ახალი არეალი „საბავშვო უნივერსიტეტისთვის“

15 სექ 2015

სკოლასთან მუშაობის პროექტი - „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის შემადგენლობაში შევიდა, რაც პროექტის მუშაობას უფრო ნაყოფიერს და ეფექტურს გახდის. „თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრთან თანამშრომლობით „საბავშვო უნივერსიტეტს“ ახალი პერსპექტივები, ახალი შესაძლებლობები ესახება, რომელიც გააფართოებს პროექტის საქმიანობის ფორმატს და შესაძლებლობებს.
„თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ეფექტური საქმიანობის შედეგია ის, რომ „საბავშვო უნივერსიტეტის“ მსმენელები დღეს უკვე აქტიურად არიან ჩართულნი უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროექტებში.
თუ რა სიახლეებს გვთავაზობს ახალი სასწავლო წლიდან „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ - ამის შესახებ გვესაუბრება პროექტის კოორდინატორი, თსუ-ის რექტორის მრჩეველი მარინა ლომოური:

- „თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“ ახალ სასწავლო წელს ახალი, უფრო მასშტაბური შემეცნებითი, საგანმანათლებლო პროგრამით ხვდება. ამის საშუალებას გვაძლევს ახალი რეალობა - საბავშვო უნივერსიტეტის თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრის შემადგენლობაში შესვლა გაზრდის მოსწავლეებთან ჩვენი მუშაობის მოცულობას, ფორმატის გამრავალფეროვნებას.
- ქალბატონო მარინა, განათლების სისტემაში ცვლილებები ხშირია და მათ ხარისხიანობაზე დღეს ნაკლებად ვსაუბრობთ. ეს ის საჭირბოროტო საკითხია, რომელიც მომავალი თაობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
დღეს, სკოლაში მიღებული ცოდნა არასაკმარისია უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად. როგორ ფიქრობთ, საჭიროა, რომ უნივერსიტეტი უფრო მეტად დაუახლოვდეს სკოლას და იზრუნოს სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაზე?
- ანბანური ჭეშმარიტება იქნება იმის მტკიცება, რომ განათლება ცივილიზაციის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მისი ჰუმანისტური მნიშვნელობა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად არის დეკლარირებული, ხოლო სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარებულია იმ ყურადღებითა და დაფინანსებით, რასაც დღევანდელი მსოფლიოს მოწინავე (და არა მარტო) სახელმწიფოები ახმარენ მის განვითარებას. აშკარაა, რომ სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი აბრკოლებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ასუსტებს მის სახელმწიფოებრივ სრულფასოვნებასა და დამოუკიდებლობას.
გასული ათწლეულის განმავლობაში სასკოლო განათლებაში სასწავლო პროცესის დაგეგმვის, სახელმძღვანელოების შედგენის, შერჩევის და სკოლებისთვის გადაცემის, პედაგოგების სერტიფიცირებისა და დირექტორების შერჩევის რამდენიმე განსხვავებული მოდელი ვცადეთ, მაგრამ ყოველი ეს მოდელი, მაქსიმუმ 1-2 წელიწადში იცვლებოდა ახლით, მაგრამ, როგორც მალევე ირკვეოდა - არა უკეთესი ვარიანტით. ასე რომ, დასახულ მიზანს - სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ვერ მივაღწიეთ, ეს კი სტუდენტის მიერ საუნივერსიტეტო განათლების ათვისების ხარისხზე და ბოლოს, უნივერსიტეტის პრესტიჟზე აისახება.
ჩვენ წლების განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სკოლებთან, ვაცნობთ მოსწავლეებს უნივერსიტეტს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სწავლის, მეცნიერების, სხვადასხვა პროფესიის მიმართ ინტერესის გაღვივებას. ამავე დროს, სისტემატურად ვეცნობით სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე სასკოლო განათლების რეფორმირების წარმატებულ მოდელებს, ვეძებთ ჩვენ რეალობაში მათი დანერგვის შესაძლებლობებს.
სასკოლო განათლების რეფორმირების ერთ-ერთი წარმატებული, უნიფიცირებული მოდელი, შეიძლება ითქვას, რეცეპტი, შემუშავებულია საკმაოდ მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით განათლების სფეროში ისეთი ცნობილი, ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის MცKინსეყ&ჩომპანყ, რომელიც 2010 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.
- რას ეფუძნება აღნიშნული კვლევა და რა მნიშვნელოვანი დასკვნები გაკეთდა კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე?
- აღნიშნული კვლევა მოიცავს ისეთი განსხვავებული ქვეყნების გამოცდილებას, როგორებიცაა: ფინეთი, სინგაპური, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, ინგლისი, სომხეთი, ჩილე, ბრაზილიისა და ინდოეთის შტატები, განა და სხვ. სასკოლო განათლების დონის მიხედვით წარმატების დიდად განსხვავებულ საფეხურებზე მდგომი სულ 20 სისტემაა. შედგენილია მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს სისტემის რეფორმირების 575 კონკრეტულ ელემენტს, გაანალიზებულია 200-ზე მეტი ინტერვიუ ქვეყნების განათლების სისტემის პროფესიონალ და პოლიტიკურ ლიდერებთან.
