უნივერსიტეტი ჩემი პირადი ბიოგრაფიის ნაწილია

02 დეკ 2016

ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან, თსუ-ის პროფესორთან ირაკლი კობახიძესთან

- როგორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმ დროს, როცა თქვენ სწავლობდით და როგორია ახლა, თქვენი აზრით?

- ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა უნივერსიტეტი. შეიძლება ითქვას, რომ წარსულში, რაღაც კუთხით, ბევრი რამ უკეთესი იყო. მთლიანობაში, ამ წლების განმავლობაში, საერთო იმიჯი უნივერსიტეტისა არსებითად არ შეცვლილა. სასურველია, რომ ბევრი მიმართულებით სწრაფი ტემპით განვითარდეს თსუ.

- სტუდენტებს პრეტენზია სწავლის ხარისხზე აქვთ. დაგროვდა პრობლემები, რაზეც ბევრი პროტესტს გამოთქვამს...

- იურიდიული ფაკულტეტის მაგალითზე შემიძლია უფრო კარგად ვისაუბრო, რადგან ისე კარგად არ ვარ ჩახედული სხვა ფაკულტეტების შიდა სამზარეულოში. რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს, ბევრი ხარვეზი რჩება, მათ შორის, სწავლების ხარისხის კუთხით. მქონდა საშუალება, რომ გერმანიაში მიმეღო განათლება და, ბუნებრივია, ამ გადმოსახედიდან ძალიან შორს ვართ სწავლების იმ ხარისხისგან, რაც დღეს გერმანიაშია. სხვადასხვა მიმართულებით სჭირდება ფაკულტეტს და, ზოგადად, უნივერსიტეტს განვითარება, მათ შორის, ერთ-ერთია პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და ამ კუთხით სერიოზული პროგრესის მიღწევა. გვაქვს, აგრეთვე, სასწავლო ლიტერატურის კუთხით სერიოზული პრობლემები. არის მთელი რიგი საგნები, რის შესასწავლადაც საჭირო სახელმძღვანელოები ან საერთოდ არ არსებობს, ან არ არის სათანადო ხარისხის. გარდა ამისა, სტუდენტების სოციალური განვითარების საშუალებები ნაკლებია. მაგალითად, საზღვარგარეთ სტუდენტები ჩართულნი არიან სხვადასხვა ტიპის აქტივობებში - სპორტულ, კულტურულ და ა.შ. ღონისძიებებში. სამწუხაროდ, თსუ-ში, ამ კუთხით, ბევრი რამ არის გასავითარებელი. ინფრასტრუქტურის მხრივაც, ვიცით, რომ არის სირთულეები, ანუ ბევრი მიმართულებაა, სადაც გვჭირდება პროგრესი. წინსვლის პოტენციალი არსებობს, მაგრამ, მთავარია, რომ მიზნობრივად დაიგეგმოს უნივერსიტეტის რეფორმა და შემდეგ თანმიმდევრულად განხორციელდეს იგი.

- ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის პერსპექტივა მართლაც მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ალბათ, პრიორიტეტულ უმაღლეს სასწავლებლად უნდა მიიჩნეოდეს, რომელსაც საბაზისო დაფინანსება სჭირდება თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და სერიოზული რეფორმების გასატარებლად. რამდენად აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ, როგორც ნომერ პირველ უნივერსიტეტს, უფრო მიაქციოს ყურადღება?

- ერთი მიზანი მეორეს ხელს არ უშლის (ვგულისხმობ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად არის პრიორიტეტი - თსუ არის არა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება, არამედ ქართული კულტურის ნაწილიც. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება მართლაც უნდა მიექცეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებას. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით სხვა მიზნები არსებობს და ეს ხელს არ უშლის და ვერც შეუშლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მიზნებს, რაც შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას. ანუ თსუ მრავალი მიმართულებით საჭიროებს განვითარებას. ამისთვის უნდა გაკეთდეს ბევრი რამ, დაწყებული ინფრასტრუქტურით და დამთავრებული სწავლების ხარისხის გაუმჯობესებით.

- რამდენად შესაძლებელია საბაზისო დაფინანსება...

- ეს კომპლექსური საკითხია. ზოგადად, როდესაც საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება საქმე, ეს ყველაფერი მომიჯნავე საკითხებთან არის დაკავშირებული, ანუ მარტივი არ არის ასეთი თემების გადაწყვეტა. თუმცა, თსუ არის პირველი და მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ფინანსურადაც იყოს უზრუნველყოფილი უნივერსიტეტის განვითარება.

- აკადემიურ კონკურსებთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა. რას ფიქრობთ ამ მიმართულებით? ადრე თქვენც შეგეხოთ ეს თემა, როცა ასოცირებული პროფესორი ვერ გახდით...

- თსუ-ში რესურსი არის, მაგრამ, სამწუხაროდ, თითქოს ხელოვნურადაა ბარიერი შექმნილი ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვისთვის წრეა თითქოს, ჩაკეტილი. პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის პრობლემა ნამდვილად დგას თსუ-ში, ეს იურიდიული ფაკულტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ. ამ მიმართულებითაც საჭიროა გარკვეული ხედვის ჩამოყალიბება და ქმედებები, რათა აბსოლუტურად გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს კონკურსები.

- უნივერსიტეტი გეგმავს კურსდამთავრებულთა ასოციაციის და ფონდის შექმნას. როგორც უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებული და პროფესორი, საკუთარ თავს რა როლს მიანიჭებთ და რას გააკეთებთ თქვენი ალმა-მატერისთვის?

- მზად ვარ, რომ მთელი ენთუზიაზმით ჩავერთო ნებისმიერ აქტივობაში, რაც დაკავშირებული იქნება თსუ-ის განვითარებასთან. უნივერსიტეტი ჩემი პირადი ბიოგრაფიის ნაწილია და, ბუნებრივია, მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, არა მხოლოდ მე, არამედ თითოეულ კურსდამთავრებულს. აქედან გამომდინარე, პირადად მზად ვარ, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანო უნივერსიტეტის განვითარებაში.

- მიუხედავად იმისა, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკაში დიდი დოზით ერთვებით, თუ აპირებთ უნივერსიტეტში დარჩენას?

- აუცილებლად! უნივერსიტეტის გარეშე ვეღარც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. აქ ვასწავლი 2005 წლიდან და აუცილებლად გავაგრძელებ პედაგოგიურ საქმიანობას.

- თქვენ ჩვენი გაზეთის რედკოლეგიის წევრი იყავით. რამდენად არის აუცილებელი, რომ გაზეთმა უნივერსიტეტის მემატიანის როლი ბოლომდე შეასრულოს?

- უნივერსიტეტის გაზეთის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია - იგი ინახავს უნივერსიტეტის ისტორიას, მას უჭირავს ხელი უნივერსიტეტის პულსზე და როდესაც მე ვახერხებდი უფრო აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩართულობას, მუდმივად ვეცნობოდი დიდი ინტერესით ამ გაზეთს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ.