„ეფექტური კომუნიკაციისთვის“ მიღებული სერტიფიკატი

16 მარ 2017

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების პროექტის მიხედვით შექმნილი სტენდით წარსდგა. ეს გახლდათ თბილისის მერიისა და თსუ-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „მეიქათონი“ – გამარჯვებული პროექტის მინი მოდელი – ერთგვარი საგამოფენო ზონა, რომელიც თბილისის ურბანული განვითარების მიზნით შეიქმნა. იდეის ავტორები არიან სტუდენტები: მექი გიორგაძე და ენდი ჭელიძე. სტენდზე განთავსდა თსუ-ის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აღმწერი ბროშურები, სტუდენტური ცხოვრების ამსახველი დეტალები, კონკურსში – „მეიქათონი“ – გამარჯვებული სტუდენტების პროექტების მაკეტები, სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტების შედეგები, მათ შორის „შემოდგომის ლეგენდის“ კრებულები. გამოფენაზე თსუ-ის მთავარი გზავნილი თავად სტენდი იყო – უკვე განხორციელებული სტუდენტური პროექტი. 


განათლების საერთაშორისო გამოფენაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყველაზე „ეფექტური კომუნიკაციისთვის“ სერტიფიკატი გადაეცა.
„წელს ძალიან უჩვეულო გამოფენა გვაქვს, წარმოდგენილია სტუდენტების ინოვაციური პროექტები, რომლებიც თსუ-ის „ფაბლაბში“ მომზადდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „ფაბლაბში“ არა მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, არამედ თითქმის ყველა ფაკულტეტის სტუდენტები მუშაობენ და, შესაბამისად, ეს სტერეოტიპიც დაირღვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის და იქნება ღია სივრცე, სადაც უამრავი ახალი იდეა იბადება“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
მექი გიორგაძისა და ენდი ჭელიძის პროექტის მთავარი დანიშნულება, კონკრეტულად, ითვალისწინებს საგამოფენო სივრცის შექმნას მაღალტექნოლოგიურ მზის ბატარეებზე მომუშავე ინოვაციური სკამით, მობილურებისა და ლეპტოპების დამტენებით, მაღალსიჩქარიანი ჭIFI-ით, ველოსიპედების პარკინგით. პროექტი, ამავდროულად, ეწევა სუფთა ენერგიის მოხმარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. იდეის ავტორების ინფორმაციით, თსუ-ის 100 წლის იუბილეზე პროექტის განხორციელებაც იგეგმება. 
„საგამოფენო სივრცე რამდენიმე პუნქტს მოიცავს. პირველი არის საგამოფენო სტენდი, სადაც ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრები განთავსდება. შევქმნით ონლაინ-პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შევარჩევთ ნამუშევრებს. ვეძებთ სპონსორებს. ნულიდან დავიწყეთ და აქამდე მოვედით. მიგვაჩნია, რომ ეს დიდი წარმატებაა. შესაძლოა, თსუ-ის 100 წლის იუბილეზე პროექტი სრულად განხორციელდეს“, – აღნიშნა ენდი ჭელიძემ. 
„პროექტი შეიძლება სხვადასხვაგვარად ან ნაწილობრივ განხორციელდეს, მაგრამ იდეა ერთი დარჩება – ხელოვანი ხალხის გაერთიანება“, – გვითხრა მექი გიორგაძემ. 
სტუდენტები თსუ-ის ფაბლაბში მუშაობას განაგრძობენ. მათი ბრენდის სახელია „მექმელია“. ისინი ამზადებენ აქსესუარებს, მედალიონებს, მუშაობენ ხეზე. უახლოეს მომავალში სამი ახალი პროდუქტის დამატებას გეგმავენ. 
თსუ-ის სტენდი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დაათვალიერა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეთავაზებებს გაეცნო არაერთი აბიტურიენტი. 
„ამ გამოფენამ დაგვანახა, თუ რამდენი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ თსუ-ში ჩაბარების შემთხვევაში. მე უკვე გადავწყვიტე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება“, – აღნიშნა მარიამ კვირკვალიამ.
„გამოფენა მომწონს. ამავე დროს, თბილისის უნივერსიტეტის ხალხური ცეკვების ანსამბლში ვცეკვავ, ამიტომაც თსუ ავირჩიე“, – გვითხრა ლელუკა ლაბაძემ. 
განათლების საერთაშორისო გამოფენა 16 თებერვალს მოეწყო. ღონისძიების მსვლელობისას ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. გამარჯვებულები თსუ-ის ბრენდირებული ატრიბუტიკით დაჯილდოვდნენ.