კომპოზიტორი დრამატურგიული აზროვნებით

18 ნოე 2016

ჰარმონიული, სევდანარევი, შთამბეჭდავი მუსიკა, რომელიც გამძაფრებულად შეგაგრძნობინებს სიცოცხლეს... მერე გიტოვებს სიცარიელეს და მელანქოლიას... ემოციურად დაცლილს კი უცნაური განცდა გეუფლება - რაღაც შეიცვალა, გათავისუფლდი ბორკილებისგან, რომელიც სულს გიბოჭავდა... ასეთი კომპოზიციების ავტორია გია ყანჩელი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე აკორდით შექმნას განწყობა და სწორედ ეს მუსიკა ბადებს კათარზისის გრძნობას მსმენელში.

მსოფლიოს უდიდესი საკონცერტო დარბაზებიდან ყანჩელის შემოქმედებამ 11 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გადმოინაცვლა, სადაც უამრავ სტუდენტს მიეცა საშუალება, მოესმინა საყვარელი კომპოზიტორის სიმფონიები. საღამოს ორგანიზატორი თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა გახლდათ.

ალბათ, სიმბოლურიცაა, რომ გია ყანჩელის საღამო გაიხსნა გია ყანჩელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონიის DIX-ის ნიუ-იორკში შესრულების ვიდეოჩანაწერის ჩვენებით. „როცა მთხოვეს, რომ ამომერჩია სახელწოდება, გადავწყვიტე, ყოფილიყო „დიქსი“, რომელიც გათავისუფლებას ნიშნავს“, - ასე ახსნა კომპოზიტორმა ნაწარმოების სახელი, რაც შემთხვევითი ვერ იქნებოდა, რადგან თავისუფლება გია ყანჩელის ყველა ბგერას, ყველა მუსიკალურ თემას ახლავს თან.

ის უნივერსიტეტელია. თავ-დაპირველი სპეციალობით - გეოლოგი. როგორც თავად თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო დიდად არ ხიბლავდა, დიპლომი მაინც აიღო და უდიდესი ენთუზიაზმით გააგრძელა სწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე. შემოქმედება უპირველესად სიმფონიურ და კამერულ მუსიკას მიუძღვნა: „როცა კონსერვატორიაში ვაბარებდი, არც მიფიქრია, რომ ჩემს ცხოვრებას ამ ჟანრს დავუკავშირებდი. ვოცნებობდი იმაზე, რომ მიმეღო გარკვეული ცენზი, რაც მომცემდა უფლებას, დავმდგარიყავი ბიგ-ბენდის წინ და მედირიჟორა კარგი მუსიკისთვის. ახლაც გატაცებული ვარ ჯაზით. საბედნიეროდ, გამიმართლა და თავიდანვე მოვხვდი ისეთ წრეში, რომელმაც მიბიძგა მუსიკა სიმფონიურ ჟანრში შემექმნა, კი არ მაიძულეს, მე თვითონ მომინდა ეს მათთან მეგობრობის შედეგად, ესენი გახლდნენ ჯანსუღ კახიძე, ბიძინა კვერნაძე, სულხან ნასიძე, ნოდარ მებონია. მათ გარემოცვაში მყოფს არ შემეძლო არ დამეწყო მუშაობა სიმფონიური მუსიკის სფეროში“, - გაიხსენა გია ყანჩელმა.

საღამოს ესწრებოდნენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, რეჟისორი ელდარ შენგელაია, მუსიკოსები: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი კამერულ ორკესტრ Gეორგიან სტრინგს-თან ერთად (Georgian strings შეიქმნა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ბაზაზე), ალტისტი გიორგი ცაგარელი, ასევე, თბილისის გოგონათა გუნდი არაჩვეულებრივ ლოტბართან და ქორმაისტერთან - ომარ ბურდულთან ერთად და უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც ყანჩელის მუსიკაზე დადგმული ტანგო წარმოადგინეს. გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა გია ყანჩელს მობრძანებისთვის და უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. 

რადგანაც საღამო თეატრისა და კინოს მუსიკას მიეძღვნა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გია ყანჩელს არაერთი კომპოზიცია აქვს შექმნილი დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის. თავად ამასაც გამართლებას უწოდებს და ამბობს, რომ ბედმა არგუნა, ეშრომა ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც დიდებული სპექტაკლები დადგეს და ბრწყინვალე ფილმები გადაიღეს. მან აღნიშნა, რომ კინოში ელდარ შენგელაია და გია დანელია იყვნენ ის ადამიანები, რომლებთანაც სამუშაო პროცესი ძალიან სასიამოვნო და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგიანი იყო. 

