მე-6 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა უკვე დაკომპლექტებულია

21 დეკ 2016

თსუ-ის მე-6 მოწვევის თვითმმართველობა უკვე დაკომპლექტებულია. გაწერილია როგორც საგანმანათლებლო, კულტურული, ასევე, სპორტული ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარე სემესტრის ბოლომდე გაიმართება. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, სტუდენტურ თვითმმართველობაში ორი ახალი დეპარტამენტი ამოქმედდა - საგარეო საქმეთა და სტუდენტთა უფლებების დაცვის. ახალი ფუნქციებით დაიტვირთა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოც. როგორც სტუდენტურ თვითმმართველობაში ამბობენ, მათი მუშაობის პრიორიტეტები განათლება, სტუდენტთა თანასწორობა და პროგრესია. შესაბამისად, ემხრობიან სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალ წესს, რომელიც, თსუ-ის რექტორის ინიციატივით, ახალი წლიდან ამოქმედდება. სიახლეების შესახებ დეტალურად მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი შოთა კეჟერაშვილი გვესაუბრა.

- თსუ-ის მე-6 მოწვევის თვითმმართველობაში რა სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა?

- ნებისმიერი სტრუქტურა საჭიროებს განვითარებას და ეს ეხება სტუდენტურ თვითმმართველობასაც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი მოწვევის თვითმმართველობა იყოს ბევრად ორგანიზებული, გამჭვირვალე და თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული. მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბახვა კვირიკაშვილი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო და შევცვალეთ საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა არჩევის წესი. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ცვლილებები, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციონირებას გაამარტივებს, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, რომ პროექტებზე თანასწორი წვდომა ჰქონდეთ (ვგულისხმობ როგორც აღმასრულებელ, ასევე ფინანსურ მხარეს) და სტუდენტურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთონ. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს აქამდეც ჰქონდათ სხვადასხვა აქტივობებში ჩართვისა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის საშუალება, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ამ მხარეს. მნიშვნელოვანია, რომ ორი ახალი - სტუდენტთა უფლებების დაცვისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტები იწყებენ მუშაობას. ვაპირებთ სერიოზული პროპაგანდის დაწყებას, რომ სტუდენტებმა როგორც საკუთარი, ასევე თანაკურსელების უფლებების დაცვას ყურადღება მიაქციონ. საგარეო დეპარტამენტი ორი მიმართულებით იმუშავებს - გარედან მოვიძიებთ ფინანსებს, გრანტებს და ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ არსებულ უმაღლეს სასწავლებლებთან კონტაქტებს დავამყარებთ.

- სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობაში უკვე ფუნქციონირებდა. მას სტუდენტები მიმართავდნენ, თუმცა ამას ინტენსიური ხასიათი არ მიუღია. რას ფიქრობთ, რით იქნება განპირობებული, ამჯერად, ამ დეპარტამენტის წარმატებული მუშაობა?

- როდესაც ვამბობთ, რომ იქნება ახალი დეპარტამენტი, ეს ნიშნავს მისი სტრუქტურის განახლებასაც. ჩვენ არ დაველოდებით - როდის მოგვმართავენ სტუდენტები. დეპარტამენტის წევრები თავად მივლენ მათთან. ჩატარდება საგანმანათლებლო პროექტები, ტრენინგები სტუდენტთა უფლებების დაცვის თემებზე.

- თქვენ ხელმძღვანელობთ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს. რა ფუნქციები გაკისრიათ?

- მრჩეველთა საბჭოში თითოეული ფაკულტეტის საბჭოდან თითო წარმომადგენელი შედის. ჩვენი ფუნქციებია საფაკულტეტო თვითმმართველობებს შორის კავშირის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლა, სტუდენტების პრობლემების მოძიება და მათი გადაჭრა. ჩვენ ადმინისტრაციულ ბიუროკრატიასთან გამკლავების გამოცდილება გვაქვს და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეგვიძლია. პრობლემები საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, გარკვეული ბარიერები ექმნებათ სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისას და ა.შ. ყველა ეს პრობლემა მრჩეველთა საბჭოში განიხილება და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

- ვინ არიან მე-6 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები? ასევე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებიც საფაკულტეტო საბჭოს წევრები გახდნენ, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეიტანეს (საარჩევნო უბნების ბლოკირების გამო). შეუდგნენ თუ არა ისინი მოვალეობის შესრულებას?

- ეს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის ნაწილს წარმოადგენენ და მათ მონაწილეობა მიიღეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევნებში. ინტენსიურად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. რაც შეეხება შემადგენლობას, პრეზიდენტი გახლავთ ბახვა კვირიკაშვილი, ვიცე პრეზიდენტები - ირაკლი მურღულია, გიორგი ოქიტაშვილი, სალომე თოფურია; პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე - მე, შოთა კეჟერაშვილი. პრეზიდენტის აპარატი (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის) ხელმძღვანელია ნანი გრიგალაშვილი. საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი სარალიძე, სტუდენტების უფლებათა დაცვის დეპარტამენტის - ანი გომელაური, განათლების დეპარტამენტის - მარიამ ეგნატაშვილი, კულტურის დეპარტამენტის - მარიამ კაკალაძე, სპორტის დეპარტამენტის - ტარიელ გაგელიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თემო ქობალია. რაც შეეხება ფაკულტეტებზე სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეებს: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გახლავთ ალექსანდრე ყუბანეიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის - ბექა ბექაური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის - პავლე ჯაგუნავა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის - რეზო ჯაჭვლიანი, იურიდიული ფაკულტეტის - სანდრო სიდამონიძე, მედიცინის ფაკულტეტის - თამუნა ჩხეიძე, ტურიზმის სკოლის - ვაჟა გახარია, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კი თამუნა ბუაჩიძე.