საიუბილეო კრებული „თედო ნინიძე - 65“

02 დეკ 2016

სამართალი, უპირველეს ყოვლისა, კულტურული ფენომენია და ღირებულებათა წესრიგის განსაზღვრაში უდიდეს როლს თამაშობს – ასეთია იურისპრუდენციისა და სამართლის ხედვა პროფესორ თედო ნინიძისთვის და სწორედ ამის მიტანას ცდილობს იგი საკუთარ სტუდენტებამდე. ბატონი თედო იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს სათავეებთან იდგნენ და საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით პირველ აგურებს აწყობდნენ იმ სფეროებში, რომელთა განვითარების გარეშეც წარმოუდგენელია ნებისმიერი სახელმწიფოს შენება. წარსულში ქვეყნის გენერალური პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სრულიად უნიკალური აკადემიური განათლებითა და ფართო სამეცნიერო ხედვით – ასეთი გამოცდილებით ზრდიდა და დღემდე ზრდის თედო ნინიძე იმ ადამიანებს, რომელთა პროფესიაც ღირებულებების სამართლიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ამ ყველაფრის კანონში გადატანა და შემდეგ ამ კანონების დაცვა-აღსრულებაა.

65 წლის მეცნიერისა და იურისტის საიუბილეო თარიღს მიუძღვნეს თედო ნინიძის ყოფილმა სტუდენტებმა კრებული, რომელიც მათივე დაფინანსებით გამოიცა და რომლის პრეზენტაციაც უნივერსიტეტში 11 ნოემბერს გაიმართა.

„საერთოდ, საიუბილეო კრებული არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის გამოცემა, რომელშიც მეცნიერები თავის სიტყვას ამბობენ. საიუბილეო კრებულების ტრადიცია ევროპულია და ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დამკვიდრდა. როდესაც ევროპაში 65 წელი უსრულდება მეცნიერს, რომელმაც მთელი თავისი ცოდნა მიუძღვნა საუნივერსიტეტო განათლებას, იურისპრუდენციას, მისი კოლეგები მას უძღვნიან კრებულს ნიშნად იმ დამსახურებისა, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა ქვეყნისა და განათლებისთვის. ბატონი თედო არის სწორედ ასეთი ადამიანი – ძალიან ბევრის, მათ შორის, ჩემი მასწავლებელი და ჩვენ ყოველდღიურად ვართ იმის მომსწრე, თუ როგორ გენერირდება ის ცოდნა, ფილოსოფია და გამოცდილება, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს დაგროვებული ახალ თაობაში“, – აღნიშნა შესავალ სიტყვაში იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდულმა.

კრებულში თავმოყრილია სამართლის საკითხებზე ახალგაზრდა მკვლევრების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ნაშრომები და წერილები. კრებული იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგისა“ და „დეკერტ საქართველოს“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

„ყველამ ვიცით, რომ საბჭოთა ინერციიდან გამომდინარე, ჩვენში დღემდე არსებობს იურიდიული პრაქტიკისა და თეორიის თანხვედრის პრობლემა. ჩვენი სტუდენტობიდან მოყოლებული, ბევრი სახელმძღვანელო შემიძლია გავიხსენო, რომელიც პრაქტიკაში აღარ გამოგვდგომია. თავის დროზე შედარებითი სამოქალაქო სამართალი იყო ახალი საგანი, რომლის სწავლებაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო პირველად და ამ საგნის სალექციო კურსი ბატონ თედოს აყვანილი ჰყავდა ხელოვნების სიმაღლეზე. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თედო არასოდეს ყოფილა ადვოკატი, თუმცა კი ნამუშევარი აქვს ყველა უმაღლეს იურიდიულ თანამდებობაზე, ის იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ცოდნა, რომელსაც გადასცემს სტუდენტებს, მათ პრაქტიკაში გამოიყენონ“, – აღნიშნა გიორგი ცერცვაძემ, რომელიც კრებულის გამოცემის ერთ-ერთი ინიციატორი, ამჟამად თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და პრაქტიკოსი ადვოკატია.

