ერთი ნაბიჯით ახლოს აფხაზებთან

02 დეკ 2016

სიახლეები ქართულ-აფხაზურ სამეცნიერო ურთიერთობებში

საგამომცემლო, მთარგმნელობითი, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი - თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევით ცენტრში კომპლექსური მუშაობა აფხაზ სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს. აფხაზური ენციკლოპედია, რადიო, ბიბლიოთეკა, მუზეუმი... დაგეგმილია პროექტები, რომელიც აფხაზებთან ერთი ნაბიჯით გვაახლოებს. სიახლეებია სტუდენტებისთვისაც – თუ რატომ და როგორ შეიძლება ისწავლონ აფხაზური ენა.

ქართულ-აფხაზურ სამეცნიერო ურთიერთობებში არსებულ სიახლეებზე, ასევე, ხელის შემშლელ თუ ხელშემწყობ ფაქტორებზე თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს ვესაუბრეთ.

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის საბჭოს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აფხაზური ენციკლოპედიის შექმნა. ამ დროისთვის რა ეტაპზე იმყოფებით?

ზურაბ შენგელია, თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი:

- ჩვენ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, რომლის მიზანია აფხაზური ეთნო-კულტურული სივრცის აღწერა, რაც აფხაზური ენციკლოპედიის შექმნის წინაპირობა გახდება. პროექტს ერთობლივად ახორციელებს თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი” და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისია. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი აფხაზური მხარის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს და შევთანხმდით ორ პრინციპზე - 1. თავდაპირველად ვიმუშავებთ ენციკლოპედიური ლექსიკონების, მაგალითად, აფხაზური ფოლკლორის ლექსიკონის გამოცემაზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა გვექნება, ორივე ვარიანტს დავბეჭდავთ, რომლებიც დასაბუთებული იქნება არგუმენტებითა და წყაროებით. აფხაზეთში მივლინებით იმყოფებოდნენ ჩვენი თანამშრომლები თეო გიცბა და ესმა კოკოსკერია. მათ მოიძიეს მასალები და უკვე წლის ბოლოსთვის გამოსაცემად ვამზადებთ ფოტოალბომს ,,აფხაზები ერმაკოვის შემოქმედებაში”. ასევე, ვგეგმავთ ლეო შერვაშიძის მიერ შექმნილი აფხაზ თავად-აზნაურთა საგვარეულო გერბების ჯერ გამოფენას, შემდეგ კი გამოცემას. იგი გახლდათ საერთაშორისო თავად-აზნაურთა საზოგადოების კანცლერი, რომელსაც უფლება ჰქონდა შეექმნა საგვარეულო გერბები, რასაც დიდი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში.

კარგი იქნება, თუ აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის აღწერის პროექტზე მეტი მხარდაჭერა იქნება. სასურველია ამ პროგრამაში ქართული ენციკლოპედიის აქტიური მონაწილეობა, მისი მასალებისა და პოტენციალის გამოყენება. საწყენია, რომ მათგან (დირექტორი – პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე) დაინტერესება არ ჩანს. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა მათი აქტიური თანამონაწილეობის შემთხვევაში პროგრამა გაცილებით სწრაფად ამუშავდებოდა.

თქვენ, ასევე, მართავთ გამოფენებს აფხაზეთის თემაზე, გეგმავთ თსუ-ში აფხაზური მუზეუმისა და ბიბლიოთეკის გახსნას. რა ექსპონატები გაქვთ და რა სახის ლიტერატურა იქნება აფხაზური ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში?

ზურაბ შენგელია,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი:

- შეიძლება წელსვე მოვახერხოთ „აფხაზური კუთხის“ დაფუძნება, რომელიც „აფხაზური ოთახის“, შემდეგ კი აფხაზური მუზეუმის სახეს შეიძენს. მუშაობა ამ მიმართულებით დავიწყეთ, უკვე გვაქვს აფხაზეთში შეძენილი აფხაზური ჩოხები, აფხაზური კვერთხი – ალაბაშა, რომელიც გვარის უფროსის კუთვნილებაა და, მაგალითად, თუ იგი რაიმე შეხვედრაზე ვერ წავიდოდა, ალაბაშას გზავნიდა, რაც ნიშნავდა, რომ შეხვედრის იდეას, თემას ეთანხმებოდა. გვაქვს, ასევე, მასალები გამოფენიდან „აფხაზეთი დღეს“, სადაც წარმოდგენილი გვქონდა სურათები, სუვენირები, გამოცემები, ანუ ის ყველაფერი, რაც დღეს აფხაზეთის ქუჩებში იყიდება.

