დიახ, მაინცდამაინც ჯავახიშვილის უნივერსიტეტი!

04 აპრ 2017

ილია ჭავჭავაძე წერდა: „ქართველისათვის „დედა“ მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლ ენასაც დედა-ენას“ ეძახის, უფროს ქალაქს - „დედა-ქალაქს“, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას - „დედა-ბოძს“, უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს – „დედა-ბურჯს“, სამთავრო აზრს – „დედა-აზრს“... დღევანდელ დღეს დიდი ილია დაუმატებდა, უპირველეს და უმთავრეს უნივერსიტეტს დედა უნივერსიტეტი ჰქვიაო... ამას ახლა იტყოდა, როცა ასე გამრავლდა უნივერსიტეტები (ხაშურსა და ბაკურციხეშიც კი გაიხსნა თავის დროზე), თორემ 90-იან წლებამდე ეს პრობლემა არ იდგა...
და მოვუსმინოთ ილია ჭავჭავაძეს, დავუჯეროთ და დავამკვიდროთ ტერმინი დედა უნივერსიტეტი.
ამ ტერმინს აქვს ისტორიული გამართლებაც: ყველამ კარგად იცის, ჩვენმა უნივერსიტეტმა როგორ წარმოშვა, დაზარდა და დააფრთიანა „შვილი“ უნივერსიტეტები: ჩვენი უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი იქცა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტად, მერე – აგრარულ უნივერსიტეტად; საამშენებლო ფაკულტეტი იქცა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტად, მერე – ტექნიკურ უნივერსიტეტად; სამკურნალო ფაკულტეტი იქცა სამედიცინო ინსტიტუტად, მერე – სამედიცინო უნივერსიტეტად... ახალციხის ფილიალი – სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტია... 30-იან წლებში პედაგოგიური ინსტიტუტები შეიქმნა. უნივერსიტეტმა იზრუნა მათ უმაღლეს სკოლად ჩამოყალიბებაზე. ქუთაისში დღესაც იხსენებენ: დილით, ადრიანად, მატარებელი ჩამოდგებოდა და სადგურიდან პედინსტიტუტამდე ფეხით მიუყვებოდნენ აკაკი შანიძე და გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა და ვარლამ თოფურია, სიმონ ყაუხჩიშვილი და ვახტანგ კოტეტიშვილი, ანგია ბოჭორიშვილი და ლუკა ჭელიძე და მრავალი სხვა... ასე იყო ბათუმში, სოხუმში, თელავში, გორში... და მერეც, ძირითადად თბილისის უნივერსიტეტმა დააკომპლექტა ყველა უმაღლესი სასწავლებელი (რომელებსაც შემდგომ უნივერსიტეტი დაერქვა).
ისტორია ისტორიაა და მთელი XX საუკუნე თბილისის უნივერსიტეტი განსაზღვრავდა საუნივერსიტეტო სივრცის სწორ განვითარებას. სასწავლო გეგმები და პროგრამები; სახელმძღვანელოები ძირითადად აქ იქმნებოდა და ვრცელდებოდა ყველგან... სწორედ ამის წყალობით განუსაზღვრელი იყო ავტორიტეტი და საზოგადოებაზე ზემოქმედების ძალა დედა უნივერსიტეტისა... გავიხსენოთ თუნდაც 1978 წლის 14 აპრილი; 80-იან წლებში ეროვნული ბრძოლის განახლება და აღმავლობა...
და როცა ჩვენს გაზეთში („თბილისის უნივერსიტეტი“, 13 თებერვალი, 2017 წ.) დაიწერა, საკითხი ასე დასვეს, „რატომ, მაინცდამაინც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი?“, არც მიკითხავს, ვინ თქვა ეს, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას წინა ხელისუფლების წარმომადგენელი ან მხარდამჭერი იტყოდა!.. რატომ ვფიქრობ ასე? მოგახსენებთ:
სააკაშვილის ხელისუფლებამ მოისურვა დედა უნივერსიტეტის ავტორიტეტის შელახვა, დამცირება, გაუფასურება... ხმამაღლა დაიქადნა მინისტრმა კ. ლომაიამ – „ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ნაჯახით ამოვძირკვავო!..“ სწორედ მათ მოახდინეს „რეორგანიზაცია“: ლიკვიდირებული იქნა სამეცნიერო სექტორი (უნივერსიტეტი დატოვა 1500-ზე მეტმა მეცნიერმა); ხუთჯერ (!) შემცირდა აკადემიური სექტორი... კონკურსები ჩატარდა ძირითადად პოლიტიკური ნიშნით... ამ შეტევას უნივერსიტეტზე ჰქონდა კონკრეტული მიზეზი და მიზანი... (ვრცლად ამ პროცესებზე იხ. „დედა უნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი. 2004-2013“, თსუ გამომც. 2016)... მაშინ ხმამაღლა თქვა ლომაიამ, „ილიას უნივერსიტეტს ვაქცევ ამბიციურ უნივერსიტეტად“; ეს ჩვენი უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდ ითქვა და რეალური ნაბიჯებიც გადაიდგა: გაუზარდა დაფინანსება ილიაუნს და შეუმცირა თსუ-ს; ილიაუნში პროფესორები 2-3-ჯერ მეტ ხელფასს იღებდნენ თსუ-ის პროფესორებზე; ელოდნენ ამას და მოხდა: დახარბდა არაერთი პროფესორი „ოცდაათ ვერცხლს“, ზურგი შეაქციეს დედანივერსიტეტს და მერე ტალახიც ესროლეს... 
და მაინც, დედა უნივერსიტეტი დედაუნივერსიტეტობს!.. ერთი კია: იმ ათწლიან ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია; მრავალი პრობლემა შეიქმნა ჩვენს უნივერსიტეტში; ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვწერდი ამას წინათ ჩვენს გაზეთში („პირველ ქართულ უნივერსიტეტში ქართული ენა პრიორიტეტული აღარ არის?“ – „თბილისის უნივერსიტეტი“, 1 დეკემბერი, 2016). კოლეგები მარწმუნებენ, სხვა სპეციალობებზეც არაერთი პრობლემა შეგვიქმნა და დაგვიტოვა ლომაია-ხუბუას ეპოქამო. ყოველივე ეს დაიძლევა, ხელმძღვანელობის ნება სჭირდება ამას და ჩვენი მონდომება... თუმცა საფრთხე არსებობს: იმ პრობლემების შემოქმედთაგან მრავალი ისევ „ფორმაშია“ და ცდილობს, „რეფორმის ის გეზი“ შეინარჩუნოს; მარტივად რომ ვთქვათ, ხელს უშლის მდგომარეობის გამოსწორებას... ესეც დროებითი მგონია მე... დიდმა ივანე ჯავახიშვილმა და მისმა თანამებრძოლებმა ისეთი მყარი საფუძველი შეუქმნეს ჩვენს უნივერსიტეტს, ასეთ დროებით შემოტევებს გაუძლებს (გავიხსენოთ გასული საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლები...)... 
და დავამშვიდებ იმათ, ვინც შეშფოთებული სვამს კითხვას – „რატომ, მაინცდამაინც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი?“... ვუპასუხებ:
დიახ, მაინცდამაინც ჯავახიშვილის უნივერსიტეტი!
დედა უნივერსიტეტი!

გიორგი გოგოლაშვილი