რექტორის ახალი სტიპენდიატი

01 ოქტ 2015

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე ვლადიმერ პაპავამ რექტორის სტიპენდიატი ვენერა ცერცვაძე დააჯილდოვა. სტიპენდიატი რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში 250 ლარს მიიღებს.

ვენერა ცერცვაძე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-7 სემესტრის სტუდენტია. ამ ფაკულტეტზე ჩაბარება ბავშვობიდან სურდა. პროფესია გააზრებულად აირჩია, თუმცა კონკრეტული სპეციალობის არჩევისას გადაწყვეტილება უკვე ლექციების მოსმენის შედეგად მიიღო.

„ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მათემატიკა, მაინტერესებდა ბუღალტერია. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ბუღალტრობა მსურდა. ჩაბარების შემდეგ, როდესაც მიმართულების არჩევა მიწევდა, გადაწყვეტილება შევცვალე. ჩემთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა მაკრო ეკონომიკა, რა მიმართულებითაც გამოვარჩევდი ჩემს ლექტორს, ბატონ მალხაზ ჩიქობავას. მისი ლექციები თუ სემინარები იმდენად საინტერესოდ მიმდინარეობდა, სურვილი გიჩნდებოდა - მეტად გაცნობოდი, შეგესწავლა სხვადასხვა ეკონომისტების ნაშრომები, რადგან თავად შეგქმნოდა დასაბუთებული მოსაზრება გარკვეული საკითხების მიმართ. მაკრო ეკონომიკა ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველია – რატომ არის ფასების დონე ზოგიერთ ქვეყანაში მაღალი? რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო უმუშევრობის დონის შესამცირებლად? - მაკრო ეკონომიკის საშუალებით ამ და სხვა არაერთ პრობლემატურ შეკითხვას შეგვიძლია გავცეთ პასუხი. მისი დახმარებით შეიძლება უკეთ გავიგოთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და გავაანალიზოთ ეკონომიკური პოლიტიკის პოტენციალი. თანდათან მივხვდი, რომ ამ სფეროში საკუთარ თავს ვხედავდი, შემეძლო მქონოდა ჩემი პოზიცია, კრიტიკულად მივდგომოდი ამა თუ იმ საკითხს. ეკონომიკური ცოდნა ხომ საზოგადოებრივი აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - გვითხრა საუბრისას ვენერა ცერცვაძემ.

რექტორის სტიპენდიის მიღება მისთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი სიახლე იყო, ამიტომ თავიდან ძალიან გაუკვირდა, შემდეგ კი გაუხარდა: „მაღალი ქულები მქონდა, მაგრამ თსუ-ში ბევრი კარგი სტუდენტი სწავლობს, შესაბამისად კონკურენციაც მაღალია. რექტორის სტიპენდიატის სტატუსი დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ამიტომ ვეცდები - ღირსეული უნივერსიტეტელი ვიყო“, - ამბობს ვენერა ცერცვაძე.

„ქულები მეორეხარისხოვანია, მთავარია ცოდნა“ - რექტორის სტიპენდიატი პრიორიტეტულ მნიშვნელობას ნიშნებით შეფასებას არ ანიჭებს. ცდილობს ბაკალავრიატის დასრულებამდე მაქსიმალურად ბევრი ცოდნა მიიღოს, შემდეგ კი მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ასევე, პროფესიით მუშაობას და დოქტორანტურის საფეხურის გავლასაც აპირებს. მისი საბოლოო მიზანი პედაგოგობაა.

სწავლის დაწყების აღსანიშნავი ღონისძიება, როდესაც ვენერა ცერცვაძეს რექტორის სტიპენდია გადაეცა, აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პირადად მას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს. იგი საპირისპიროს ფიქრობს, რომ კვალიფიციური პროფესურის დახმარებით საკმაოდ მაღალი დონის განათლების მიღებას შეძლებს.

„ჩვენს ფაკულტეტზე თუ მონდომებული ხარ და სწავლა გინდა, კარგ ცოდნას მიიღებ. გაქვს ყველანაირი საშუალება, მთავარია იგი გამოიყენო. ვერ უარყოფ, რომ უნივერსიტეტში პრობლემები არის. მაგალითად, საგნების არჩევისას რამდენიმე საგანზე დარეგისტრირება ვერ მოვასწარი, თუმცა განცხადების დაწერის შემდეგ ადმინისტრაციამ ეს პრობლემა მარტივად მოგვიგვარა“, - აღნიშნა ვენერა ცერცვაძემ.

მაკრო ეკონომიკის სპეციალობის გარდა რექტორის სტიპენდიატს წერა, მუსიკა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და კინემატოგრაფიაც აინტერესებს. წერს 12 წლიდან, თუმცა მხოლოდ ჰობის დონეზე. მუსიკიდან უფრო მეტად კლასიკური როკ-მუსიკა მოსწონს. ჩვენთან საუბრისას ფილმებიდან ტომას ჟანის ფილმი „კაკუნი სამოთხის კარზე“ გამოარჩია, ლიტერატურიდან - ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებები. ამ დროისთვის კი იგი სტივენ კინგის შემოქმედებას ეცნობა.