ახალი წიგნი თაროზე

16 მარ 2017

ეკონომიკური განვითარების სპეციფიკური პრობლემების დამუშავებას საზღვარგარეთ საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით, XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკამ პოსტინდუსტრიულ ეტაპზე გადასვლა დაიწყო. მანამდე ამ პრობლემებს, გამონაკლისის გარდა ნაკლები ყურადღება ექცეოდა, აქცენტი ეკონომიკური ზრდის თემატიკაზე იყო გადატანილი, ვინაიდან სწრაფი თვისებრივი ცვლილებები ამ ქვეყნების ეკონომიკაში სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. საქართველოში აღნიშნულ პრობლემატიკაზე სერიოზული მუშაობა მხოლოდ 2000 წლიდან დაიწყო პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში და 2004 წლიდან პროფესორ რამაზ აბესაძის ავტორობით რეგულარულად ქვეყნდება მრავალი სამეცნიერო სტატია. 2004 წელს გამოდის მისი წიგნი „ეკონომიკური განვითარება“, 2014 წელს – „ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი“, ამჟამად საქმე ეხება მის სახელმძღვანელოს – „ეკონომიკური განვითარების თეორია“.
წიგნი წარმოადგენს სახელმძღვანელოს მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის, რომლებიც შეისწავლიან დისციპლინას „ეკონომიკური განვითარების თეორია“. წიგნი ეკონომიკური განვითარების თეორიულ პრობლემებს ეძღვნება. 
ნაშრომში გადმოცემულია ეკონომიკური განვითარების არსი, ნაჩვენებია დამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის და დაზუსტებულია აღნიშნულ ტერმინთა განმარტებები, დახასიათებულია კავშირი ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკური სისტემის ელემენტებს შორის, გაანალიზებულია ეკონომიკური განვითარების შესახებ არსებული ძირითადი თეორიები.
წიგნში განხილულია აგრეთვე ეკონომიკურ განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები: ქვეყნის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი, ფიზიკური კაპიტალი, მეწარმეობა, მეცნიერება, ტექნოლოგია და ტექნოლოგიური ცოდნა, მაღალი ტექნოლოგიები, გამოგონება, ინოვაცია, განათლება, სტრუქტურული ცვლილებები, უმუშევრობა, სიღარიბე, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის რიცხოვნობა და ცხოვრების დონე, კორუფცია, ენერგეტიკა, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია, ეკოლოგია და სხვ. შემოთავაზებულია ეკონომიკურ–ეკოლოგიური ეფექტიანობის გასაანგარიშებელი ფორმულები, გადმოცემულია ეკონომიკური განვითარების თავისებურებები განვითარებულ, განვითარებად და პოსტკომუნისტურ ქვეყნებში.
ავტორი საინტერესოდ განიხილავს ეკონომიკურ განვითარებაზე გლობალიზაციის გავლენის პრობლემებს. შემოაქვს „სამართლიანი გლობალიზაციის“ ცნება. იგი აღნიშნავს, რომ გლობალიზაცია მოიცავს როგორც ადამიანთა საზოგადოების განვითარების, ისე მისი არსებობის საფრთხის არნახულ შესაძლებლობებს. ამდენად, აუცილებელი ხდება გლობალიზაციის პროცესის სწორად წარმართვა, ანუ სამართლიანი გლობალიზაციის განხორციელება. ეს მიიღწევა მაშინ, როდესაც გამოირიცხება ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება და ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება საერთო თანხმობის შედეგად. სხვა მიმართულება გლობალიზაციისა კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.
აქვეა შემოთავაზებული ეკონომიკური განვითარების ინდიკატორთა სისტემა, სადაც გამოყოფილია ინდიკატორთა სამი ჯგუფი: ეკონომიკური, სოციალური და თვისებრივი მაჩვენებლები. მკვლევარს ყურადღების გარეშე არ რჩება ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრობლემები. იგი გამოყოფს საქართველოს პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის 7 ეტაპს (ეკონომიკური დაცემა; სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის დასაწყისი; დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა; ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და სხვა), რომლის შესაბამისად გამოკვლეულია იმ წარმატებებისა და წარუმატებლობების მიზეზები, რომელთაც ადგილი ჰქონდათ რეფორმების განხორციელების დროს. გამოვლენილია ის შეცდომები, რომელიც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რეფორმების გზაზე იქნა დაშვებული საქართველოში და რამაც წარმოშვა რეგრესული პროცესები ეკონომიკაში. 
ნაშრომის გაცნობის შემდეგ შესაძლებელია გამოიყოს ის მომენტები, რომლებიც ორიგინალობითა და სამეცნიერო სიახლეებით ხასიათდება: აღსანიშნავია, რომ საქართველოში წინამდებარე ნაშრომის ანალოგი არ მოიპოვება, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი მსოფლიოში არსებული ნაშრომებისაგან განსხვავდება იმით, რომ იგი მოიცავს ეკონომიკური განვითარების ზოგად პრობლემებს და არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პრობლემებს. ნაშრომში დაზუსტებულია ტერმინთა (“ეკონომიკური განვითარება“, „ეკონომიკური ზრდა“) განმარტებები და ნაჩვენებია დამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. გაკეთებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ ეკონომიკური განვითარება შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებისკენაც იყოს მიმართული, რომ გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკას და სახელმწიფო წყობას, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში პოლიტიკა (სახელმწიფო წყობა) განსაზღვრავს ეკონომიკის თამაშის წესებს, მოწყობის ფორმას (საბაზრო, მბრძანებლური, ტრადიციული, შერეული), მათ შესაბამის მოდელებს (იაპონური, გერმანული და ა. შ.). 
ნაშრომში ასევე შემოთავაზებული და დახასიათებულია ადამიანისეული კაპიტალის ძირითადი ელემენტები: ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე; გონებრივი და ფიზიკური უნარი; ჩვევები (პროფესიული და ინსტიტუციური); გამოცდილება (პროფესიული და ცხოვრებისეული); ცოდნა (პროფესიული და ზოგადი); მოტივაცია და სხვა. 
ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს უმუშევრობის პრობლემებს. დასაბუთებულია, რომ უმუშევრობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ უნდა გაატაროს არა ინფლაციური პროცესების მაპროვოცირებელი პოლიტიკა, არამედ იმ ინოვაციების მასტიმულირებელი პოლიტიკა, რომელიც გაზრდის წარმოების მოცულობას ძველის გაფართოებისა და ახალი ეკონომიკური სფეროების ათვისების მეშვეობით. მას ეკონომიკის ინოვაციური რეგულირება შეიძლება ეწოდოს.
წიგნში ეკონომიკური განვითარების თეორიის კიდევ ბევრი ისეთი საკითხია განხილული, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით განხორციელებას, ვინაიდან თეორიაზე დაფუძნებული ცოდნის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორის სწორი მიმართულებით წარმართვა. 
წიგნი განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებისა და მაგისტრანტებისთვის, ასევე ეკონომიკის განვითარების პრობლემებით დაინტერესებული პირებისთვის.