საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

16 მარ 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმა სამეურვეო საბჭომ 7 მარტს დაამტკიცა. რეფორმა დაიწყო. მიმდინარე წლის 17 ივლისიდან, საინფორმაციო გამოშვების გარდა, მაუწყებლის სამ არხზე არსებული 102 გადაცემა შეჩერდება. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ამოცანებს, რომელთა შორისაა ტექნიკური გადაიარაღება, არქივის გაციფრულება და სხვა, მათ შორის კადრების ოპტიმიზაცია. 15 მარტისთვის პროგრამული ბადის ფორმირება მოხდება, ანუ შესაბამისი ჟანრები განისაზღვრება; 25 მარტამდე გაირკვევა, თუ რა მიმართულებები იქნება ახალ სეზონზე; 30 მარტს კი ახალი კონკურსი გამოცხადდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის განვითარების კონცეფცია 2018 წლის იანვრიდან შემუშავდება, გაგრძელდება საპარლამენტო სხდომების ტრანსლირება. პირველ ივნისამდე დასრულდება საზოგადოებრივი რადიო 1-ის პროგრამული პოლიტიკის შემუშავება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმის დამტკიცებამდე თსუ-ში საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის სტუდენტები, პროფესორები, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტი ია ანთაძე, სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ქურდაძე, გენერალური დირექტორის კონსულტანტი ნოდარ ჭიჭინაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ ცვლილებებზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათი მთავარი მიზანია ტელევიზიაში არსებული ე.წ. ოქროს ფონდის გადარჩენა, მაუწყებლის რეიტინგის დღეს არსებული 2%-დან 15%-მდე ზრდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ეფექტური განკარგვა. 
„ოპტიმიზაცია, ცხადია, არავის მოსწონს, თუმცა საჭიროა იმისთვის, რომ გარკვეული თანხების დაზოგვა მოხდეს და დაიწყოს ამ თანხების მიმართვა იმ ამოცანების გადასაჭრელად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დგას. ჩვენი პირველი ამოცანაა – არ იყოს ვიწროსეგმენტირებული მედიაპროდუქტი. ყველა ვალდებულებისთვის ცალკე გადაცემის გაკეთება არასწორია. ასეთ რამეს ვერც ერთი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვერ ნახავთ. რეიტინგებიდანაც კარგად ჩანს, რომ ვიწრო სეგმენტის ინტერესების გათვალისწინებით შექმნილ გადაცემებს სამიზნე აუდიტორიაც არ უყურებს. მეორე ამოცანაა ხარისხიანი პროდუქციის წარმოდგენა“, – განაცხადა ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ. 
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ორ არხზე და რადიოში არსებული 102 გადაცემის თითოეულ წარმომადგენელს მკაფიო წარმოდგენა აქვს, თუ როგორ უნდა გახდეს მათი გადაცემა უკეთესი. თუმცა, დარწმუნებით გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს 102 და, თუნდაც, 31 გადაცემას ვერც ფინანსურად, ვერც ტექნიკურად და ვერც ინტელექტუალურად. ყველას აქვს ერთი და იგივე ტიპის პრობლემები – აკლიათ ჟურნალისტი, არ აქვთ კამერა, სამონტაჟო, არ ვარგა ხმა. როდესაც ვამბობთ, რომ გადაცემების რაოდენობა უნდა შემცირდეს, ავტომატურად ვგულისხმობთ, რომ ის იდეები, რაც არსებული გადაცემების წარმომადგენლებსა და ჩვენ გვაქვს, შესაჯერებელია. ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ერთიან, ახალ კალაპოტში, სადაც ყველაფერი ბევრად ხარისხიანი იქნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონსულტანტმა ია ანთაძემ.
შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რამდენად შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეფორმის პროცესში თვითმმართველობის არჩევნების დროს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწერილი ვალდებულებების შესრულებას? რამდენად იქნება დაცული რეორგანიზაციისას საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულთა შრომის უფლებები და, ასევე, როგორ აპირებს მენეჯმენტი მიუკერძოებელი პოლიტიკის გატარებას და ობიექტურობის დაცვას? 
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესის დროს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას საინფორმაციო გამოშვების ფორმატის მცირე ცვლილების შემთხვევაშიც შეძლებენ. ახალი გადაცემების კადრებით დაკომპლექტებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ტელევიზიაში დღეს დასაქმებულ ადამიანებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ობიექტურობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მთავარი მიზანი – რეიტინგის ზრდა – მაყურებლისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდების გარეშე ვერ განხორციელდება. 
შეხვედრაზე თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მომზადებული აქვს თანამშრომლობის პაკეტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელსაც ტელევიზიის ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს. 
„ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენების მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. ეს საკითხი კი, პირველ რიგში, აინტერესებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჟურნალისტიკას ახლა სწავლობენ. ამ ინტერაქციას ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში გადავიყვანთ. 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მიმდინარეობს რეფორმა. რათა განვვითარდეთ, გვჭირდება ბევრი პარტნიორი. ჩვენ მზად გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შეთავაზებების პაკეტი, თუ როგორ შეიძლება ბევრი საინტერესო პროდუქტი ერთობლივად მოვამზადოთ. მათ შორის საკანონმდებლო პროფილის პროგრამები და ა.შ. ასევე, უნივერსიტეტს ესაჭიროება პარტნიორები, სადაც მომავალი ჟურნალისტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ და ნახავენ იმ სივრცეს, სადაც მომავალში მოუწევთ მუშაობა“, – განაცხადა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს გავრცელებული ხმები მაუწყებლის პირველი კორპუსის პრივატიზების პროცესის დაწყების შესახებ. გენერალური დირექტორის კონსულტანტის ნოდარ ჭიჭინაძის ინფორმაციით, მათ გეგმებში აღნიშნული საკითხი გათვალისწინებული არ არის, საუბარია III კორპუსში გადასვლაზე, სადაც ახალი „ნიუსრუმი“ გაკეთდება. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პირველი კორპუსის ავარიულობაა, რომლის რეკონსტრუქცია, ამ ეტაპზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.