მერაბ კოკოჩაშვილი: აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და გქონ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რომ ის გა­ან­გრიო და რო­ცა მას ან­გრევ, ესაა ბედ­ნი­ე­რე­ბა

04 აპრ 2017

21 მარტს ცნობილ რეჟისორს, საზოგადო მოღვაწესა და პროფესორს მერაბ კოკოჩაშვილს 82 წელი შეუსრულდა. მერაბ კოკოჩაშვილზე ახალი რა უნდა თქვა – მასზე დაწერილა – როგორც დიდ რეჟისორსა და დიდებულ ადამიანზე, როგორც ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირ შთამომავალზე, როგორც დიდებულ პიროვნებასა და მასწავლებელზე... თუმცა მასთან შეხვედრა იმდენად გავსებს თავისი სისადავითა და უბრალოებით, ამბებითა და მოგონებებით, გგონია, რომ პირველად ისმენ უკვე მოსმენილსა და წაკითხულს.


როგორ გაიზარდა ისე, რომ არ გაბოროტებულა

ოჯახზე საუბრისას მის ხმაში ერთნაირად გამოსჭვივის სიამაყეც, სევდაც და წინაპართა მიმართ პატივისცემაც. 
დედა – მარინე ჯორჯაძე – ქართველ რომანტიკოსთა ბრწყინვალე წარმომადგენლის – ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი გახლდათ. მამა – შთამომავალი ქუთაისელი კოკოჩაშვილებისა, რომელთაც პირველი აფთიაქი გაუხსნიათ ქალაქში და მიტროფანე ლაღიძისთვისაც დაულოცავთ სავალი გზა. პროფესიით ორივე მუსიკოსი ყოფილა და, ალბათ, წარმატებული მომავალიც ექნებოდათ, რომ არა საბჭოთა რეჟიმის პათოლოგიური სიძულვილი არისტოკრატიისა და განათლებული ადამიანებისადმი. გასული საუკუნის 30-იანმა წლებმა მათი ცხოვრება სხვადასხვა გზით წაიყვანა.
დედამ გაზარდა. მამა, როგორც „ხალხის მტერი“, იმ ტალღამ ჩაიყოლია, რომელმაც რეჟისორი სანდრო ახმეტელი და მუსიკოსი ევგენი მიქელაძე იმსხვერპლა. ახლა, როცა ამდენი წელი ადევს მხრებზე, ბატონ მერაბს დედის სიმამაცე და კეთილშობილება უკვირს – როგორ გაზარდა ისე, რომ არ გაბოროტებულიყო: „გარკვეულ დრომდე დედა არ მეუბნებოდა, რომ მამა რეპრესირებული იყო. თავად კი ვხვდებოდი, ხალხის დამოკიდებულებამ მიმახვედრა, მაგრამ დედას ვუმალავდი. დაახლოებით 13 წლისა ვიყავი, როცა თავად დამსვა და მიამბო, რა უბედურებაც გადახდა თავს ჩვენს ოჯახს. მაშინ გავიგე, რას განიცდიდა იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიამბო, როგორ გავიდა მამის სანახავად 1937 წლის იმ ავბედით დღეს სადგურში, საიდანაც გადასახლებულები სატვირთო ეშელონებით გადაჰყავდათ და როგორ ვერ მოახერხა უკანასკნელად მაინც შეევლო თვალი საყვარელი ადამიანისთვის“, – ამბობს ბატონი მერაბი.
კოკოჩაშვილების ოჯახის გვერდით ცხოვრობდა გენიალური მსახიობი უშანგი ჩხეიძე, სადაც ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის ვერიკო ანჯაფარიძე და მერი დავითაშვილი. ალბათ მათი რეკომენდაციით მოხვდა 6 წლის მერაბი კინოფილმ „გიორგი სააკაძის“ გადასაღებ მოედანზე – მან პაატას (პატარაობაში) როლი შეასრულა (ალბათ ყველას გვახსოვს ეპიზოდი, როცა სააკაძე თავადაზნაურობას ისრების მაგალითზე უჩვენებს ერთიანობის აუცილებლობას). შემდგომ მოგონებებში ბატონი მერაბი იხსენებდა, რომ სადღაც ყური მოჰკრა – „პაატას თავი უნდა მოჭრანო“ და ეს გადაღებები მისთვის ცოტა ხანი კოშმარადაც იქცა, სანამ კარგად არ დარწმუნდა, რომ მის თავს საფრთხე არ ელოდა. არავინ იცის, შესაძლოა, ქვეშეცნეულად, სწორედ მაშინ „დაავადდა“ კინოს დიდებულებით... თუმცა, ვიდრე მას მიუახლოვდებოდა, კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ხელოვნებაში დამკვიდრებისა: „კარგი კლასი მყავდა – ჩემი ოთხი კლასელი რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა, ერთი – ლომერ ახვლედიანი – ლენინური პრემიის ლაურეატი (მაშინ ეს ყველაზე დიდი ჯილდო გახლდათ). ასევე ჩემს კლასში სწავლობდა კანდიდ ჩარკვიანის უფროსი ვაჟი – მერაბი, და ალბათ, ამიტომ განსაკუთრებულად „გვივლიდნენ“. კლასში სადაც ვსწავლობდი, ძალიან ბევრი საბჭოთა ლიდერის ფოტო ეკიდა. მეორე კლასში ვიყავით, როცა დაგვავალეს, რომ ლექსი დაგვეწერა. მე ბერიაზე დავწერე. საღამოს დედა გვიან მოდიოდა ხოლმე, ორ ადგილზე მუშაობდა და იმდენად მიხაროდა ლექსი რომ დავწერე, გვიანობამდე არ დავიძინე, დაველოდე. როგორც კი დედა შემოვიდა, მივახარე – ლექსი დავწერე-მეთქი... წაიკითხა, შემომხედა და მკაცრად მითხრა: არ გავიგო, მეორედ ლექსი დაწეროო. ასე დასრულდა ჩემი გაპოეტების მცდელობა...“ ამბობს ღიმილით და იხსენებს, რომ, დედას ძალიან სურდა მამის გზას გაჰყოლოდა: „მისი ნაქონი ვიოლინოც კი მომცა, მაგრამ ჭირივით მეზარებოდა მეცადინეობა და მეოთხე კლასში რომ ჩავრჩი, მითხრა – კისერიც გიტეხია, რაც გინდა ის გააკეთეო... ჰოდა გავაკეთე – კინო ავირჩიე“, – ამბობს იგი. 
ეს არჩევანი კი ბედნიერი დამთხვევა იყო.


