მზია წერეთელი: მივცეთ სტუდენტებს საშუალება, რათა უარი არ თქვან მთავარ ღირებულებაზე!

01 ოქტ 2015

„არ მიყვარს ფრთიანი გამონათქვამები, თუმცა გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტისგან ქართული საზოგადოება მუდმივად ელოდა სერიოზულ განაცხადს და მას არასოდეს გაწბილებია ეს მოლოდინი. მთავარი კი ის არის, რომ უნივერსიტეტმა ცოდნის მიცემასთან ერთად ღირებულებები, დამოკიდებულებები ჩამოუყალიბოს თაობებს. ვგულისხმობ სწორ დამოკიდებულებას ცოდნის, როგორც კვლევაზე დაფუძნებული მეცნიერების პროდუქტისა და საკუთარი თავის, როგორც პროფესიონალისა და პატიოსანი მკვლევარის მიმართ”, – ასეთი პასუხი გაგვცა ფსიქოლოგიის პროფესორმა მზია წერეთელმა კითხვაზე, როგორ და სად ხედავს უნივერსიტეტის როლსა და ადგილს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში.

მზია წერეთლის ბიოგრაფია უნივერსიტეტს სტუდენტობის პერიოდიდან დაუკავშირდა. მაშინ ფსიქოლოგია მხოლოდ უნივერსიტეტში ისწავლებოდა და ერთერთ ყველაზე საინტერესო ფაკულტეტადაც ითვლებოდა, სადაც განსხვავებული ადამიანები ძალიან განსხვავებულად ფიქრობდნენ, ქართული ფსიქოლოგიური სკოლა კი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა პოლიტიკური რეჟიმის გამო კონტაქტები გარე სამყაროსთან თითქმის შეუძლებელი იყო. წლების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა აქტიური კონტაქტები მსოფლიო სამეცნიერო წრეებთან, როდესაც აღარ არსებობდა აკრძალული ლიტერატურა და აკრძალული თემა, მოხდა ისე, რომ ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სხვა ფაკულტეტებთან ერთად სოციალური მეცნიერებების ქუდის ქვეშ გაერთიანდა ერთერთ მიმართულებად. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, წელს, ფსიქოლოგია მიმართულებიდან კვლავ უნივერსიტეტის ერთერთ ფაკულტეტად ჩამოყალიბდა, რაც ტრადიციის აღდგენის სურვილთან ერთად ამ სპეციალობის მიმართ ახალგაზრდების მზარდმა ინტერესმა და შრომის ბაზარზე ფსიქოლოგიის მცოდნე კადრებზე მოთხოვნის ზრდამაც განაპირობა.

მზია წერეთელი – თსუ-ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. დაცული აქვს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები თემებზე: „მეხსიერებაში ინფორმაციის შენახვის სტრუქტურები და მათი მოქმედების მექანიზმები“ და „გენდერული სტერეოტიპები და მათი მოქმედების მექანიზმები“;

იგი ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის განათლების ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც სკოლისა და, ზოგადად, განათლების ფსიქოლოგიის პრობლემატიკაზე მუშაობს. ამავდროულად, იგი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კვლევების და შეფასებების სამმართველოს უფროსი.

- როგორ შეაფასებთ თსუ-ში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის აღდგენას?

- ფსიქოლოგიის ფაკულტეტის აღდგენა უნივერსიტეტში თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოში გვაქვს გამორჩეული ფსიქოლოგიური სკოლა, ძალიან სერიოზული ფუნდამენტური ნაშრომებით, ფუნდამენტური ხედვით და, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ცალკე ფაკულტეტი კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის. მეორეც, ძალიან მაღალია მოთხოვნა ამ ფაკულტეტზე, რაც წლევანდელმა მიღებამ და კონკურსმაც დაადასტურა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ გვყავს საკმაოდ მაღალი დონის პროფესიული კადრები, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, კვლევებში და თანამედროვე ფსიქოლოგიური პრობლემატიკისა და მიღწევების საქმის კურსში არიან. შესაბამისად, შეუძლიათ სიახლეების აქ გადმოტანა და თანამედროვე მეთოდებით სწავლება. ეს ორი რამ - ტრადიცია, ძველი ფუნდამენტური მეთოდები და ხედვები, თანამედროვე მიდგომები - ამ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალშია შეჯერებული. ეს ძალიან კარგია და, ჩემის აზრით, ერთ-ერთი საფუძველია იმისთვის, რომ მომავალში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ძალიან წარმატებული გახდეს.

