მორფოლოგიის ინსტიტუტში ხელოვნური გულ-ფილტვის აპარატის გამოყენების იდეაზე მუშაობენ

02 დეკ 2016

თსუ-ს მორფოლოგიის ინსტიტუტში ხელოვნური გულ-ფილტვის ახალი აპარატი შეიქმნა, რომელიც გულის უეცარი გაჩერების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას უზრუნველყოფს. აპარატის მთავარი უპირატესობა მისი ორიგინალური კონსტრუქციის სისხლის ტუმბოა, რომელიც ვენური სისტემიდან მიღებული სისხლის ჟანგბადით გამდიდრების შემდეგ არტერიულ კალაპოტში გადატუმბვით გულის ფუნქციას ასრულებს. მსოფლიოს მასშტაბით ანალოგიური აპარატების საკმაოდ ბევრი მოდელი არსებობს, თუმცა ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ მორფოლოგიის ინსტიტუტში შექმნილ აპარატს უკეთესი მედიკო-ბიოლოგიური მახასიათებლები გააჩნია. მაგალითად, ტუმბოში გავლისას გამოირიცხება სისხლზე ტრავმული ზეგავლენა, ტუმბოს გააჩნია როგორც ვენური, ისე არტერიული სისხლნაკადის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელთა პარამეტრები ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ტუმბოს კონსტრუქციაზე გაცემული საქართველოს პატენტის ავტორები არიან მორფოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლები, პროფესორები ნოდარ ხოდელი და ზურაბ ჩხაიძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხელოვნური სისხლის, ხელოვნური გულის, ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატების შემუშავების პრობლემებზე მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში მიმდინარეობდა კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში. მოსკოვში ამ პრობლემებზე მომუშავე ორ ცენტრთან ერთად ქართველ მეცნიერთა მიღწევები იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ 1979 წელს ხელოვნური გულის თემატიკით ჩატარებული საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის პირველი სიმპოზიუმი თბილისში გაიმართა. იდეები, რომლებსაც ახლა მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ახორციელებენ, სათავეს სწორედ ამ პერიოდიდან იღებს.

 

ექსპერიმენტული ნიმუში

ორიგინალური ხელოვნური გულ-ფილტვის აპარატის საცდელი ნიმუში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით, 2012-2014 წლებში შეიქმნა. პროექტი პროფესორებმა ნოდარ ხოდელმა და ზურაბ ჩხაიძემ მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელთა ჯგუფთან ერთად წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ექიმების მიერ კუსტარულად შექმნილი ექსპერიმენტული აპარატი, ანუ მედიკოსებმა იტვირთეს ინჟინერ-მექანიკოსების ფუნქციაც.

„ეს აპარატი ექსპერიმენტული ნიმუშია, რომელსაც სხვადასხვა სახის ცხოველებზე (ბოცვრებზე, ძაღლებზე, ცხვრებზე) დაავადებების და მკურნალობის მეთოდების მოდელირებისას ვიყენებთ. ექსპერიმენტის დროს ხდება ცხოველის გულს გაჩერება 10-15 წუთამდე, შემდეგ სტანდარტული, სასწრაფო მეთოდით, სპეციალური კანულებით ხორციელდება აპარატის მიერთება ცხოველის გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან და იწყება სისხლის ხელოვნური მიმოქცევა. ამით, გაჩერებული გულის პირობებში, ხელოვნური სისხლმიმოქცევა უზრუნველყოფს სასიცოცხლო ორგანოების (პირველ რიგში თავის ტვინის) სათანადო ენერგოუზრუნველყოფას. ასეთ პირობებში შესაძლებელია გულის მუშაობის სპონტანური აღდგენა. ამ დროისთვის ჩატარებული ექსპერიმენტები ადასტურებს ჩვენს მიერ შემუშავებული ხელოვნური გულ-ფილტვის აპარატის და ხელოვნური სისხლმიმოქცევის უპირატესობებს კლინიკაში საყოველთაოდ მიღებულ, რეანიმაციის სტანდარტულ მეთოდებთან შედარებით”, - განაცხადა პროფესორმა ნოდარ ხოდელმა.