პირველი ნაბიჯები კინორეჟისურაში

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, 50-იან წლებში, კინოინდუსტრიაში დიდი ცვლილებების ხანა დაიწყო, რამაც ქართულ კინოზეც მოახდინა გავლენა. ამ დროს წარმოჩინდნენ სწორედ ახალგაზრდა რეჟისორები რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა და სხვები... ბატონი მერაბიც ამ თაობას მიეკუთვნება. ამბობს, რომ კინო მისი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ პერიოდში ახალგაზრდობა სწორედ კინოფილმებით სულდგმულობდა და გაჩნდა შესაძლებლობა, კინოეკრანებზე წამოეწიათ ეროვნული ხასიათების მატარებელი გმირები და რეალობა, რომელიც აღარ იფარებოდა დავარცხნილი, გამოგონილი სამყაროთი. 
კითხვაზე, კონკრეტული სათქმელით მოვიდა თუ არა კინოში, თავმდაბლად პასუხობს, რომ არა – რადგან ჯერ იმდენად ახალგაზრდა იყო, ვერ აცნობიერებდა, სათქმელი ჰქონდა თუ უბრალოდ მოსწონდა... ან უყვარდა... 
რეჟისორი ხელოვნებას „ვგიკში“ (კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი მოსკოვში) დაეუფლა. ერთერთ საკურსო ნამუშევრად კი ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელი“ აირჩია. 1960 წელს სწორედ ამ ფილმზე წერდა აკაკი ბაქრაძე: „თუ რეჟისორს შეუძლია ამა თუ იმ მხატვრულ ნაწარმოებში დამალული კინემატოგრაფიულობის აღმოჩენა, მაშინ თითქმის ყოველი ჭეშმარიტი (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ, რადგან ზოგჯერ ლიტერატურად მაკულატურა საღდება) ლიტერატურული ქმნილება ალაპარაკდება კინოს ენაზე. სტანდარტული კინემატოგრაფიულობის თვალსაზრისით, ვაჟას „ხმელი წიფელი“ არაკინემატოგრაფიული ნაწარმოებია, მაგრამ რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო იგი და კარგი ფილმი გამოვიდა“ (გაზეთი „თბილისი“, 26. 02.1960 წ.).
ეს იყო პირველი და წარმატებული ნაბიჯი, თუმცა ყველაფერი ასეთივე წარმატებით არ გაგრძელებულა...


