როგორ გავზომოთ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა

01 ოქტ 2015

თანამედროვე სამყარო გლობალურ პრინციპებზე შეთანხმებას მოითხოვს. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენება სხვადასხვა სფეროში შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად. ამ მეთოდოლოგიებით იზომება ცალკეული სახელმწიფოებისა და მთლიანად პლანეტის ეკოლოგიური, სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების დონე. მეორე მხრივ, საერთაშორისოდ აღიარებული მაჩვენებლები და მათი სანდოობა დღევანდელობის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რადგან ზოგჯერ მონაცემების რეალობასთან მისადაგება ვერ ხერხდება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისიცაა, რომ გლობალური მასშტაბების გასაზომი პარამეტრების შემუშავება შედარებით ახალი მიმართულებაა მეცნიერებაში და, ბუნებრივია, დახვეწასაც ითხოვს.

2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდგომმა პერიოდმა ეკონომისტებისთვის ბევრი ახალი კითხვა გააჩინა, მათ შორისაა ის, თუ რამდენად მართებულია ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფასება დღეს მიღებული მეთოდოლოგიით.

„ეკონომისტებმა ვიცით, რომ ეკონომიკური ზრდის გაზომვა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა და იგი განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც ორი ქვეყნის ეკონომიკას ვადარებთ ერთმანეთს”, - აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ 11 სექტემბერს გამართულ სემინარზე („პოლიტეკონომიური საუბრები ლადო პაპავასთან”), რომელზეც მან უნივერსიტეტის ეკონომისტთა საზოგადოებას საკუთარი სამეცნიერო მოხსენება წარუდგინა აღნიშნული პრობლემის შესახებ და ქვეყნების ეკონომიკების ზრდის შესადარებლად აუდიტორიას განსხვავებული მეთოდოლოგია შესთავაზა.

11 სექტემბერი, გარდა იმისა რომ გლობალური მნიშვნელობის კატასტროფის თარიღია, ამჯერად იმით იყო აღსანიშნავი, რომ სექტემბრის მეორე პარასკევს დაემთხვა, როდესაც საქართველოში ეკონომისტის დღე აღინიშნება. ეკონომისტებს განსაკუთრებული თვლა უყვართ და, ალბათ, ამიტომაც, ეკონომისტის დღე, კონკრეტული თარიღის ნაცვლად, სექტემბრის მეორე პარასკევია. 97 წლის წინ, 1918 წელს, სწორედ სექტემბრის მეორე პარასკევს გამოიცა პირველი ქართული სამეცნიერო-ეკონომიკური ჟურნალი „ეკონომისტი”, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პერიოდული გამოცემაც იყო. მოგვიანებით, უკვე ხელახლა დამოუკიდებლობა აღდგენილ საქართველოში, როდესაც ვლადიმერ პაპავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს პრეზიდენტმა ეს დღე ოფიციალურ თარიღად დაადგინა, თუმცა, მას შემდეგ კიდევ შეიცვალნენ მთავრობები და თარიღი ოფიციალურად, ჯერჯერობით, აღარ აღინიშნება. ტრადიციის აღდგენას ახლა უნივერსიტეტში ცდილობენ და უკვე მეორე წელია ე.წ. ტრადიციული სემინარები სწორედ ეკონომისტის დღით იხსნება. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე კი ეს ყველაფერი მხოლოდ ტრადიცია ვეღარ იქნება, რადგან, ეროვნული ვალუტის მდგომარეობის გამო, ეკონომიკური თემები, აქტუალობით, პოლიტიკურ თემებს სჯაბნის.

11 სექტემბერს წარმოდგენილი მოხსენება ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შეფასების ახალ მეთოდოლოგიას და გლობალური ეკონომიკის გაზომვის პრობლემებს ეხებოდა. საქართველოს ეკონომიკა უკვე დიდი ხანია გლობალური ეკონომიკის ნაწილია, ამდენად ეს თემა ჩვენთვისაც საყურადღებოა. ამავე მოხსენებით გამოსვლას ვლადიმერ პაპავა სპეციალური გრანტის ფარგლებში ოქტომბერში ბოსტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გეგმავს, სადაც მსოფლიო ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელებენ.

„რა მაჩვენებლით უნდა შეფასდეს ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონე, თუკი გვინდა, რომ რეალური სურათი მივიღოთ?” – ასეთია შეკითხვა, რომელზეც ვლადიმერ პაპავას მიერ ჩატარებულ კვლევას უნდა გაეცა პასუხი.

ძნელია არ დაეთანხმო ვლადიმერ პაპავას იმაში, რომ დღეს მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლებიც ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას უჩვენებენ, რეალური ეკონომიკური ზრდის სურათს არ იძლევა: დღეისთვის მიღებული ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური ზრდით პოსტკრიზისული მსოფლიოს ლიდერი ჩინეთია (2013 წელს 7.7%), II და III ადგილებს კი ინდონეზია და ინდოეთი ინაწილებენ. დიდი ოცეულის ქვეყნების „მაჩანჩალები” ეკონომიკური ზრდის მიხედვით იაპონია და იტალიაა, ზრდის ასევე დაბალი ტემპებია ამერიკის შეერთებულ შტატებში (2013 წელს 2.5%), ავსტრალიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში.