 

კვლევებისთვის მზადება

მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, ნოდარ ხოდელისა და ზურაბ ჩხაიძის ხელმძღვანელობით, ხელოვნური გულ-ფილტვის აპარატის პრეკლინიკური კვლევებისთვის მზადებას იწყებს. კვლევების შედეგების სარწმუნოობის სათანადო დონის მისაღწევად აუცილებელია ექსპერიმენტების უზრუნველყოფა მონაცემთა მონიტორინგის უახლესი ხელსაწყოებითა და საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურით. ამიტომ, დღეს, კვლევების ფინანსური უზრუნველყოფის დაბალი დონე მნიშვნელოვნად აფერხებს პრობლემის კლინიკურ რეალიზაციას. თუმცა, მორფოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ სათანადო აღჭურვილობის ნაწილი უკვე შეიძინა, მაგრამ ეს კვლევების კომპლექსური განხორციელებისთვის მაინც არასაკმარისია. ამავე დროს, პრობლემურია შემუშავებული აპარატის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტექნოლოგიური სრულყოფის საკითხიც. მიუხედავად ამისა, მეცნიერები, საქართველოს პირობებში, აპარატის დახვეწას პრეკლინიკური კვლევების დონემდე შესაძლებლად მიიჩნევენ.

რაც შეეხება საქართველოს პატენტის საერთაშორისოდ აღიარებას და შესაბამისი იურიდიული დაცვის უზრუნველყოფას, იგი საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„საზღვარგარეთის პატენტის მოპოვება, დაახლოებით, 60-70 ათასი ევრო ჯდება და პროცედურას 3 წელი სჭირდება. ორიგინალური ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატის საზღვარგარეთ გატანა და პატენტის მოპოვება, მცირე დაფინანსების გამო, გაცილებით რთულია, ვიდრე აპარატის მუშაობასთან დაკავშირებული სამეცნიერო იდეების რეალიზაცია, რის გამოც, ეს მიმართულება ჩვენთვის უფრო პრიორიტეტულია. პრობლემურია, აგრეთვე, აპარატის ცოცხალ ორგანიზმებზე გამოცდაც, რადგან ექსპერიმენტული კვლევა სათანადო ზომისა და წონის საცდელი ცხოველებით უზრუნველყოფას მოითხოვს. სამეცნიერო კვლევებში ბიოეთიკური საკითხების აქტუალიზაცია ახალ პრობლემებს ბადებს. ცხოველების შეძენასთან დაკავშირებით ყოველთვის წინააღმდეგობა იქმნება. ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. საერთოდ კი, მეცნიერების ჯერ კიდევ შემორჩენილი კერების შესანარჩუნებლად საჭიროა სახელმწიფოებრივი ხედვა, შესაბამისი მარეგულირებელი და აღმასრულებელი ორგანოების ნება, რომ არსებული მიმართულებები პერმანენტულად ვითარდებოდეს”, – აღნიშნა პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ.

 

ახალი განაცხადი

კვლევების გაგრძელებისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ახალი საგრანტო განაცხადი აქვთ წარდგენილი, რომელიც ეხება ხელოვნური სისხლმიმოქცევის ორიგინალური აპარატის (ტუმბოს) გამოცდას კრიტიკულ სიტუაციებში ორგანიზმის რეანიმაციის მიზნით (მათ შორის, საველე პირობებშიც).

„უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენი ჯგუფი სწორედ ამ თემატიკაზე მუშაობს. გვაქვს იდეა, რომ შეიქმნას მცირე ზომის მაღალეფექტური, პორტატული, ტრანსპორტაბელური ხელოვნური სისხლმიმოქცევის ხელსაწყო, რომელიც საველე პირობებშიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას. დღეს, გულის უეცარი გაჩერების დროს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გამოყენებადი რეანიმაციის სტანდარტული ღონისძიებები – გულის დახურული მასაჟი, პირით პირში ხელოვნური სუნთქვა და მედიკამენტოზური ინტერვენცია - ოპტიმალური სისხლმიმოქცევის მხოლოდ 5%-ს უზრუნველყოფს. ამიტომ, ასეთი რეანიმაციის შედეგად გადარჩენილთა პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 10-15%-ს აღწევს. ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატის გამოყენების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 40% და მეტია. იმ შემთხვევებშიც კი, თუ პაციენტის გულის დამოუკიდებელი (სპონტანური) შეკუმშვები ჩატარებული ხელოვნური სისხლმიმოქცევის შედეგად არ აღდგა, ჩვენ ვთავაზობთ ამ პროცედურის განგრძობას (პროლონგირებას) პაციენტის კლინიკაში გადასაყვანად. ჩვენ ვთვლით, რომ ექიმების კონსილიუმი კლინიკაში უნდა წყვეტდეს დაზარალებულის თავის ტვინის ფაქტიურ, ფუნქციურ მდგომარეობას. მხოლოდ თავის ტვინის „სიკვდილის“ დადასტურების შემთხვევაში, კონსილიუმში იურისტების და პაციენტის ნათესავების მონაწილეობით შეიძლება გადაწყდეს დაზარალებულის პოტენციურ დონორად ცნობა. ამ შემთხვევაში, ხელოვნური სისხლმიმოქცევის აპარატის პროლონგირებული ფუნქციონირება აღნიშნული პროცედურებისთვის დროის მოგებისა და ამ პერიოდში დონორული ორგანოების ადეკვატური სისხლმომარაგების შენარჩუნების საშუალებას იძლევა. საჭირო აღარ იქნება გადანერგვამდე ორგანოთა კონსერვაცია გაყინვის მეთოდებით და მათი ვარგისიანობის ალბათობა გაიზრდება. ვფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომა ტრანსპლანტოლოგიაში არსებულ პრობლემას მნიშვნელოვანწილად მოაგვარებს, რადგან, დღეისათვის, დონორული ორგანოების რაოდენობა საგრძნობლად ჩამოუვარდება სატრანსპლანტაციოდ მოთხოვნილ ორგანოთა რაოდენობას. ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობთ საქართველოზე, სადაც დონორული ორგანოების გამოყენების პრობლემა არც საკანონმდებლო და არც მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით გადაწყვეტილი არ არის. ლაპარაკია ამ თვალსაზრისით ცივილურ ქვეყნებზე, რომელთა რიცხვსაც, ჯერჯერობით, არ მივეკუთვნებით”, - აღნიშნა პროფესორმა ნოდარ ხოდელმა.

აპარატის გამოყენებით მიღწეულ ეფექტებს ემყარება კონცეფცია, რომლის თანახმადაც, გულის უეცარი გაჩერების დროს, ეფექტური რეანიმაციის შედეგად გაიზრდება გადარჩენილ პაციენტთა რიცხვი, ხოლო წარუმატებელი რეანიმაციის შემთხვევაში, ხელოვნური სისხლმიმოქცევის პროლონგირების პირობებში, მიიღწევა პოტენციური დონორის ორგანიზმში ორგანოთა სრულყოფილი ჰემოდინამიკური დაცვა, ანუ ოპტიმალური კონსერვაცია ამ ორგანოების გადანერგვამდე.

პროფესორების - დიმიტრი კორძაიას, ნოდარ ხოდელის და ზურაბ ჩხაიძის თაოსნობით, ორი წლის წინ ქართულ-ესპანური კვლევითი ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფს ესპანეთის მხრიდან სევილიის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიისა და ტრანსპლანტაციის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰავიერ პადილო უდგას სათავეში. წინასწარი კვლევების საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ ქართველ მეცნიერთა მიერ შეთავაზებული მეთოდის ეფექტიანობა ცნობილი ანალოგების ეფექტიანობას უნდა აღემატებოდეს. პროექტი ევროკავშირის სამეცნიერო გრანტების „ჰორიზონ 2020”-ის კონკურსზე დაფინანსების მოსაპოვებლად 2016 წლის ნოემბრის დასაწყისშია წარდგენილი.