ცვლილებების აუცილებლობა უნივერსიტეტში

18 ნოე 2016

თსუ-ის ახალი რექტორი გიორგი შარვაშიძე ცვლილებების აუცილებლობას აანონსებს და საუნივერსიტეტო რეფორმისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გვთავაზობს. ის, რომ ამ ცვლილებებისთვის საკმაოდ მომწიფებულია უნივერსიტეტში ვითარება, ჯერ კიდევ 2011 წელს ჩატარებულმა „ეისითის კვლევამ“ აჩვენა. ამ კვლევაში თსუ-ის ბრენდის იმიჯისა და გამოცდილების შესახებ ღირებული ინფორმაცია და ანალიზია მოცემული. კვლევამ მოიცვა შემდეგი სამიზნე აუდიტორია: 1) თსუ-ის სტუდენტები; 2) თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები; 3) აბიტურიენტები და მათი მშობლები; 4) თსუ-ის კურსდამთავრებულები; 5) დამსაქმებლები; 6) საზოგადოებრივი „აზრის ლიდერები“. „ეისითი“-ს კვლევის სამიზნე სეგმენტის ხედვით, ,,უნივერსიტეტის სამომავლო არსებობისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიზანმიმართული, კარგად გაწერილი გეგმის შესაბამისად დაუყოვნებლივ ცვლილებები/გარდაქმნის პროცესის დაწყება; დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იყოს მხოლოდ წარსულით თავმომწონე, კვლევას და ფუნდამენტურ მეცნიერებებს ჩამოშორებული საშუალო დონის ტრენინგ-ცენტრი. მან უნდა მოახერხოს არსებული რესურსის მობილიზება და სწორი მართვის სისტემის შედეგად მდიდარი ტრადიციების მქონე, მაგრამ თანამედროვე უნივერსიტეტად ჩამოყალიბება“. 

თსუ-ის იმიჯის პოზიტიურ აღქმას ბევრი რამ განაპირობებს: თსუ ასოცირებულია ეროვნული თვითმყოფადობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეასთან და ამ გაგებით მისი მნიშვნელობა შეუცვლელია. თსუ ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართული კულტურის/ღირებულებების შენარჩუნების, განვითარების და გადაცემის კერა. თსუ-ის იმიჯი გადაჯაჭვულია მის როლთან საზოგადოების სულიერი ღირებულებების, ფასეულობების ფორმირების მხრივ და მოქალაქის აღზრდის თვალსაზრისით. თსუ, მიუხედავად სირთულეებისა, დღემდე მიიჩნევა მეცნიერების მთავარ კერად, მაგრამ, არსებობს მაგრამ... 

უნივერსიტეტის უარყოფითი მახასიათებლების ჩამონათვალი ჩვენ განსახორციელებელი მიზნებისა და ამოცანების უკეთ ფორმირებაში დაგვეხმარება. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ იმ სუსტ მხარეებზე საუბარი, რომელიც ,,ეისითის კვლევამ” გამოკვეთა. რა აზიანებს დღეს უნივერსიტეტის იმიჯს? - 1. უნივერსიტეტის წიაღში პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების ნაკლებობა, ანუ პრაქტიკული და პროფესიული ცოდნის დეფიციტი, რაც, ერთი მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირით, ხოლო, მეორეს მხრივ, სასწავლო პროგრამების ზედმეტად თეორიული ხასიათით აიხსნება; 2. სტუდენტების ჭარბი რაოდენობა და აკადემიური პერსონალის სიმცირე, რაც მოქმედებს სწავლების ხარისხზე; ასევე უნივერსიტეტის წინაშე დგას კვალიფიციური აკადემიური პერსონალის შენარჩუნების პრობლემა; 3. უნივერსიტეტის ნაკლები კონტაქტები შრომის ბაზრის აქტორებთან, რაც სტუდენტებს სწავლების პროცესშივე მისცემდა რეალურად პრაქტიკული კურსის გავლის შესაძლებლობას პარტნიორ ორგანიზაციებში და მათი მომზადების დონეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა; 4. სასწავლო ლიტერატურასთან დაკავშირებული პრობლემები. ესაა ქართულ ენაზე ნათარგმნი სამეცნიერო/პროფესიული ლიტერატურის სიმწირე და ხშირ შემთხვევაში ნაკლებად ხარისხიანობა; 5. უცხო ენების საფუძვლიანად შესწავლაზე ნაკლები ორიენტირება, რაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის ასევე ხელისშემშლელი ფაქტორია სამუშაოს შოვნის მიმართულებით; 6. ნაკლებად ორიენტირება თანამედროვე სწავლების მეთოდზე, როგორიცაა ელექტრონული სწავლება, აქცენტირება ვიზუალურ მასალაზე, ინტერაქციული სალექციო პროცესი; 7. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ანუ ინფრასტრუქტურული პრობლემები; 8. მართვის ხარვეზები - ზედმეტი ბიუროკრატია. ეს დაგროვებულ პრობლემათა ის ძირითადი ჩამონათვალია, რაზეც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ახლად არჩეულ ხელმძღვანელობას უკვე აქვს პასუხი და ეს ეს პასუხი გახლავთ რექტორის მიერ შემოთავაზებული უნივერსიტეტის განვითარების კონცეფცია და ის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელზეც მუშაობა უკვე ჯგუფებში მიმდინარეობს.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ სტუდენტებიც. მათი პრობლემათა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანი და აქტუალურია. მწვავეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მომსახურების საკითხიც. გთავაზობთ სტუდენტების კომენტარებს, სადაც ისინი იმ პრობლემების შესახებ საუბრობენ, რომლებიც სასწავლო პროცესის დროს ექმნებათ.