წარუმატებლობა, რომელმაც წარმატება განაპირობა

1959 წელს მერაბ კოკოჩაშვილმა დიპლომისთვის მზადება დაიწყო და შეარჩია კიდეც მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა „მუსუსი“, მაგრამ სცენარი დაიწუნეს – მიხეილ ჯავახიშვილის ნოველა ანტიეროვნულია და მისი გმირები ისე არ იქცევიან, როგორც ქართველობას შეეფერებაო... თემაზე ფიქრის დრო აღარ რჩებოდა. მაშინ შესთავაზა თურმე რეზო თაბუკაშვილმა – ოთარ აბესაძე იღებს მოკლემეტრაჟიან ფილმს „კარდაკარ“ (დავით კლდიაშვილის „სოლომონ მორბელაძის“ მიხედვით), მე შევავსებ სცენარს და ორივემ ერთად გადაიღეთ სრულმეტრაჟიანი ფილმი, დიპლომის გარეშე მაინც არ დარჩებიო... დათანხმდა, გადაიღო, მაგრამ ფილმი წარუმატებელი გამოვიდა: „ეს ოთარის ფილმი უფრო იყო, ვიდრე – ჩემი. მე გვიან ჩავერთე გადაღებაში. სცენარის ხელოვნურად გაწელვამ და ფილმის გაჭიანურებამ გამოიწვია ის, რომ ფილმი ცუდი აღსაქმელი გახდა“, – ამბობს რეჟისორი და კითხვაზე, იმოქმედა თუ არა კრიტიკამ მასზე უარყოფითად, გულწრფელად პასუხობს – „ჩვენ თავადაც ვგრძნობდით, რომ ფილმს ხარვეზები ჰქონდა. ამიტომ შევამოკლეთ და დიპლომი ამ ფორმით დავიცავით. ამ ფილმს თავისი დადებითი მხარე მაინც ჰქონდა – მასში შესანიშნავი სამსახიობო გუნდი მონაწილეობდა – გრიგოლ ტყაბლაძე, სესილია თაყაიშვილი, გიგოლა თალაკვაძე, ნინო ჩხეიძე... ფილმზე მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა, ამდენად, არ ვფიქრობ, რომ მისი გადაღება შეცდომა იყო“.
აგრესიულად შეხვდნენ ასევე ფილმს „არდადეგები“, რომელიც რევაზ ინანიშვილის მოთხრობის – „სასაცილოს“ (და მისივე სცენარის) მიხედვითაა გადაღებული. ყველას გვახსოვს სრულიად უწყინარი ფილმი, რომელიც ქალაქელი ბავშვების ბებიასთან სტუმრობას ეხება და რომელშიც შესანიშნავი სახე შექმნა გოგი გეგეჭკორმა (პედანტი მამა, რომელსაც სურს შვილებიც ასე გაზარდოს). სწორედ ამ ფილმის გამო საყვედურებით აავსეს მერაბ კოკოჩაშვილი – ფილმში არ არის პიონერთა ორგანიზაცია, რომელიც მამისა და შვილების კონფლიქტში ჩაერეოდაო... 
დაახლოებით ორი წლის შემდეგ კინემატოგრაფიის მაღალ ეშელონებში სასიკეთო ძვრები მოხდა და „მიხას“ გადაღების საშუალებაც გაჩნდა. „კინოსტუდიაში მოვიდა ოთარ ქინქლაძე, რომელიც შემთხვევით შემხვდა და მკითხა, შენი სცენარი რომ დევს კინოსტუდიაში, რატომ არ იღებ? წადი და გადაიღეო, მითხრა... ასევე მისცეს უფლება ელდარ შენგელაიას, გადაეღო „მიქელა“ და გიორგი შენგელაიას და ბაადურ წულაძეს – „ჯილდო“ – იხსენებს ბატონი მერაბი და დასძენს, რომ „მიხა“ მის ფილმებში ყველაზე უფრო „სრულყოფილ და აწყობილ“ ფილმად მიაჩნია. ამასვე წერენ კრიტიკოსები სხვადასხვა გაზეთში. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ გურამ ასათიანის რეცენზია, რომელიც 1966 წელს გამოქვეყნდა. იგი წერს: „ჩემი ფიქრით, კოკოჩაშვილის ამ ფილმშიც, როგორც „არდადეგებში“, არის სოფლური ყოფა-ცხოვრების, ადამიანთა სადა ურთიერთდამოკიდებულების, ჯანმრთელი ზნეობის, მყარი ადათ-ჩვეულებების თავისებური აპოლოგია... ჩემთვის მთავარია, რომ მერაბ კოკოჩაშვილისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ეს თავისებური პოზიცია უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან ბიძგი მისცა რეჟისორს ნამდვილად საინტერესო, ცოცხალი სახეების შესაქმნელად“.