ლეილა ავიძბა,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი:

- აფხაზეთში მუდმივად დავდივარ როგორც მივლინებით, ასევე, ჩემი სურვილით, რადგან მთელი ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს. გამოფენისთვის - „თანამედროვე აფხაზეთი“ - უამრავი ფოტო ჩამოვიტანეთ. რაც მთავარია, ჩამოგვაქვს იქ გამოცემული გაზეთები, ჟურნალები, ლიტერატურა. მასალებს გვაწვდიან ჩვენი აფხაზი მეგობრებიც.

ნინო ბერძენიშვილი,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე:

- ახლა ვაპირებთ მეორე გამოფენის მოწყობას აფხაზეთის ეთნო-კულტურის თემაზე. მაგალითად, წარმოვადგენთ ექსპოზიციას ლიხნის სახალხო კრების შესახებ. ლიხნის სახალხო კრებაზე იკრიბებიან უხუცესები და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დღესაც სავალდებულოა აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ადამიანებისთვის.

რაც შეეხება ბიბლიოთეკას, ჩვენ დიდი ხანია აფხაზურ მხარესთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს. აფხაზეთში საგამომცემლო საქმიანობა დაბალ დონეზეა (ძირითადად რუსეთში ახერხებენ წიგნების ბეჭდვას), თუმცა ვცდილობთ, რაც გამოდის, ჩამოვიტანოთ. ამ დროისთვის საკმაოდ მდიდარი წიგნადი ფონდი გვაქვს. აფხაზეთში არიან ადამიანები, რომლებიც ისტორიას ხელახლა წერენ. ეს ძალიან საინტერესო მასალაა იმ ადამიანებისთვის, ვინც არა მარტო ქართულ-აფხაზური კონფლიქტით, არამედ აფხაზეთის ისტორიითაც არის დაინტერესებული. მალე მზად იქნება ელექტრონული კატალოგი. ვფიქრობ, ამ საკითხით განსაკუთრებით საუნივერსიტეტო საზოგადოება უნდა დაინტერესდეს.

როგორც ვიცით, თქვენთან აფხაზური საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელი თანამშრომლობს. რას ფიქრობს აფხაზთა ნაწილი ისტორიის გადაწერილ ვარიანტზე?

ნინო ბერძენიშვილი,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე:

- რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი არსებობს, აფხაზთა ნაწილს არ მოსწონს ისტორიის გადაწერილი ვარიანტი, თუმცა იქ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამის შესახებ წარმოუდგენელია ხმამაღლა განაცხადო. გმირობას ვერავის მოსთხოვ.

როგორ აპირებთ აფხაზური რადიო „ჰარა“-ს აღდგენას, რომელმაც 2008 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება...

ნინო ბერძენიშვილი,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე:

- კონფლიქტის რეგულაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საზოგადოების ინფორმირებაა, მათ შორის ენგურს მიღმა დარჩენილი საზოგადოებისაც. ჩვენ გვქონდა აფხაზურენოვანი რადიო და ვიცით, მას რამხელა ძალა აქვს. აფხაზი ხალხი უკვე წლებია იმყოფება რუსული პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ და ესეც ნათელს ხდის - მედიას რამდენად დიდი როლი აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

ზურაბ შენგელია,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი:

- რადიო „ჰარა“-მ 2008 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა ობიექტური მიზეზების გამო. „ჰარა“ აფხაზური სიტყვაა და ნიშნავს „ჩვენ“. ახლა აფხაზეთში უკვე არსებობს ინტერნეტი და ამჟამად ინტერნეტ-რადიოს გაკეთებას ვაპირებთ. აფხაზურ საზოგადოებას მივაწვდით ობიექტურ ინფორმაციას, რის ნაკლებობასაც ისინი განიცდიან. ეს იდეა მოეწონა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლობას და რადიოსთვის საჭირო ტექნიკის გადმოცემას შეგვპირდნენ. სავარაუდოდ, აპარატურას წელსვე მივიღებთ.

კონფლიქტის კვალიფიციურად გაშუქების მიზნით თქვენ ჩაატარეთ ტრენინგი ქართველი ჟურნალისტებისთვის. რომელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და როგორ წარიმართა ტრენინგი?

