„აუდიტორია 115“-ის სოლიდარობა ბუკინისტებს

06 აპრ 2017

„აუდიტორია 115“ ბუკინისტებს სოლიდარობას უცხადებს. წიგნებით მოვაჭრეების მხარდამჭერი აქცია სტუდენტებმა 20 მარტს უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან გამართეს, სადაც ბუკინისტები უკვე წლების განმავლობაში ძველი და იშვიათი წიგნებით ვაჭრობენ. სტუდენტების სოლიდარობის აქცია თბილისის მერიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რის საფუძველზეც უნებართვო გარე მოვაჭრეებს საქმიანობა აეკრძალებათ, თუმცა მოგვიანებით მერიაში განმარტეს, რომ აკრძალვა ბუკინისტებს არ შეეხებოდათ. 
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბუკინისტები საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. მათი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო პროცესთან. ძველი წიგნების შემგროვებელთა დახმარებით უამრავი პროფესორი და სტუდენტი ახერხებს შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასად კლასიკური ლიტერატურის სასურველი ნიმუშების მოძიებას. ჩვენი უნივერსიტეტის მისადგომებთან გაშლილ თაროებზე არაერთხელ აღმოგვიჩენია წლობით ნანატრი გამოცემების უნიკალური ეგზემპლარები. ბუკინისტებსა და უნივერსიტეტელებს შორის სრული ნდობა არსებობს. ალბათ, ამიტომაც, ჩვენს პარტნიორებს ბევრი ჩვენგანისთვის დავიდარაბის გარეშე დიდი ხნით ნისიადაც კი დაუთმიათ საინტერესო წიგნები. „აუდიტორია 115“-ს მობილიზებული აქვს აბსოლუტურად ყველა რესურსი, ჩვენ ვიზიარებთ გარე მოვაჭრეების პრობლემებსაც, გარე მოვაჭრეებთანაც დაწყებულია აქტიური კომუნიკაცია და უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვაქვეყნებთ კვლევებს და ალტერნატივებს, თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა. ბუნებრივია, იმ დროს, როდესაც „ველური“ მშენებლობები მიმდინარეობს თბილისის მასშტაბით, გარემოვაჭრეების პრობლემა არ არის მთავარი. შესაბამისად, ჩვენ ამ თემის აქტუალიზებასაც მოვახდენთ საჯარო სივრცეში“, – განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა გიორგი ჩიხლაძემ. 
თსუ-ის პირველ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე ბუკინისტები აცხადებენ, რომ თბილისის მერიის სამსახურიდან გაფრთხილება მათაც მიიღეს და ორდღიან ვადაში წიგნების ალაგებისკენ მოუწოდეს, თუმცა მას შემდეგ არავინ გამოჩენილა: „მამაჩემი ვალერი ცირდავა უკვე 20 წელზე მეტია ამ ბიზნესშია. აქამდე არავინ შეხებია. ხშირად ვეცნობი უცხოურ პრესას და ბუკინისტების საქმიანობა, გარეთ ვაჭრობა თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაშია დაშვებული. მივიღეთ გაფრთხილება, რომ აგველაგებინა წიგნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალით თვითონ აალაგებდნენ, თუმცა მას მერე არავინ გამოჩენილა“, – ამბობს ვალერი ცირდავას შვილი ამირან ცირდავა.