მათთვის, ვისაც სწორად წერა და მეტყველება სურს

02 დეკ 2016

გამოიცა „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“

ენა ცოცხალი ორგანიზმია, ლექსიკონი კი ამ ორგანიზმის სიჯანსაღეს უწყობს ხელს, რადგან წლიდან წლამდე ნებისმიერ ენაში მკვიდრდება ახალი სიტყვები და გამოთქმები, რომელთა სწორად წარმოთქმა და წერა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ყურადღებით ეკიდებიან ადამიანები საკუთარი ენის სიწმინდეს და რამდენად აქტიურად ადევნებენ თვალს ენაში მიმდინარე ცვლილებებს ენათმეცნიერები. დღეს, იმ ფონზე, როცა ქართველ ტელეჟურნალისტებს მოძალებული ბარბარიზმებისა და ჟარგონის გამო მეტყველებას სამართლიანად უწუნებენ, ხოლო პრესის ჟურნალისტები ხშირად იმტვრევენ თავს – როგორ დაწერონ სწორად ესა თუ ის უცხოური და ახლად დამკვიდრებული ტერმინი, სწორედ რომ დროული იყო მართლწერის ლექსიკონის შექმნა სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის.

18 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეეებზე თსუ-ის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნის - „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“ - პრეზენტაცია გაიმართა. ლექსიკონი თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებამ სპეციალურად მედიის სფეროში მოღვაწეთათვის მოამზადა იმ შეცდომების (თუ უზუსტობათა) გათვალისწინებით, რომლებიც ყველაზე ტიპობრივი ჩანს მათი ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას.

წიგნის რედაქტორია თამარ ვაშაკიძე, კონსულტანტი - აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, რეცენზენტები - გიორგი გოგოლაშვილი და ვაჟა შენგელია. ლექსიკონზე მუშაობდნენ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების წევრები: თეა ბურჭულაძე, მაკა ლაბარტყავა, ვახტანგ მაღრაძე, თამარ მახარობლიძე, თეა ტეტელოშვილი და ნინო ჯორბენაძე (პასუხისმგებელი მდივანი). სალექსიკონო მასალის შეგროვებაში მონაწილეობდნენ ასევე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები.

„თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ივსება უცხო ცნებების აღმნიშვნელი სიტყვებითა და გამოთქმებით, ასევე სხვადასხვა დარგისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიით, რომელთაგანაც ერთი ნაწილი ბარბარიზმებს წარმოადგენს, ხოლო ენაში არასწორად დაწერილი მკვიდრდება. შესაბამისად, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებამ საჭიროდ მიიჩნია აღენუსხა ახლად გამოვლენილი ენიობრივ-სტილისტიკური შეცდომები და ტელე-რადიო ჟურნალისტებისა და ქართული პრესის წარმომადგენელთათვის მოემზადებინა მართლწერის ლექსიკონი, რომელშიც, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ უცხო სიტყვებია წარმოდგენილი, არამედ სხვა სახის შეცდომებიც“, - განაცხადა წიგნის წარდგენისას რედაქტორმა თამარ ვაშაკიძემ.

მისი თქმით, ლექსიკონში ორთოგრაფიულ-გრამატიკული და ხშირად სტილისტიკური შეცდომები მიწოდებულია ისე, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, საინტერესო სიტყვა იპოვოს არა მხოლოდ სწორი, არამედ უმართებულო ფორმის მიხედვითაც. მაგალითად, ასო-ბგერა ტ-ზე მოცემულია: ტრილერი და არა თრილერი, ხოლო ასო-ბგერა თ-ზე - თრილერი კი არა, ტრილერი... ან კიდევ, ასო-ბგერა ტ-ზე: ტოქ-შოუ და არა თოქ-შოუ; ხოლო ასო-ბგერა თ-ზე: თოქ-შოუ კი არა, ტოქ-შოუ;

თუ მართებული და უმართებულო სიტყვების დასაწყისი ასოები ერთმანეთს ემთხვევა და ეს სიტყვები ლექსიკონში ერთმანეთის ახლოს აღმოჩნდებიან, ასეთ შემთხვევაში სალექსიკონო ერთეული წარმოდგენილია მხოლოდ ერთი აკრძალვით. მაგალითად, სერტიფიკატი და არა სერთიფიკატი, სერტიფიცირებული და არა სერთიფიცირებული.

ლექსიკონი სიახლეს წარმოადგენს იმ თვალსაზრისით, რომ მასში პირველად არის გათვალისწინებული ბევრი ახალი ლექსიკური ერთეული და ტერმინი, რომელთაგანაც ერთი ნაწილი ბარბარიზმად არის მიჩნეული. მაგალითად სენსიტიური კი არა, მგრძნობელობითი, გრძნობითი, ფაქიზი (გააჩნია კონტექსტს); სტეპლერი კი არა – საკინძელა; ქსეროქსი კი არა, ასლგადამღები; „ბასანოშკი“ კი არა – მაშია და ა.შ.

ტერმინები, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე დამკვიდრებულია ენაში, ლექსიკონში წარმოდგენილია შესაბამისი ორთოგრაფიით. მაგალითად, პენიტენციური და არა პენიტენციული, ინტერაქტიური და არა ინტერაქტიული, ვიზალიბერალიზაცია იწერება ერთად და არა დეფისით, როგორც ეს ხშირად წარმოდგენილია პრესაში.

ლექსიკონი ორიგინალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში პირველად შეიცვალა ბევრი სიტყვის დაწერა. მაგალითად, დღემდე მართებულ ფორმად იყო მიჩნეული სიტყვები: არა მარტო, არა უადრეს, არა უგვიანეს, არა უმეტეს (ცალ-ცალკე) და ა.შ. დღეს ეს სიტყვები უკვე ერთ სიტყვას წარმოადგენს და იწერება ერთად: არამარტო, არაუადრეს, არაუგვიანეს, არაუმეტეს და ა.შ.

სიახლეა ისიც, რომ ძალიან ბევრ სიტყვას მოეხსნა აკრძალვა. მაგალითად, დღემდე ერთადერთ სწორ ფორმად იყო მიჩნეული სიტყვა მინახავხარ (მინახიხარ შეცდომად იყო მიჩნეული). სიტყვას კვადრატულ ფრჩხილებში, პარალელურ ვარიანტად აქვს მიწერილი მინახიხარ; ან კიდევ: შიგა გაყვანილობა, რომელსაც ასევე ახლავს პარალელური ფორმა - შიდაგაყვანილობა და სხვ.

ლექსიკონში ასევე გათვალისწინებულია სინტაქსური და სტილისტიკური შეცდომებიც (კონტექსტის მიხედვით). სიახლეა კუმშვა-კვეცის თვალსაზრისითაც.

ზოგჯერ ორმაგი უარყოფის შიშით ჟურნალისტები არასწორ ფრაზებსაც იყენებენ. მაგალითად: არავითარ შემთხვევაში მოვიდა, არაფრის დიდებით დაგვეთანხმა და ა.შ ამ სახის სიტყვები ლექსიკონში ანბანის მიხედვითაა განლაგებული და მრგვალ ფრჩხილებში აქვს მიწერილი, რომ მოითხოვს ორმაგ უარყოფას (არავითარ შემთხვევაში არ მოვიდა, არაფრის დიდებით არ დაგვეთანხმა და ა.შ ).

ლექსიკონში მოცემულია 18 ათასამდე ერთეული. მათ შორის არის ყველაზე ხშირი შემთხვევები, რაც კი თანამედროვე ჟურნალისტების ენაში დაფიქსირებულა, თუმცა, ეს მეათედიც კი არაა იმისა, რა პრობლემებიც არსებობს. ამიტომ მის შესავსებად თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მუშაობას აგრძელებს. როგორც ლექსიკონის კონსულტანტმა, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უკვე მზადაა და გამოვა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის ათტომეული, თუმცა სანამ განმარტებითი ლექსიკონის ბაზა ბოლომდე არ იქნება მიყვანილი, სრული ორთოგრაფიული ლექსიკონის გაკეთება შეუძლებელია.

„ქართულ ენაში ძალიან ბევრი უცხო სიტყვა შემოდის და მკვიდრდება. მაგალითად, ჩვენ უხეშ ბარბარიზმად მიგვაჩნდა „ტრენერი“ და „ტრენიროვკა“, დღეს კი მას განათლების სპეციალისტებიც კი იყენებენ, მაშინ, როცა ქართულში არსებობს შესატყვისი - წვრთნა, მწვრთნელი... ასევე დამკვიდრდა სიტყვა - „პრეზენტაცია“, რაც სხვა არაფერია, თუ არა წარდგინება და სხვ. ქართული ენა სიტყვათწარმოებისა და ფორმათწარმოების მხრივ ძალიან მდიდარია და უნდა შევძლოთ, რომ ასე განუკითხავად არ გავავსოთ უცხო სიტყვებითა და გამოთქმით“, - აღნიშნა მან.

აქვე ითქვა ისიც, რომ ენის ნორმების დადგენაში თვითშემოქმედება არ შეიძლება. სხვადასხვა ნორმის მომხრე ენათმეცნიერებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას და დადგინდეს მართებული ფორმები, რომ სწორად ვწეროთ და ვიმეტყველოთ.

„ჩვენ გვსურდა სწორედ ჟურნალისტებისთვის გამოგვეცა ეს ლექსიკონი, რადგან ძირითადად მათ უსმენს საზოგადოება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თუ ჟურნალისტი გამოასწორებს მეტყველებას, ეს საზოგადოებაზეც იმოქმედებს. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი არის ის დაწესებულება, სადაც წლების განმავლობაში მზადდებოდა და ახლაც მზადდება სალიტერატურო ენის ნორმათა პროექტები (ძირითადად ქართული მეტყველების კულტურის განყოფილებაში) და ის გადაწყვეტილება, რომელსაც ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო მიიღებს, ყველა დანარჩენი ჯგუფისთვის უნდა იყოს გასათვალისწინებელი. ჩვენ ვხვდებით ჩვენს კოლეგებს, ვმსჯელობთ თითოეულ ტერმინსა და გამოთქმაზე, საბოლოოდ კი ყველას აზრი განიხილება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე (რადგან ენის ნორმების დამდგენი კომისია ჯერ არ არსებობს) და ისეთ ვარიანტს ვარჩევთ, რომელიც ყველაზე მისაღებია“, - განაცხადა ლექსიკონის რედაქტორმა თამარ ვაშაკიძემ.

ენათმეცნიერების ინსტიტუტი განაგრძობს ლექსიკონებზე მუშაობას. აპრილში გამოიცემა ოფიციალურ საქმიან სფეროსთან დაკავშირებული ქართული ენის ლექსიკონი და აბრევიაციათა ლექსიკონი. ლექსიკონები მოემსახურება ყველას, ვისაც სურს სწორად წერა და მეტყველება.