„მშრომელთა უფლებების დასაცავად“

13 თებ 2017

სტუდენტური პროტესტის ახალი ტალღა საზოგადოებრივ მაუწყებელთან

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები „აუდიტორია 115“-მა გააპროტესტა. სტუდენტები გაერთიანება „მწვანე მუშტის“ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ და პირდაპირი ეთერის მოთხოვნით ტელევიზიის შენობაში შეიჭრნენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გამოშვებაში მათი პირდაპირი ჩართვა უზრუნველყო. „სოციალური პრობლემები, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა, საჭიროებს ფართოდ გაშუქებას და დისკუსიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი სივრცე, სადაც პარტიული და კომერციული ინტერესების გარეშე შესაძლებელია საზოგადოების პრობლემების გაჟღერება. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი სიტყვის გარანტი ქვეყანაში არის ძლიერი პროფკავშირი და ჩვენ მოვუწოდებთ მაუწყებლის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს, გაერთიანდნენ საერთო ინტერესების დასაცავად. მაუწყებლის თანამშრომლებს თავიანთი სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის ყველა ეტაპზე ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ. გათავისუფლებისთვის განწირულმა პროფესიონალებმა უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო თქვენს ბრძოლაში. სოციალური ბრძოლის ფრონტის მთავარი ხაზი ამჟამად რუსთავზე გადის. 350 მუშა გათავისუფლებულია საწარმოდან, მათი ოჯახები უსახლკარობისა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობის აღებაზე. სახელმწიფო იცავს ბანკების ინტერესებს და არაფრად აგდებს რიგით ადამიანთა ტკივილს“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც სტუდენტებმა პირდაპირ ეთერში წაიკითხეს. 
„აუდიტორია 115“-ისა და გაერთიანება „მწვანე მუშტის“ საპროტესტო გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის იმ პრესკონფერენციას მოჰყვა, რომელიც 6 თებერვალს გაიმართა. ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებას მაუწყებლის განვითარების ახალი გეგმა წარუდგინა. სტუდენტები პროტესტის შეწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებენ. სამომავლო გეგმების შესახებ „აუდიტორია 115“-ის წევრებს – ვესაუბრეთ.

 

გვესაუბრება „აუდიტორია 115“-ის წევრი თორნიკე შევარდნაძე

– „აუდიტორია 115“-მა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გადმოინაცვლა. რას ითხოვთ? 

– აუდიტორია 115“-ის ჩამოყალიბებისას ვთქვით, რომ მხოლოდ განათლების მიმართულებით არ ვიმოქმედებდით. ჩვენ მრავალფეროვანი მიზნები დავსახეთ. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი საშუალება და ერთადერთი სივრცე იმისა, რომ ჩვენ გვესაუბრა სიღრმისეულად იმ პრობლემებზე, რომელიც უნივერსიტეტში იყო, კერძო საწარმოებში თუ ა.შ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე, ჩვენ ვთქვით, რომ არ ვაპირებთ ამ სივრცის დაკარგვას. გასული წლის მარტის ცნობილი აქციების ვიდეო-არქივს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველაზე სიღრმისეულად საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებდა ამ მოვლენებს. გვინდა შენარჩუნდეს გადაცემები, მათ შორის – „რეალური სივრცე“, „უნი-ვერსია“. იმედი გვაქვს, ისევ გვექნება პლატფორმა სასაუბროდ. 

– არ მოგწონთ ის გეგმა, რომელიც გააჟღერა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა? არ ემხრობით რეფორმას საზოგადოებრივ მაუწყებელზე?

– ჩვენ არც გეგმა, არც ხედვა და არც რეფორმის გეგმა გვინახავს, ვნახეთ მხოლოდ პრეზენტაცია და მთავარი სათქმელი – 2018 წლამდე გადაცემები შეჩერდება. ანუ ისე ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, საკონსტიტუციო ჯგუფის მუშაობას, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იმაუწყებლებს იმ სოციალური და პოლიტიკური თოქ-შოუების მეშვეობით, რისი ვალდებულებაც აქვს. მას უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით ბადეში გადაცემები! არც ის ვიცით, 2018 წელს რა იქნება, რომელი გადაცემები რა ფორმატით დაბრუნდება, შენარჩუნდება თუ არა „უნი-ვერსია“, „რეალური სივრცე“ და ა.შ. 

– აქ საზოგადოებრივი მაუწყებელში დასაქმებული ადამიანების უფლებების დასაცავად მოხვედით?

