თვითმმართველობის სტრუქტურის ფორმირებაზე პარლამენტის კომიტეტთან მუშაობა გრძელდება

21 დეკ 2016

მე-6 მოწვევის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა მუშაობას შეუდგა. „აუდიტორია 115“ თსუ-ის VI კორპუსის პიკეტს ისევ განაგრძობს. პარალელურად, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ორივე სტუდენტური ჯგუფი თანამშრომლობს. მათ კომიტეტს უკვე გადასცეს პასუხები 5 ბლოკისგან შემდგარ კითხვარზე - შეისწავლეს საზღვარგარეთის უნივერსიტეტების გამოცდილება და წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები თუ არგუმენტები უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური წარმომადგენლობის ფორმის ცვლილების თაობაზე. დოკუმენტების ზუსტი შინაარსი კომიტეტთან მომდევნო შეხვედრისას გასაჯაროვდება.

„აუდიტორია 115“-ის პოზიცია უცვლელია. სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობების გაუქმებას ისევ ითხოვენ და ე.წ. „კლუბების სისტემის“ დანერგვას უჭერენ მხარს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტთან ერთად კანონპროექტზე ერთობლივი მუშაობის მიუხედავად, უნდობლობის ფაქტორი მაინც არსებობს, ამიტომ თსუ-ის მე-6 კორპუსს მხოლოდ მაშინ გაათავისუფლებენ, როდესაც მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება და კანონში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად დარეგისტრირდება.

„ჩვენ კომიტეტის მიერ გადმოცემულ კითხვარზე პასუხები უკვე გადავგზავნეთ. შევისწავლეთ საერთაშორისო მაგალითები, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა - ესაა პოლონეთის, ლიტვის და ა.შ. გამოცდილება. დოკუმენტში ავსახეთ, რომელი ქვეყნის მაგალითია ჩვენთვის მისაღები და რატომ. 21-ე დღეა, რაც VI კორპუსი დავიკავეთ და აქამდეც არაერთხელ გავაჟღერეთ, თუ რატომ უნდა გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობა. გარდა იმისა, რომ ფინანსურ რესურსზე ყველა სტუდენტს თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს და წარდგენილი სტუდენტური პროექტები ობიექტურად უნდა განიხილებოდეს, აუცილებელია ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები: 45-ე მუხლის გაუქმება, რომელიც უშუალოდ სტუდენტურ თვითმმართველობას ეხება; 27-ე მუხლში ცვლილება, სადაც საფაკულტეტო საბჭოებში არჩევის წესია გაწერილი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც და საარჩევნო კოდექსის 43 მუხლსაც, რადგან იქ აღნიშნულია – საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტები პირდაპირი წესით უნდა აირჩეოდნენ. ამ მუხლით, ასევე, დაუშვებელია ერთი საარჩევნო ხმით სტუდენტების ორ სტრუქტურაში - სტუდენტურ თვითმმართველობასა და საფაკულტეტო საბჭოში არჩევა“, - განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტმა ნუცა ბასილაშვილმა.

პარალელურად, საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილება შეისწავლა თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ. სტუდენტურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში მითითებული არ არის, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სტუდენტური თვითმმართველობა, ეს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონშია განსაზღვრული, დეტალები კი უმაღლესი სასწავლებლების შიდა წესდებაშია გაწერილი, მათ შორის საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების არჩევის წესიც. მათი ინფორმაციით, ერთადერთი ქვეყანა, სადაც კონსტიტუცია არეგულირებს ამ საკითხებს, მალაიზიაა.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საპარლამენტო კომიტეტისთვის წარგვედგინა ისეთი სტრუქტურა, რომელიც იქნება მოქნილი, სტუდენტთა თანასწორობის პრინციპზე ორიენტირებული. რაც შეეხება ფინანსურ რესურსზე თანაბარ წვდომას, მომავალი წლიდან, რექტორის ინიციატივით, ამოქმედდება ახალი წესი, შედეგად არავითარი პრივილეგირებული ჯგუფი არ იარსებებს. დაფინანსდება ის სტუდენტური პროექტები, რომლებიც ხარისხიანი და შედეგის მომტანი იქნება. სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის გაუქმების შესაძლებლობას გამოვრიცხავ, რადგან ჩვენი საქმიანობა უნივერსიტეტისთვის სასარგებლო და მომგებიანია, არავითარ საფრთხეს არ შეიცავს“, - აღნიშნა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ შოთა კეჟერაშვილმა.

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა არჩევის მოქმედი წესის ცვლილების წინააღმდეგია. თვითმმართველობის სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მოქმედი კანონი დემოკრატიულია და ის ფაქტი, რომ არჩევნების შედეგად ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტებს თვითმმართველობის დელეგატის სტატუსიც ეძლევათ, მათ დამატებით შესაძლებლობას უქმნის, რომ სტუდენტების უფლებებსა და ინტერესებზე იზრუნონ.

„აუდიტორია 115-“ისა და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სადისკუსიოდ სამუშაო ფორმატში 5 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი კაპანაძეც. მისი განცხადებით, სტუდენტს, რომელიც არ არის თვითმმართველობის წევრი, ეზღუდება უფლება - გახდეს საფაკულტეტო საბჭოს წევრი და მასზე მოქმედებს ე.წ. ირიბი იძულების მექანიზმი - გაერთიანდეს სტუდენტურ თვითმმართველობაში. „იმედი გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ნაყოფიერი იქნება ამ კუთხით“, - აღნიშნა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

კომიტეტის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს საკითხის შესასწავლად და ,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ისეთი ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც არგუმენტირებული და, ზოგადად, სტუდენტების ინტერესებზე იქნება მორგებული, რადგან კანონი როგორც თსუ-ზე, ასევე საქართველოში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელზე თანაბრად ვრცელდება.

„დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელოვანი მიზანი მიღწეულია, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიტანეთ. თავიდანვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ვეთანხმები სტუდენტთა თანაბარ უფლებას, როგორც საფაკულტეტო საბჭოებში არჩევის წესთან, ასევე ფინანსურ რესურსებზე თანაბარ წვდომასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებელია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნებოდეს არგუმენტირებულ დეტალურ ანალიზს და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას. 12 კითხვა, რომელიც 5 ბლოკად არის ჩამოყალიბებული, დასამუშავებლად გადავეცით სტუდენტების ორივეს მხარეს. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთობლივი მსჯელობის გზა, რომელიც მიგვიყვანს ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე. ანუ, დღეისთვის ვმსჯელობთ ორი მიმართულებით - საფაკულტეტო საბჭოებში არჩევის წესის დახვეწისა და ფინანსურ რესურსზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობებზე“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.