ეკონომისტებისთვის ცნობილია, რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული მაჩვენებლები და ისიც, რომ რაც უფრო განუვითარებელია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო ადვილია ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა: თუკი სახელმწიფო აწარმოებდა 1 ტრაქტორს და მომდევნო წელს ორის წარმოება შეძლო, ამ სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა 100 პროცენტი იქნება, მაგრამ თუკი სახელმწიფო აწარმოებდა 100 ტრაქტორს და მომდევნო წელს მხოლოდ 102 აწარმოვა, ზრდაც, შესაბამისად, 2 პროცენტი იქნება. ამ მარტივი არითმეტიკის უკან რთული ეკონომიკა და მკვეთრი ზრდის ეფექტი დგას, რომელიც განპირობებულია კაპიტალის კლებად უკუგებაზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა: „ამ ფაქტორის გამო იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკის განვითარების დონე მაღალია, ბევრად უფრო რთულია მაღალი ზრდის ტემპის შენარჩუნება, ვიდრე იქ, სადაც ეკონომიკის ზრდა შედარებით დაბალია. ეს პრობლემა დღემდე არ არის გადაწყვეტილი ეკონომიკურ ლიტერატურაში, ამის შედეგი კი გავრცელებული მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია, ვიდრე შეერთებული შტატებისა. რეალობა კი სულ პირიქითაა. აბსოლუტურ მაჩვენებელში ჩინეთის ეკონომიკა უფრო დიდია, მაგრამ რა რესურსით იქმნება ჩინური სიმდიდრე და როგორია მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის წილი? აქ ჩინეთი უკვე აშკარად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის ერთ სულზე 2013 წელს მოდიოდა 53 042 დოლარი, ჩინეთში 6 807 დოლარი, კიდევ უფრო ნაკლებია მაჩვენებელი ინდონეზიის, თუ ინდოეთის შემთხვევაში. დაახლოებით იგივე პარადოქსთან გვაქვს საქმე ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც. შესაბამისად, კვლევის ამოცანა იყო რეალური ზრდის გასაზომად გამორიცხული ყოფილიყო მკვეთრი ზრდის ეფექტი, რაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელს გახდის ობიექტურ გაზომვას”, - აღნიშნა მოხსენების ავტორმა.

პრობლემის გადასაჭრელად ვლადიმერ პაპავა პროპორციული გადაფარვის ჰიპოტეზას გვთავაზობს, რომლის კოეფიციენტები შემდეგია: შესადარებელი ორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებლები უნდა გავყოთ ერთმანეთზე. შესადარებელ ქვეყანად ამჯერად აღებულია ავსტრალია, რადგან მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის მიხედვით იგი 2013 წლის ლიდერი ქვეყანაა. შემოთავაზებული მეთოდით ვიღებთ უკვე ეკონომიკის ზრდის ტემპის კორექტირებულ სურათს და თუ მანამდე ჩინეთის ეკონომიკური ზრდა იყო 7,7%, ახალი გათვლით ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ავსტრალიასთან შედარებით 2012-13 წლებში იყო 1%-ზე ნაკლები (კერძოდ, 0,78%).

ამ პრინციპით კორექტირებული ეკონომიკური ზრდის ტემპით ქვეყნების რეიტინგები შემდეგნაირად განლაგდება: თუ ავსტრალია 2013 წლებში იყო მე-8 ადგილზე დიდი ოცეულის ქვეყნებს შორის, ახლა იგი პირველი გახდა რეიტინგში; კანადამ მე-11 ადგილიდან 3-4 ადგილზე გადაინაცვლა, აშშ-მ მე-10 ადგილიდან მე-2 ადგილზე. სამაგიეროდ ინდონეზია აღმოჩნდა არა მეორე, არამედ 12-13 ადგილზე, ინდოეთმა კი რიგით მე-3 მზარდი ეკონომიკიდან მე-17-18 ადგილზე გადაინაცვლა. ვლადიმერ პაპავას თქმით, აღნიშნული პარამეტრებით გაზომვა სწორი აღმოჩნდა ინვარიანტულობის თეორემის მიხედვითაც, რომლის დროსაც შეიცვალა შესადარებელი ქვეყანა, მაგრამ არ შეცვლილა შედეგები. აღსანიშნავია ისიც, რომ მკვეთრი ზრდის ეფექტის გამორიცხვის მეთოდიკა შესაძლებელია გამოვიყენოთ არა მხოლოდ დიდი ოცეულის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკათა შესადარებლადაც.

გაითვალისწინებს თუ არა საერთაშორისო ეკონომიკური საზოგადოება ვლადიმერ პაპავას მიერ შეთავაზებულ ხედვას, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ძნელია არ დაეთანხმო მოხსენების ავტორს იმაში, რომ ასე გაზომილი ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო ადეკვატურ სურათს იძლევა, ვიდრე მიიღება დღემდე მიღებული ზრდის ინდიკატორებით.