MცKინსეყ&ჩომპანყ-ს ეს ნაშრომი იმდენად დეტალიზებული და ყოვლისმომცველია, რომ იქმნება მკაფიო შთაბეჭდილება: საკმარისია დაიდო ის წინ, ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულო ყველა რეკომენდაცია (რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით და ჩვენ რეალობასთან ადაპტირებით) და წარმატებაც გარანტირებულია. ეს მოდელი, გარდა სხვა ქვეყნებისა, სომხეთში, ლიტვასა და ლატვიაშია გამოყენებული. ალბათ, გვაქვს უფლება ვივარაუდოთ, რომ 25 წლის წინ, სასკოლო განათლების სისტემის მდგომარეობა ჩვენსა და ამ ქვეყნებში დაახლოებით მსგავსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული და ეთნოკულტურული განსხვავებები აშკარაა, ალბათ შეიძლება მაინც დაისვას კითხვა - თუ იმ ქვეყნებში აღნიშნული მოდელით მიმდინარე სასკოლო განათლების რეფორმა წარმატებულია, რატომ ვერ მოხერხდა ამ მოდელის ჩვენთან გამოყენება?
სასკოლო განათლების რეფორმირების ამ მოდელში სისტემების წინსვლა რანჟირებულია შემდეგი თანმიმდევრობით: არადამაკმაყოფილებელიდან (მაგ., ბრაზილიის შტატი მინას-ჟერაისი) საუკეთესოსკენ (მაგ., ფინეთი).
ათვლის წერტილებად აღებულია სასკოლო განათლების დონის საერთაშორისო კვლევების (Pროგრამმე ფორ Iნტერნატიონალ შტუდენტ Aსსესსმენტ, PIშA; თრენდს ინ Iნტერნატიონალ Mატჰემატიცს ანდ შციენცე შტუდყ, თIMშშ; Pროგრესს ინ Iნტერნატიონალ ღეადინგ Lიტერაცყ შტუდყ, PIღLშ), ასევე, ქვეყნის შიგნით ჩატარებული კვლევების არსებული მონაცემები. (სხვათა შორის, ოდესღაც საქართველოც იყო ამ კვლევებში ჩართული, ძალზე არასახარბიელო შედეგები კი მივიღეთ.... მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს მონაწილეობა შეწყდა).
კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგების საფუძველზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმის განმაპირობებელი უნივერსალური ფაქტორების გამოყოფა: ესენია: ლიდერობის უწყვეტობა (სტაბილურობა), რაც გულისხმობს განათლების სისტემისა და პოლიტიკურ ლიდერების მიერ განათლების, როგორც სახელმწიფო პრიორიტეტის, მინ. 6-7 წლის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში უწყვეტად, თანმიმდევრობით გატარებას, რაც უზრუნველყოფს რეფორმის დაწყების იმპულსსა და იგივე რეფორმის სათანადო დონის, ტემპის, ძალისხმევის შენარჩუნებას. Aაუცილებელია განისაზღვროს განათლების სისტემის მდგომარეობის საწყისი წერტილი და ასევე რეფორმის ღონისძიებების ელემენტების ურთიერთშეთანხმება. უნდა მოხდეს რეფორმის ღონისძიებების თანმიმდევრული, მკაცრად კონტროლირებადი გატარება განათლების ხარისხის დაბალ საფეხურებზე მყოფ სისტემებში და შემოქმედებითი თავისუფლება განათლების ხარისხის მაღალ საფეხურებზე მყოფ სისტემებში.
თუ ვეცდებით რეფორმის განმაპირობებელი უნივერსალური ფაქტორების ჩვენ რეალობაზე ექსტრაპოლირებას, მივიღებთ პასუხს ზემოთ დასმულ კითხვაზე - დღესდღეობით, სამწუხაროდ, ჩვენი სკოლის რეფორმა იმთავითვე წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან არ არსებობს სტაბილური საყრდენი წერტილი, რომლითაც სხვა ქვეყნებში შესაძლებელი გახდა სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესება.
- რამ შეიძლება ჩვენს რეალობაში ასეთი საყრდენი წერტილის როლი შეასრულოს?
- ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიძლება იყოს ტრადიციული ფასეულობა, რაც საქართველოში საუკუნეების მანძილზე შენარჩუნდა - მშობლის სურვილი - ნასწავლი შვილი ჰყავდეს. მაგრამ მშობლის ეს სურვილი რომ ზემოქმედების ქმედით ბერკეტად იქცეს, მშობლების კონსოლიდაციის, საკუთარი როლის გაცნობიერების, საკუთარი პასუხისმგებლობის გაზრდის მიღწევაა საჭირო. ჩვენი ამოცანა ამ პროცესების ხელშეწყობა იქნება.
