გამოიცა კრებული „ფუნდამენტალიზმი. უმცირესობების, დისკრიმინაციისა და ტრანსნაციონალიზმის ეთნოგრაფიები“

05 აპრ 2017

2016 წლის 20 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებმა კრისტიანო ჯიორდანომ (ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია) და მარჩელო მოლიკამ (ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია) კრებული – „ფუნდამენტალიზმი. უმცირესობების, დისკრიმინაციისა და ტრანსნაციონალიზმის ეთნოგრაფიები“ წარადგინეს. კრებულში გაანალიზებულია სირიელი სომხების (ჰაკობიანი), საქართველოს იეზიდების (მოლიკა), ასირიელების (ხუციშვილი), მოლოკნების (ანთაძე), თურქეთელი ქართველების (გუჯეჯიანი), თურქეთში მცხოვრები ალევიტების (დელიბაში), თურქეთსა და მარდინში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების (გიუნეში) და ლიბანის ქრისტიანთა (პანჩეტი) წინაშე მდგომი პრობლემები, იდენტობისა და რელიგიურობის მიმართებები.

კრებულის გამოცემას წინ სხვა-დასხვა პერიპეტიები უძღოდა.
2015 წლის 30 იანვარს, მარი კიურის პროგრამის ფარგლებში, თსუ-ში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ფუნდამენტალიზმი, ტრანს-ნაციონალიზმი და რელიგიური უმცირესობები”. მონაწილეობდნენ: მარჩელო მოლიკა (ფრიბურგისა და პიზის უნივერსიტეტი), ქეთევან ხუციშვილი (თსუ), არსენ ჰაკობიანი (ერევნის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), თამარ ანთაძე (თსუ), როზეტა გუჯეჯიანი (თსუ), მანუჩარ ლორია (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი). კონფერენციის მსვლელობისას წამოიჭრა აზრი – შექმნილიყო სამეცნიერო კრებული, რომელიც მიეძღვნებოდა დღევანდელი მსოფლიოსთვის მეტად აქტუალურ საკითხს – ფუნდამენტალიზაციის გამოვლინებებს. 
პროექტის კოორდინატორის (თსუ-ს მხრიდან) ქეთევან ხუციშვილის აზრით, ეს მნიშვნელოვანი წამოწყება იყო, რადგან რელიგიის გლობალური აღორძინების შესახებ კონსტრუირებული ნარატივები ყოველდღიური დებატების ნაწილი გახდა და გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ და საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგზე. „მიმდინარე ტრანსფორმაციების ახსნა სხვადასხვა მიდგომებით ხდება, კერძოდ მოდერნიზაციის, გლობალიზაციის, ტრანსნაციონალიზმისა და იდენტობის თეორიების ფარგლებში, მაგრამ ბევრი რამ მაინც აუხსნელია, რადგან საკითხის შეფასებისას რჩება გარკვეული დისტანცია ლოკალურ და გლობალურ განზომილებებს შორის. პოლიტიკური მიდგომა ამარტივებს საკითხს და მიმდინარე პოლიტიკური და რელიგიური მობილიზაციის შედეგად მომხდარი დაყოფის ჰომოგენიზაციას ახდენს. ჩნდება კითხვა, რატომაა რომ ზოგან ხერხდება ურთიერთობების შენარჩუნება-გაუმჯობესება, სხვაგან კი კონფლიქტურ სიტუაციამდე მივდივართ? მიმდინარე გეოპოლიტიკური და სოციო-დემოგრაფიული ცვლილებები გადაუდებლად საჭიროებენ აკადემიურ ანალიზს. კრებულის შექმნის ძირითადი ამოცანა იყო, შეეთავაზებინა სამეცნიერო საზოგადოებისთვის კავკასიისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მკვლევრების ხედვები, რომლებიც ეთნოგრაფიული მეთოდებისა და ემპირიული პერსპექტივის გამოყენებით შეკრებილ მასალას ემყარება, სამეცნიერო მიდგომათა მობილიზებისა და დეტერმინირებული მეთოდოლოგიური ჩარჩოების გაფართოების მიზნით“, – განაცხადა მან.
