საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უნივერსიტეტიდან დაიწყო

04 აპრ 2017

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან საუკუნე გავიდა - ეს ისტორიული თარიღი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. 25 მარტს თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მოეწყო გამოფენა „ავტოკეფალია - 100 - ბიბლიოთეკის საგანძური“, სადაც წარმოდგენილი იყო თსუ-ის ბიბლიოთეკაში და მუზეუმში დაცული საეკლესიო უნიკალური გამოცემები და ხელნაწერები. ღონისძიებებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ეკლესიის განათლების ცენტრის თავმჯდომარე მეუფე იოანე, სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თსუ-ის პროფესორები, სტუდენტები და საპატრიარქოსა და სასულიერო აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ავტოკეფალია - 100 - ბიბლიოთეკის საგანძური“

აღსანიშნავია, რომ თსუ-ის ბიბლიოთეკაში საეკლესიო ქართული წიგნების უმდიდრესი ფონდია დაცული, რომლის შესწავლას უნივერსიტეტელ მკვლევართა არაერთი პუბლიკაცია თუ მონოგრაფია მიეძღვნა. ბიბლიოთეკაში ინახება, ასევე, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორეს პირადი წიგნების კოლექციაც, რომლის ნაწილიც წარმოდგენილი იყო გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო გამოცემები მაღალი პოლიგრაფიული ღირსებითაც გამოირჩევიან. მათ შორის უნიკალურია 1629 წელს რომში გამოცემული პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი − ქართული ანბანი ლოცვებითურთ, ასევე, რომში 1679 წელს გამოცემული ქართული ენის გრამატიკა, 1705 წელს მოსკოვში დასტამბული „დავითნი“, 1709 წელს ვახტანგის სტამბაში დაბეჭდილი სახარება და სხვა. ექსპოზიციაზე, აგრეთვე, წარმოდგენილი იყო ავტოკეფალიის აღდგენის პროცესში მონაწილე იმ სასულიერო პირების (კირიონ II, ლეონიდე, კალისტრატე ცინცაძე, ამბროსი ხელაია, ილია II) ფოტოები და მათი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა დროს საქართველოს პატრიარქები გახდნენ. ბიბლიოთეკაში ინახება ის უნიკალური საარქივო ხელნაწერებიც, რომლებიც დოკუმენტურად ასახავენ 100 წლის წინ საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით განვითარებულ რთულ პროცესს. 
თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, „გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები და დოკუმენტური მასალა, რომელიც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავებშია დაცული, მათ შორის: ვახტანგის, არჩილის, ერეკლეს სტამბებში გამოცემული წიგნები და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს იმ პატრიარქების ნაქონი წიგნები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ავტოკეფალიასთან და უნივერსიტეტთან (პირველი კათოლიკოს-პატრიარქის − კირიონის ბიბლიოთეკა, კალისტრატე ცინცაძის მიერ საჩუქრად გადმოცემული წიგნები, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნაჩუქარი წიგნები), დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს − გაიხსენოს ქართული წიგნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები და პოლიგრაფიული ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საპატრიარქოში და პარლამენტში გაგრძელდება. „ავტოკეფალიის 100 წლის აღნიშვნა მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენი მუზეუმის და ბიბლიოთეკის საცავებში უნიკალური ლიტერატურა ინახება, რომელიც საუკუნეების წინ დაიბეჭდა სხვადასხვა სტამბაში. ეს ექსპოზიცია კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ავტოკეფალიის აღდგენას ჩვენი ქვეყნისთვის. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსება და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი, განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორი იქნებოდა საქართველოს მომავალი. გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ ქართული ეკლესიის აღმშენებლობის პროცესის დაწყებით გაგრძელდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. ჩვენს უნივერსიტეტში მოწყობილი გამოფენა და სამეცნიერო კონფერენცია სწორედ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, სახელმწიფოებრიობის განვითარებაში ეკლესიის როლს, ავტოკეფალიისთვის მებრძოლი კათოლიკოს-პატრიარქების მოღვაწეობას ეძღვნება“, − აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა ასევე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გამართული სამეცნიერო კონფერენცია, სადაც საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლების პროფესორებმა, დოქტორანტებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ამ მნიშვნელოვანი თემისადმი მიძღვნილი მოხსენებები წარმოადგინეს.


