თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს

18 ნოე 2016

თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მომუშავე ჯგუფებმა სტრატეგიული განვითარების გეგმის პირველადი დოკუმენტის (2017-2021 წწ.) შესახებ მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს. შეხვედრა თსუ-ის ვიცე-რექტორმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა: „ჯგუფებში და რექტორატშიც ინტენსიური განხილვა მიმდინარეობდა, შევიტანეთ გარკვეული შესწორებებიც. უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის გეგმის პირველ ვერსიას სერიოზული დახვეწა სჭირდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. სამუშაო ჯგუფების წევრებმა წარმოადგინეს შენიშვნები დოკუმენტში ტერმინების დაზუსტებასთან დაკავშირებით; მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში თსუ-ის განვითარებისთვის საჭირო ცვლილებები თეზისების დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს და განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებები ცალკე, სამოქმედო დოკუმენტში გაიწეროს, რომელიც ცვლადი ხასიათის იქნება.

რექტორატისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების თანამშრომლობა მხოლოდ თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებით არ სრულდება.

„გადაწყვეტილებას ყველა ერთად ვიღებთ. ჩვენ ვართ თანასწორები, კოლეგები. სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2017 წლიდან, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, სადაც შევლენ პროფესორები, სტუდენტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. ისინი სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევენ. ეს დოკუმენტი ღია იქნება და ეტაპობრივად ცვლილებების შეტანაც შეგვეძლება. პროცესში ჩართული ყველა ადამიანის აზრი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ამ დროისთვის დოკუმენტზე 7 თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს: 1. უნივერსიტეტის მართვა; 2. თსუ-ის ინფრასტრუქტურის განვითარება; 3. სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტთა მომსახურება; 4. სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა; 5. საგანმანათლებლო საქმიანობა; 6. თსუ-ის საქმიანობის ხარისხის შეფასება; 7. საზოგადოებასთან ურთიერთობა. თითოეულმა ჯგუფმა თსუ-ის რექტორატს წინადადებები მოხსენებების საშუალებით და წერილობითი სახით მიაწოდა.

უნივერსიტეტის მართვის გაუმჯობესების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს ადმინისტრაციის ოპტიმიზაციის დაწყებას, მენეჯმენტის დახვეწას, მართვის პროცესში აკადემიური პერსონალის ჩართულობას, ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვას, რაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებისა და საქმის წარმოების გამარტივების აუცილებელი წინაპირობაა. თსუ-ის საქმიანობის ხარისხის შეფასებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ჯგუფის წევრებმა ინიციატივა გამოთქვეს, რომ დაიხვეწოს და დაინერგოს ადმინისტრაციის მუშაობის შეფასების ახალი მეთოდები: „აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული პერსონალის შეფასების სისტემა რაოდენობრივთან ერთად თვისებრივ კომპონენტებსაც ითვალისწინებდეს“, - განმარტა თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თამარ ვეფხვაძემ.

„ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაციების ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს, აუცილებელია ადმინისტრაციის ოპტიმიზაცია, მაგრამ არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რადგან ზოგიერთ ერთეულში შესაძლოა კადრების ნაკლებობა იყოს, ნაწილში კი - პირიქით. ადმინისტრაცია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს. უნივერსიტეტისთვის სასარგებლო იქნება, თუ აკადემიური პერსონალიც მიიღებს მართვის პროცესში მონაწილეობას“, - განაცხადა „უნივერსიტეტის მართვის ჯგუფის“ მოდერატორმა, პროფესორმა ლევან გორდეზიანმა.

„მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია სემესტრის ბოლოს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შეფასება. მათ შორის, ვგულისხმობ საფაკულტეტო ადმინისტრაციის პერსონალისა და ფაკულტეტების დეკანებსაც. აუცილებელია ელექტრონული მართვის სისტემის ამოქმედება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, - აღნიშნა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ჯგუფის წარმომადგენელმა ალექსანდრე თევზაძემ.

თსუ-ში ელექტრონული მართვის სისტემა რომ აუცილებლად დაინერგება და განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს, რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა დაადასტურა. რაც შეეხება უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხს, „უნივერსიტეტის მართვის ჯგუფის“ მოსაზრებით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი. ამავე დროს, რექტორატი ფინანსების მოძიების ალტერნატიულ ფორმაზეც მუშაობს, იგულისხმება კურსდამთავრებულთა ფონდის შექმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური რესურსის გონივრულად გამოყენება.

„საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს აქვს პოტენციალი, რომ ინტელექტუალური საკუთრების შემდგომი პატენტიზაციის და კომერციალიზაციის შედეგად კოლოსალური შემოსავალი შემოიტანოს. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როდესაც კომერციალიზაციის საკითხს ეხები და თანამშრომლობ უცხოეთთან, ადვილად მოწყვლადი ხდები, თუ უნივერსიტეტი იურიდიული მხარდაჭერით გვერდით არ გიდგას“, - აღნიშნა თსუ-ის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა სოფო ბურჯანაძემ.

„მთავარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ინტელექტუალური პროდუქტი და აღნიშნული საკითხის მოსაგვარებელ ფორმაზე კონსესუსს მივაღწევთ. ზოგადად, დაფინანსების გარეშე სამეცნიერო და აკადემიური პროცესი ვერ განვითარდება. გარკვეული რეგულაციების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სამეცნიერო-კვლევითი გრანტების დიდი ნაწილის დაბრუნება რუსთაველის ფონდში გვიწევს. ეს თანხები, შესაძლებელია, რომ უნივერსიტეტში დარჩეს და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის განვითარებას მოხმარდეს. უნივერსიტეტში დაფინანსების მოზიდვის კუთხით კურსდამთავრებულთა რესურსის გამოყენებას ვგეგმავთ. ეს აპრობირებული პრაქტიკაა, მაგალითად, აშშ-ში წარმატებული კურსდამთავრებულები ფინანსურად ეხმარებიან თავიანთ ალმა-მატერს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. ვაპირებთ, რომ ანალოგიური სისტემა აქაც დავნერგოთ. გია შარვაშიძის ინიციატივით იქმნება კურსდამთავრებულთა ფონდი. მობილიზებული რესურსი მოხმარდება უნივერსიტეტში ანაზღაურების გაუმჯობესებასაც – პროფესორ-მასწავლებლების, მეცნიერ-თანამშრომლების ხელფასები, რბილად რომ ვთქვათ, სავალალო მდგომარეობაშია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმაში სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარება სასწავლო პროცესისგან განცალკევებით არ განიხილება. ამისათვის სამუშაო ჯგუფის წევრები აუცილებლად მიიჩნევენ რიგი ღონისძიებების განხორციელებას - აკადემიური კონკურსების ჩასატარებლად ახალი კრიტერიუმების შემუშავებას, სილაბუსების საავტორო უფლებების დაცვის სისტემის დანერგვას და, ასევე, სილაბუსების უმაღლესი განათლების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ყველა სამეცნიერო დარგში სამეცნიერო ჟურნალების შექმნას, რიგ შემთხვევებში ფაკულტეტების დარგობრივ ოპტიმიზაციას, კონტროლს პლაგიატზე, მეცნიერებაში ახალგაზრდების მოზიდვას და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის დოქტორანტების აყვანის უფლების მინიჭებას.

„აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსები მუდმივად მიმდინარეობს და 2017 წელს ეს აქტიურ ფაზაში შედის. გვჭირდება ახალი საკონკურსო კრიტერიუმები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სრულ ქაოსს. ჩვენს ფაკულტეტზე წლების განმავლობაში იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალებით ხდებოდა მანიპულირება. გეოგრაფიის მიმართულებით ამ მხრივ ვითარება რთულია, რადგან ასეთ ჟურნალში სტატიის დაბეჭდვა დიდ ხარჯებს უკავშირდება. ნონსენსია, როდესაც თსუ-ში გეოგრაფია გაყოფილია და მისი ერთი მიმართულება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეკუთვნის, მეორე კი ზუსტსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს. აუცილებელია ფაკულტეტების დარგობრივი ოპტიმიზაცია. ხელფასების რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება და საჭიროა ამის დასტაბილურება“, - განაცხადა თსუ-ის გეოგრაფიის მიმართულების პროფესორმა ნოდარ ელიზბარაშვილმა.

თსუ-ის ვიცე-რექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის აკადემიური კონკურსების ახალი კრიტერიუმები უკვე მუშავდება, სადაც დარგობრივი სპეციფიკის ფაქტორიც იქნება გათვალისწინებული: „ყველა დარგს აქვს თავისი სპეციფიკა და ძალიან მალე აკადემიურ საბჭოში ჩვენ შევალთ კონკრეტული წინადადებებით. ეს ეხება არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ სასწავლო კომპონენტებსაც. მაგალითად, აკადემიურ კონკურსში მონაწილე პიროვნება, რომელსაც თსუ-ში ლექციები წაკითხული არ აქვს, აუცილებლად ჩაატარებს საჩვენებელ ლექციას, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად სტუდენტებიც დაესწრებიან. კომისია თავისი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად გაითვალისწინებს სტუდენტთა მოსაზრებებსაც. ჩვენ დავაყენებთ წინადადებებს აკადემიურ საბჭოზე და შემდეგ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განმარტა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სასწავლო პროცესთან დაახლოებას, რაც უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან წინაპირობად მოიაზრება, თსუ-ის რექტორატი ახალი ინიციატივით გამოდის. მომავალი სემესტრიდან იგეგმება ყველა ფაკულტეტზე ყველა მიმართულებით ყოველკვირეული სამეცნიერო-კვლევითი სემინარების ჩატარება, რომელშიც ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და, ასევე, შესაბამისი დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. სემინარები სამივე უმაღლესი საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისთვის ღია იქნება. ინიციატივის მიზანი ახალი გარემოს შექმნაა, სადაც სტუდენტს, პროფესორსა და მეცნიერ-თანამშრომლებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება.

სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს სტუდენტური ცხოვრებისა და სტუდენტთა მომსახურების სფეროში არსებული პრობლემებიც. შედეგების მიხედვით მოსაგვარებელ საკითხებად დასახელდა - სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია, სათანადო სოციალური გარემოს შექმნა, უცხო ენების სწავლება, ელექტრონული სწავლების დანერგვა, სახელმძღვანელოების პრობლემის მოგვარება, სტუდენტთა სრულფასოვანი მომსახურება-კონსულტაცია, სტუდენტთა დასაქმება-პრაქტიკა, საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ზრუნვა.

„საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარება არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენთვის. პრობლემა ბევრი გაქვს. ავტორიზაციისთვის შესაძლოა აღმოვჩნდეთ სათადარიგო ფართის იჯარით აღების აუცილებლობის წინაშე. კვების ობიექტები გასახსნელია, უნდა ვიზრუნოთ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა პირობების შექმნაზე, სამედიცინო პუნქტების გახსნაზე. ეს ის პრობლემებია, რომელიც ყველასთვის ნათელია და აუცილებელია, რომ გადაიჭრას“, - აღნიშნა თამარ ვეფხვაძემ.

„გასხვისებულია და ამ დრომდე ვერ დავიბრუნეთ სასწავლო-საველე ბაზები, რომელიც 2011 წელს გაყიდეს და ამ პროცესში უნივერსიტეტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულიც იყო ჩართული. საშუალო სკოლებში ცვლილებები მიმდინარეობს და ახლა უკვე ბაკალავრიატის სტუდენტებსაც შეუძლიათ სკოლებში ასწავლონ. თუმცა, აკადემიურ სასწავლო პროცესთან ისინი სამუშაო საათებს ვერ უთავსებენ. თუ ამ საკითხს მოვაწესრიგებთ, სტუდენტებს დასაქმების სერიოზული არეალი ექნებათ“, - განაცხადა პროფესორმა ნოდარ ელიზბარაშვილმა.

