საქართველოს ბუნებრივი ქვების გამოყენება მონუმენტური ხუროთმოძღვრული ნაგებობების შენება-რესტავრაციაში

14 თებ 2017

კულტურული მემკვიდრეობის და მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლთა დაცვის თვალსაზრისით, ქართველ მეცნიერთა არაერთ წარმომადგენელს უმუშავია გამოყენებითი სამეცნიერო საგრანტო პროექტების ფარგლებში. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო და უდავოდ საშურია ბუნებრივი ქვების გამოყენება მონუმენტური ხუროთმოძღვრული ნაგებობების შენება-რესტავრაციაში. პროექტს ახორციელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალოგიური ნედლეულის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელმაც 2015 წელს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა გამოყენებით სამეცნიერო კვლევებში. პროექტის ხელმძღვანელია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაჟა გელეიშვილი, ხოლო პროექტის ძირითადი შემსრულებლები არიან გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები: მურად ტყემალაძე და ოთარ მაჭავარიანი (დამხმარე სამუშაოებში ასევე ჩართულია ინსტიტუტის 6 თანამშრომელი). რა კონკრეტული სამუშაოებია დაგეგმილი და რომელი კულტურული და არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციას მოხმარდება პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგები? ამ საკითხებზე გვესაუბრება გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად ტყემალაძე:

 

– ბატონო მურად, რა არის პროექტის მიზანი, რა შედეგებს ელოდებით მისი დასრულების შემდეგ?

– გეოლოგიურ მეცნიერებაში, სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, ძებნა-ძიებითი სამუშაოებიც აუცილებელია. ამ პროცესში, ცხადია, სხვა წიაღისეულთან ერთად, მნიშვნელოვანია სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ძებნა-ძიებაც. ეს სამეცნიერო თემატიკა წლების განმავლობაში მუშავდებოდა კავკასიის მინერალოგიური ნედლეულის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ, რის შედეგადაც დაგროვდა ძალიან დიდი მასალა და გამოიცა რამდენიმე ანგარიში, რომელმაც შემდეგ წიგნის სახეც მიიღო. მასში, ძველ საბადოებთან ერთად, მოცემულია მრავალი ახალი საბადო ან გამოვლინება (გამოვლინება ნიშნავს იმას, რომ ამ საბადოებზე მარაგი არ არის დაცული და თუ დაცვა მოხერხდება, შესაძლოა მიიღოს დასრულებული სახე). სწორედ ამ სამუშაოს გაგრძელებას წარმოადგენს ის პროექტი, რომელიც რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ შევისწავლოთ მნიშვნელოვანი არქიტექტურული და ისტორიული ძეგლები და მათი სამშენებლო მასალა, რათა, რესტავრაციის შემთხვევაში, რომელიც აუცილებელი და გადაუდებელია, გამოყენებული იქნას იგივე (ან მსგავსი) სამშენებლო მასალა, რითაც ის არის აგებული. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან სხვა ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების მქონე, ან სხვა ტიპის მასალის გამოყენება რესტავრაციის დროს, უარყოფით გავლენას ახდენს თვითონ ტაძრის მდგრადობაზე. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩანაცვლება მოხდეს იგივე მასალით.

– რომელ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს სწავლობთ და რა მონაცემებს ფლობთ ამ დროისთვის?

– რადგანაც საქართველოში ისტორიული ხუროთმოძღვრება ძირითადად დაკავშირებულია ეკლესიასთან, ტაძრებთან, ციხეებსა და კოშკებთან. ჩვენც სხვადასხვა დანიშნულების საკულტო ნაგებობები ავარჩიეთ – შევუთანხმდით საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრს და პროექტის დაფინანსების შემდეგ დავიწყეთ იმ ძეგლების შესწავლა, რომლის საშუალებასაც გრანტის ფინანსები და დრო გვაძლევს. ჯგუფის მიერ შედგენილია გეგმა და გადაწყვეტილია 20 ძეგლის შესწავლა, მათ შორისაა ის ეკლესია-მონასტრები, რომელთა რესტავრაციის საჭიროება უკვე დგას. ძეგლები შევარჩიეთ მხარეების მიხედვით. სამხრეთ საქართველოში შერჩეულია ტაძრების ჯგუფი, რომელიც ბოლნისის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე მდებარეობს. ესენია: ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ფიტარეთი; კახეთის ჯგუფიდან შერჩეულია: ალავერდი, იყალთო, კვეტარა, შუამთა, კაწარეთი; დასავლეთ საქართველოდან – ნიკორწმინდა, ზემო კრიხი; აჭის ტაძარი, მარტვილის ტაძარი; უბისა; მცხეთაში – ჯვარი, სვეტიცხოველი; შიდა ქართლში – რკონი, ერთაწმინდა, იკვი, მეტეხი. კიდევ გვაქვს დრო და, ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ 30-35 ტაძარი გამოგვივა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მიხედვით 20 ტაძარი უნდა შეგვესწავლა.

– რის მიხედვით მიმდინარეობს კვლევა?

– ამ ტაძრების ქვიური მასალიდან (არ ვეხებით მის ნალესობას, საღებავებს და ა.შ.), ვიღებთ უმცირეს სინჯებს და შემდეგ ვსწავლობთ მას როგორც მინერალოგიურ-პეტროგრაფიული, ისე ნივთიერი შედგენილობის და ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების მიხედვით. შემდეგ ბუნებაში (ან რაც ბაზაში გვაქვს უკვე თავმოყრილი, მას ვადარებთ) ვეძებთ და ვპოულობთ მის მსგავს მასალას. ამის დადგენის შემდეგ, უკვე გეოლოგიური თვალსაზრისით, ვსწავლობთ იმ უბნებს, სადაც ეს მასალა შეიძლება მოიპოვებდეს, ვიღებთ ანალიზებს და როცა ვადგენთ, რომ ეს საბადო იდენტურია, ვადგენთ, რა მასალით არის რესტავრაცია გამართლებული.

– ამ ეტაპზე თუ გაქვთ დადგენილი რომელიმე ტაძრის სამშენებლო მასალის სახეობა?

– რა თქმა უნდა, მაგალითად, კახეთის ჯგუფის ტაძრებისთვის ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალა გახლავთ ტრავერტინი. ჩვენ მოვიძიეთ შესაძლო გამოვლინებები, ვნახეთ კახეთში საბადოები და ეჭვს არ იწვევს, რომ, თუ იქ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდება, გამოყენებული უნდა იქნას ტრავერტინი. ჩვენი ტაძრების დიდი ნაწილი, შესაძლებელია, თავიდან ერთი მასალით იყო ნაშენი, მაგრამ შემდეგ, მრავალი ნგრევა-შენების პროცესში შეიცვალა და დღეს ვხედავთ სხვადასხვა სურათს – ერთი ტაძრის სამშენებლო მასალად, ტრავერტინის გვერდით, გამოყენებულია რიყის ქვა, იქვეა აგური და ა.შ. დღეს ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ კიდევ რომ არ დავუშვათ ასეთი შეცდომები, ეს პროექტი ამისთვის კეთდება. იქ სადაც ტრავერტინია, სადაც კირქვაა, ტუფია, გამოყენებული უნდა იქნას იგივე მასალა, რადგან გარემო პირობების ზემოქმედებით სხვადასხვა მახასიათებლების საშენი და მოსაპირკეთებელი მასალა სხვადასხვაგვარად რეაგირებს. აქ გასათვალისწინებელია კუმშვა-გაფართოება, კუთრი წონა, სიმტკიცე, ყინვამედეგობა და ა.შ. თუ მასალის ეს მახასიათებლები განსხვავებულია, ვიღებთ სურათს, როცა ზოგიერთ კედელზე ერთი ქანი საერთოდ დაშლილია, მეორე – მტკიცე და ა.შ., რაც, ზოგადად, ტაძრის მდგრადობას აზიანებს. მაგალითად, ასეთ მდგომარეობაშია კაწარეთი, რომელიც თავდაპირველად ერთგვაროვანი მასალით აშენდა, მაგრამ შემდეგ მას სხვა მასალაც შეერია. ისეთიც ტაძრებიც გვაქვს, რომლის მშენებლობისას თავიდანვე იყო დაგეგმილი, რომ უნდა აშენებულიყო, ვთქვათ, რიყის ქვით, რომელშიც თავისთავად უამრავი სხვადასხვა მონაცემის ქვაა შერეული, მაგრამ როცა გვაქვს ნიკორწმინდა, როცა გვაქვს სიონი და ასეთი ტაძრები, აუცილებელია შესწავლილ იქნეს მათი სამშენებლო მასალა და რესტავრაცია მოხდეს იდენტური მასალით, რომ არ დაინგრეს.

– სადაც სამშენებლო კულტურა ჩანს, იმ ტაძრების მასალა ყველა ქართულია თუ მათ შორის არის ისეთი, რომელიც უცხოური მასალითაა მოპირკეთებული?

– ძირითადი ნაწილი ქართული ტაძრებისა აშენებულია არათუ ქართული, არამედ კონკრეტულად იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი საშენი მასალით, რომელშიც დგას. ამიტომ გეოლოგიური ერთეულების გავრცელება თავად კარნახობდა ჩვენს წინაპარს რა უნდა გამოეყენებინათ სამშენებლოდ. მაგალითად, შიდა ქართლში ძირითადად დომინირებს ერთი და იგივე მასალა – მოცისფრო-მომწვანო ტუფი, მოყვითალო ფერის ტუფ-ქვიშა-ქვა და ა.შ. ამდენად, შემოტანილი მასალა თითქმის არ გვხვდება.

– დღეს თუ არის შესაძლებელი, ასევე ადგილობრივი ქვით აშენდეს და მოპირკეთდეს დიდი საკათედრო ტაძრები?

– ცხადია, არის, თუმცა ამას სჭირდება ქვის დასამუშავებელი წარმოების გახსნა, რაც ძვირია, ამიტომ ურჩევნიათ უცხოეთიდან შემოიტანონ შედარებით იაფი მოსაპირკეთებელი მასალები. პროექტი დასრულდება 2017 წელს. ვფიქრობ, ბევრი სპეციალისტი დაინტერესდება შედეგებით, რადგან ეს სამუშაო, რომელსაც ჩვენი ჯგუფი ასრულებს, პირდაპირ კავშირშია მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლთა დაცვასთან.