ნინო ბერძენიშვილი,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე:

- კონფლიქტის გაშუქებას სჭირდება გარკვეული ცოდნა და გამოცდილება. ქართველი ჟურნალისტები საკმაოდ სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ მოვლენების შეფასებისას. ჩვენ და „საქართველოს რეფორმათა ასოციაციამ“ ერთობლივად გადავწყვიტეთ ტრენინგის ჩატარება, რომელსაც თითქმის ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა, იყვნენ ბლოგერებიც. თემა გახლდათ - „კონფლიქტი აფხაზეთში და მისი ისტორია“. ტრენინგი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჟურნალისტებს მივაწოდეთ ინფორმაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიის, აფხაზური ენის, ეთნოსის, ტრადიციების და ა.შ. შესახებ. მზარდი ინტერესის გამო მეორე ტრენინგიც ჩავატარეთ. ტრენინგის მასალები „საქართველოს რეფორმათა ასოციაციის“ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საგანმანათლბლო საქმიანობასაც ეწევა. რამდენად დიდია ინტერესი აფხაზური ზეპირმეტყველების კურსების მიმართ?

ლეილა ავიძბა,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი:

- აფხაზური ზეპირმეტყველების კურსებზე მიღება წელიწადში ერთხელ ცხადდება. კურსები უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება. მიუხედავად აფხაზური ენის სირთულისა, საზოგადოებაში დიდი დაინტერესებაა. სხვათა შორის აფხაზური ენა საინტერესო აღმოჩნდა განსხვავებული პროფესიის ადამიანებისთვის. ფილოლოგებისა და ლინგვისტების გარდა, დაინტერესდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინფორმატიკის მიმართულების სტუდენტებიც. კურსებისთვის სპეციალურად გამოვეცით აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები აუდიო ვერსიასთან ერთად. კურსდამთავრებულების ნაწილს კავშირი აქვს აფხაზ თანატოლებთან. რა თქმა უნდა, აფხაზების რეაქცია არაერთგვაროვანია - არის ნეგატიურიც, ნეიტრალურიც, თუმცა, ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნოა, როდესაც მშობლიურ ენაზე ესაუბრები.

აფხაზური ზეპირმეტყველების კურსებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩაიხანა“-ს ფარგლებში რეჟისორმა ქეთი გიგაშვილმა დოკუმენტური ფილმი „აფხაზური გაკვეთილები“ მოამზადა.

ცენტრის ფარგლებში რა მთარგმნელობითი სამუშაოები მიმდინარეობს?

ესმა კოკოსკერია,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი:

- თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდი ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე მუშაობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ აფხაზურ ენაზე თარგმნას. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასაც აფხაზურ ენაზე ვთარგმნით. პარალელურად მე და ლეილა ავიძბა საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურენოვანი „მოამბის“ მთავარი რედაქტორები ვართ.

საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მხრივ რა სიახლეებია?

ლეილა ავიძბა,

თსუ-ის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი:

- წელს მოლდოვაში ვიმყოფებოდით მე და ესმა კოკოსკერია, სადაც აფხაზ მწერლებსა და ლინგვისტებს შევხვდით. მივლინება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრის მიზანი პროექტის - „აფხაზური ენის დაცვა აფხაზების და ქართველების მიერ“ - განხორციელებაა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – აფხაზური ენის კორპუსის შექმნა და ქართველი და აფხაზი მწერლების ესეების ორენოვანი კრებულის გამოცემა.

ასევე, ვმონაწილეობდით სემინარში „კავკასიურ ენათა ლექსიკური და ტიპოლოგიური მრავალფეროვნება. მოცულობითი მონაცემთა ბაზის კოდირების მეთოდები და მოდელები“, რომელიც შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის ცენტრსა და მალმოს უნივერსიტეტის ენისა და ლინგვისტიკის (კავკასიათმცოდნეობა) განყოფილებაში გაიმართა. შედეგად შეიქმნა აფხაზური ენის მცირე ბაზა, რომელიც ლუნდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აღსანიშნავია ევროსაბჭოს პროექტი „სინქრონული თარგმანის ტრენინგი სპეციალისტებისთვის თბილისიდან და სოხუმიდან”. აფხაზური ენის 5-მა სპეციალისტმა თბილისიდან და 5-მა სპეციალისტმა სოხუმიდან ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავიარეთ. აფხაზური ენის სინქრონული თარგმანის სპეციალისტების მოძიება რთულია, ამიტომ ასეთი სახის პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, ვცდილობთ, ჩვენი მოღვაწეობის არეალი გავაფართოვოთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ცენტრის შესახებ იციან და გვიწვევენ მსგავსი პროექტების განხორციელებისას.