აქციების ფონზე გამართული არჩევნები და მიღწეული შეთანხმება

02 დეკ 2016

„აუდიტორია 115“-ის საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარე თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ლეგიტიმურად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტურმა გაერთიანებამ კენჭისყრის პროცესი 9 საარჩევნო უბანზე რამდენიმე საათით შეწყვიტა, არჩევნებზე ხმის მიცემა 20 615 ამომრჩევლიდან 2436 მოახერხა, რაც მინიმალურ ზღვარზე – 10%-ზე მეტია. „აუდიტორია 115“-მა შეხვედრები გამართა თსუ-ის რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან. შეთანხმება სტუდენტთა თანასწორობის, ფინანსური რესურსების თანაბრად გადანაწილების და უნივერსიტეტის საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევის პრინციპებზე მიღწეულია. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გაფართოებული სხდომა 5 დეკემბერს ჩაინიშნა, სადაც მხარეები „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელებენ. თუმცა, პროტესტის მონაწილე სტუდენტები თსუ-ის მე-6 კორპუსის პიკეტირებას ამ დრომდე არ წყვეტენ. „აუდიტორია 115“ თსუ-ის მე-6 კორპუსიდან გასვლის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ე.წ. ჟურნალისტების კორპუსში სასწავლო პროცესის აღდგენის საშუალებას არავის მისცემენ მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგს არ დაინახავენ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან შეხვედრა გამართა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც, რომლებიც, ასევე, ჩაერთვებიან საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში. „აუდიტორია 115“ მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს.