სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატობის კანდიდატების რეგისტრაცია 14-დან 18 ნოემბრის ჩათვლით იწარმოებს

18 ნოე 2016

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებულია. პირველი სხდომა 9 ნოემბერს გაიმართა, სადაც თავმჯდომარედ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი დემეტრე ეგნატაშვილი აირჩიეს. თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციებს თსუ-ის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გვანცა ხასია ასრულებს. კომისიის მდივანი კი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ვალერიან არგუტაშვილი გახლავთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია სულ 7 წევრისგან შედგება.

კანდიდატების რეგისტრაცია 14 ნოემბერს დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდება. წარდგენილ დოკუმენტაციაში, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, კანდიდატებს გამოსასწორებლად დამატებით სამდღიანი ვადა ექნებათ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტუდენტთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.

„დამოუკიდებელმა კანდიდატებმა დასარეგისტრირებლად მათი ფაკულტეტის სტუდენტების 2%-ის ხელმოწერები უნდა წარმოადგინონ, ორგანიზაციებმა კი - 30%-ისა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ 7 ფაკულტეტია და თითოეულზე ორ-ორი საარჩევნო უბანი გაიხსნება, გარდა მედიცინის ფაკულტეტისა, სადაც ერთი უბანი იფუნქციონირებს. ერთი საარჩვენო უბანი გაიხსნება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზის საერთაშორისო სკოლაშიც, რადგან საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულია. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ცენტრალურ საარჩვენო კომისიას ევალება, თუმცა ფაკულტეტებიც დაგვეხმარებიან შესაბამისი გამოცდილების მქონე პირთა შერჩევაში“, - გვითხრა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ გვანცა ხასიამ.

დადგენილია ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა, ხმის მიცემის უფლება 20615 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ორგანიზაციები დააკვირდებიან თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს.

ცენტრალური საარჩვენო კომისია თსუ-ის პირველი კორპუსის 211-ე აუდიტორიაში მუშაობს.

მოახლოვებულ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რექტორმა გიორგი შარვაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ კენჭისყრის პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდება და მას არასამთავრობო სექტორიც დააკვირდება. მისი თქმით, სამომავლოდ სტუდენტების გადასაწყვეტია, თუ როგორი ფორმით იარსებებს სტუდენტური წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.