„მეომარი“ ისტორიკოსი, რომელიც ტერიტორიების დასაბრუნებლად შეურიგებლად იბრძვის

21 დეკ 2016

საქართველოს კიდევ ერთ დაკარგულ ისტორიულ ეთნოგრაფიულ მხარესა და ქართველთა გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფის შესახებ დაიწერა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის როლანდ თოფჩიშვილის ვრცელი ნაშრომში: „დვალეთი და დვალები“, რომელიც მეცნიერმა ივანე ჯავახიშვილს დაბადების 140-ე წლისთავს მიუძღვნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, წიგნს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამეცნიერო წრეებში. პრეზენტაციაზე მეცნიერის ნაშრომის შეფასებისას გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ნაშრომის დაწერას და გამოქვეყნებას დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური კუთხითაც, რადგან სწორედ ამ ნაშრომში აქამდე ჯერ კიდევ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას გაეცა პასუხი: ვინ არიან დვალები? რა ეთნიკური პროცესები მიმდინარეობდა აქ საუკუნეების მანძილზე? როდის და რა ვითარებაში მოხდა ეთნოსების შეცვლა?

წიგნის რედაქტორების შეფასებით, „ქართველმა ხალხმა ეთნიკური ისტორიის რთული გზა განვლო. XV საუკუნის ბოლოს ქვეყანა დაიშალა, რის შედეგადაც კონსოლიდირებული ქართველი ერის ეთნიკური მრუდი დაღმა დაეშვა და დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყო. ქართველთა გამქრალ ეთნოგრაფიულ ჯგუფს შორის დვალებიც აღმოჩნდნენ, ხოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ოსი მეცნიერები საქართველოს ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარის - დვალეთის მკვიდრთ ოსებად მიიჩნევენ. როლანდ თოფჩიშვილის ნაშრომში „დვალეთი და დვალები“ გაანალიზებულია დვალეთისა და დვალების შესახებ არსებული სხვადასხვა მონაცემები, რის საფუძველზეც მიღებულია დასკვნა, რომ ცენტრალურ კავკასიაში მდებარე დვალეთი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის დღიდან, მისი განუყოფელი ნაწილი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეა, ხოლო დვალები ეთნიკური ქართველები, ქართველთა ეთნოლოგიური ჯგუფი იყო“, - ასეთია წიგნის რედაქტორების შეფასება.

პრეზენტაციაზე როლანდ თოფჩიშვილმა აღნიშნა, რომ დვალეთის თემატიკით იგი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც იგი საქართველოში ოსთა მიგრაციის პრობლემებზე მუშაობდა.

„დვალთა ეთნიკური ვინაობა 1977 წელს გამოცემული ჩვენი მონოგრაფიის - „საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები“ - მონაკვეთსაც მოიცავდა, რადგან ეს ორი პრობლემა ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. დვალების შესახებ სხვა ნაშრომებიც დავწერე, თუმცა ზოგიერთი შეხედულება გადაისინჯა. ჩემი აზრით, ოსური საკითხი საქართველოში ყველას გათავისებული უნდა ჰქონდეს, ამ პრობლემასთან კი უშუალოდ არის დაკავშირებული დვალეთისა და დვალთა საკითხი, რაც ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორიის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და მასზე ზერელე და ყურმოკრული ფაქტები კი არ უნდა გვქონდეს, არამედ, რეალური“, - ასეთია როლანდ თოფჩიშვილის მოსაზრება წიგნი დაწერის თაობაზე.

წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეთნოლოგმა ნოდარ შოშიტაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ნაშრომში მოყვანილი ფაქტები და არგუმენტები დამაფიქრებელია და ამიტომ ეს თემა მეცნიერების მხრიდან ღრმად საკვლევია: „სამწუხაროდ, ჩვენი მიწა-წყლის ნაწილი დაკარგულია და ყველას გვაწუხებს კითხვა: რატომ დავკარგეთ ეს ტერიტორიები, მათ შორის, დვალეთი? ამ საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვაა და ის ცდება მეცნიერების კომპეტენციას. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მცოცავ აგრესიაზე და პოლიტიკურ შეცდომებზეც. ამ წიგნის გამოცემა მნიშვნელოვანია კიდევ იმით, რომ ახალგაზრდა თაობა და, ზოგადად, ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს ამ პრობლემას. საქართველოში გვარი - დვალი - საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ ბევრმა არ იცის მისი წარმომავლობა. Dდროა, ფაქტების დამახინჯების გარეშე დაიწეროს ჩვენი ისტორია, ეს წიგნი სწორედ ამის მაგალითია“, - აღნიშნა ნოდარ შოშიტაშვილმა.

წიგნის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა თსუ-ის პროფესორმა დიმიტრი შველიძემ: „ისტორიას მახსოვრობასთან ერთად ხანდახან დავიწყების უნარიც ჰქონია. ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ქართულ პრესაში, სადაც ქვეყნდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების განცხადებები და განიხილებოდა, თუ რომელი პროვინციებისგან შედგებოდა საქართველო, ქართულ ისტორიულ პროვინციებს შორის დვალეთი ცალკე პროვინციად არ მოიხსენიებოდა. მაშინდელმა პრესამ და პოლიტიკურმა ელიტამ დაივიწყა ეს საკითხი. წიგნი „დვალეთი და დვალები“ გვახსენებს და შეისწავლის ამ პრობლემას, ამიტომ იგი ეთნოლოგიური მეცნიერების ჩარჩოებს ცდება და პოლიტიკურ სფეროში ექცევა“, - განაცხადა დიმიტრი შველიძემ.

მეცნიერს ნაშრომისთვის მადლობა გადაუხადეს დვალის გვარის წარმომადგენლებმაც: ,,ჩვენი გვარი ძალიან წარმატებულია, ვამაყობთ ჩვენი წარმოშობით. დვალეთზე სხვა ნაშრომებიც არსებობს, მაგრამ ეს წიგნი განსაკუთრებულია, რადგან ავტორს ძალიან ფუნდამენტურად აქვს შესწავლილი ეს სფერო, რაზეც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მას“, - განაცხადა ირაკლი დვალმა.

როლანდ თოფჩიშვილმა მადლიერებით მოიხსენია ყველა მეცნიერი, ვინც ამ თემაზე მუშაობდა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქართველის ვალია, თავისი მოღვაწეობით პასუხი გასცეს იმ ძალას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.

წიგნის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ როლად თოფჩიშვილი, ამავდროულად, „მეომარი“ ისტორიკოსიც არის, რომელიც ტერიტორიების დასაბრუნებლად პრინციპულად და შეურიგებლად იბრძვის და მისთვის ეს „იარაღი“ სამეცნიერო ნაშრომებია.