საკუთარ თავს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენლად მივიჩნევ. სტუდენტობის პერიოდში ლექციებს მიკითხავდნენ რევაზ ნათაძე, ნინო ადამაშვილი, რუსუდან ახობაძე, რომლებიც დიმიტრი უზნაძესთან მუშაობდნენ. მათ ცოდნასა და პროფესიულ ხედვასთან ერთად დამოკიდებულებებიც ჩამომიყალიბეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ქალბატონ დალი ფარჯანაძესთან ურთიერთობა, რომელიც მეორე კურსზე გავიცანი და შემდგომში ჩემი მასწავლებელი და თემის ხელმძღვანელიც იყო. სწორედ მისგან ვისწავლე სტუდენტთან ურთიერთობა: შეეძლო მთელი საღამო მჯდარიყო ჩემთან ერთად, აეხსნა, მოეწოდებინა უამრავი ლიტერატურა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვა საქმეც ჰქონდა. როდესაც სწავლების ტრადიციაზე ვსაუბრობ, სტუდენტებისადმი სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას ვგულისხმობ: ჩვენც ვცდილობთ იგივე ხასიათის ურთიერთობები გვქონდეს საკუთარ სტუდენტთან და ესეც, განწყობის ფუნდამენტურ თეორიასთან ერთად, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მონაპოვარია.

- განათლების პრობლემატიკასა და ფსიქოლოგიას იკვლევთ. ჩვენში განათლებას, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროს, აკლია მეცნიერულ ხედვასა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. თქვენ განათლების სამინისტროშიც საქმიანობთ. რამდენად გამოიყენება მეცნიერთა გამოცდილება?

- სამინისტროში ვხელმძღვანელობ ადმინისტრაციის დეპარტამენტში კვლევებისა და შეფასებების სამმართველოს, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიქმნა. სამმართველოს ერთ-ერთი მიზანი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროში შემავალი სტრუქტურების მიერ განხორციელებული განათლების კვლევების და შეფასებების შეგროვება, მათი ანგარიშების განხილვა და რეკომენდაციების მომზადებაა, ცხადია, გარდა სამეცნიერო ინსტიტუტებისა და სასწავლო დაწესებულებებისა.

რაც შეეხება, ზოგადად, მეცნიერულ საფუძველს, განათლების სისტემა სწორედ ასეთ საფუძველზეა აგებული, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. თუნდაც ჩემი იქ მუშაობა მეცნიერთა გამოცდილების გამოყენების მაგალითია. მოგეხსენებათ, რომ განათლების სისტემა სწრაფ ნაყოფს არ იძლევა, ამას გარდა, მრავალკომპონენტიანი და რთული სისტემაა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური ფაქტორი: რაც უნდა კარგი იყოს სისტემა ან კურიკულუმი, მას განხორციელება სჭირდება, საამისოდ კი სისტემატური რევიზია და იმის შეფასებაა აუცილებელი, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. სამმართველოში თვალყურს ვადევნებთ სისტემაში ჩატარებული კვლევების ვალიდურობას და ვცდილობთ, ვიზრუნოთ მათ ხარისხზე. მთლიანობაში, საკმაოდ საინტერესო კვლევებია ჩატარებული და ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც განათლების სისტემაში იდგმება, სწავლისა და განათლების ფსიქოლოგიის მონაპოვარზეა დაფუძნებული; ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სისტემაშიც, რადგან შეფასება და უკუკავშირი განვითარების საფუძველია.

- წლევანდელი წელი უნივერსიტეტში სამეცნიერო წლად გამოცხადდა და პროფესურისადმი მოთხოვნებიც შესაბამისად გაიზარდა. რა კვლევით საქმიანობას ეწევით უნივერსიტეტში?

- რაც შეეხება საუნივერსიტეტო კვლევით საქმიანობას, ახლახან დავასრულეთ მუშაობა ნაშრომზე: „ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტურობა საქართველოში”, რომელიც კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის მხარდაჭერით გაკეთდა. კვლევა თბილისსა და ახალციხეში ჩატარდა და მასში ჩართულები იყვნენ, ძირითადად, ეროვნული უმცირესობებისა და დომინანტური მოსახლეობის წარმომადგენელი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ახალციხის უნივერსიტეტიდან. ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ სტუდენტთა ღირებულებებისა და ურთიერთდამოკიდებულებების შესახებ.

კვლევისთვის სტუდენტები იმიტომ შევარჩიეთ, რომ გვაინტერესებდა - მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების ფონზე როგორია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების და ინტეგრირების შესაძლებლობები და რამდენადაა დამოკიდებული ინტერკულტურული სენსიტიურობა პრიორიტეტულ ღირებულებებთან.

ინტერკულტურული სენსიტიურობა, მგ-რძნობელობა ჰარმონიული თანაცხოვრების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და წარმოადგენს ინდივიდის უნარს, მიიღოს განსხვავებული კულტურისა და ენის მქონე ადამიანის მსოფლმხედველობა, შეძლოს მასთან ეფექტური ურთიერთობა. კვლევაში 588 სტუდენტი მონაწილეობდა, მათ შორის, „ოთხი პლუს ერთი” პროგრამის სტუდენტები.

