ახალი სემესტრი ახალი ამბებით

16 მარ 2017

სტუდენტებისთვის გრანტები ახალი წესით განაწილდება – ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, დაკავშირებულია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რასაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველი სიახლე გახლავთ უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სტუდენტებისთვის გრანტების განაწილება ახალი წესით. პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში, შეიქმნა საგრანტო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან თსუ-სა თუ სხვა უნივერსიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც განსაზღვრავენ – ვინ დაიმსახურებს გრანტს.

გრანტის გაცემა არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ გაერთიანებას, დაჯგუფებას თუ მიმდინარეობას მიეკუთვნება ესა თუ ის სტუდენტი. ყველა ინდივიდუალური თუ ჯგუფური განაცხადი ღია კონკურსის პირობებში თანაბარი პირობებით განიხილება. ცნობისთვის: 600 ათასი ლარია გათვალისწინებული მხოლოდ და მხოლოდ იმ სტუდენტების დასაფინანსებლად, რომლებიც სამეცნიერო კვლევაში მიიღებენ მონაწილეობას; 180 ათასი ლარი კი საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურული პროექტების დასაფინანსებლადაა გამოყოფილი. ამ ორი მიმართულებით იმუშავებს კომისია გადაწყვეტილების მიღებისას – თუ რა თანხა გამოყოს ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად. ყველა ეს პროცედურა ონლაინ რეჟიმში წარიმართება. ეს არის თანხების განაწილების პირველი მცდელობა ღია სივრცეში, რაც ჯანსაღი პროცესია უნივერსიტეტისთვის.

ბიუროკრატიული პროცედურები ელექტრონული საქმის წარმოებამ შეცვალა

– 1 იანვრიდან უნივერსიტეტში ელექტრონული საქმის წარმოება დაინერგა. მინდა მადლობა ვუთხრა ფინანსთა სამინისტროს სააგენტოს, რომელიც ელექტრონული საქმის წარმოების სრულფასოვნად განსახორციელებლად თანამშრომელთა დატრენინგება/გადამზადებაში დაგვეხმარა. ჩვენს სტუდენტებს, პარტნიორებს უწევდათ ერთი ოთახიდან მეორეში გაუთავებელი სიარული, განცხადებებზე დასამოწმებელი ბეჭდების შეგროვება და ა.შ. – ეს ბიუროკრატიული პროცედურები შეცვალა სწრაფმა და გამჭვირვალე საქმის წარმოებამ, რაც, ვფიქრობ, მისასალმებელი ფაქტია.


მალე პირველ კორპუსთან არსებული სასადილოც გაიხსნება

– ჩვენ დავპირდით სტუდენტებს, რომ სტუდენტური კვების ორგანიზებაზე ეტაპობრივად ვიზრუნებდით. რამდენიმე დღის წინ მაღლივ კორპუსში გაიხსნა სტუდენტური სასადილო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ამ სასადილოს გახსნის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ აქ დასაქმებულნი იქნებიან როგორც პროფესიონალები, ისე სტუდენტებიც. საწყის ეტაპზე სასწავლო პრაქტიკას გაივლიან ტურიზმის მიმართულების პროფესიული პროგრამების სტუდენტები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული მთელ საწარმოო პროცესში, როგორც, მაგალითად, მზარეულების თანაშემწეები. საწარმოო პრაქტიკას ტურიზმის პროფესიული სტუდენტები გაივლიან როტაციის პრინციპით, რაც გულისხმობს მათ უწყვეტ ჩართულობას სტუდენტური კვების ობიექტის მუშაობაში.
რამდენიმე კვირაში ასევე გაიხსნება პირველ კორპუსთან არსებული სასადილოც. როგორც ხედავთ, შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც სტუდენტებს დავპირდით.

 

სტუდ-ქალაქში რესურს-ცენტრი იხსნება

– 13 მარტს სტუდ-ქალაქში რესურს-ცენტრი გაიხსნება. მალე, დაპირებისამებრ, ბიბლიოთეკასაც გავხსნით. ბიუჯეტის დამტკიცებისას სტუდენტებს დავპირდით, რომ გავაორმაგებდით სტუდენტური ადგილების რაოდენობას. ლისის ტბასთან მდებარე ახალი სტუდ-ქალაქის გადმოფორმების პროცედურას უკვე ვასრულებთ, ცოტა ხანში გამოცხადდება ტენდერები და ვიზრუნებთ ახალი საცხოვრებლის ავეჯით აღჭურვაზე. ვვარაუდობთ, რომ 320 ადგილიანი ახალი სტუდ-ქალაქი ახალი სასწავლო წლიდან გვექნება.