როგორ შევაჩეროთ ქართული ენის ჰიბრიდიზაციის პროცესი?!

16 მარ 2017

ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტებმა ინგლისურენოვან ბარბარიზმებს ომი გამოუცხადეს და ეს კამპანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა თინათინ მარგალიტაძემ ითავა. აქცია 2016 წლის ნოემბერში დაიწყო.
„რამდენიმე წლის წინ, როდესაც ქართულ ენაში გაჩნდა პირველი ინგლისური ენის ძირი სიტყვები, ამ პროცესს შედარებით მსუბუქად ვუყურებდით. გვეგონა, რომ ეს რაღაც სახადია, რომელსაც მოვიხდით, რადგან როდესაც ერთი ენა მეორე ენასთან შედის კონტაქტში, გინდა, არ გინდა, ერთმანეთზე მაინც ახდენს გავლენას. თანდათან ეს პროცესი ძალიან გაღრმავდა და ვფიქრობთ, რომ მიუახლოვდა კრიტიკულ ზღვარს, ანუ გადავლახეთ წითელი საზღვარი: როდესაც უკვე ისმის ასეთი სიტყვები – მოსახლეობის ალარმიზაცია; ლარის კურსის ვალანტირობა; ბიზნესის დაცვის პრეტექსტით და ა.შ. – ჩვენ მივხვდით, რომ რაღაც ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო“, – ამბობს ჩვენთან საუბარში თინათინ მარგალიტაძე. 
ფაქტია, ყოველდღიურ მეტყველებაში ბარბარიზმების დამკვიდრებით ქართული ენა ნაგვიანდება და მას, ასე ვთქვათ, გადარჩენა სჭირდება. სწორედ ამ მისიით აღიმაღლეს ხმა უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულ ცენტრში და ქართულ ენას ქომაგნიც გამოუჩნდნენ. კამპანია „არა ბარბარიზმებს!“ ძალას იკრებს და არა ერთჯერადი აქციის, არამედ საყოველთაო მოძრაობის სახეს იღებს. 
„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან დღეს ისეთი ქართული ისმის, რომ უკვე ყველას გვიწევს საკუთარი მეტყველების გაკონტროლება. ეს პროცესი, პირველ რიგში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უნდა დაიწმინდოს. ჟურნალ-გაზეთებშიც უხვად წააწყდებით სიტყვებს, მაგალითად – სტაფი (თანამშრომლების ნაცვლად); „აროგანტულობაში ნუ ჩამომართმევთ“ (ანუ „ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ“ ნაცვლად); „ქართული ეკონომიკის კონტრიბუცია“ და ა.შ.. თარგმანებიც ძალიან სცოდავენ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით სახელმძღვანელოების. არ მინდა ყველას დასახელება, მაგრამ ძალიან ბევრ სფეროში აღწევს ეს „უბედურება“! მაგალითად, არ შეიძლება, რომ უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაში ეწეროს – პრიმარული და სეკუნდარული ლიტერატურა (ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის ნაცვლად); ან ვინმემ დაწეროს – კოავტორი (თანაავტორის ნაცვლად)“, – აცხადებს ლექსიკოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი თინა მარგალიტაძე, რომელსაც არაერთი მაგალითი მოჰყავს, თუ როგორ ნაგვიანდება ქართული ენა.


კამპანიას უნივერსიტეტის პედაგოგი ქეთევან ანთელავაც უდგას სათავეში. მოძრაობის – „არა ბარბარიზმებს!“ – ორგანიზატორებმა ქართულ ენაში ბარბარიზმების უხვად დამკვიდრების მიზეზების დადგენა დაიწყეს. „არის ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ამ სიტყვებით კეკლუცობენ. მაგრამ მომისმენია, მათ შორის, პოლიტიკოსებისგანაც, რომ – მინდა, ვილაპარაკო ქართულად, მაგრამ თავში არ მომდის ქართული სიტყვა. ამდენად, როდესაც ვაანალიზებ – თუ რამ გამოიწვია ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ასეთი აზვირთება, ვასკვნი, რომ, ერთი მხრივ, მიზეზი არის ის, რომ საზღვარგარეთ უცხო ენაზე განათლებამიღებულ ადამიანებს საუბრისას, ხშირად, ინგლისური სიტყვების ქართული ექვივალენტები არ მოსდით თავში. მე მჯერა მათი, რადგან, მაგალითად, ჩვენმა თაობამ ინგლისური ენა ისწავლა რუსულენოვანი ლექსიკონებით და ჩვენც გვქონია ეს პრობლემა, როცა რუსული ექვივალენტი მოგვდიოდა თავში და არა ქართული. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფისთვის გადმოქართულებული ინგლისური ფრაზებით საუბარი არის ვითომდა საკუთარი განათლების წარმოჩინების საშუალება. ეს მცდარი აღქმაა, რადგან დადგა დრო, რომ ხმამაღლა ვთქვათ – ეს არის გაუნათლებელი და მდაბიო მეტყველების ნიმუში“, – აღნიშნავს თინა მარგალიტაძე. 
როდესაც კამპანიის – „არა ბარბარიზმებს!“ – შესახებ გაცხადდა, საზოგადოების მხრიდან ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტის საშუალებით გავრცელებულ ბარბარიზმების ლექსიკონს არაერთი მნახველი და „გამზიარებელი“ გამოუჩნდა. მოძრაობას უნივერსიტეტის სტუდენტებიც და საჯარო სკოლების მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მაისურების აქციის იდეა სტუდენტებისგან მოდის. მათი ინიციატივა სკოლების მოსწავლეებმაც აიტაცეს და დღითი დღე სულ უფრო მრავლდებიან ჩვენს გვერდით მაისურიანი ახალგაზრდები, რომელთაც გადახაზული ბარბარიზმები ზურგზე აწერიათ. 
როგორც გაირკვა, კამპანიის ფარგლებში, უახლოეს მომავალში იგეგმება ონლაინ ლექსიკონის გამოცემა, რომელიც რუსულენოვან და ინგლისურენოვან ბარბარიზმებს გააერთიანებს.
ასე რომ, კამპანია საყოველთაო ხასიათს იღებს, რათა, როგორც ქალბატონი თინა მარგალიტაძე ამბობს, შევაჩეროთ ქართული ენის ჰიბრიდიზაციის პროცესი.