სტუდენტი, როგორც „უცხო“

21 დეკ 2016

იაგო კაჭკაჭიშვილის საჯარო ლექცია პიკეტირებულ VI კორპუსში

„აუდიტორია 115“-მა უკვე 20 დღეზე მეტია, რაც უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI კორპუსი დაიკავა. თუმცა, მათი აქტივობები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. მოთხოვნები ამ დრომდე უცვლელია. „აუდიტორია 115“-ის სოლიდარობის ნიშნად თსუ-ის VI კორპუსში პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე - „სტუდენტი, როგორც „უცხო“. ლექციაზე განიხილეს სტუდენტი, როგორც ცვლილებათა ტრანსფორმაციის წყარო, მისი როლი და ადგილი საზოგადოებაში; იმსჯელეს - თუ როგორია „მაღალი მოდერნულობის“ მატარებელ საზოგადოებაში სტუდენტის „იდეალური ტიპი“ და რამდენად შეესაბამება ამ „იდეალური ტიპის“ მახასიათებლებს საქართველოში დღეს მოქმედი სტუდენტური ჯგუფების აქტივობები.

„ვინ არის განვითარებული მოდერნიზმის „იდეალური სტუდენტი“? ეს არის ადამიანი, რომელიც სოციალურ გარემოს ითვალისწინებს, მაგრამ ამ გარემოს მიმართ კრიტიკული დისტანცია უჭირავს. იგი არ გახლავთ გარემოსთან სრულად ასიმილირებული. ის აღიარებს სწავლისა და სოციალური და სამოქალაქო აქტივობის დუალიზმს. გულწრფელად ვამბობ, რომ „აუდიტორია 115“-ში გაერთიანებულნი არიან ჩემი სტუდენტებიც და არ მახსოვს, რომ რომელიმე მათგანს სასწავლო პროცესის დროს დაკისრებული მოვალეობა არ შეესრულებინოს. „იდეალური სტუდენტის“ ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ იგი შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ან იზიარებდეს მის იდეოლოგიას, თუმცა სტუდენტურ ჯგუფში მხარს უჭერდეს იდეოლოგიურ პლურალიზმს. ასეთი სტუდენტი არ არის რადიკალი და შეუძლია გონივრულ კომპრომისზე წასვლა. მას არ ჰყავს მუდმივი მეტოქეები და მომხრეები.

ჩვენ ამ მოდელს თუ გამოვიყენებთ შეფასებისა და შემეცნების მხრივ, შეგვიძლია ვნახოთ - საქართველოში რომელი სტუდენტური ჯგუფი უფრო მეტად შეესაბამება „იდეალურ სტუდენტს“. ჩემი აზრით, ამ მოდელთან მიახლოებულია „აუდიტორია 115“, ვიდრე სხვა რომელიმე ჯგუფი საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ჯგუფის წევრები ყველა პარამეტრს იდეალურად აკმაყოფილებენ“, - აღნიშნა ლექციაზე იაგო კაჭკაჭიშვილმა.

„აუდიტორია 115“-ის წევრების თქმით, ლექციამ საინტერესოდ ჩაიარა - მათ საშუალება მიეცათ, დაენახათ მოძრაობის ხარვეზები და განესაზღვრათ მათი გამოსწორებისთვის საჭირო ქმედებები. სტუდენტებმა მოძრაობის ერთერთ უარყოფით მახასიათებლად რადიკალიზმი დაასახელეს.

„იაგო კაჭკაჭიშვილი იმ პროფესორთაგანია, რომელიც ყოველთვის გვამხნევებდა, გვაძლევდა რჩევებს, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკულსაც. იგი გახლავთ პროფესიონალი და კარგი პიროვნება, შეუძლია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მოცემა. შესაბამისად, ლექცია ძალიან საინტერესო იყო და „აუდიტორია 115“-ს თუ რაიმე ხარვეზი ჰქონდა, ყველამ ნათლად დავინახეთ. გავიგეთ, როგორ უნდა იარო ამ გზაზე, რომ არ შეცდე, ან შეცდომა როგორ გამოასწორო. ლექციაზე ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან გამოვყოფდი – რადიკალიზმს, ანუ საჭიროა, რომ დარჩე „უცხოდ“ და დაინახო როგორც ცუდი, ასევე კარგი. თუმცა, პირადად, კარგის დანახვა მიჭირს, რადგან იმდენად ბევრი ცუდი ხდება, დადებითი მოვლენების დანახვის სურვილი აღარ მიჩნდება“, - განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა მარიამ ყაველაშვილმა.

საჯარო ლექციაზე იაგო კაჭკაჭიშვილმა უმაღლესი სასწავლებლის მართვაში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობასა და შედეგებზეც ისაუბრა, ხაზი გაუსვა ადმინისტრაციასთან სტუდენტთა უკუკავშირის ინსტიტუციურად დანერგვის აუცილებლობას და ა.შ.

საჯარო ლექცია „სტუდენტი, როგორც „უცხო“ თსუ-ის VI კორპუსში 13 დეკემბერს გაიმართა.

ნატო ობოლაძე