გაგვმართლებოდეს 2017 წლის თანმდევი იმედები!

21 დეკ 2016

_ ახალი წელი ბევრ გეგმასთან არის დაკავშირებული. ვისურვებდი, 2017 წელი იყოს ისეთი წელიწადი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიამაყოთ ამ წლით და ვთქვათ, რომ უნივერსიტეტი კიდევ უფრო მეტად განვითარდა, რომ იგი უფრო გამორჩეული კვლევითი კერა გახდა იმასთან შედარებით, ვიდრე ადრე იყო. 2017 წელს ბევრი სიახლეა დაგეგმილი: ამოქმედდება თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რასაც დავაანონსებთ. ამ გეგმის არაერთი მიმართულებაა საინტერესო, მათ შორის, ადმინისტრაციის უფრო მეტად გამართული მუშაობა, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული მარწუხების მოხსნა, სტუდენტებზე ორიენტირებული გარემო; არაერთი რამ არის, ასევე, დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებით: საერთაშორისო მასშტაბის არაერთი ახალი პროგრამა გველოდება 2017 წელს, რაც მეტ საშუალებას მოგვცემს _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოჩნდეს, როგორც სერიოზული საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი. ინტენსიურად წარიმართება მუშაობა ევროგაერთიანების ახალ ფონდებთანაც. ეს იქნება პირველი წელიწადი, როდესაც ჩვენი პროექტების რაოდენობა მაქსიმალურად გაიზრდება.

`ერასმუს+~-ის ფარგლებში, ასევე, გვექნება უფრო მეტი გაცვლითი პროგრამა, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში გაცილებით მეტი სტუდენტი და პროფესორი მიიღებს მონაწილეობას. `ერასმუს პროექტების” რაოდენობით მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი გვისწრებს და ეს არის კიევის შევჩენკოს უნივერსიტეტი, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ვაჯობებთ ჩვენს მეგობარ უნივერსიტეტსაც. სიახლეებია დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებითაც. ის ფონდები, რომლის ამოქმედებაც დაანონსდა, დაიწყებენ მუშაობას. გაიზრდება კურსდამთავრებულთა ჩართულობა. ჯერჯერობით არ მინდა გამოვყო და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ძალიან საინტერესო პარტნიორი გამოგვიჩნდა, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის საიმიჯო მიმართულებით იმუშავებს. ბევრი რამ შეიცვლება სტუდენტურ ცხოვრებაშიც. საუნივერსიტეტო საზოგადოებას _ ყველა სტუდენტსა და პროფესორს, ყველა ჩვენს კურსდამთავრებულს თუ ადმინისტრაციის თანამშრომელს ვულოცავ ახალ 2017 წელს. ყველა მათგანს ვუსურვებ დიდხანს და ხარისხიან სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ოჯახებში სიმშვიდეს... სტუდენტებს _ ხარისხიან სწავლებას, კურსდამთავრებულებს _ პრესტიჟულ და სწრაფ დასაქმებას, პროფესორებს _ დიდ მეცნიერულ შედეგებს!

გაგვმართლებოდეს 2017 წლის თანმდევი იმედები!

გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის რექტორი