ქართული საეკლესიო ცხოვრების 100 წელი და მეცნიერული გამოხმაურებანი

ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც თსუ-ის პროფესორებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის შესახებ ისაუბრეს და მოხსენებები წარმოადგინეს. პლენარული სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, რომელმაც სამეცნიერო კონფერენციის თემატიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა თსუ-ის პროფესორების მოხსენებები: ქეთევან ნადირაძე − „მეცნიერება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარებისათვის ბრძოლის სამსახურში“; დიმიტრი შველიძე − „საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მოძრაობის ისტორიიდან“; ბონდო კუპატაძე − სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“; ირაკლი ბრაჭული − „უნივერსუმის ინტერპრეტაციის გზები: ეკლესია და უნივერსიტეტის იდეა“; თამარ შარაბე − „ილია ჭავჭავაძის ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის“.


მეცნიერება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარებისათვის ბრძოლის სამსახურში

„ქართულ ისტორიოგრაფიაში XIX ს-ის 40-იანი წლებიდან სამი ახალი მიმართულება გამოიკვეთა: საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული წყაროების მოძიება, შეგროვება, შესწავლა და გამოცემა; შექმნილი წყაროთმცოდნეობითი ბაზის საფუძველზე ეკლესიის ისტორიის განმაზოგადებელი ნაშრომების შექმნა და ავტოკეფალისტთა მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა − შეესწავლათ და დაეწერათ ქართული ეკლესიის ისტორია. ამავე დროს რჩებოდა საკითხისადმი ტრადიციული მიდგომა − საქართველოს ისტორია და, კერძოდ, ქართული უძველესი საისტორიო ძეგლი „ქართლის ცხოვრება“ განევრცოთ და გაემდიდრებინათ საეკლესიო ისტორიის საკითხებით. 
XIX ს-ის ქართულ მეცნიერებაში ამგვარ მოვლენას იდეოლოგიური დატვირთვაც ჰქონდა. რუსეთმა საქართველოს შეერთების შემდეგ (1801 წ.) გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა (აღმოს. საქართველოში 1811 წ., დასავლეთ საქართველოში 1814 წ.), რასაც მოჰყვა ადმინისტრაციულ-სტრუქტურული და ეკონომიკურ-სოციალური ცვლილებები. ქართული ეკლესია რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გადაკეთდა. შედეგად ეკლესია თავის ისტორიულ ფუნქციას ერის ცხოვრებაში კარგავდა. ქართველი მეცნიერები ხედავდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტის განმტკიცებისათვის, მეცნიერული შესწავლის გზით, მისი ათასწლოვანი ისტორიის წარმოჩენას. ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1904-1905 წლებში, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ რუსეთის საიმპერატორო კარზე და წმინდა სინოდის წინაშე დასვა საკითხი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. ამ მოთხოვნამ რეალური საფუძველი შეიძინა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთში დაიწყო მოძრაობა რუსეთის ეკლესიის გათავისუფლებისათვის სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის გავლენისაგან. მათი მოთხოვნა იყო პატრიარქობის აღდგენა და წმინდა სინოდის რეორგანიზაცია. ქართულმა სამღვდელოებამ სინოდის სხდომებზე აქტიურად დაიწყო ბრძოლა მიზნის მისაღწევად. ამ დროს შეიქმნა მრავალი გამოკვლევა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მეცნიერულად, ყველა არსებული წყაროს გამოყენებით გადმოეცათ ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების ისტორია და დაესაბუთებინათ მისი აღდგენის კანონიერება. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.) ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭებოდა კვლევებს ავტოკეფალიის პრობლემებზე, იმ ბრძოლაში, რომელსაც ქართული ეკლესია აწარმოებდა, რათა მსოფლიო ავტოკეფალურ ეკლესიებს ეცნოთ ქართველი ერის უფლებები“, − განაცხადა ქეთევან ნადირაძემ.


საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მოძრაობის ისტორიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები

„როგორც ცნობილია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას წინ უძღოდა ქართველი სამღვდელოების ენერგიული ბრძოლა საეკლესიო თავისუფლებისათვის. ავტოკეფალურ მოძრაობას მხარს უჭერდნენ საქართველოს გამათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი ძალები − თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები. ისინი ითვალისწინებდნენ ქართველი სამღვდელოების დიდ გავლენას ქვეყნის მოსახლეობაში და ცდილობდნენ ამ ფაქტორის ადეკვატურ გამოყენებას. სამწუხაროდ, რევოლუციურმა და ეროვნულ-რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ტერორის გზით სცადეს ავტოკეფალური მოძრაობის დახმარება. 1908 წლის 28 მაისს მათ მოკლეს საქართველოს მაშინდელი რუსი ეგზარქოსი არქიეპისკოპოსი ნიკონი, რომელიც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის სასტიკი მოწინააღმდეგე გახლდათ. რუსეთის მონარქისტულ ხელისუფლებას, მის სპეცსამსახურებს საკმარისი მტკიცებულებები გააჩნდათ, რომ ეგზარქოსის მკვლელობაში დაედანაშაულებინათ რევოლუციური პარტიები. ჟანდარმერიის მონაცემებით, ტერორისტული აქტი ჩაიდინა რამდენიმე სოციალ-დემოკრატიული დაჯგუფებიდან ან ამ პარტიის გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფებიდან ერთ-ერთმა. ჟანდარმერიას სერიოზული ეჭვი ჰქონდა აგრეთვე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის, ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი დაჯგუფების მიმართაც. იყვნენ სხვა ეჭვმიტანილი მხარეები და პიროვნებებიც. მიუხედავად ყველაფრისა, ხელისუფლებამ თითქმის არც ერთი ეჭვმიტანილი არ დააპატიმრა და მათ მიმართ ძიება არ გააგრძელა. მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო, რომ ბრალი ქართული ავტოკეფალისტებისათვის დაედო. მისი მიზანი იყო, როგორმე დაესუსტებინა ავტოკეფალური მოძრაობა. მართალია, ხელისუფლებამ ვერაფრით შეძლო შესაბამისი სამხილების მოძებნა, მაგრამ მან მაინც ავტოკეფალური მოძრაობა დაადანაშაულა ეგზარქოსის ფიზიკურ მკვლელობაში თუ არა, მკვლელობის ინტელექტუალურ მომზადებაში. სწორედ ამ მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ თანამდებობებიდან გადააყენა ან რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაიყვანა ავტოკეფალური მოძრაობის ისეთი აღიარებული ლიდერები, როგორებიც იყვნენ ეპისკოპოსები: კირიონი, ლეონიდე და სხვა საეკლესიო მოღვაწეები. ხელისუფლებამ მხოლოდ დროებით მიაღწია მიზანს. მან მოახერხა ავტოკეფალური მოძრაობის დროებითი დასუსტება, მაგრამ მოძრაობის ლიკვიდაცია ვერ შეძლო, რაც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო“, − განაცხადა დიმიტრი შველიძემ.


ილია ჭავჭავაძის როლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში

„ქართული სამეფო ხელისუფლების მოშლის შემდეგ, სადავო გახდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის კანონიერება. ამას ხელს უწყობდა დროთა განმავლობაში ეკლესიის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მრავალი დოკუმენტის დაკარგვა და განადგურება. იმპერიის სინოდი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებლობა არც არასდროს ჰქონია. გენერალ ტორმასოვისა და სხვა სამოქალაქო ჩინოვნიკების განკარგულებით, ყველა კანონიკური წესების გვერდის ავლით, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა გააუქმა; ქართული ეკლესია ძალდატანებით გადავიდა რუსეთის სინოდის დაქვემდებარებაში. საეკლესიო მმართველობაში მძიმე ვითარება შეიქმნა რუსი ეგზარხოსების მხრიდან. ცხადია, ილია ჭავჭავაძე გულგრილი ვერ დარჩებოდა ამ მოვლენებისადმი, რადგან სარწმუნოებისა და ზნეობის განმტკიცება მიაჩნდა მას საქართველოს აღორძინების საფუძვლად. ილიამ ხმა აიმაღლა როგორც სასულიერო სფეროში არსებული უმსგავსოების წინააღმდეგ, ასევე ქართველ სასულიერო პირებთან და მეცნიერებთან ერთად დაიწყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის საფუძვლიანი შესწავლა. მან ერთმანეთს დაუკავშირა ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხები და ამ ორი მიმართულებით გაააქტიურა თავისი ძალისხმევა“, − აღნიშნა თამარ შარაბიძემ.


