საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება ნანა კეკელიას 80 წლის იუბილეს ულოცავს

13 თებ 2017

თებერვალში გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ყოფილ ასოცირებულ პროფესორს ნანა კეკელიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. იუბილე ღვაწლმოსილ მეცნიერს კოლეგებმა და სტუდენტებმა მიულოცეს და მასთან გატარებული წლები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.


თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გოგსაძე მეცნიერთან გატარებულ პერიოდს იხსენებს: „ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომიწია ისეთ მეცნიერთან თანამშრომლობა, როგორიც ქალბატონი ნანა კეკელიაა. იგი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას და დიდი წვლილი მიუძღვის თაობების აღზრდაში. მეც მქონდა ბედნიერება, მისი სტუდენტი, შემდეგ კი კოლეგა ვყოფილიყავი. ნანა კეკელია მართლაც საუკეთესო სპეციალისტი იყო თავის სფეროში. აღსანიშნავია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა – გარდა იმისა, რომ კარგად ერკვეოდა იმ სფეროში, რომელსაც ასწავლიდა, გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარი ჰქონდა, იგი ყველაზე რთულ საკითხსაც ისე გვიიოლებდა, რომ ჩვენ ადვილად ვითვისებდით სასწავლო მასალას. ქალბატონი ნანა სტუდენტებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ამასთან, იგი საუკეთესო კოლეგა და მეგობარი იყო. ერთი შეხედვით მკაცრი და პრინციპული მეცნიერი და პედაგოგი, საოცრად სათნო, კეთილი და პატიოსანი ადამიანია. სწორედ ამიტომ არის მასთან ურთიერთობა ყველასთვის იოლი და სასიამოვნო. ნანა კეკელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის მანძილზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი იყო, ამიტომ გეოგრაფიული საზოგადოებისა და მთელი უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ მას საიუბილეო თარიღს“, – ასე გაიხსენა მეცნიერის მოღვაწეობა გიორგი გოგსაძემ.

მადლიერებით იხსენებს მეცნიერთან გატარებულ პერიოდს მისი სტუდენტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი: „ჩემი და ქალბატონი ნანას ურთიერთობა 1987 წელს დაიწყო, როცა ასპირანტი გავხდი. მალე მისი ოჯახის თბილ და ყურადღებიან გარემოში აღმოვჩნდი. ჩემთან სისტემატური კონსულტაციებისთვის დრო არასოდეს ენანებოდა, ჩემთვის ყოველთვის ეცალა. ქალბატონი ნანას კონსულტაციები საათობით გრძელდებოდა, რომელსაც მისი მეუღლე, პროფესორი, კარტოგრაფი ჯანო კეკელიაც ხშირად უერთდებოდა თავისი რჩევებით, შეგულიანებითა და დაუვიწყარი იუმორით. საოცარი თანხმობა ჰქონდა ამ ორ ადამიანს, არაჩვეულებრივი პარტნიორები იყვნენ და ამას მათ გვერდით ყოფნისას ყოველთვის ვგრძნობდი.

80-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა ასპირანტურაში სწავლა დავიწყე, ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილებების კონტურები, თავისი სრული სიმკაცრით, ჯერ კიდევ არ ჩანდა და ვფიქრობდი, რომ ქალბატონი ნანას საკმაოდ ენერგიული პიროვნების ხელმძღვანელობით საბოლოო მიზანს თავის დროზე მივაღწევდი. წინ კი მძიმე 90-იანი წლები გველოდა. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ჩვენი შეხვედრა, რომ მას სირთულეების წინაშე უკან დაეხიოს. მისი მადლობელი ვარ იმის გამო, რომ ერთხელაც კი არ უთქვამს, რომ ტაიმაუტი აგვეღო, თითქოს არაფერი ხდებოდა, არაფერი გვიშლიდა ხელს... რეალურად კი, იმ წლებში, უნივერსიტეტის პერსონალის ანაზღაურებამ სიმბოლური ხასიათი შეიძინა, აზრი დაკარგა თავდადებულმა და ერთგულმა შრომამ, უმაღლესი განათლების სისტემა და მეცნიერება სრულიად გაურკვეველი გზით მიდიოდა. ამ საყოველთაო ქაოსის პირობებში, დიდი ნებისყოფისა და საქმისადმი ერთგულების ფასად, ჩვენი აკადემიური ურთიერთობა მაინც გაგრძელდა. იყო ეს ინერციის ხარჯზე? ან ენთუზიაზმის ან მომავალი თაობის პატივისცემის გამო? ალბათ, ყველაფერი ერთად... მაგრამ იყო ერთგულება და სიყვარული, პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობა. ყოველი ჩვენი შეხვედრა მთავრდებოდა სიტყვებით – ყველაფერს შეძლებ, ყველაფერი გამოგივა, რაც ჩემთვის ნიშნავდა, რომ, მისი სახლიდან გამოსულს, სულ სხვანაირად აღმექვა ის მძიმე რეალობა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა.

