გურამ დოჩანაშვილის შეხვედრა მკითხველთან

21 დეკ 2016

სახის თვალებით ბრმები გულის თვალებით ხედავენ! – ასეთია გურამ დოჩანაშვილის ბოლო რომანის მთავარი გზავნილი. 

„ბრმად ყოფილი და...“ გასულ წელს გამოიცა, თუმცა, როგორც „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში“ 9 დეკემბერს გამართულ საჯარო ლექციაზე ითქვა, რომანს გაგრძელებაც ექნება და მას მკითხველი მომავალ წელს გაეცნობა. ლექცია ცენტრის მიერ გამართული შეხვედრების ციკლის „მე-ევროპელის“ ფარგლებში გაიმართა და მასზე დასწრება თავისუფალი იყო, რამაც უამრავ ახალგაზრდას საყვარელ მწერალთან პირისპირ შეხვედრის და გასაუბრების შესაძლებლობა მისცა. წლევანდელი დეკემბრის სუსხისა და, იმის მიუხედავად, რომ იმ დღეს 2-ჯერ გაითიშა სინათლე თავისუფლების მოედანზე (სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრია განთავსებული), დარბაზი მაინც სავსე იყო. შეკრებილებს კითხვები უამრავი ჰქონდათ, თუმცა, ყველა კითხვის დასმა და ყველაფერზე პასუხის მიღება ვერ მოხერხდა. 

80 წელს მიღწეული მწერალი, ძირითადად, ახალი რომანის შესახებ საუბრობდა, რომლის ინსპირაციის წყაროც სახარებისეული ამბავია ბრმად დაბადებულ ყრმაზე. „ - ვინ ცოდა, ამან თუ ამის მშობლებმაო? მაცხოვარი პასუხობს: - არც მან და არც მისმა მშობლებმა, არამედ იმიტომ დაიბადა ბრმად, რომ განმტკიცდეს მისით ძლიერება ღმრთისა!” – ეს ძლიერება ღმრთისა რითი განმტკიცდა, არსად არის ნათქვამი”, – ამბობს მწერალი და სწორედ იმის გარკვევას ცდილობს, რას შეიძლება ნიშნავდეს ბრმად დაბადება და ბრმად ყოფნა.

ცნობილია, რომ ნაწარმოებზე მუშაობისას გურამ დოჩანაშვილი სამების ლავრაში ცხოვრობდა. ამ გამოცდილების გარდა, მისივე თქმით: „ძალიან მეხმარებოდა და მეხმარება დავით ფაილოძე – ის ადამიანი, რომელმაც ორივე თვალის მხედველობა დაკარგა 1989 წლის 9 აპრილის ღამეს. ეგეთი შემართული ადამიანი ცოტა მეგულება. ძალიან დავუახლოვდი და მასში სამაგალითო სიმტკიცე დავინახე. ისე კი ვღელავ ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით! ხშირად ვეკითხები რჩევას უწმინდესს, მისი პასუხები ძალიან მეხმარება – ვიცი, რომ ნამდვილი, ნაღდი პასუხებია!”

მწერლის თქმით, სწორედ უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მისცა ძალა ხანდაზმულობის ასაკში ეს წიგნი დაეწერა.

მკითხველთა ნაწილი უკვე იცნობს დოჩანაშვილის ახალ ნაწარმოებს. გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მწერლის ღვაწლს უქმად არ ჩაუვლია და „ბრმად ყოფილი და...“-ს წაკითხვის უდიდესი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გვაქვს მათ, ვისაც აქამდე ხელში ვერ ჩაუვარდა დოჩანაშვილის ახალი ნაწარმოები.