაიკავა და მუზეუმის ამჟამინდელი გამოფენაც სწორედ მას ეკუთვნის. დაცულია ნიკო სხირტლაძის მიერ ლისის ტბაზე ნაპოვნი განმარხებული ხე. ამავე მუზეუმში ინახება ქუთაისის (წყალტუბო) დინოზავრის ნაფეხურის ანაბეჭდი, რომელიც თაბაშირშია მოთავსებული. ასევე აკადემიკოს მიხეილ კაკაბაძის „საქართველოს კოლხიდიდები“, 1971 წლის კოლექცია.
იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, მუზეუმის ამჟამინდელი ინვენტარი, თავის დროზე, სველი მასალისგან დამზადდა, დღეს ეს საკითხი პრობლემაა. პრობლემაა იმდენად, რამდენადაც მასალა, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია. ზემოხსენებული ავეჯის შემთხვევაში, კარის მიხურვაც კი დაბრკოლებას წარმოადგენს.
ზოოლოგიის მუზეუმში 5000-მდე სადემონსტრაციო ეგზემპლარია წარმოდგენილი. პალეონტოლოგიის მუზეუმში მოთავსებული მასალა, რეგიონში შეგროვებულ ნამარხი ორგანიზმების გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის, ამიერკავკასიის, საფრანგეთისა და ესპანეთიდან ჩამოტანილ მასალას მოიცავს.

ვფიქრობ, უნივერსიტეტის სტუდენტობა მარტო საკუთარი ფაკულტეტის და სპეციალობის შესახებ ინფორმაციის ფლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მუზეუმები, რომლებიც უნიკალურ ექსპოზიციებს ინახავენ, სტუდენტებს ელიან.

მარიამ ტიელიძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი