„რატომ, მაინცდამაინც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი?“

13 თებ 2017

„რატომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და არა სხვა რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი? რატომ ვანიჭებთ უპირატესობას თსუს?“ – სამწუხაროდ, „ყველას და ყველაფრის ოპონირების „სპეციალისტები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველობის და ერთადერთობის არსსაც ვერ ხვდებიან ან არ უნდათ ამ არსის შეცნობა.. მაგალითად, მავანნი გამოდიან და, განათლება რომ ბიზნესია, იმ კონტექსტით შეახსენებენ საზოგადოებას – თსუ-ს ზედმეტი არავინ არაფერი გაუკეთოს, ერთ-ერთი ჩვეულებრივი კონკურენტია ამ ბაზარზეო... ასეთი კომენტარი, თსუ-ს 99 წლის იუბილეზე, განათლების მინისტრისგან ჩვენი უნივერსიტეტისთვის ლისზე მდებარე ახალი სტუდენტური საცხოვრებლის საჩუქრად გადმოცემის ფაქტს მოჰყვა. ასეთი ქმედებებით განათლების სამინისტრო თურმე სერიოზულ დისბალანსს ჰქმნის კონკურენციაში. ...და ისევ ისმის კითხვა – „რატომ, მაინდამაინც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი?“

 

„პირველი“

პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე მომავალ წელს იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. და ამ მნიშვნელოვან თარიღს არა მხოლოდ სრულიად საქართველო, არამედ მისი მეგობარი ქვეყნებიც გამოეხმაურებიან, მათ შორის, თსუ-ს პარტნიორი უნივერსიტეტებიც, – ეს ინფორმაცია უნივერსიტეტის 99 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 8 თებერვალს მოწვეული სტუმრების წინაშე პირველად გააჟღერა თსუ- ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში, ამდენ მოწვეულ სტუმართა შორის, ალბათ, არავის გაუჩნდებოდა კითხვა – „რატომ, მაინდამაინც, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი?“, რადგან შეკრებილი საზოგადოება სწორედ რომ იმას ისმენდა ტრიბუნიდან და უშუალოდ დარბაზიდან, თუ რატომ არის პირველი და ერთადერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი... „უნივერსიტეტის სათავეებთან გვყავდა ევროპულ ღირებულებებზე აღზრდილი პროფესურა, ის ხალხი, რომელმაც შექმნა პირველი ქართული სასწავლებელი. მე დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მათი ღვაწლი – ის, რომ საქართველო გადარჩა, ჩვენი გენი და სამეცნიერო აზროვნება გადარჩა, სწორედაც უნივერსიტეტის და იმ თაობების დამსახურება, რომლებიც სწავლობდნენ და ასწავლიდნენ უნივერსიტეტში. ძალიან ბევრი რამაა ჩვენს უნივერსიტეტში პირველი, მაგალითად წესდება, რომელიც უნიკალურია და, ალბათ, ძალიან ბევრ წარმატებულ უნივერსიტეტს დაამშვენებდა დღესაც“, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. „უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო ქართული მეცნიერების, სულიერების, საზოგადოებრივი ცხოვრების, ჩვენი სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის განვითარების ადგილი. მაშინაც კი, როცა საქართველოს არ ჰქონდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, აქ, უნივერსიტეტში, ცოცხლობდა დამოუკიდებლობის იდეა და ამ უნივერსიტეტის კედლებიდან იწყებდა სტუდენტები და პროფესურა იმ მოძრაობას, რომელმაც ჩვენ 25 წლის წინ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. ამიტომ არის ეს უნივერსიტეტი პირველი! ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია და ეს კულტურა და ცივილიზაცია სწორედ საუნივერსიტეტო ცხოვრების ირგვლივ შეიქმნა. ის სულიერი დებატები, რაც ხორციელდებოდა ევროპის ისტორიაში, სწორედ პირველი ევროპული უნივერსიტეტების წიაღში ხორციელდებოდა. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ევროპული გზა სწორედ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტზე და უნივერსიტეტელებზე გადის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. საიუბილეო ღონისძიებაც, რომელიც 8 თებერვალს თსუ- ის დაარსების 99-ე წლისთავს მიეძღვნა, გაიხსნა გამოფენით – „პირველი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მასალები პირველი ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მშენებლობის, პირველი ეროვნული უნივერსიტეტის გახსნისათვის მზადების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პირველი პროფესორების, ევროპაში წარგზავნილი პირველი სტუდენტების, ევროპაში განათლებამიღებულ ქართველ მეცნიერთა პირველი მიღწევების შესახებ.

 

დებატებში მნიშვნელოვანია თქვენი ხმის გაძლიერება!

2017 წელი განათლების წლადაა გამოცხადებული. მიმდინარე წლისთვის ამ მნიშვნელობის მინიჭებას საქართველოს პრეზიდენტი ასე განმარტავს: „ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას სწორედ უნივერსიტეტის და განათლებული ადამიანების დისკუსიის და დისკურსის შედეგად მივაღწევთ. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ თქვენი ხმა ჩვენს საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში და ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელზეც დებატები მიმდინარეობს, უფრო აქტიურად უნდა ისმოდეს. არა მხოლოდ პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, არამედ, მნიშვნელოვანწილად თქვენგან – სტუდენტებისგან და პროფესურისგან უნდა მოდიოდეს ამა თუ იმ მოსაზრების შეფასება, შეწონვა, მსჯელობა. ამ დებატებში მნიშვნელოვანი არის თქვენი ხმის გაძლიერება. გადის ტელევიზიით არაერთი საინფორმაციო გადაცემა და დებატები, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერც სტუდენტების და ვერ პროფესორების მოსაზრებას. არადა, განათლება ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცოდნა მთელი საზოგადოებისთვის მისაწვდომი უნდა გახდეს!“

 

ღირებული და უნივერსიტეტისთვის მეტად საჭირო საჩუქრები – მიღებული საიუბილეოდ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საიუბილეო ღონისძიებაზე თსუ- ის კურსდამთავრებულთა (და ასეთი უამრავია, თითქმის ნახევარი საქართველო) გასაგონად „უნივერსიტეტის მხარდაჭერის ფონდის“ შექმნა დააანონსა. ფონდს ექნება ორი ძირითადი დანიშნულება: სტუდენტების დახმარება და იმ სამეცნიერო და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც დღეს დიდი პრობლემებია შექმნილი. თსუ- ის კურსდამთავრებულთა ფონდში პირველ კონტრიბუციას თBჩ ბანკი განახორციელებს. „ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას კურსდამთავრებულთა ახლად დაფუძნებულ ფონდში და ჩვენს წვლილს შევიტანთ, რომ მხარი დავუჭიროთ იმ ინიციატივებს, რომლებიც დაგეგმილია უნივერსიტეტის ფარგლებში, რათა უნივერსიტეტი განვითარდეს და გააგრძელოს იმ უზარმაზარი ფუნქციის შესრულება, რომელსაც ის ყოველთვის ასრულებდა“, – განაცხადა თსუ-ის კურსდამთავრებულმა, TBC ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც უნივერსიტეტს 1680 წელს გამოცემული ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნის“ ფოტო- ტიპური გამოცემა უსახსოვრა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უნივერსიტეტს დაჰპირდა, რომ ყველა იმ საკითხის გადაწყვეტაში, რაც თსუ-ის სტუდენტობას და პროფესურას აწუხებს, ავტონომიურობის ფარგლებში, ეტაპობრივად დაეხმარება და ამ კეთილი ნების დასტურად სიურპრიზიც გაამჟღავნა: „დაბადების დღეზე საჩუქრით მიდიან ხოლმე და მეც შევეცადე – საჩუქარი სტუდენტებისთვის და მთელი უნივერსიტეტისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. ჩვენი მხარდაჭერის აღსანიშნავად, სხვა ნაბიჯებთან ერთად, რასაც ვდგამთ, უნივერსიტეტს უახლოეს დღეებში გადავცემთ ახალ საცხოვრებელს ლისის ტბაზე, რომელიც განკუთვნილია 300 სტუდენტისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა. თბილისის მერიის სახელით, თბილისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, უნივერსიტეტს საინტერესო და მნიშვნელოვანი საჩუქარი თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც გადასცა. ეს გახლავთ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, თბილისის მერიის ერთ- ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე ბიზნეს- ლაბორატორია – ფაბ ლაბი. „ხვალიდან ახალი ერა იწყება. საუკუნოვან უნივერსიტეტამდე დარჩა 365 დღე და თითოეული დღე უნდა იყოს დატვირთული იმით, თუ რა შევძინოთ უნივერსიტეტს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, ცნობილი ხელოვანი, მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი, თავის მიერ შექმნილ დავით აღმაშენებლის უნიკალურ ქანდაკებას, რომელიც ბრინჯაოში ჩამოისხმება, 100 წლის იუბილესთვის საჩუქრად გადასცემს უნივერსიტეტს.

 

როგორ აღმოჩნდა თსუ-ის ბიბლიოთეკის საკუთრებაში ოლღა გურამიშვილისგან ნაყიდი წიგნი – „ილია ჭავჭავაძის თხზულებანი“

თსუ-ის სტამბის ხელმძღვანელმა თენგიზ სირაძემ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსახსოვრა წიგნი ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკიდან. „მინდა უნივერსიტეტს გადავცე ჩვენი ოჯახის რელიქვია – „ილია ჭავჭავაძის თხზულებანი“. პაპაჩემი – ივანე სირაძე გახლდათ წმინდა ნინოს სასწავლებლის ერთ- ერთი ხელმძღვანელი. სასწავლებლის გვერდით ვცხოვრობდით ჩვენც. ერთ დღეს პაპაჩემი საყიდლებზე ყოფილა გასული და გაუგონია ქალბატონის ძახილი: „ილიკოს წიგნი, ილიკოს წიგნი!“ – დაინტერესებულა და უნახავს, რომ ქალბატონი, რომელიც ამას გაიძახოდა, ოლღა გურამიშვილი- ჭავჭავაძე გახლდათ. ეს იყო 1925 წელი. როგორც ჩანს, იმდენად გაუჭირდა მაშინ ამ დიდებულ ქალბატონს, რომ ილიას წიგნს 3 რუსულ მანეთად ყიდდა. ცხადია, პაპაჩემს წიგნი გამოურთმევია და, როგორც დიდედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, 30 მანეთიც უჩუქნია. როგორც ვიცი, პაპაჩემმა მაშინვე სთხოვა წმინდა ნინოს სასწავლებლის მოწაფეებს და საქართველოს ეკლესიას, რომ ყურადღება მიექციათ ქალბატონი ოლღასთვის. წიგნი ათწლეულების განმავლობაში სათუთად ინახებოდა ჩვენს ოჯახში, ის აღრიცხვაზე იყო ილიას სახლ- მუზეუმშიც, მაგრამ მე გადავწყვიტე – რადგან წელს ილიას წელია, მისი ბიბლიოთეკიდან წამოღებული წიგნი საჩუქრად გადავცე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას“, – აღნიშნა თენგიზ სირაძემ.

* * *

უნივერსიტეტის მუზეუმს კი საიუბილეო ღონისძიებაზე ზანდუკელის შთამომავლებმა ცნობილი მხატვრის ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული, უნივერსიტეტის ერთ- ერთი პირველი ლექტორის მიხეილ ზანდუკელის პორტრეტი გადასცეს საჩუქრად.

 

„აუდიტორია 115“-ის წევრის მოწოდება სამსახურიდან დათხოვნილი მუშების მხარდასაჭერად

საიუბილეო საღამოზე შეკრებილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მოსაწოდებლად სიტყვა ითხოვა „აუდიტორია 115“-ის წევრმა, სტუდენტმა გიორგი არობელიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიმართა. მან საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს რუსთავის ქარხანა „აზოტის“ დირექციის მიერ სამსახურიდან დათხოვნილი მუშების მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. „მე ვარ ერთ- ერთი იმ სტუდენტთაგანი, რომელთაც დამნაშავედ მოიხსენიებენ და მინდა ვისაუბრო იმაზე, რასაც ბატონი პრეზიდენტი შეეხო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროპული საუნივერსიტეტო ტრადიცია გამოირჩევა იმით, რომ სტუდენტები და ლექტორები, ხშირ შემთხვევაში, იმ ადამიანების უფლებებისთვის იბრძვიან, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მეტად დაჩაგრულები არიან და რომელთა ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის პოლიტიკაში. მინდა მოგმართოთ და მოგიწოდოთ: ბატონო პრეზიდენტო და მთავრობის წევრებო, დაინტერესდით იმ ადამიანების პრობლემებით, რომელთა ხმაც დღეს ყველაზე ნაკლებად ისმის ჩვენს პოლიტიკაში. მაგალითად, მოგიწოდებთ დაინტერესდეთ იმ ასობით ადამიანის ბედით, რომლებიც ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ რუსთავის „აზოტის“ შემთხვევაში, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მოვალეობაა, რომ ჩახვიდეთ ამ ადამიანებთან და გაიგოთ მათი გასაჭირი. არ შეიძლება ამ თემაზე სახელმწიფო არ ახდენდეს რეაგირებას. თქვენ არ ხართ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების პრეზიდენტი, თქვენი მოვალეობა მხოლოდ საზეიმო ვითარებებზე სიარული არ არის! თქვენი მოვალეობაა ის, რომ გქონდეთ ურთიერთობა ხალხთან, რადგან თქვენ ხართ იმ ხალხის პრეზიდენტიც, რომლებიც ახლა ყინვაში დგანან და სამსახურს ითხოვენ. გთხოვთ დაინტერესდეთ – როდესაც ისინი მივიდნენ სამსახურში, რატომ იყო მათი საშვები დაბლოკილი? ამ ადამიანებმა წინა დღეებში მიიღეს ცნობა, რომ მუშაობდნენ ამ ქარხანაში და ამ იმედით ბანკებიდან აიღეს კრედიტები, მეორე დღეს კი სამსახურების გარეშე დარჩნენ. ისინი დღეს სოციალური კატასტროფის პირას დგანან. მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ ამ პრობლემით!“, – აღნიშნა გიორგი არობელიძემ.

* * *

უნივერსიტეტის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ის წარჩინებული სტუდენტები: ნათია კიკვიძე, სანდრო ტაბატაძე, ირაკლი ჯოხაძე, ელისაბედ კენკიშვილი, ნინო მანწკავა, გიორგი ბრეგვაძე, ნინო ზურაბიანი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, კერძოდ, მათ გადაეცათ წარჩინების სიგელი თსუ-ის სახელით, პლანშეტური კომპიუტერები, უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები და წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ წიგნების ვაუჩერები.