როდის მოიპოვა სინამდვილეში საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია?

„ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტრადიციული შეხედულების თანახმად, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობისას მოიპოვა, როდესაც მცხეთის მთავარეპისკოპოსმა „კათალიკოსის“ ტიტული მიიღო, მაგრამ არც ერთ ქართულ თუ უცხოურ წყაროში არაფერია ნათქვამი (ოდნავი მინიშნებაც კი არაა) მცხეთის მიერ ამ პერიოდში საეკლესიო დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ, უფრო მეტიც, როგორც ქართული და სომხური („მოქცევაÁ ქართლისა‑“ და მხითარ აირივანეცი) წყაროები გვამცნობენ, ქართლში VI საუკუნის 30-იან წლებამდე ქართული ეკლესიის მეთაურებად უკლებლივ არაქართველები ინიშნებოდნენ, მხოლოდ კათალიკოსი საბა (დაახ. VI საუკუნის 20-30-იანი წლები) იყო პირველი ეთნიკურად ქართველი მცხეთის ტახტზე (ქართლის მოქცევიდან 200 წლის შემდეგ), რაც გამორიცხავს აღნიშნულ ეპოქაში ქართლის ეკლესიის ავტოკეფალურობას. VIII საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქმა თეოფილაქტემ (745-751 წწ.) ქართლის კათალიკოსად ხელი დაასხა იოანე III-ს (ქართლის ეკლესიის მეთაური დაახ. VIII საუკუნის 40-60-იან წლებში) და იბერიის ეკლესიას უფლება მიანიჭა კათალიკოსი ადგილზევე ეკურთხებინათ, რაც ფართო საეკლესიო ავტონომიას ნიშნავდა. როგორც ჩანს, მცხეთის საკათალიკოსო მხოლოდ ნომინალურად ემორჩილებოდა ანტიოქიის საპატრიარქოს და, დროთა განმავლობაში, ეს ნომინალური მორჩილებაც მივიწყებულ იქნა. საბოლოოდ საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის პატრიარქ პეტრე III-ის (1028-1051 წწ.) დროს მიიღო, რასაც ერთხმად ადასტურებენ ისეთი მნიშვნელოვანი ბიზანტიელი კანონისტები, როგორებიც იყვნენ ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი და მათე ბლასტარისი. ქართველ ისტორიკოსთა შორის იყო მცდელობა აღნიშნულ კანონისტებთან ნახსენები „პეტრე“ ვახტანგ გორგასლის თანამედროვე ანტიოქიის პატრიარქ პეტრე ფულონთან (469/470-471;476 წწ.) გაეიგივებინათ, რასაც ჯერ კიდევ კალისტრატე ცინცაძე ეწინააღმდეგებოდა, რადგან აქტიურ მონოფიზიტ პეტრეს ქალკედონიტთა შორის „ერეტიკოსის“ სახელი ჰქონდა და არც ერთი კანონისტი არ მოიხსენიებდა მას „ნეტარად“, როგორადაც იხსენიებენ პატრიარქ პეტრე მესამეს თეოდორე ბალსამონი და მათე ბლასტარისი. ამის მიუხედავად, ანტიოქიის საპატრიარქოსგან, მომდევნო საუკუნეებში, მრავალ დაუსაბუთებელ პრეტენზიას ჰქონდა ადგილი, რასაც ენერგიულად ეწინააღმდეგებოდნენ მცხეთის კათალიკოსები“, − განაცხადა შოთა მათითაშვილმა.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბრძოლა ავტოკეფალიისათვის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პოზიცია

„საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების საერთაშორისო აღიარების საკითხი გასული საუკუნის ერთერთ ყველაზე აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენდა ქართული ეკლესიის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და ქართული სამოციქულო ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ შეწყდა კონტაქტები უძველეს მართლმადიდებლურ საპატრიარქოებთან, შესუსტდა საქართველოს ეკლესიის, როგორც უძველესი სამოციქულო საყდრის, როლი საერთაშორისო საეკლესიო ასპარეზზე. ამ ფაქტმა, მოგვიანებით, 1917 წელს რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის წინაშე რიგი პრობლემები წამოჭრა, მათ შორის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობებშიც, რაც, უმთავრესად, ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების საკითხზე იყო ორიენტირებული. ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას V საუკუნიდან ფლობდა, მისი საჭეთმპყრობელი კი პატრიარქის რანგში XI საუკუნიდან იწოდებოდა. აღნიშნული მრავალგზის არის დადასტურებული როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წერილობით წყაროებში, მათ შორის მართლმადიდებლურ საპატრიარქოებში დაცულ ისტორიულ დოკუმენტებშიც, რომლებიც სიღრმისეულად არის შესწავლილი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართულ სამეცნიერო წრეებში (საყურადღებოა ბ. ლომინაძის, ნ. ლომოურის, მ. ლორთქიფანიძის, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძისა და სხვათა შრომები). თუმცა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-80-იან წლებში მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ საკითხისადმი კონსტანტინეპოლს ორაზროვანი დამოკიდებულება ჰქონდა და იგი მსოფლიო პატრიარქის დონეზე გადაჭრას საჭიროებდა“. 
როგორც მეცნიერმა აღნიშნა ნაშრომში განხილულია კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ღირსების აღიარებისადმი, მისი გამომწვევი მიზეზები და გავლენა საერთაშორისო საეკლესიო წრეებზე; საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლების დაუღალავი ბრძოლა კანონიკური უფლებების საერთაშორისო აღიარებისთვის და მიღწეული შედეგების ისტორიული მნიშვნელობა.
სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით, ასევე, წარსდგნენ პროფესორები: გიორგი ალიბეგაშვილი − „იერუსალიმის ბივრილი და მცხეთის ბივრიტი“; ნესტან სულავა − „საქართველოს ეკლესიის სტატუსის შესახებ VIII-X საუკუ- ნეების ქართულ ჰაგიოგრაფიაში“; ლელა ხაჩიძე − „ჭყონდიდის საეკლესიო-ლიტერატურული სკოლის ისტორიიდან X საუკუნეში“; ლია წერეთელი − „დავით აღმაშენებლის „ანდერძი შიომღვიმისადმი“ − ესქატოლოგია“; ია გრიგალაშვილი − „ქართული სამოციქულო ეკლესიის სათავეებთან“; ნიკო ჯავახიშვილი − „გრიგოლ ორბელიანი − ქართული საეკლესიო გალობის მოამაგე“; ქეთევან ხუციშვილი − „რელიგიურისა და სეკულარულის მიმართება პოსტსაბჭოთა საქართველოში“; როზეტა გუჯეჯიანი − „რელიგიური დღესასწაულის იდენტობის მარკერად ტრანსფორმაციის პროცესი (კვირიკობა)“; ქეთევან ქუთათელაძე − „რელიგიური წარმოშობის სახელწოდებები „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით“; ირმა ტალახაძე − „ვაჰანის ქვაბთა განგების“ მინაწერთა შესწავლისა და პუბლიკაციის ისტორიისათვის“; ვახტანგ ლიჩელი − „აწყური − საეკლესიო ტრადიცია და არქეოლოგია“; ნინო ებილაშვილი − „მარტყოფის საფორტიფიკაციო არქიტექტურა“; სოფიო მოდებაძე − „საერო და სასულიერო მუსიკის ურთიერთმიმართება ადრეულ შუა საუკუნეებში“ და სხვ.