რას ვეტყვი მე ჩემს უნივერსიტეტს?

16 მარ 2017

– თსუ-ის კურსდამთავრებულთა კლუბის თუ ფონდის საქმიანობაში თუ მიიღებთ ან როგორ მიიღებთ მონაწილეობას, როგორც თსუ-ის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული?
– ვფიქრობ, ის თანამდებობის პირები, ვისაც უნივერსიტეტში განათლება აქვს მიღებული, პირდაპირ ვალდებულნი არიან (ყოველგვარი დამატებითი ტიტულების გარეშე) უნივერსიტეტის ახალ თაობას გააცნონ ის გამოცდილება, რაც გააჩნიათ, რაშიც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა უნივერსიტეტდამთავრებული იქნება მოხარული, რომ ჩაერთოს. ჩვენ ასე გამოვხატავდით უნივერსიტეტისადმი სიყვარულს და ამ კუთხით ვიყავით ჩართულნი ამ პროცესში.
ყოველთვის, როდესაც ჩამოვალ თბილისში, დიდი სიამოვნებით გავუზიარებ თქვენს სტუდენტებს ვაშინგტონიდან დანახულ თემებს, ინფორმაციას, რაც შეეხება საქართველოსა თუ რეგიონში არსებულ გამოწვევებს. 
ზოგადად კი, როგორც საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინდა, რომ მაქსიმუმს მივაღწიო, რათა ის მაღალი ფასი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტებს გააჩნიათ (თუნდაც ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში) ან შემცირდეს, ან განახევრდეს, რათა ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკაში განათლების მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ინტერესი ძალიან მაღალია. იცით, რომ მთავრობა აფინანსებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურას და თუკი ამ მიმართულებით გავაჩენთ ახალ სივრცეს, ეს ნიშნავს იმას, რომ გაორმაგდება და გასამმაგდება იმ სტუდენტების რიცხვი, ვინც მიიღებს ამ ბრწყინვალე შესაძლებლობას – ისწავლოს ამერიკაში. ფაქტია, რომ განათლების ის ხარისხი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ნომერი პირველია მსოფლიოში და ამ განათლებისადმი ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური წვდომა.