მილიონერი პროფესორი და „შოკში“ ჩავარდნილი სტუდენტები

16 მარ 2017

„როგორც მიწაში დათესილი პურის მარცვალი მოუტანს სარგებლობას დამთესველს, აგრეთვე პური, რომელსაც წინ დაუდებ მშიერს, შემდგომში ას წილ სარგებლობას მოიტანს“, – წმინდა იოანე ოქროპირის ეს სიტყვები კარგად შეესაბამება თსუ-ის პროფესორის თინათინ გიორგობიანის მიერ გაწეულ ქველმოქმედებას. თავის პროფესიაზე და საგანზე შეყვარებულმა ქალბატონმა, რომელმაც საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში 1 380 345 ლარი მოიგო და ერთ დღეში მილიონერი გახდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი საუკეთესო სტუდენტების სწავლის საფასური სრულად გადაეხადა.
თინათინ გიორგობიანის მიერ შერჩეული რიცხვების კომბინაცია „იღბლიანი“ გამოდგა მისი ორი სტუდენტისთვისაც, რომლებმაც თავიანთი ემოცია გაგვიზიარეს:


გიორგი ხარშილაძე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი:

– ჯეკპოტის მოგებამდეც ვფიქრობდი, რომ გამიმართლა, რადგან ასეთი პედაგოგი შემხვდა, როგორიც ქალბატონი თინათინია. იგი თავისი საქმის პროფესიონალია და, რაც მთავარია, უზომოდ უყვარს, რასაც გვასწავლის. ძველი ბერძნული ისტორიის კურსს გვიკითხავს და მოკლე დროში მოახერხა, რომ ჩვენთვისაც შეეყვარებინა ეს საგანი. იგი გამორჩეულია პიროვნული თვისებებითაც. სწავლის დაწყებისთანავე ჩვენ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ყოველთვის საქმის კურსშია, როგორ ცხოვრობენ მისი სტუდენტები, რას აკეთებენ ლექციების შემდეგ. მისგან ყოველთვის დიდ სითბოსა და მზრუნველობას ვგრძნობთ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც საქმე სწავლას ეხება, იგი შეუვალი და მკაცრია, მაქსიმალურად ითხოვს უკან იმის მიღებას, რაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად გასცა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი თინათინისგან ზრუნვა და ყურადღება არასდროს გვაკლდა, ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო, როცა მან სწავლის მთლიანი საფასური გადაგვიხადა. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა, მაგრამ, ამავე დროს, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ამის შემდეგ ჩვენ უფლება არ გვაქვს – იმედები გავუმტყუნოთ პედაგოგს, რომელმაც ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა. ჩემი აზრით, ქალბატონმა თავისი ამ ნაბიჯით, ერთგვარად, ხელიც შეუწყო დარგის განვითარებას, რადგან კლასიკური ფილოლოგია, დღეს, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია – ბაკალავრიატზე სულ 3 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან ერთი სხვაგან გადასვლასტ აპირებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, ქალბატონი თინათინი ასე რომ დაინტერესდა ჩვენი სწავლით და დაგვაფინანსა. თავს მოვალედ ვთვლი, უფრო მეტი გავაკეთო ამ დარგის განვითარებისთვის.


მარიამ ფრანგიშვილი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი:

– 2016 წელს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულების ბაკალავრიატი დავამთავრე და ამავე წელს კლასიკური ფილოლოგიის მაგისტრატურაზე ჩავაბარე. სწავლის დასაწყისშივე მივხვდი, რომ გამიმართლა, რადგან ისეთი პედაგოგი შემხვდა, როგორიც ქალბატონი თინათინ გიორგობიანია. პირადად ჩემთვის მისი საჩუქარი ერთგვარი „შოკი“ იყო! მართალია, ბევრი ვიშრომე ამ სემესტრის განმავლობაში და გამოცდაში 100 ქულაც დავიმსახურე, მაგრამ ასეთ სიურპრიზს მაინც არ ველოდი. 
ქალბატონმა თინათინმა იცოდა, რომ სწავლის გადასახადის დასაფარად მოსწავლეებს ვამზადებდი და ხშირად ლექციაზე დაღლილი მივდიოდი. მას ყოველთვის ვეცოდებოდი და ხშირად, ლექციაზე მისულს, შოკოლადებს მახვედრებდა. ამ შემთხვევაში რა შეიძლება ვთქვა? თავი ზღაპარში მგონია და ვეცდები – ჩემი მადლიერება სწავლით გამოვხატო. ვფიქრობ, ქალბატონი თინათინისთვისაც ამაზე უფრო დიდი საზღაური არ არსებობს.