ადამიანად ყოფნის ნიჭი

21 დეკ 2016

არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანად ყოფნის და არყოფნის სევდას ერთნაირად გვიმსუბუქებენ, რადგან მათი სიცოცხლე დღესასწაულს ჰგავს, იმ ქვეყნად გარდასვლა კი _ გარდასახვას, სხვა განზომილებაში გადანაცვლებას. ასეთად ყოფნა ბევრს არ შეუძლია. ეს მხოლოდ იმ ადამიანების ხვედრია, რომლებსაც განგებამ ნიჭი დაამადლა – ადამიანად ყოფნის ნიჭი.

სულ ცოტა ხნის წინ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ფორაქიშვილი, ადამიანი, რომელმაც თითქმის საუკუნე ატარა დიდ წინაპართა ღირსეული აჩრდილები, ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, მეგობრებისა და კოლეგების პატივისცემა. ასეთებზე იტყვიან: „გარდვიდა ამ სოფლითგან და შეეძინა ერსა თვისსა.“

ზურაბ ფორაქიშვილი დაიბადა 1926 წლის 25 აგვისტოს. მამა - ირაკლი დავითის ძე ფორაქიშვილი მონპელიეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გასული საუკუნის 30-იან წლებში საქართველოს მეღვინეობის სამრეწველო ტრესტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ყოფილა (იგი გახლდათ დავით სარაჯიშვილის მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის - - - - - ბიძას შვილიშვილი და, საკუთარი მომავლის ღვინის ტექნოლოგიასთან დაკავშირება, სწორედაც რომ, ბუნებრივი იქნებოდა). მისი პაპა – დავით ფორაქიშვილი - ტფილისის საპატიო მოქალაქე და მრეწველი იყო, ხოლო ბებია – თავადიშვილი თინათინ ვაჩნაძე. ბატონი ზურაბის დედას, ნინა კონსტანტინეს ასულ გუგუშვილს კლასიკური გიმნაზიის განათლება ჰქონია მიღებული. ამ ღირსეულ ოჯახს ნამდვილად არ გაუმართლა, რადგანაც კომუნისტური რეჟიმის რეპრესიული მანქანა იმ ეპოქის ბევრი ჩინებული ადამიანისთვის აღმოჩნდა საბედისწერო. მას არც ირაკლი ფორაქიშვილისთვის აუვლია გვერდი - ვერ აპატიეს მონპელიეს უნივერსიტეტში მიღებული განათლება. 1937 წელს იგი დახვრიტეს, მეუღლე კი 10 წლით გადაასახლეს. ბატონი ზურაბი ცრემლმორეული იხსენებდა, როგორ დაბრუნდა დედა გადასახლებიდან, როგორ ეძება საკუთარი ბინიდან გასახლებული შვილები თბილისში და როგორ მიაგნო მათ: „ამ დროისთვის ჩვენ უკვე კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით. სახლში მარტო ვიყავი და რაღაცას ვკითხულობდი; საერთო დერეფნის კარზე კაკუნი გაისმა. რატომღაც მე გავედი, კარი გავაღე და დავინახე დედაბერი, ზურგზე უშველებელი ჩანთით; უცნობმა რუსულად მკითხა: „Где тут живет семья Поракишвили“? და, აი, მაშინ ვიცანი დედა“, - წერდა ბატონი ზურაბი წლების შემდეგ და სინანულს გამოთქვამდა, რომ დედა მის კარიერულ წინსვლას ვერ მოესწრო...

სწორედ დედის და მამის ღირსეულ მამულიშვილობას უკავშირებენ დღეს ფორაქიშვილების ოჯახის ზნეკეთილობას ის ადამიანები, რომლებიც მათ გარშემო ტრიალებდნენ. სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და სიკეთე - ეს სამი რამ უანდერძებიათ მათ შვილებისთვის და ბატონი ზურაბიც განუხრელად მისდევდა მათ.

ადვილია, მოყვე რეპრესირებული ოჯახის ისტორია და რომანტიზმის საბურველში გახვიო ნიჭიერი ახალგაზრდის თავგანწირული ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის, მაგრამ ზურაბ ფორაქიშვილის ცხოვრების გაცნობის შემდეგ რწმუნდები, როგორ ფეხდაფეხ დაჰყვებოდა მას უსამართლობის აჩრდილი; როგორ იშვიათდებოდა ამგვარი ადამიანების გვერდით სიხარული, რადგან აზროვნებისგან დაცლილ, მონოტონურ საზოგადოებაში უწევდათ ცხოვრება; ხედავ, რა ძნელია, როცა საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის შესწავლის მსურველსა და ოქროს მედლის მფლობელს, მხოლოდ ბოლო ეტაპზე, სინანულით, მაგრამ მაინც უკან გიბრუნებენ საბუთებს, რადგან ვიღაც ჩეკისტმა შენს მშობლებს „ხალხის მტრები“ უწოდა...

ზურაბ ფორაქიშვილს ამ „წარუმატებელი“ მცდელობის შემდეგაც არ დაუყრია ფარ-ხმალი. თბილისში დაბრუნებულმა ფილოსოფიის შესწავლა გადაწყვიტა და სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. მშობლების რეაბილიტაციის შემდეგ კი წარმატებით გაიარა კარიერის გზა და მუდმივად ცდილობდა სიკეთე ეკეთებინა.

სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა: თბილისის 25-ე საშუალო სკოლის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ჯერ ინსტრუქტორად და სექტორის გამგედ, შემდეგ კი მეცნიერების, კულტურის და სასწავლო დაწესებულებების განყოფილების გამგის მოადგილედ; საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ, თსუ-ის პრორექტორად და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგედ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი აზრის საქალაქო ინსტიტუტის რექტორად, კოლეგიის წევრად. რამდენი კეთილი საქმე დაასრულა, რამდენი უნივერსიტეტი და სკოლა ააშენა...

მისი ახლობლები და სტუდენტები დღესაც იხსენებენ, როგორ ჩაუდგა შუაში სტუდენტებს 1978 წლის დემონსტრაციაზე, რომელიც ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ზღვასავით^ მოედო თბილისს, როგორ იდგა რუსთაველის გამზირზე სამხედრო კოლონასა და სტუდენტებს შორის მანამ, სანამ ედუარდ შევარდნაძე კრემლის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. 

ზურაბ ფორაქიშვილის სამეცნიერო ინტერესები, ძირითადად, რელიგიათმცოდნეობას, კერძოდ კი, საქართველოში დუხობორების ცხოვრებას შეეხებოდა. ამავე თემას ეძღვნებოდა მისი მონოგრაფია, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში თავად ბატონ ზურაბს უნახავს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში, და მისთვის წარუდგენიათ, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომი რელიგიური უმცირესობების შესახებ. 

იგი ასევე ინტერესდებოდა უსახლკარო ბავშვების პრობლემებით, რომელთა გადაჭრისთვის არაერთი სასიკეთო საქმეც უკეთებია. ახლა იხსენებენ, რომ, საქართველოს პატრიარქის უშუალო ძალისხმევით, ბატონ ზურაბს მცირე საწარმოც გაუხსნია ასეთი ბავშვებისთვის, მათ კი, მადლიერების ნიშნად, უმშვენიერესი ხატი უჩუქებიათ შემწესთვის და ეს ხატი ახლაც საპატიო ადგილზე ასვენია ფორაქიშვილების ოჯახში. 

ზურაბ ფორაქიშვილის ღვაწლი ჯერ 1997 წელს დაუფასებიათ „ღირსების ორდენით“; შემდეგ კი, 2001 წელს, მოზარდთა შორის სამართალდარღვევების პროფილაქტიკის საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის; 1989-1990 წლებში კი - ცხინვალის რეგიონში წარმოშობილი ლოკალური კონფლიქტის დროს დაძაბულობის მშვიდობიანი მოგვარების ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციის თანამშრომლების ოჯახების მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერისთვის ზურაბ ფორაქიშვილს „ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი“ გადაეცა. ამ ორდენით მეტად ამაყობდა თურმე ბატონი ზურაბი.

პირად ცხოვრებაში იღბლიანი აღმოჩნდა. მან ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების გზა განვლო მეუღლესთან, თსუ-ის დოცენტ ვიქტორია ბეკშანოვასთან, ულამაზეს და კეთილშობილ ქალბატონთან ერთად (ქალბატონ ვიქტორიას მშობლები რევოლუციამდე დიდი თეატრის მომღერლები იყვნენ, შალიაპინის და სობინოვის მეგობრები).