აღნიშნული მოსაზრებების გათვალისწინებით, წლევანდელი სასწავლო წლისთვის ჩვენ ახალი სტრატეგია დავსახეთ, რომელიც სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესების საქმეში მშობლებს პერსპექტიულად ანგარიშგასაწევ ძალად განიხილავს და მათთან თანამშრომლობის გააქტიურებას გულისხმობს.
- ურთიერთთანამშრომლობის რა კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება?
- წლევანდელ სასწავლო წელს მოსწავლეების მშობლებს ჩვენ რამდენიმე პროექტში მონაწილეობას ვთავაზობთ: საბავშვო უნივერსიტეტის „მშობელთა კლუბში“ გაწევრიანებას. კლუბის წევრებისთვის მოეწყობა ლექციები აღზრდისა და განათლების სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, საუბრები მეცნიერებთან, მწერლებთან, საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეებთან. შეხვედრების დროს მშობლებს შეეძლებათ თავიანთი გამოცდილების, პრობლემების, სირთულეების განხილვა, გამოცდილების გაზიარება. დაიგეგმება სისტემატური შეხვედრები მშობლებთან როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლებში, მოეწყობა კონკრეტული აქტუალური პრობლემების განხილვა. საბავშვო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოხდება „მშობელთა კლუბის“ განთავსება, რაც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს გააზიაროს თავისი მოსაზრება, წამოიწყოს დისკუსია, მიიღოს კომპეტენტური რჩევა და ასე შემდეგ.
გარდა ამისა მშობლებს შეუძლიათ უწყვეტი განათლების ცენტრის პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა ფასიანი კურსი შეარჩიონ.
რაც შეეხება მოსწავლეებისთვის გამიზნულ შემეცნებით და საგანმანათლებლო პროგრამებს, საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის ფორმატი ამ შემთხვევაში განსხვავებულია და მრავალ თემატურ მიმართულებად არის დაყოფილი.
- და მაინც, რა რჩება საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად?
- საბავშვო უნივერსიტეტი პირველი რიგის ამოცანად კვლავ ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც ქვეყანაში უმაღლესი განათლების პირველი და მთავარი კერის წარდგენას მიიჩნევს. ამ მიზანს ემსახურება ექსკურსიები მოსწავლეთათვის I კორპუსში, თსუ-ის მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში და სასწავლო თუ კვლევით ლაბორატორიებში. მოსწავლეებისთვის მისაწვდომია, აგრეთვე, ლექციები, ლაბორატორიული მუშაობა, კონფერენციები, ვიქტორინები, ექსკურსიები და ა.შ., რომლებიც ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა მეთოდოლოგიითა და ფორმით ხორციელდება. მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის დაახლოებას ემსახურება პროექტი „თსუ - დესპანი“, რომელიც უკვე 4 წელია, რაც მოხალისე სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარეობს. აღსანიშნავია საბავშვო უნივერსიტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ თსუ-ის ეკო კლუბის თანამშრომლობა, რომელიც სხვადასხვა კონკურსების, ვიქტორინების, ექსკურსიების მოწყობას გულისხმობს.
საბავშვო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთერთ ძირითად ფორმას შემეცნებითი სალექციო კურსები წარმოადგენს, რომლებიც ფაკულტეტებზე „ნორჩთა სკოლების“ სახით მიმდინარეობს: „ნორჩ ასტრონომთა სკოლა“ (მეცადინეობები პლანეტარიუმში ტარდება), „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა“, „ნორჩ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსთა სკოლა“ და ა.შ. დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერდისციპლინარული ლექციების კურსები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და საზოგადოებრივ მეცნიერებებში. ეს უკანასკნელი მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეთა წინაშე უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება. ყველა ეს პროგრამა მოსწავლეებისათვის უფასოა. ვგეგმავთ ასევე ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას. პირველ ეტაპზე ეს იქნება მე-7–11 კლასების მოსწავლეებისთვის მეცადინეობები მათემატიკა, ფიზიკასა და ქიმიაში, რომლებსაც შემდგომ უცხო ენები და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები დაემატება. მეცადინეობები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას ჩატარდება.
საბავშვო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, ქალაქისა თუ რეგიონის სკოლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებთან ურთიერთობას. თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს არაქართულენოვან მოსახლეობასთან. მომავალ სასწავლო წელსაც დაგეგმილია რეგიონებში „ღია კარის დღეების“, თემატური შეხვედრების, ერთობლივი კონფერენციების და სხვა ღონისძიებების გამართვა.
ვფიქრობთ, რომ საბავშვო უნივერსიტეტის ეს საქმიანობა პასუხობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ მოწოდებას, იყოს ქვეყნის საგანმამათლებლო სისტემის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, კულტურული ფასეულობების დაცვის და განვითარების უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რომელიც ყოველთვის პასუხობს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებებს.

მოამზადა
თამარ დადიანმა