 

„დიდი მწვანე ველი“

მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედების მწვერვალად მაინც „დიდი მწვანე ველი“ მიიჩნევა – ფილმი, რომელიც ცივილიზაციათა კონფლიქტის მარადიულ დრამას ეხება. მისი გმირი – სოსანა თავისუფალი, საკუთარი სამყაროს მცველი ადამიანია, რომელიც გარემოცვასთან კონფლიქტში მარტო რჩება. ფილმი 1994 წელს პეზაროს საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში, რომელიც კინოს საუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა, ყველა დროისა და ქვეყნის 100 საუკეთესო ფილმს შორის აჩვენეს. „დიდი მწვანე ველი“ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არსით, რომელიც არ იკარგება, რადგან დღესაც უყურებენ. ის პრობლემა, რომელიც იქ არის დასმული – ადამიანის და ბუნების ურთიერთდამოკიდებულება, ისეთი მუდმივი თემაა, რომელიც არ ძველდება. გარდა ამისა, ამ ფილმში შესანიშნავი მსახიობები დაკავდნენ – დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე“, – ამბობს ბატონი მერაბი. 
თუ არ ჩავთვლით საბჭოთა ნომენკლატურის კაპრიზებს, ამ ფილმს ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა ეკრანებზე გამოსვლისთანავე. მასზე წერდნენ: „ფილმის ავტორები არ ეძებენ იოლ გზებს, პრობლემების მარტივ გადაწყვეტას არ ესწრაფვიან. ისინი ფიქრობენ მთავარზე და არ ეშინიათ, რომ დასკვნა, შესაძლოა, არც ისეთი მარტივი იყოს, ფინალი, არც ისე ოპტიმისტური, ხოლო კონცეფცია, არც მთლად „გამართული“. ცხოვრება რთულ კითხვებს სვამს და თანამედროვენი ცდილობენ, მათ უპასუხონ... „დიდი მწვანე ველი“ კაცობრიობის ისტორიაში მრავალჯერ წარმოქმნილ სიტუაციაზე გვიამბობს. ფილმის ავტორები რაიმეს იდეალიზების გარეშე შეეცადნენ, გაეანალიზებინათ ისტორიის მსვლელობით დასაღუპად განწირული მსოფლაღქმის სისტემა და მასში აღმოაჩინეს ის, რაც არა მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს, არამედ ისიც, რასაც მიღება და გაფრთხილება სჭირდება. ეს არის უთუოდ ფილმის მთავარი ღირსება“ (რუსუდან თიკანაძე, 1978).
გამოარჩევდა თუ არა თავად რეჟისორი ამ ფილმს სხვებისგან, რადგან ის ყველაზე წარმატებულია? ამ კითხვაზე ბატონ მერაბს სხვაგვარი პასუხი აქვს: „რომ გითხრათ „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ ან „ნუცას სკოლა“ ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის, არ ვიქნები მართალი, ან ვთქვათ, დოკუმენტური ფილმი „გზა“, რომელიც საქართველოს ისტორიაზეა... რაც შემეძლო ყველაფერი ჩავდე მათში“.
რეჟისორი თუ გამორჩეული ხელწერისა არ არის, დროთა დინებას ვერც ის და ვერც მისი ფილმი უძლებს. მერაბ კოკოჩაშვილის ყველა ფილმი გამოირჩევა ერთგვარი ბუნებრიობით, სისადავითა და რეალობის შეგრძნებით. მასთან ერთმანეთში ისეა გადაჯაჭვული მხატვრულობა და რეალურობა, თითქოს ვერც კი არჩევ.. ცალკე თემაა მსახიობთა შერჩევის თავისებურება... ხომ არის ფილმები, რომელთა გმირებსაც, შესაძლოა, სხვა მსახიობმაც გაართვას თავი, აქ თითქოს სოსანა ერთია და მას, დოდო აბაშიძის გარდა, სხვა ვერ ითამაშებდა...
„მეც ასე ვფიქრობ და კინომცოდნეებიც წერენ ამის შესახებ. ეს არის, ერთი მხრივ, რეალობა და მათში მოცემული ასოციაციები. სიმბოლიკა და პოეტურობა რეალობიდან გამომდინარე პრინციპებია. მეც მეჩვენება, რომ მსახიობის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ და თუ რამეს წერენ ჩემი ფილმების შესახებ, აუცილებლად ახსენებენ მსახიობებს და მათ ხასიათებს. მე სწორედ მათი ხასიათების საშუალებით ვცდილობ, რაღაც ვთქვა, ამის გარეშე ვერ ვმუშაობ. გარდა ამისა, პარალელურად ვცდილობ, ფილმში გარკვეული პოეტიკაც იყოს. მაგალითად, „მიხაში“ არის კადრი, რომელშიც ორი ზვინი ერთდება... მე მინდა, რაც ჩემი სათქმელია, პოეტურ ხატად და სახედ დასრულდეს. თუ ვაღწევ, ხომ კარგი..“, – ამბობს რეჟისორი და გახსენდება „დიდი მწვანე ველის“ ერთი ეპიზოდი, რომელშიც სოსანა, რომელიც ერთდროულად კარგავს ოჯახს, შვილს, ცოლს და საყვარელ საქმეს, ფაქტობრივად, მხეცდება – აუპატიურებს ცოლს და მერე, როგორც პირუტყვი, ძროხებთან ერთად ჩაეყუდება წყლის დასალევად... ესეც სიმბოლოა – მარტოდ დარჩენილი, გამხეცებული ადამიანის სიმბოლო, რომელიც თითქოს მარცხდება ცივილიზაციასთან ბრძოლაში და ახალ ადგილს ეძებს იმ სიმშვიდის დასაბრუნებლად, რომელიც მას დიდ მწვანე ველზე ჰქონდა.

