„სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბის 100 სა­ოც­რე­ბა“ - წიგ­ნი-­გზამ­კვლე­ვი ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვისაც

04 აპრ 2017

სიტყვა „ძეგლი“, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენისა და ადამიანის უკვდავსაყოფად შექმნილ ხელოვნების ნიმუშთან ასოცირდება... ჩვენ კი ამ წიგნში ბუნების შექმნილ ძეგლებზე გიამბობთ, სადაც თქვენ თვალწინ გადაიშლება საოცარი სამყარო ბუნების იშვიათი ექსპონატებით“, – ითქვა ახალი წიგნის – „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ პრეზენტაციაზე, რომელიც 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

მსოფლიოში თითქმის ყველაზე ღრმა, კრუბერის კარსტული უფსკრული; გეგის ჩანჩქერი, რომლის მარჯვენა ფერდობზე მდებარეობს მღვიმე – მდიდარი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და კარსტული სვეტებით; „თოვლიანის“ ხიფათით სავსე, ჩანჩქერებიანი „უფსკრული“, სადაც ჩასვლა ყველა სპელეოლოგის ოცნებაა; ახალი ათონის მღვიმე თუ ულამაზესი ინწრის, მესტიაჭალას თუ მაჭახელას ხეობები; მღვიმეები და ტბები – ყველაფერი, რაც თვით ბუნების მიერ არის შექმნილი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გაბნეული და უნიკალურია თავისი წარმოშობითა და მნიშვნელობით. 
წიგნის ავტორის გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგიისა და კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ-პროფესორის გიორგი დვალაშვილის ინფორმაციით, წიგნში თავმოყრილი და აღწერილი ძეგლებისთვის მასალებზე იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე მუშაობდა გეოგრაფებთან, ეკოლოგებთან, ისტორიკოსებთან, ფოტოგრაფებთან და სტუდენტებთან ერთად ექსპედიციების დროს. ამიტომ თითოეულ ფოტოს თან ახლავს აღწერილობა, რომელიც კვლევების შედეგად დადგინდა.  თითოეულ ობიექტს თან ერთვის დეტალური ინფორმაცია, კოორდინატები და ფოტომასალა, ბუნების ღირსშესანიშნავი ადგილები კი რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი. წიგნში შეტანილი ბუნების ძეგლები რეგიონების მიხედვით არის განლაგებული. აღსანიშნავია, მათგან 40 ობიექტს ოფიციალურად აქვს მინიჭებული ძეგლის სტატუსი. ავტორთა განცხადებით, ბუნების ძეგლად შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერი, რაც თავად მის წიაღში შექმნილა: მღვიმეები, ჩანჩქერები, ხეობები, ტბები და სხვა. თითოეულ ძეგლს სამეცნიერო, ისტორიული და საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს და დაცვა სჭირდება. 
კრებულში აღწერილი საქართველოს ბუნების ღირსშესანიშნავი ძეგლები რეგიონების მიხედვით არის წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ობიექტი მცხეთა-მთიანეთიდან გვხვდება, მათ შორის გამორჩეულია ჭერმის კლდეები, როშკის ლოდები, თრუსოს ხეობა, სახიზარის კლდის სვეტები და სხვა. უნიკალური ძეგლები მრავლად არის იმერეთის რეგიონშიც, მაგალითად: ძუძუანის მღვიმე, სადაც მეცნიერებმა ველური სელის ბოჭკოებისგან დამზადებული გრეხილი ძაფის ნაშთებიც იპოვნეს. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ ბოჭკო 34 ათასი წლის წინათ ადამიანმა გარკვეული ტექნოლოგიით, ხელით დაამუშავა. მეცნიერებმა სელის ძაფი მსოფლიოში უძველეს ძაფად აღიარეს. 
კრებულში მდიდარი ბუნებრივი ძეგლებით წარმოდგენილია სამეგრელო- ზემო სვანეთი. მნახველის გაოცებას იწვევს შამგონის კუნძული, ინწრის ხეობა, სადაც მრავლად გვხვდება მღვიმეები, ჩანჩქერები და მიწისქვეშა მდინარეები; მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე უშბის ჩანჩქერი, შხარის მთიანი მასივი და სხვა. გურიის მხარე თავისი ტბებით და მდინარეებით გამოირჩევა. მათ შორისაა პალიასტომის ტბა, რომლის ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს. იგი სიდიდით მესამე ტბაა საქართველოში და უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ გადამფრენი ფრინველების გამოსაზამთრებელი ადგილია. თავისი მნიშვნელობით მნიშვნელოვანია ასკანის თიხები, რომელიც 60 მილიონი წლის წინათ წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიქმნა. მას მეცნიერები ბუნებრივ განძს და ბენტონიტურ თიხებს უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ თიხის საბადო მხოლოდ ორი ათეული წლის წინ შემთხვევით აღმოაჩინეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თიხა საოცარი თვისებებით გამოირჩევა და მას მრავალი დანიშნულებით იყენებენ მრეწველობაში თუ სოფლის მეურნეობაში. 
წიგნში შესულია ბუნებრივი საოცრებებით მდიდარი აჭარის, ქართლის, კახეთის ობიექტები, თავისი ისპანის ჭაობებით, მწვანე ტბით, უდაბნოს სვეტებით, ალაზნის ჭალებით და სხვა. ასევე შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები: დაშბაშის კანიონი, ბირთვისის კლდეები, ჭიქიანის მთა და სხვა. 
მნიშვნელოვანია, რომ წიგნში ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლებიცაა შეტანილი, მათ შორის: მდინარე ააფსთის ხეობასთან ახლოს მდებარე, კირქვის კლდეებში გახსნილი გამჭოლი ბუნებრივი გვირაბი – ახიბოხის „ფანჯარა“, საქართველოში ყველაზე ღრმა – რიწის ტბა, მიწისქვეშეთის საოცრება – ახალი ათონის და აბრსკილის მღვიმეები და სხვა. 
„კრებულში თავმოყრილი ბუნებრივი „ძეგლები“ მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. მათი მოძიება, შესწავლა, კეთილმოწყობა და ტურისტულ მარშუტებში ჩართვა ტურისტულ პოტენციალს გაზრდის და საქართველოს ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველს გახდის; ამასთან, უზრუნველყოფს ობიექტთა დაცვასა და პირველქმნილი სახით მათ შენარჩუნებას. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის“, – აცხადებენ წიგნის ავტორები. 
„საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამომცემლობა „კლიომ“ სერიის – „საქართველოს საგანძური“ - ფარგლებში (რომლის ავტორია იტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ხიდურელი) გამოსცა. წიგნში გამოყენებულია გიორგი დვალიშვილის, რომან თოლორდავას, გოგა ჩანადირის, ბადრი ვადაჭკორიას და სხვა ფოტოგრაფთა ფოტოები.

ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გამოსულია წიგნები სათაურით „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე, შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისთვის.