რამ დააბნია რეგისტრაციის დროს მომსახურე პერსონალი?

01 ოქტ 2015

უნივერსიტეტის ბაღში თუ აუდიტორიაში ეს თემა ხშირი განხილვის საგანია... თანაკურსელები და ლექტორები ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან - Aანი და ირინა თუ ირინა და ანი? - გოგონები არა მხოლოდ მომხიბვლელი გარეგნობით იქცევენ ყურადღებას, არამედ საოცარი მსგავსებითაც. როგორც ცნობილი იუმორისტი ჯოშ ბილიქსი ამბობდა: „ცხოვრებაში არსებობს მოულოდნელობა, რომლისთვისაც ჩვენ მზად არ ვართ და ეს მოულოდნელობა - ტყუპებია“.

ანი და ირინა ჩიტაძეების მხიარული თავგადასავლები სწორედ მათ საოცარ მსგავსებას უკავშირდება. იმის გამო, რომ ტყუპები იყვნენ, ხშირად „ისჯებოდნენ“ კიდეც. სკოლაში მასწავლებლებს თავსატეხი რომ ადვილად გადაეჭრათ, ორივეს ერთდროულად იძახებდნენ გაკვეთილის მოსაყოლად. ხშირად თაყვანისმცემლებსაც ეშლებათ და შეიძლება ერთერთს ორჯერაც მოუწიოს სიყვარულის ახსნის მოსმენა.
გოგონები სკოლაში კარგად სწავლობდნენ და უნივერსიტეტშიც ერთ ფაკულტეტზე ჩააბარეს. ტყუპებმა რეგისტრაციის დროსაც დააბნიეს მომსახურე პერსონალი, რადგან ეგონათ, რომ ერთი და იგივე გოგონამ ორჯერ გაიარა რეგისტრაცია.

ანიმ და ირინამ არჩევანი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ენის მიმართულებაზე გააკეთეს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე, ჯამში, ერთნაირი ქულები დააგროვეს. „ძირითადად, საერთო ინტერესები გვაქვს, ყველაფერზე ერთნაირად ვფიქრობთ, თუმცა ერთად მეცადინეობა შეუძლებელია, მაშინვე ჭორაობას ვიწყებთ, ერთმანეთის ყველაფერი ვიცით, ერთმანეთის აზრებს უთქმელადაც ვგებულობთ“, - ამბობს ანი... თუ ირინა... პრინციპში, ალბათ, სულ ერთია.

ტყუპებს მხოლოდ ერთხელ, თურქეთში მოგზაურობის დროს მოუწიათ ერთმანეთთან განშორება და პირველივე ღამეს ორივეს მაღალი სიცხე მისცა, ამიტომ სასწრაფოდ შეახვედრეს ერთმანეთს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ბიჭიც კი მოსწონებიათ, მაგრამ მაშინაც კი არ უჩხუბიათ - ერთმანეთს ვუთმობთ ხოლმეო, - ხუმრობენ გოგონები.

კითხვა ორივეს უყვარს და, ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ წიგნებსაც ერთნაირს კითხულობენ. მათი საყვარელი მწერალი პაულო კოელიოა. ორივეს განსაკუთრებულად მისი „ალქიმიკოსი“ მოსწონს. სხვათა შორის, ორივე კარგად ხატავს, ეს ნიჭი მამისგან გამოჰყვათ, უმეტესად პორტრეტებს ხატავენ, ორივეს თავისი ავტოპორტრეტი აქვს დახატული, სადაც ანი ირინას ჰგავს და ირინა - ანის....
ანი და ირინა მხიარულად ცხოვრობენ. როგორც მათი თანატოლების უმეტესობა, თავისუფალ დროს, მუსიკას უსმენენ და ბარში დადიან გასართობად, თუმცა მომავალში უფრო სერიოზული გეგმები აქვთ. ორივე ფიქრობს, რომ თავიან სფეროში წარმატების მისაღწევად უფრო მეტი შრომაა საჭირო. გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ სწავლაზეც ფიქრობენ. ამ ოცნებებსაც, ალბათ, ერთად აისრულებენ....