სამი ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ითარგმნა

13 თებ 2017

უნივერსიტეტს 100-ზე მეტი სახელმძღვანელოს ლიცენზია აქვს შეძენილი. წიგნების ნაწილი უკვე გამოვიდა. მათ რიცხვს დღეს 3 სახელმძღვანელო შეემატა: 1. ჯონ დ. დენიელსი, ლი ჰ. რედებოგი, დენიელ პ. სალავინი – საერთაშორისო ბიზნესი: გარესამყარო და ოპერაციები; 2. ფილიპ კოტლერი, კევინ ლეინ კელერი – მარკეტინგის მენეჯმენტი; 3. ჯეფრი მ. ვულდრიჯი – შესავალი ეკონომეტრიკაში. ეს სახელმძღვანელოები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესურის ინიციატივით ითარგმნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ამ მხრივ ლიდერია და მის ანგარიშზე უკვე ათამდე სახელმძღვანელოა.
მსოფლიოში ცნობილი ამ ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების თარგმანის პრეზენტაცია 30 იანვარს თსუ-ის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კონკურენციის სააგენტოსა და თსუ-ის მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ხადური, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სახელმძღვანელოს – „საერთაშორისო ბიზნესი: გარესამყარო და ოპერაციები“ – ქართულენოვანი თარგმანის მთავარი რედაქტორია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ შენგელია. სარედაქციო საბჭოს წევრები არიან:  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი უშანგი სამადაშვილი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ვეშაპიძე და თსუ-ის გამომცემლობის რედაქტორი ქეთევან ქურდოვანიძე. წიგნი თარგმნეს ნინო ქიტიაშვილმა და ქეთევან ბერიძემ. 

წიგნის ერთ-ერთი ავტორი – ჯონ დ. დენიელსი მაიამის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო. პროფესორი დენიელსი ჯეფრი კრუგთან ერთად იყო „მულტინაციონალური საწარმოს თეორიის“ და „საერთაშორისო ბიზნესისა და გლობალიზაციის“ სამი ტომის რედაქტორი. Management International Review-მ მოიხსენია ის, როგორც „საერთაშორისო ბიზნესში“ ერთ-ერთი ყველაზე მეტად ნაყოფიერი ამერიკელი მეცნიერი“. იგი იყო საერთაშორისო ბიზნესის აკადემიის პრეზიდენტი და ფაკულტეტის დეკანი. ასევე, მენეჯმენტის აკადემიის საერთაშორისო განყოფილების თავმჯდომარე, რომელმაც 2010 წელს წლის გამოჩენილ საგანმანათლებლო მუშაკად დაასახელა.
წიგნის მეორე ავტორია საერთაშორისო ბიზნესის პროფესორი და უიტმორის გლობალური მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი ლი ჰ. რედებოგი. მან მაგისტრის და დოქტორის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში მიიღო. პროფესორი რედებოგი ამერიკის საბუღალტრო ასოციაციის, ევროპის საბუღალტრო ასოციაციის, საბუღალტრო განათლებისა და კვლევის საერთაშორისო ასოციაციის და საერთაშორისო ბიზნესის აკადემიის აქტიური წევრია, 2007 წელს პროფესორმა რედებოგმა მიიღო ამერიკის საბუღალტრო ასოციაციის საერთაშორისო საბუღალტრო განყოფილების ჯილდო და 1998 წელს დასახელდა როგორც წლის საერთაშორისო ადამიანი იუტას შტატში.
წიგნს კიდევ ერთი ავტორი ჰყავს, დენიელ ფ. სალივანი, რომელიც საერთაშორისო ბიზნესის პროფესორია დელავერის ბიზნესის უნივერსიტეტის ალფრედ ლერნერის კოლეჯში. მან დოქტორის ხარისხი სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში მიიღო. იგი გამორჩეულ მასწავლებლად დაასახელეს დელავერის და ტულანის უნივერსიტეტებში. მან ლექციები და კურსები ჩაატარა რამდენიმე ქვეყანაში: ჩინეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა, შვეიცარიშა, ტაივანში და დიდ ბრიტანეთში.
როგორც წიგნის შესავალში ვკითხულობთ: „საერთაშორისო ბიზნესის სახელმძღვანელოთა შორის წარმოდგენილი წიგნი წარმატებულად იყიდება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. ის ფართოდ გამოიყენება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე. წიგნს გააჩნია ავტორიზებული თარგმანი ესპანურ, იტალიურ, გერმანულ, ჩინურ, რუსულ, ტაილანდურ და ქართულ ენებზე.
წინამდებარე სახელმძღვანელო საერთაშორისო ბიზნესის გარემოსა და ოპერაციებისთვის აყალიბებს გლობალურ სტანდარტს. წარმატების ის ელემენტები, რამაც გვიბიძგა წიგნის დაწერისკენ, განამტკიცებს ჩვენს მოტივაციას, რათა ეს გამოცემა საუკეთესო ვერსიად ვაქციოთ. გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად შევქმნით ისეთ სახელმძღვანელოს, რომელიც თქვენთვის და სტუდენტებისთვის უზრუნველყოფს საუკეთესო შესაძლებლობას იმის გასარკვევად, თუ რა ხდება და რა არის მოსალოდნელი ბიზნესის სამყაროში“.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა და გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა თეიმურაზ შენგელიამ აღნიშნა: „ამ წიგნის ღირსება ისაა, რომ გარდა კარგად სტრუქტურირებული თეორიული მასალისა, სახელმძღვანელოში წარმოდგენილია პრაქტიკული ხასიათის დავალებები. მთლიანობაში წიგნი წარმოგვიდგენს თეორიული და პრაქტიკული მასალის ორგანულ სინთეზს, მეცნიერული კვლევისა და სწავლების იმ მდიდარ არსენალს, რომელიც აუცილებელია „საერთაშორისო ბიზნესის“ სრულყოფილი სწავლების პროცესში“.
ქართველი სტუდენტებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფინანსა.