„სერიოზული პრობლემაა უცხო ენის სწავლება. ჩვენი მიზანია, რომ სტუდენტს შეეძლოს თავის დარგში ტექსტის წაკითხვა - იქნება ეს სახელმძღვანელო თუ სტატია. თარგმანს ხშირ შემთხვევაში ჯობია, რომ ჩვენმა პროფესურამ შექმნას თავისი სახელმძღვანელო. ასევე, ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას პროფესორის გვერდი, სადაც განთავსდება პროფესორის ნაშრომები, სილაბუსები, სალექციო კურსები და სახელმძღვანელოები. ასეთი მიდგომა სასწავლო პროცესს გააცოცხლებს“, - აღნიშნა ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი სასწავლებელი, აუცილებლად უნდა განვითარდეს ელექტრონული სწავლების მხარე. აღვნიშნავ, რომ ელექტრონული სწავლების მოდელი დასანერგია, რადგან რიგ ფაკულტეტებზე საერთოდ არ ფუნქციონირებს. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამები განახლდეს და დასაქმების ბაზართან იყოს მისადაგებული“, - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა გიორგი გრიგოლაშვილმა.

სტუდენტური ცხოვრებისა და სტუდენტთა მომსახურების ჯგუფის წარმომადგენელმა, თსუ-ის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის თანამშრომელმა ელზა კუპრაშვილმა ისაუბრა ცენტრის განვითარების აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე შეჯერდნენ მოსაზრებაზე, რომ პრობლემაა არა მხოლოდ დასაქმების ადგილების მოძიება, არამედ სტუდენტთა კვალიფიკაციაც, რაც, ხშირ შემთხვევაში, დამსაქმებლების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

„დასაქმების საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი მაქვს ყველა ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრები, რათა აკადემიური პროგრამების გადახალისება დაიწყოს. ჩვენი სურვილია, ყველა ფაკულტეტზე მოხდეს პოტენციური დამსაქმებლების იდენტიფიკაცია და მათი ჩართვა აკადემიური პროგრამების შემუშავებაში. მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის მიღება, მაგრამ დღეს დამსაქმებლები ითხოვენ კონკრეტული პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კადრებს. აქედან გამომდინარე, გვაქვს სურვილი, რომ მათ პროგრამების შემუშავებაში, სილაბუსების დონეზე, აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მომავალ წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის გავლა უწევს და სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სწორედ დასაქმების საკითხია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეხვედრაზე სტუდენტების მიერ წამოყენებული პრობლემების ნაწილის გადაჭრა თსუ-ის რექტორატს უკვე დაწყებული აქვს. მაგალითად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა რომა კალანდაძემ გამოთქვა ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის ინიციატივა, რომელიც სტუდენტების უფლებებს დაიცავს: „ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ომბუცმენის არჩევა თუ დანიშვნის პროცესი იყოს გამჭვირვალე და ფორმის შემუშავებაში სტუდენტებმაც მიიღონ მონაწილეობა“. ომბუცმენის ინსტიტუტის ამოქმედება, რექტორის ინიციატივით, უკვე დაგეგმილია და ამ პროცესში სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, გადაწყდა ელექტრონული სწავლების სისტემის დანერგვაც, რაც უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების თსუ-ის სასწავლო პროცესში ჩართვის ერთერთ საშუალებადაც მოიაზრება. მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ „ელექტრონული სწავლების მეშვეობით თსუ-ის პროფესორებიც წაიკითხავენ ლექციებს უცხოელი სტუდენტებისთვის, ანუ ინტელექტუალური რესურსის გაცვლის პროცესიც დაიწყება“.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის წევრებს წარმოდგენილი აქვთ დოკუმენტი, სადაც გაწერილია უნივერსიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგია. გეგმა ითვალისწინებს, „თსუ-ის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების უკეთ ინფორმირებას, გამჭვირვალობის ზრდას, საზოგადოებასთან ფართო დიალოგის წარმოებას, მიზნობრივ აუდიტორიასთან საკომუნიკაციო სისტემის გაუმჯობესებასა და, საერთო ჯამში, თსუ-ის იმიჯისა და ცნობადობის ამაღლებას როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო მასშტაბით“.

ამ დროისთვის თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმაზე (2017-2021 წწ.) მუშაობა გრძელდება. უახლოეს მომავალში დოკუმენტის განახლებული სამუშაო ვარიანტი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და სპეციალურ ფეისბუქ-გვერდზე აიტვირთება.

თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმის პირველი ვერსიის განხილვა 11 ნოემბერს გაიმართა.