თსუ-ში სტუდენტთა მომსახურების სისტემის რეფორმა იწყება

01 ოქტ 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მომსახურების სერვისი გაუმჯობესდება. იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ სისტემის რეფორმირებას გაუწევს ორგანიზებას. ამის შესახებ თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 29 სექტემბერს სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ის, რაც გაწუხებთ სტუდენტებს, გვაწუხებს ჩვენც, რადგან უნივერსიტეტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ სტუდენტებთან ურთიერთობის პრობლემა მუდმივად იქნება. ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტში სტუდენტთა მომსახურების ცენტრი, რომელიც ერთ საქმეზეა ორიენტირებული (რასაც მეტ-ნაკლებად კარგად აკეთებს,) მაგრამ, როგორც ასეთი, სტუდენტთა მომსახურების ცენტრი უნივერსიტეტს არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოხდეს ამ სისტემის სერიოზული რეფორმირება. გუშინ სამუშაო თათბირი გვქონდა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორი თვის ვადაში წარმოადგენს თავის ხედვას - როგორი იქნება ეს სტრუქტურული ერთეული, რა ურთიერთობა ექნება მას ფაკულტეტებზე წარმოდგენილ სპეციალისტებთან... მინდა, ამ სამუშაო ჯგუფში სტუდენტებიც ჩაერთონ, რადგან ერთია - ჩვენ როგორ ვხედავთ პრობლემებს, სტუდენტის მიერ შიგნიდან დანახული ვითარება კი სულ სხვაა. უკვე ვიცი, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი არობელიძე ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს. იგი გახლდათ ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მე მათ შევხვდი, ვისაუბრეთ და ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინე. ვთხოვ სტუდენტურ თვითმმართველობას - წარმოადგინოს თავისი წარმომადგენელიც. ასევე, თუ არის ვინმე დაინტერესებული პირი, მასთანაც აუცილებლად ვითანამშრომლებთ. გვინდა, რომ 2 თვის შემდეგ ჩვენ გვქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა - რას გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრუქტურა გავხადოთ მობილური, რათა უნივერსიტეტში სტუდენტების მიმართ არ იყოს უხეშობა, გულგრილი დამოკიდებულება, უპასუხისმგებლობა. არ მოვერიდები არავის სამსახურიდან გაშვებას. ჩვენ ჩავატარებთ რეფორმას, შევქმნით ახალ სტრუქტურას და შემდეგ ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევარჩიოთ კადრები. ამას ხმამაღლა დღეს პირველად ვამბობ, პირველად ისმენენ სტუდენტები და დეკანებიც. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება - ილანძღებოდეს ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ან უხეშობდნენ ტუტორები... ვისაც არ აქვს ნებისყოფა, სათანადო მომზადება და კულტურა, მისი ადგილი ამ უნივერსიტეტში არ არის. ამ რეორგანიზაციით გვინდა რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა, პირველი და უმთავრესი არის, რომ სტუდენტთა მომსახურების ცენტრი კვალიფიციური, ზრდილობიანი ხალხით დაკომპლექტდეს და, პიკური მდგომარეობის დროს, რაც ყოველი სემესტრის დასაწყისშია, ყველამ თავისი მოვალეობა ღირსეულად შეასრულოს. სამუშაო ჯგუფი ელოდება სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან წინადადებებს სტუდენტთა მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. კომისია გაითვალისწინებს ყველაფერს, რაც ვითარების გაუმჯობესებისთვის ღირებული იქნება“, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

შეხვედრას, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნული ინფორმაცია პირველად გაახმიანა, ყველა ფაკულტეტის დეკანი და ცენტრალური ადმინისტრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. აქტუალური საკითხების წამოჭრა-გაანალიზება კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა - ისაუბრეს აკადემიური რეგისტრაციის დროს წამოჭრილი პრობლემების, აკადემიური პერსონალის დისციპლინის საკითხების, ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის შესახებ და ა.შ.

თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სტუდენტების შესახებ ვრცელ ინფორმაციას გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.