კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდი

18 ნოე 2016

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი 10 წლიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა კანადის კორპორაცია ,,ფარმა კანადას” მიერ. ავტორები კანადაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, კორპორაცია „ფარმა კანადას“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი ბესიკ სურგულაძე და „ფარმა კანადას“ წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი თამარ ცქიტიშვილი არიან. კვლევის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე „ფარმა კანადა“ თანამშრომლობდა ამერიკის, გერმანიისა და საქართველოს წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან. ამ დროისთვის მეთოდის კლინიკურ დანერგვაზე მუშაობა ისრაელში, თელ-ავივის უნივერსიტეტსა და საქართველოში, კიბოს კვლევის ცენტრში იგეგმება. 

ინოვაცია მკურნალობის დროს დამიზნებითი ჰიპერთერმული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდის გამოყენებას გულისხმობს, რომელიც მიკროსკოპული ზომის დაზიანებების აღმოჩენა-მკურნალობის საშუალებას იძლევა.

პროექტთან დაკავშირებული მორფოლოგიური კვლევის ნაწილი თსუ-ის მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე შესრულდა. პროექტის ეს ნაწილი რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაშვებული გრანტის ფარგლებში (საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი: ბესიკი სურგულაძე) განხორციელდა. თსუ-ის მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის დიმიტრი კორძაიას განცხადებით, „პროექტმა დაადასტურა ვარაუდი (სამეცნიერო ჰიპოთეზა) ნანონაწილაკებზე ელექრომაგნიტური ველით ზემოქმედების შედეგად მათი „ინ ვივო“ გახურებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე თერმული ზემოქმედების შესაძლებლობის თაობაზე.

ექსპერიმენტული მოდელების განხორციელებაში მონაწილეობდა მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი მთვარისა კორძაია, ხოლო დამიზნებითი ჰიპერთერმიის შედეგად ქსოვილში განვითარებულ ცვლილებებს ჰისტოლოგიურ პრეპარატებზე აანალიზებდა ინსტიტუტის კლინიკური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი მ.ჯანგავაძე. პროექტში ჩართული იყო ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფიც“.

კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდთან დაკავშირებით გამოგონების ავტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ბესიკ სურგულაძეს ვესაუბრეთ.

- კონკრეტულად რას გულისხმობს დამიზნებითი ჰიპერთერმიული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდი და რაში გამოიხატება მისი უნიკალურობა?

- ჩვენს მიერ მოწოდებული მეთოდი ითვალისწინებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ახალი პრეპარატის/მარკერის თთ-თრაცე და ჰიპერთერმიის აპარატის თთ-1 გამოყენებას. თთ-თრაცე იძლევა სავარაუდოდ დაზიანებული ლიმფური ჯირკვლების გამოვლენის საშუალებას არა მარტო ოპერაციამდე და ოპერაციის მსვლელობის დროს, არამედ ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც (ლაპარაკია იმ ლიმფურ კაპილარებსა და ჯირკვლებზე, რომელთა პოვნა და ამოკვეთა ოპერაციის მსვლელობის დროს არ ხერხდება მათი მიკროსკოპული ზომის გამო), რაც შესაძლებელს ხდის მათზე დამიზნებით მოვახდინოთ ჰიპერთერმული ზემოქმედება. საქმე იმაში გახლავთ, რომ პრეპარატ თთ-თრაცე-ში შემავალი მაგნეტიტის ნანო ნაწილაკები ხასიათდებიან თვითგახურების ეფექტით აპარატ თთ-1-ის მიერ გამომუშავებულ ელექტრო-მაგნიტურ ველში მოხვედრისას. ტემპერატურული ეფექტი ვრცელდება მაგნეტიტის ნაწილაკების ზედაპირიდან მხოლოდ 0.5 მმ-ზე, რაც გვაძლევს ქსოვილის სიღრმეში დამიზნებით მოვახდინოთ თერმული ზემოქმედება საღი ქსოვილების დაზიანების გარეშე, რის საშუალებასაც არ იძლევა დღეისთვის არსებული მეთოდები.

- აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები? 

- მეთოდს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. პრეპარატი არ შედის რეაქციაში ორგანიზმში არსებულ ნივთიერებებთან და შეუცვლელი სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან. თერაპიული ეფექტი მიიღწევა მისი ფიზიკური და არა ქიმიური თვისებებით.

- კონკრეტულად, რამდენად ეფექტური იქნება სხვა მკურნალობის მეთოდებთან შედარებით?

- ვიმედოვნებთ, რომ მეთოდი იქნება საკმაოდ ეფექტური. თუმცა, ამას მომავალი გვიჩვენებს. 

- როდის დაიწყება მისი აქტიური გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში?

- პრეპარატი უკვე დაშვებულია კლინიკურ კვლევაზე საქართველოს წამლის სააგენტოს მიერ. კვლევების დაწყება დაგეგმილია ნოემბრის ბოლოს. 

- საქართველოდან ვინ იყო ჩართული კვლევის პროცესში და რა როლი შეასრულეს მუშაობისას?

- მეთოდი შემუშავებულია კანადის კორპორაცია „ფარმა კანადა“-ს მიერ. კვლევის სხვადასხვა ეტაპზე ვთანამშრომლობდით ამერიკის, გერმანიის და საქართველოს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან. მორფოლოგიური კვლევების ნაწილი შესრულდა საქართველოს მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით კვლევაში მონაწილე მეცნიერებს, განსაკუთრებით პროფესორ დიმიტრი კორძაიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

- დამიზნებითი ჰიპერთერმიული თერაპიის სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდი რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის?

- აღნიშნული მეთოდის დანერგვა გამიზნული გვაქვს საქართველოს რამოდენიმე კლინიკაში. მათ შორის რეგიონებშიც. ასე რომ, არ იქნება ხელმისაწვდომობის პრობლემა. 

- კიბოს რომელ სახეობაზეა გათვლილი?

- მეთოდის ეფექტურობა სხვადასხვა სახის და ლოკალიზების სიმსივნეების დროს საბოლოოდ დაზუსტება კლინიკური კვლევების დასრულებისას. მართალია, მეთოდი არ ხასიათდება სპეციფიკურობით რომელიმე სიმსივნის მიმართ და ამ მიმართულებით რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს, მაგრამ ჯობია მეთოდის გამოყენების ოპტიმალურ ვარიანტებზე და ეფექტურობაზე ვიმსჯელოთ კლინიცისტი ონკოლოგების მიერ კლინიკური კვლევის საფუძველზე გამოტანილი დასკვნების შემდეგ.