ვახტანგ ნოზაძე,

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურული ფსიქოლოგიის მიმართულების დოქტორანტი:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად უნივერსიტეტში ბევრია გასაკეთებელი. მე თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ, მაქვს მხედველობის პრობლემა. ყველაზე მეტად რთულია უნივერსიტეტში გადაადგილების საკითხი, ყველა საჭირო ლიტერატურის ელექტრონული ვერსია არ არის გაკეთებული და, ზოგადად, სასწავლო რესურსებზე არ გვაქვს სრული ხელმისაწვდომობა (ვგულისხმობ უნივერსიტეტის ელ-ფოსტას და ა.შ.). ასევე, არ ვართ ინფორმირებული გაცვლითი პროგრამების შესახებ, არ ვიცით - თუ რამდენად ხდება ამ პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება. გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტის დოქტორანტებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ მათთან, ამ მხრივ, სისტემა გამართულია. ამ დროისთვის ვიცი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ცდილობენ ვითარების გამოსწორებას. იმედია, რომ ცვლილებები განხორციელდება. ეს თემები, რაზეც ვსაუბრობ, სიახლე არ გახლავთ, თუმცა მოუგვარებელი პრობლემებია და კვლავ აქტუალურია. 

დავამატებ, რომ ჩვენთან დოქტორანტურაში სწავლა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, პირობები კი სათანადო არ არის. თუ დოქტორანტმა გრანტი ვერ მოიპოვა, თავისი ხარჯებით უწევს კვლევების წარმოება. თანაც, როგორც გავიგე, ახლა სწავლის გადასახადიც იზრდება... უნივერსიტეტის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო. დამატებით პრობლემებს ქმნის ისიც, რომ პროფესორებს დოქტორანტების ხელმძღვანელობისთვის ანაზღაურება არ აქვთ და, შესაბამისად, სტიმულიც ნაკლებია“.

სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება. მიზანი გამოკვეთილია: 2018 წელს, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს თსუ უნდა შეხვდეს როგორც სამაგალითო, სტაბილური, საერთაშორისო სტანდარტების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო კერა.

რომან კალანდაძე,

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტი:

„უკვე დიდი ხანია ყოველი ახალი სასწავლო წელი იწყება სტუდენტების პროტესტით და კონკრეტული მოთხოვნებით, რომლის შესრულებაც ასე თუ ისე შეცვლიდა არსებულ მძიმე მდგომარეობას. III კურსზე ვარ და სამი წლის განმავლობაში ვერ ვიგრძენი ვერც ერთი ცვლილება, რომელიც დამანახებდა, რომ უნივერსიტეტი ვითარდება და მიდის წინ; ვერ ვიგრძენი ვერც ერთი რეფორმა, რომელსაც უნდა ატარებდეს ადმინისტრაცია; უცვლელია გაბერილი შტატები და ბიუროკრატია, რომელიც მძიმე ტვირთად აწევს თსუ-ს; ისევ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ისევ არასაკმარისი საგნები, წიგნები და ა.შ. უმთავრესი და ძირი ამ პრობლემებისა არის უნივერსიტეტის დაფინანსების საკითხი. დღესდღეობით არსებობს ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც იმის მიხედვით იზრდება ან იკლებს, თუ რამდენი სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტში.

წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარდეს და პროგრესი განიცადოს იმ სასწავლებელმა, რომელიც სტუდენტების ფულით იხდის ასობით თანამშრომლის ხელფასს, კომუნალურ გადასახადებს და ფარავს სხვა მიზნობრივ თუ არამიზნობრივ ხარჯებს. 

სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ნომერ პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარება და მოხდეს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება - ეს არის ერთადერთი, შედარებით სწრაფი გზა უნივერსიტეტის განვითარების. 

ველოდები, რომ რეფორმა განხორციელდება, მივიღებთ უფრო ჯანსაღ გარემოს და უნივერსიტეტის განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას“.

სოფიო ჭაბაშვილი,

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულების IV კურსის სტუდენტი:

„სასწავლო პროცესის დროს მეტი პრაქტიკა გვჭირდება. ჩვენთან ლაბორატორიული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია და საჭიროა, რომ გაუმჯობესდეს, რადგან არ გაქვს საკმარისი რეაქტივები და არც შესაფერისი აპარატურა. ამ ყველაფრის ნაკლებობა განაპირობებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების სიმცირეს, რაც ძალიან სამწუხაროა. რეაქტივები, რომლებიც ლაბორატორიული სამუშაოების დროს გვჭირდება, ძვირად ღირებულია, დაფინანსება კი იმდენად მცირეა, რომ ყველა მოწყობილობისა თუ ნივთიერების, რეაქტივის შეძენას არ ყოფნის. თუმცა, მაღალ დონეზეა თეორიული სწავლება, ცოდნას ნამდვილად ვიღებთ, მაგრამ ჩვენს დარგში პრაქტიკის გარეშე შეუძლებელია განვითარდე. მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ, მაგრამ ვარჩევ სხვა უმაღლეს სასწავლებელს, სადაც პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობა უფრო მეტად მექნება. მაგისტრატურაში სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას აუცილებელია როგორც აპარატურა, ასევე რეაქტივები. უნივერსიტეტში ცოდნის გადაცემის მთლიანობა დარღვეულია. არის საგნები, რომლის ფარგლებშიც ძალიან ცდილობს ფაკულტეტი, რომ პრაქტიკული ცოდნა მოგვცეს და გვაქვს კიდეც ამის შესაძლებლობა, მაგრამ ეს ყველა საგანს არ ეხება.