კრებულის გამოცემის და პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებამდე საიდუმლოდ ინახებოდა, რადგან, ზოგადად, ბატონი თედოს დამოკიდებულება მსგავსი ღონისძიებების მიმართ ცნობილია და მისი აზრით, საიუბილეო თარიღებისთვის საქმიანი ადამიანები არ უნდა ცდებოდნენ. თუმცა, ღონისძიების ადრესატი ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა იმით, რომ მსგავსი მაღალი დონის კრებული გამოიცა, საკუთარ პერსონას კი მხოლოდ ამ გამოცემის ინსპირატორად განიხილავს: „არაჩვეულებრივი ავტორები... მაღალი დონის პოლიგრაფია... მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც არის საიუბილეო კრებული, დღეს არც ჩემი იუბილეა და არც ბენეფისი, რადგან შარშან, როცა 65 წელი შემისრულდა, უნივერსიტეტის რექტორმა გადმომცა უნივერსიტეტის მედალი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მედალი და ამისთანა კრებული ერთი კაცისთვის საკმარისია დასაფასებლად. თუმცა, მაინც, მიმაჩნია, რომ დიდი არაფერი გამიკეთებია“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თედო ნინიძემ.

მოკლე და ლაკონური გამოსვლის მიუხედავად, თედო ნინიძემ მისთვის ჩვეული სიღრმით ისაუბრა სამოქალაქო სამართლის, იგივე ცივილისტიკის განვითარების ისტორიაზე პოსტსაბჭოთა საქართველოში. მისი თქმით, ცივილისტიკა მეორეხარისხოვანი იყო ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ. კერძო, იგივე სამოქალაქო სამართლის დავები თითქმის არ მიმდინარეობდა საბჭოთა სისტემაში, სადაც ყველაფრის მესაკუთრე სახელმწიფო იყო. „ის ულამაზესი კონსტრუქციები, რაც ცივილისტიკას აქვს რომის სამართლიდან მოყოლებული დღემდე, სულაც ზედმეტი იყო საბჭოთა კავშირისთვის და უსარგებლო საგანსაც ეძახდნენ. ვიცით, რომ საბჭოთა სამართალი არ აღიარებდა კერძო საკუთრებას და, შესაბამისად, ის იყო საჯარო და სისხლის სამართალზე ორიენტირებული. დრომ და პოლიტიკური სისტემის ცვლამ მოიტანა სამოქალაქო სამართლის განვითარება, რადგან ადამიანის კერძო ცხოვრება გახდა დასაცავი და, საერთოდაც, სამართლის ყველა დარგის მთავარი სუბიექტი არის ადამიანი და მისი კერძო ცხოვრება”, – აღნიშნა ბატონმა თედომ. მისივე თქმით, საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე ადრე გააკეთა ადეკვატური სვლა და მოძებნა კერძო სამართლის ადგილი სწავლების სისტემაში, რამაც უკვე გამოიღო შედეგი და დღეს ქართული სამოქალაქო სამართალი როგორც პრაქტიკაში, ისე მეცნიერებაში სათანადოდ პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს.

„როცა ადამიანს შეუძლია მასთან საუბრით გაგხადოს უკეთესი, ეს არის მაქსიმუმი, რაც ადამიანს შეუძლია და ამას იქით აღარ არსებობს სიმაღლე, ძალიან დიდი მადლობა ბატონ თედოს ამ ყველაფრისთვის!”, – ეს ბატონი თედოს ერთ-ერთი ყოფილი სტუდენტის სიტყვებია და ის საუკეთესოდ გამოხატავს ნებისმიერი სწავლების მიზანს და ყველაზე მთავარს პროფესორისა და სტუდენტის, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში და, შესაბამისად, იმ ღვაწლსაც, რომელიც თედო ნინიძეს ქართულ იურიდიულ განათლებაში უდევს.