ჩემდა სამწუხაროდ, კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობა ერთმანეთის მიმართ განსხვავებულია და სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს იგი უფრო მეტად აქვთ განვითარებული ქართველების მიმართ, ვიდრე ერთმანეთის მიმართ. აშკარაა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ ჯგუფებზეც აისახება. მეორე მხრივ, ქართველების მიმართ სენსიტიურობის მაღალი დონე დომინანტურ მოსახლეობასთან მორგების, ადაპტაციის მაჩვენებელია. ასევე, თბილისელი სტუდენტების სენსიტიურობა უფრო მაღალია, ვიდრე ახალციხელების, რაც დედაქალაქის მულტიკულტურული გარემოსა და უფრო მეტად განვითარებული სამოქალაქო ცნობიერების შედეგია.

რაც მთავარია, კვლევამ გამოავლინა, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ბაკალავრიატის სტუდენტების სენსიტიურობის დონე მკვეთრად გაზრდილია ენის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტებთან შედარებით. ეს მიუთითებს, რომ პროგრამა „ოთხი პლუს ერთი” დადებით ზეგავლენას ახდენს სტუდენტთა ინტერკულტურული სენსიტიურობის განვითარებაზე და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის შემდგომი განვითარება და მხარდაჭერა: სასწავლო გარემო, რომლის დროსაც სტუდენტი ხვდება როგორც ქართველ, ისე სხვა ეროვნების სტუდენტთან ერთად, განაპირობებს მათ ეთნიკურ მგრძნობელობას და მათი ღირებულებები და შეხედულებები გაცილებით უფრო მოქნილი ხდება, ვიდრე მანამდე იყო.

სენსიტიურობასთან ერთად, ჩვენ წამყვანი ღირებულებებიც ვიკვლიეთ შალომ შვარცის ცნობილი ღირებულებათა სისტემის მიხედვით. რაც გამოიკვეთა, ძალიან საინტერესოა განათლების ფსიქოლოგიისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვისაც. აღმოჩნდა, რომ ქართველ სტუდენტთა უმრავლესობისათვის წამყვანი არის განვითარების კატეგორია. მოგეხსენებათ, რომ შვარცის სისტემაში ბევრი კატეგორიაა, მათ შორის ტრადიციულობა, სტაბილურობა, ძალაუფლება, დამოუკიდებლობა, განვითარება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, განვითარება და იმ გზების მოძებნა, რომელიც ამაში ხელს შეუწყობს, ყველაზე ღირებულია. ამას უკავშირდება ისიც, რომ მათ გამოწვევების არ ეშინიათ და ცვლილებებისთვის ღია არიან. ამ თვალსაზრისით, ეს არის სრულიად ახალი თაობა და მათ აქვთ სერიოზული იმპულსი. მიხარია, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ, თუმცა, მეცნიერული სიზუსტისათვის ვიტყვი, რომ ეს უშუალოდ იმ სტუდენტებში გამოიკვეთა, რომლებიც ჩვენ გამოვიკვლიეთ. სხვათა შორის, განვითარების ღირებულება მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტებისთვისაც, მაგრამ ისეთი დოზით არა, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის. ამას პირდაპირ ვუკავშირებ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემას, რადგან როდესაც სტუდენტებს სწავლებიდან გამომდინარე ენის პრობლემა ეხსნებათ, მათ შესაძლებლობაც უფართოვდებათ. ამიტომ „ოთხი პლუს ერთი” პროგრამას არა მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისით აქვს წარმატება, არამედ სოციალური ღირებულებების და საერთოდ ღირებულებათა სისტემის განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქვე ვიტყვი, რომ ღირებულებათა სისტემა, ერთი მხრივ, ყალიბდება შინაგანი მოთხოვნილებების საფუძველზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემო პირობები, რომელშიც მოღვაწეობს პიროვნება. ამ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგებს მოჰყავთ ასეთი მაგალითი: შეიძლება ადამიანს ოჯახის შექმნამდე ჰქონდეს გარკვეული ღირებულებები, მაგრამ შემდეგ, იმისდა მიხედვით, რა შესაძლებლობები აქვს, შემოსაზღვრავს თავის ღირებულებებს. მაგალითად, თუ შვილი პატარა ჰყავს, შეიძლება მოუხდეს უარის თქმა სხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელებაზე, ანუ სოციალური კონტექსტი ცვლის და მოარგებს რეალობაზე ჩვენს ღირებულებებსა და შესაძლებლობებს. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების სურვილი ჩვენს სტუდენტებში. სტუდენტებს საშუალება უნდა მივცეთ - უარი არ თქვან მთავარ ღირებულებაზე.