ზურაბ ფორაქიშვილის უანგარობა, სიკეთე, უკიდეგანო განათლება და ადამიანური ურთიერთობის ნიჭი დღემდე ხიბლავდა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც შეუღია ამ ოჯახის კარი. იხსენებენ, რომ აქ მუდმივად ტრიალებდნენ ბატონი ზურაბის მეგობრები, რომლებიც ფესვს ღრმა ბავშვობიდან იღებდნენ და სიჭარმაგემდე ივსებოდნენ საინტერესო ადამიანებით... აქ ხშირად იყრიდნენ თავს ქართული მეცნიერების კორიფეები - ილია ვეკუა, ირაკლი აბაშიძე, დავით ჩხიკვიშვილი, გურამ ჭილაშვილი, სერგი ჯორბენაძე და სხვები. ბევრჯერ უმასპინძლია საერთაშორისო დელეგაციებისთვის, მეცნიერებისა და ინტელიგენციისთვის, მისი სტუმრები ყოფილან, მაგალითად, მსოფლიოში განთქმული ავსტრიელი მეწარმე სვაროვსკი, პოეტი რობერტ როჟდესტვენსკი, მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორი რემ ხოხლოვი, ბრიტანეთის წამყვანი მეცნიერები აივან როიტი და პიტერ ლიდიარდი.

ამ ოჯახში მისვლა და ქალბატონი ვიკას მასპინძლობა უყვარდათ ქალიშვილის, ნინოს მეგობრებსაც. როგორც თსუ-ის იმუნოლოგიის კათედრის პროფესორი მარიამ თევზაძე იხსენებს, ეს იყო ოჯახი, რომელიც მუდმივად სითბოს და სიკეთეს ასხივებდა: „მონუსხული ვისხედით ნინოს მეგობრები და ვუსმენდით ბატონი ზურაბის საუბრებს. იგი იყო უაღრესად განათლებული, ზნეკეთილი ადამიანი, რომელსაც რაღაცნაირი ნათელი ედგა სახეზე. რამდენჯერ მიგვიმართავს მისთვის რჩევით და შეუფასებელი დარიგებაც მიგვიღია. იგი გახლდათ თითოეული ჩვენგანის გზამკვლევი“, - ამბობს მარიამი და იხსენებს, რომ ბატონი ზურაბი ბოლომდე ინარჩუნებდა ინტერესს სიცოცხლისადმი - აქტიურად ეცნობოდა სიახლეებს, კითხულობდა და იმის დროსაც პოულობდა, რომ სპორტისთვის მიედევნებინა თვალი. მისი ინტერესის სფეროს საზღვარი არ ჰქონდა, ერთნაირი სიღრმით ფლობდა მსოფლიო ისტორიას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, გეოგრაფიას, ფილოსოფიასა და ლიტერატურას... 

და კიდევ, მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო ყოველდღიური საუბრები ქალიშვილთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრის დამფუძნებელთან და გამგესთან, ვესტმინსტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის პროფესორთან ნინო ფორაქიშვილთან. „არაჩვეულებრივი მამა იყო – გულისხმიერი მეგობარი, თბილი და ყურადღებიანი. არასოდეს ჩარეულა ჩემს საქმეში, „თვითონ როგორც უნდაო“, - იტყოდა და დელიკატურად უდგებოდა ყველა იმ პრობლემას, რომელიც ოდესმე შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ჩვენს ირგვლივ. საოცრად ლიბერალი ადამიანი გახლდათ. ზოგჯერ, როცა ჯერ კიდევ სკოლის უფროს კლასებში ვსწავლობდი, მეგობრები სადმე ვიკრიბებოდით და მაგვიანდებოდა, გულში ვლოცულობდი, რომ ტელეფონის ყურმილი მამას აეღო, რადგან ის დინჯად დამთანხმდებოდა, დედა კი ძალზედ მკაცრი იყო და არასოდეს მაძლევდა ამის უფლებას. ბოლო დროს ძალიან ბევრი მეგობრის წასვლამ დასწყვიტა გული, პირველ რიგში კი - მეუღლის, მაგრამ მაინც ცდილობდა, ბოლომდე ეერთგულა სიცოცხლისთვის და ღირსეულად გაევლო წლები“, - იხსენებს ქალბატონი ნინო...

არიან ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც ადამიანად ყოფნის სევდას გვიმსუბუქებს, სიკვდილი კი – არყოფნის სევდას... 

ასეთი იყო ზურაბ ფორაქიშვილიც...