 

კონოდოკუმენტალისტიკა

ბოლო დროს უნივერსიტეტის საზოგადოებამ ნახა მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“, რომელიც უკვე ჩაიწერა დოკუმენტალისტიკის ისტორიაში. ფილმი, რომელშიც რეჟისორი თავად არის მთხრობელი, დადის, ეძებს მასალებს ივანე ჯავახიშვილზე და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გადმოგვცემს ყველა დეტალს, რაც კი უდიდესი ქართველი მოღვაწის შესახებ მოგვეპოვება... 
ეს მეთოდი აქვს მას გამოყენებული დოკუმენტურ ფილმში „გზა“, რომელიც საქართველოს ისტორიას მოგვითხრობს. აქაც – ფილმის რეჟისორი თავად არის წამყვანი და მთხრობელი და „ამავე დროს შუამავალი მოზღვავებულ ინფორმაციასა და მაყურებელს შორის. ის ყოველთვის და ყველგან ფიგურირებს, როგორც კადრში, ასევე კადრს გარეთ... იგი ფილმში სხვის მითითებებს კი არ ასრულებს, თავად არის ავტორი და ამავე დროს ამ როლშიც გრძელდება მისთვის რეჟისორული თვითგამოხატვის პროცესი“) პაატა იაკაშვილი; „საკუთარი თავის ძიებაში“, ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“; 1985 წ.).
თანამონაწილეობა დოკუმენტურ ფილმში ავტორის სტილია – მერაბ კოკოჩაშვილი მაყურებელს არ ატყუებს – აჩვენებს მას, რომ რეჟისორი და კამერა, რომელიც ასევე ხშირადაა ფილმის მონაწილე, კადრს მიღმა არ დგანან: „არასოდეს ვმალავ, რომ კამერა ფილმის მონაწილეა; არ ვმალავ, რომ თუ მე ვმონაწილეობ, თვითონაც უნდა ვჩანდე. ჩემთვის დოკუმენტური ფილმი, მხოლოდ დოკუმენტი და ქრონიკის ფიქსირება კი არ არის, ეს არის ავტორის ჩარევით გაკეთებული ფილმი. ვფიქრობ, რომ ასე უფრო მართალი ვარ. თითქოს ყველა ფილმი ასეა გადაღებული – მეც ვჩანვარ და მეც რაღაცას ვეძებ იმასთან ერთად, რასაც კამერა აფიქსირებს. ჯავახიშვილშიც ასეა – ჯავახიშვილის ცხოვრებას მე დავეძებ... „ღვინის აკვანში“ პირიქით, მე არა ვარ, მაგრამ კამერაა და გარდა ამისა, არიან ადამიანები, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ჯემალ ბაღაშვილი, რომლებიც ღვინის შესახებ გვესაუბრებიან“, – ასე ამართლებს „ჩარევას“ დოკუმენტურ ფილმებში რეჟისორი, რომლის ნამუშევრებიც მუდმივად ინტერესს ინარჩუნებს.

 