მადლობელი ვარ ქალბატონი ნანასი იმის გამო, რომ დისერტაციაზე მუშაობისას საკმაო თავისუფლება მომცა. სრულიად ღიად შემეძლო სხვა მეცნიერებისგან მიმეღო კონსულტაციები და ამას ჩემი ხელმძღვანელი ყოველთვის დადებითად ხვდებოდა. იგი არასოდეს იყო მოქცეული ვიწრო პიროვნულ ჩარჩოებში. მე მაშინ, სრულიად ახალგაზრდა, ჩემს მოსაზრებებსაც ვუზიარებდი მას, რასაც ყოველთვის ინტერესით ისმენდა. დისერტაციაზე მუშაობის დროს მქონდა სურვილი, რომ სხვა ექსპერტებსაც დავკავშირებოდი, რადგან თემა – მოსახლეობის გეოგრაფიის, დემოგრაფიისა და ეკონომიკის მიჯნაზე – კომპლექსურ ხასიათს ატარებდა. მუშაობის პერიოდში მომიწია შევხვედროდი საწარმოთა ხელმძღვანელებს, სხვადასხვა სფეროს მკვლევრებს, მათ შორის, ეკოლოგებს, ფიზგეოგრაფებს, მედიკოსებს; ყველასაგან მიღებულ კონსულტაციებს ერთად განვიხილავდით და თითოეულის მიერ მოცემული რჩევა მნიშვნელოვანი იყო მისთვის. სრულიად ახალ ასპირანტს, მაშინდელ საბჭოთა სამეცნიერო სივრცეში გამოცემული ლიტერატურა მომიძია და მირჩია წიგნის ავტორებს მოსკოვში შევხვედროდი (80-იანების ბოლოს ეს კიდევ შესაძლებელი იყო), რათა სრული ინფორმაცია მქონოდა მოსახლეობის გეოგრაფიის სფეროში მიმდინარე კვლევების შესახებ. ამით იმის თქმა მსურს, რომ ქალბატონ ნანასთან ურთიერთობამ დამოუკიდებლობასაც მიმაჩვია და თანადგომის ჩინებული მაგალითიც მაჩვენა.

 

* * *

ნანა კეკელია დაიბადა ბათუმში, ცნობილი იურისტების ოჯახში. 1955 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა ბათუმის მე-8 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1961 წელს წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული ფაკულტეტი. 1966-1967 წლებში მუშაობდა თბილისის 91-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, 1967-1971 წლებში კი სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში, სამედიცინო გეოგრაფიის ჯგუფში. 1967-1972 წლებში ქალბატონი ნანა კეკელია ლენინგრადის ჟდანოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი გახდა და 1973 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „აღმოსავლეთ საქართველოს მიწის ფონდი და მიწათგაუმჯობესების პრობლემები“.

ნანა კეკელია თსუ-ში 1972 წლიდან მუშაობდა, ჯერ საათობრივი მოწვევის წესით, ხოლო 1977-2004 წლებში გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე დოცენტის, ხოლო 2005-2008 წლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე. უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში იგი კითხულობდა სასწავლო კურსებს: „სსრ კავშირის ეკონომიკური გეოგრაფია“, შემდგომში „პოსტსაბჭოთა სივრცის გეოგრაფია”, „საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია“, „ბუნებრივი რესურსების შეფასება და მეურნეობის ტერიტორიული ორგანიზაცია“. ნანა კეკელია არის რამდენიმე სახელმძღვანელოს თანაავტორი, მათ შორის, „გეოგრაფია“ და „საქართველოს გეოგრაფია“ (უმაღლეს სასწავლებელში შემსვლელთათვის, 1990 წ.), „მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია“ (უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთათვის, დოც. ვ. ნეიძის რედაქციით, 2004 წ.).

ნანა კეკელიას გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, ძირითადად მიწის რესურსების და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიაში. მინიჭებული აქვს თსუ-ის სამეცნიერო პრემია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია.

ქალბატონი ნანა უნივერსიტეტში მუშაობის დროს იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო კვლევითი მუშაობის დარგში, გეოგრაფიულ მეცნიერებათა სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

სტუდენტობის წლებში იგი იცავდა ფაკულტეტის სპორტულ ღირსებას მძლეოსნობაში, იყო უნივერსიტეტის ქალთა საბჭოს აქტიური წევრი და შეყვანილია თამარ გომართელის წიგნში „თეთრი ტაძრის ასი მზე“ (1990 წ.).

ნანა კეკელიას მეუღლე იყო ჯანსუღ კეკელია – თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის, კარტოგრაფიის კათედრის პროფესორი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, წარმატებული მეცნიერი, რომლის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირში პირველად შესრულდა კომპლექსური სამედიცინო-გეოგრაფიული ატლასი. მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჯანდაცვის სისტემის ორგანიზებისთვის.