 

* * *

ფილიპ კოტლერისა და კევინ ლეინ კელერის წიგნის „მარკეტინგის მენეჯმენტის“ თარგმანი მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის კათედრაზე.
„წიგნი მარკეტინგის სფეროში მეტად ავტორიტეტული და აღიარებული სახელმძღვანელოა, რომელსაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში წარმატებით იყენებენ. მის რეპუტაციაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი აშშ-ში 14-ჯერ გამოიცა. ფილიპ კოტლერის სახელმძღვანელოები საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია და განსაკუთრებულ რეკომენდაციას არ საჭიროებს. წიგნის პოპულარობას განაპირობებს მარკეტინგული სტრატეგიების გადმოცემის სიმარტივე, რომლებიც საზღვარგარეთული კომპანიების პრაქტიკული მაგალითებითაა ილუსტრირებული. ასეთი მაგალითების გაცნობა ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი სტუდენტობას, საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად გაეცნოს დასავლურ კულტურას და თავის საქიამიანობაში წარმატებით გამოიყენოს“, – ვკითხულობთ ქართული გამოცემის წინასიტყვაობაში.
წიგნის ერთ-ერთი ავტორი – ფილიპ კოტლერი მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტის მქონე მეცნიერია მარკეტინგის სფეროში. იგი არის ნორთვესტერნის უნივერსიტეტის კელოგის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის საპატიო პროფესორი. კოტლერმა მაგისტრის ხარისხი მიიღო ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ორივე ხარისხი მას ეკონომიკის დარგში აქვს მიღებული. იგი ავტორია მრავალი ცნობილი წიგნისა და პუბლიკაციისა. 2002 წელს Academy of marketing Science-მა პროფესორი კოტლერი საუკეთესო პედაგოგად აღიარა. იგი სტოკჰოლმის, ციურიხის, ათენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის, დე პოლის უნივერსიტეტის, კრაკოვის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის, ბუდაპეშტის ეკონომიკური მეცნიერებისა და საჯარო მართვის სკოლის, პარიზის „Groupe H.E.C“-ისა და ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.
წიგნის მეორე ავტორი კევინ ლეინ კელერი ბოლო 25 წელია აპიარებულია, როგორც მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი მაპალი დონის მეცნიერი. იგი არის დარტმუთის კოლეჯის ბიზნესის სკოლის მარკეტინგის პროფესორი. კელერმა აკადემიური ხარისხი მიიღო კორნელის, კარნეგ-მელონისა და დუკის უნივერსიტეტებში.
პროფესორი კელერი აპიარებულია, როგორც მსოფლიო დონის წამყვანი სპეციალისტი ბრენდინგის სფეროში. მისი სახელმძღვანელო „Strategic Brand Management“ ცნობილი ბიზნესკოლების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ, ხოლო მსოფლიოს წამყვანი ფირმები მას „ბრენდინგის ბიბლიას“ უწოდებენ.
„ფილიპ კოტლერისა და კევინ კელერის წიგნი, შეიძლება ითქვას, უნივერსალურია, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციების გათვალისწინებით, მარკეტინგის პრინციპებზე დაფუძნებული მართვის საშუალებას იძლევა. ამიტომ მისი დაუფლება წარმატებული ბიზნესის საწინდარია. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები დღემდე მოკლებულნი არიან ქართულ ენაზე სახელმძღვანელოს საგანში: „მარკეტინგის მენეჯმენტი“ და, შესაბამისად, სწავლა ჯეროვან დონეზე ვერ ხორციელდება. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზაა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული სახელმძღვანელოს თარგმნა და გამოცემა, რომელიც თსუ-ში წარმატებით განხორციელდა“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა და წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა, პროფესორმა ნუგზარ თოდუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა წიგნზე გაწეული შრომისთვის რედაქტორებს: ასოცირებულ პროფესორებს: ჩარიტა ჯაშსა და ბაბულია მღებრიშვილს, მთარგმნელებს: ჩარიტა ჯაშს, გიორგი ყუფარაძეს, საბა ჯავაშვილს, გივი თოთიბაძეს, ბექა ვაშაკიძეს, მიხეილ ჯაფარიძესა და სალომე ჩიკვილაძეს. წიგნის ქართული თარგმანი თსუ-ის მარკეტინგის კათედრაზე მომზადდა.