პედაგოგი

იგი ახლა ყველაზე დიდ საქმეს აკეთებს – ახალგაზრდობას გადასცემს იმ გამოცდილებას, რაც წლების განმავლობაში დააგროვა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-კინო ხელოვნების ლაბორატორიას უდგას სათავეში. რომელი უფრო გადასწონის – რეჟისურა თუ პედაგოგობა, მერაბ კოკოჩაშვილისთვის ძნელი სათქმელია: „ორივე ავსებს ერთმანეთს... საქმე ისაა, რომ ახალგაზრდასთან ურთიერთობა არის ის, რაც შენ გკვებავს. ეს საუბრები არის არა მხოლოდ ლექცია და თეორიული საუბრები, არამედ ყოველთვის გადადის კონკრეტულ რეალობაში. აქედან გამომდინარე, ლექციები არის უწყვეტად ცოცხალი ურთიერთობა, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა თაობის ადამიანი“, – ამბობს იგი და სიამაყით ასახელებს იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს წარმატებით აგრძელებენ შემოქმედებით მუშაობას, მათ შორისაა იზი თითბერიძეც – მაგისტრანტი, რომელიც ამერიკაში სწავლობს და უკვე სამი ნამუშევრის ავტორია.
ქართულ და უცხოურ სასწავლო გარემოზე და ზოგადად კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე რეჟისორს თავისი მოსაზრება აქვს და არც მალავს, რომ თუ ეს საკითხი სახელმწიფომ პრიორიტეტად არ აქცია, ცოტა ხანში მხოლოდ ისტორიაღა დაგვრჩება თავმოსაწონებლად: „იქ დიდ თანხებსაც იძლევიან გადასაღებად და მოთხოვნაც დიდია“, სინანულით ამბობს ბატონი მერაბი და ცდილობს ცოტა მაინც ჩაგვახედოს პრობლემაში, რომლის წინაშეც ქართული კულტურა და კინემატოგრაფი დგას: „ძალიან საინტერესო თაობა მოდის, მაგრამ ბოლო დროს იკლო მათმა რიცხვმა, ვისაც კინო აინტერესებს. საქმე ისაა, რომ რთული პროფესიაა, მასში ფულის დაბანდება არავის უნდა და ახალგაზრდებსაც ნაკლებად სჯერათ იმისა, რომ ისწავლიან და მოახერხებენ გადაღებას. შარშან, მაგალითად, თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სარეჟისოროზე მიღება საერთოდ არ იყო. ახლა ამბობენ, რომ 4 წელიწადში ერთხელ უნდა მივიღოთ, რადგან ბევრი რეჟისორი დაგროვდაო. ჩემი აზრით, ქვეყანამ კულტურას უნდა მიხედოს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. უამრავი რამაა გასაკეთებელი და ხელისუფლების მხრიდან ყურადღებამისაქცევი. კინოსტუდია იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ ფილმებს იღებდეს, სხვა ამოცანა მას არ აქვს, მაგრამ სახელმწიფო ფულს არ გვაძლევს. ამიტომ ჩვენი ქონების საშუალებით უნდა ვიშოვოთ ფული, რომ გადავიღოთ. ეს სხვადასხვა გზით შეიძლება. მათ შორის, კინემატოგრაფიული საშუალებით ფულის შოვნის გზა არის იმ ფილმების ჩამოტანა და გაციფრულება, რომელიც მოსკოვის საცავებშია თავმოყრილი, რადგან საბჭოთა ფულით იყო გადაღებული. ეს რომ დავიბრუნოთ, სახელმწიფომ უნდა გაიღოს თანხა. 700 ფილმზეა ლაპარაკი (ფირზე გადაღებული). ეს არის ფილმები, რომელიც საზოგადოებამ უნდა ნახოს და ტელევიზიამ გამოიყენოს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ჩვენი კინოისტორია და ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს“.

 

რა არის ბედნიერება?

უყვარს თეატრი, მუსიკა და კითხვა. ახალგაზრდობაში მთებიც უყვარდა. ამბობს, პიონერთა სასახლეში ავიდგი ფეხი და კარგა ხანს გამყვა ალპინიზმის სიყვარულიო, შვილები ვერ გადმოიბირა – ორივე ქალიშვილი მუსიკოსია. მათ შორის ერთი ბელგიაში ცხოვრობს, მეორე – წინაპრების სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობს წინანდალში.
კითხვაზე – ბედნიერია თუ არა, დაფიქრებით მპასუხობს: „ეს იმასთან არის დაკავშირებული, თუ გიყვარს ვინმე ან რამე და ისინი შენს გარშემო არიან. დილაობთ რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ, ღმერთო როგორ მოახერხე ისე, რომ ის, რაც უბედურება იყო, ახალგაზრდა ასაკში ჩამომაშორე და ისეთი ურთიერთობები მაქვს, რომ, თითქოს, კარგად ვარ. არის თუ არა ეს ბედნიერება, თქვენ განსაზღვრეთ.
თუმცა ერთიც არის – როცა კარგად ხარ, ისე მშვიდდები, ვეღარ აკეთებ იმას, რაც ბრძოლით უნდა მოიპოვო. აუცილებლად უნდა გქონდეს წინააღმდეგობა, რომ ის გაანგრიო.
და როცა მას ანგრევ ესაა ბედნიერება...“.