კრებული სათაურით: „ფუნდამენტალიზმი. უმცირესობების, დისკრიმინაციისა და ტრანსნაციონალიზმის ეთნოგრაფიები”, დაიბეჭდა ფრიბურგის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიური კვლევების სერიის ფარგლებში. კრებულში შესულია თამარ ანთაძის (თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „ანთროპოლოგიის“ დოქტორანტი), ნურდან ათალაი გიუნეშის (მარდინ არტუკლუს უნივერსიტეტის ასოც. პროფ., თურქეთი), როზეტა გუჯეჯიანის (თსუ-ის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი), კეიან დელიბაშის (ადნან მენდერეს უნივერსიტეტის პროფესორი, თურქეთი), მარჩელო მოლიკას (ფრიბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარია და პიზის უნივერსიტეტის ლექტორი, იტალია), ბენედეტა პანჩეტის (ფრიბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარია), ქეთევან ხუციშვილისა (თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი), და არსენ ჰაკობიანის (ერევნის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, სომხეთი) სტატიები. ნაშრომს ერთვის რედაქტორის მარჩელო მოლიკას წინასიტყვაობა და პროფ. კრისტიანო ჯიორდანოს (ფრიბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარია) ბოლოსიტყვაობა. კრებული გამოცემულია LIT Verlag-ის მიერ ციურიხში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული მხარის წვლილი კრებულის მომზადების საქმეში. კერძოდ:
ქეთევან ხუციშვილის სტატია – „ეთნოკულტურული იდენტობის სტრუქტუირების რელიგიური ასპექტები საქართველოს ასირიელთა თემში”, ემპირიული მონაცემების მიხედვით განიხილავს ქართველ ასირიელთა მცდელობას მიუხედავად ენობრივი და კონფესიური განსხვავებულობისა ჯგუფის შიგნით ხელი შეუწყონ ერთიანი ეთნიკური იდენტობის გამყარებას; როზეტა გუჯეჯიანის სტატია – „ეთნიკური იდენტობის შენარჩუნების გზები. ქართველთა სახალხო დღესასწაულები ართვინის პროვინციაში (თურქეთის რესპუბლიკაში)”, ხანგრძლივი კვლევის შედეგია და თურქეთელი ქართველების ყოფაში დღესასწაულების მნიშვნელობას განიხილავს; თამარ ანთაძის სტატია – „მოლოკნები საქართველოში: კულტურის ცვლილება და ახალი იდენტობის ძიება”, აანალიზებს მცირერიცხოვანი კონფესიური ჯგუფის წინაშე მდგარ პრობლემებს იდენტობის შენარჩუნების გზაზე. პუბლიკაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც კრებული გამოიცა, ევროკომისიის კვლევითი პროექტების ნაწილია. 2013 წლის 1 ივნისიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროკომისიის FP7 პროგრამის – მარი კიურის გრანტის ფარგლებში, შეუერთდა პროექტის – „წარმოსახვითი განვითარება: პოსტ-სოციალისტურ სამყაროში განვითარების პოლიტიკისა და მისი ეფექტების მულტიდისციპლინური და მრავალდონიანი ანალიზი“ (აკრონიმი PSDEV, საგრანტო შეთანხმება N318961) – კონსორციუმს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროექტში წარმოადგენს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროექტის კოორდინატორია ქეთევან ხუციშვილი.
კონსორციუმის წევრები ასევე არიან: ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), ბირმინგემის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია), ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია), გუანდონის უნივერსიტეტი (ჩინეთი), ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის უმაღლესი ეკონომიკის სკოლა (რუსეთი) და რენმინის უნივერსიტეტი (ჩინეთი). 
ევროკომისიის კვლევითი პროექტების მიზანია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის ქვეყნებთან არა წევრი ქვეყნების დაახლოებას, ერთიანი სამეცნიერო სივრცის ფორმირებას და მასში რეგიონების წამყვანი უნივერსიტეტების აქტიურ ჩართვას. ამას გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებას ექცევა. პროექტში მონაწილეობა გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმართვას, კვლევის შედეგების ინტენსიურ გაზიარებას, საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობას და ახალგაზრდა მკვლევართა მრავალმხრივ მხარდაჭერას.