 

* * *

სახელმძღვანელოს – „შესავალი ეკონომეტრიკაში“ (ავტორი: ჯეფრი მ. ვულდრიჯი) – ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია განახორციელა მისმა სამეცნიერო რედაქტორმა, პროფესორმა იური ანანიაშვილმა. მან ისაუბრა წიგნის გამოცემის ფართო მნიშვნელობის შესახებ როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნებისთვის. წიგნი განკუთვნილია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისთვის.
„ეს წიგნი მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი პოპულარული სახელმძღვანელოს პირველი ქართულენოვანი თარგმანია. მასში წარმოდგენილია ეკონომეტრიკის თითქმის ყველა განყოფილება, რომლებსაც უნივერსიტეტების ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებების თანამედროვე სასწავლო პროგრამები მოიცავს. ფორმალური ანალიზისა და დამტკიცებების ნაცვლად მასალის გადმოცემის სიმარტივისთვის წიგნში მთავარი ყურადღება პრაქტიკული ამოცანების განხილვაზეა გადატანილი. ყოველი ეკონომეტრიკული მეთოდისა და პრობლემის ახსნას საფუძვლად უდევს ეკონომიკიდან ან სხვა სოციალური სფეროდან არსებული კონკრეტული იმპირიული მაგალითი და ეს წიგნის მთავარი თავისებურებაა“, – განაცხადა იური ანანიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა წიგნის სტრუქტურასა და სპეციფიკაზე.
რაც შეეხება წიგნის ავტორს ჯეფრი მ. ვულდრიჯს, იგი მიჩიგანის უნივერსიტეტის წარმატებული პროფესორი, რამდენიმე საინტერესო წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორია.
წიგნის მთარგმნელები არიან: ასოცირებული პროფესორები: აკაკი არსენიშვილი, მერაბ ჯულაყიძე, მაია მინდორაშვილი და პროფესორის ასისტენტი ანა ანანიაშვილი. რედაქტორები: ქეთევან ქურდოვანიძე, ცირა ჯიშკარიანი, დალი გერმანიშვილი, მარინა ვარამაშვილი, მაია ეჯიბია და რუსუდან მიქენაია.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. იგი დახმარებას გაუწევს ასევე ეკონომიკისა და სხვა სოციალური მეცნიერების რაოდენობრივი ანალიზის მეთოდების შესწავლით დაინტერესებულ მკითხველებს.
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა და მზადყოფნა გამოთქვა ამ მიმართულებით ყველა ფაკულტეტის ინიციატივის მხარდასაჭერად: „ეს სახელმძღვანელოები არ არის გათვლილი მხოლოდ სტუდენტურ აუდიტორიაზე, მას ბევრად უფრო ფართო მკითხველი ეყოლება. უნივერსიტეტს, ამ მიმართულებით, სწორი კურსი აქვს აღებული და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

სამივე წიგნის თარგმნა და გამოცემა განხორციელდა მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, რომელიც თსუ-ში აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერით დაიწყო და დღესაც წარმატებით ხორციელდება, რაც ჩვენი სტუდენტობისთვის თანამედროვე უცხოენოვანი სახელმძღვანელოების გაცნობა-შესწავლის ფართო შესაძლებლობას წარმოადგენს.