– ჩვენ, ერთი მხრივ, ვიცავთ თანამშრომლებს, რომლებიც გაურკვევლობაში არიან, არ იციან – რა ქნან 2018 წლამდე, წავიდნენ სხვა ტელევიზიებში სამუშაოდ თუ აქ დარჩნენ. გარანტიას ვერ აძლევენ, რომ მათი გადაცემა გაგრძელდება, არ იციან – რამდენი თანამშრომელი დატოვებს მაუწყებელს, მხოლოდ ამბობენ, რომ ყველა გადაცემა შეჩერდება. მეორე მხრივ, 2018 წლამდე ჩვენ აღარ გვექნება საჯაროდ სასაუბრო პლატფორმა, რადგან ვიცით, რომ კერძო მაუწყებლებს სხვა დღის წესრიგი აქვთ, ისინი რეიტინგზე არიან დახარბებულები და ასეთი არაპოპულარული თემები, როგორიცაა უნივერსიტეტის პრობლემები, მუშების პრობლემები, არ აინტერესებთ და მათ ობიექტივში ვერ ხვდება, განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. ჩვენ მოგვიწევს 2018 წლამდე, რომ ამ თემებზე სიღრმისეულად მხოლოდ მცირე მედიასაშუალებების მეშვეობით ვისაუბროთ. 

– საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვენი პროტესტი როდემდე გაგრძელდება?

– საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტს ვაგრძელებთ მანამდე, სანამ არ მივიღებთ იმ გარანტიებს, რომ ტელევიზიას უსამართლოდ არავინ დატოვებს. ასევე ვითხოვთ, რომ არ შეუწყდეთ მათ კონტრაქტები და არ დატოვონ ანაზღაურების გარეშე, ვიდრე რეფორმის შესახებ უფრო მეტს არ გავიგებთ და სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

– 10 თებერვალს თავისუფლების მოედანთანაც დააანონსეთ აქცია...

– ეს უშუალოდ ეხება შრომით უფლებებს – „რუსთავის აზოტში“ „ფრესკოში“, „ბიბლუსში“ დასაქმებულ ადამიანებს... ამ ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქ დასაქმებულები ღირსების შემლახავ პირობებში მშაობენ. 

 

გვესაუბრება „აუდიტორია 115“-ის წევრი გიორგი ჩიხლაძე

– თქვენ შეხვედით საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. რისი თქმა გსურდათ ამ ნაბიჯით? 

– აქ შევიკრიბეთ სხვადასხვა სტუდენტური მოძრაობები, პროფკავშირები, მუშები სხვადასხვა საწარმოებიდან, მომსახურეობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც გავერთიანდით იმ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმების წინააღმდეგ, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, რომლის შემოქმედადაც გვევლინება მმართველი ეკონომიკური ელიტა და რომელიც ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში რეპრესიული პოლიტიკის გატარებას. ხაზგასმით გვინდა ვახსენოთ, რომ ეს არის ჩვენი სივრცე, ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზია, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ დაიცვას ხალხის უფლებები, გააშუქოს ჩაგრული ფენების პრობლემები რეგიონებში, ისაუბროს – თუ რა გამოწვევების წინაშე უწევთ მათ დგომა, როგორ უიმედო მდგომარეობაში არიან, როგორ ვერ იხდიან ვალებს და რა პრობლემები არსებობს რეალურად ქვეყანაში ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით. შესაბამისად, არ მივცემთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, ცალკეულ ჯგუფებს, გაატარონ თავიანთი ინტერესები და დახურონ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც არ უნდა იყოს რეიტინგზე ორიენტირებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენი სივრცე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ.
ასევე, ვეხმაურებით 350 გათავისუფლებულ მუშას რუსთავის აზოტის საწარმოდან, სოლიდარობას ვუცხადებთ „ბიბლუსის“ ცენტრალური ფილიალის გაფიცულ პერსონალს, ვეხმაურებით „ფრესკოს“ გაფიცულ თანამშრომლებს... ასე რომ, „აუდიტორია 115“ არ არის მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობაზე კონცენტრირებული, „აუდიტორია 115“ ამ ვიწრო ჩარჩოდან გადის და ეხება იმ მწვავე ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არსებობს. 

– საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექცია თუ შეგხვდათ?

– ჩვენი მოთხოვნა არ იყო დირექციასთან კომუნიკაცია, ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შევსულიყავით საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში და დაეთმოთ 5 წუთიანი პირდაპირი ეთერი „მოამბეში“, რათა ჩვენი მანიფესტი წარგვედგინა.