მოგეხსენებათ, ფილმის აღსაქმელად მუსიკას გადამწყვეტი როლი აქვს. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ფილმის დინამიკა არ დაეცეს, ეს კი მხოლოდ ოსტატს შეუძლია. სწორედ ასეთია ყანჩელი, იგი ახერხებს მუსიკით ფილმის იდეის გამოხატვას. რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ კომპოზიტორის სწორედ ამ ნიჭზე გაამახვილა ყურადღება და უშუალოდ მუშაობის პროცესზე ისაუბრა: „მე მჭირდებოდა კომპოზიტორი დრამატურგიული აზროვნებით, ასეთი კი არის გია. ალბათ, სწორედ ამიტომ შედგა ჩვენი ტანდემი ფილმებში „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“. სწორედ უკანასკნელი ფილმის შესახებ აღნიშნა შემდეგ გია ყანჩელმა, რომ მან ამ ფილმისთვის 32 წუთიანი მუსიკა შექმნა, თუმცა, სამონტაჟო მაგიდასთან დიდხანს წვალების შემდეგ, ელდარ შენგელაიამ საბოლოოდ პატარა ეპიზოდი გამოიყენა, რომელიც დღეს ყველამ იცის.

აღსანიშნავია, რომ მოწვეულმა სტუმრებმა კონცერტი სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ გამართეს: „ჩვენ პირველ რიგში მუსიკა გვიყვარს, მერე - სტუდენტები, ყველას ერთად კიდევ - გია ყანჩელის მუსიკა, ამიტომ, როცა ამდენი სიყვარული იყრის თავს, იქ არც ანაზღაურებაზეა ლაპარაკი და აღარც დროზე. დრო ჩემთვის ყველაზე რთული საკითხია, თუმცა, მაინც მოვედით, რადგან გია ყანჩელი ჩემთვის გამორჩეულია ყველაფრით - ძალიან ახლობელია, ძვირფასია, ემოციურია, მე ბევრი რამ მასწავლა მისმა მუსიკამ. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ასევე სუბიექტურია მთელი მისი სამშობლო და მსოფლიოს მუსიკალური საზოგადოება, გია ყანჩელი ერთადერთი ქართველი კომპოზიტორია, რომლის მუსიკაც მთელ დედამიწაზე სრულდება, რომლის სახელიც კარგად იციან და მისი ნაწარმოებებიც მსოფლიო მუსიკალური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. იგი აღიარებულია, როგორც დიდი კლასიკოსი, სიმფონიური მუსიკის ავტორი. როცა მის მუსიკას ვუსმენ, მსიამოვნებს და განვიცდი, მაგრამ, როდესაც მე თვითონ ვასრულებ, უკვე სხვა სამზარეულოა, ჩაღრმავების ხარისხი მეტია. რთულია, ეს გადმოსცე, რადგან დაყრდნობილია ემოციებზე და სამუშაო პროცესში ეს ყველაფერი აისახება ნოტებში და ისეთ პრინციპებში, რომლებიც თითქოს შორს არის მუსიკისგან, მაგრამ სწორედ ამით იქმნება მუსიკა. კინოსა და თეატრის მუსიკა ჩვენში მეტად იყო ცნობილი და როდესაც მისი საიუბილეო წელი დადგა და მთელი მსოფლიოს ორკესტრებმა შეასრულეს სიმფონიური მუსიკა, ჩვენ, აკადემიური კლასიკური ნაწარმოებების გარდა, წარვადგინეთ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი კომპოზიციები, მათ შორის სიმღერებიც“, - აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა. 

ყანჩელის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებების აჟღერებისთანავე დარბაზი საოცარმა სიჩუმემ მოიცვა, ისეთმა სიმშვიდემ, რომელიც დამახასიათებელია მისი შემოქმედებისთვის, მუსიკამ, რომელშიც ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა - სიცოცხლეც, სიკვდილიც, სინანულიც, ნატვრაც, იდუმალებაც და ბედნიერებაც. „გენიოსი“ - ეს არის სიტყვა, რომელიც დომინირებდა გია ყანჩელის დახასიათებისას.

„ყანჩელი გამორჩეულია გენიოსობით. იგი არის ადამიანი, რომლის ფასიც, ალბათ, ცოტა ჰყოლია არა მარტო საქართველოს, არამედ ძალიან დიდ ერებსაც კი. რაც შეეხება კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას, ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ინტელექტუალური და ღვთაებრივი მასალა, რომელსაც მე ვეხები. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამ მუსიკის შესრულების შესაძლებლობა, ამავდროულად, ვგრძნობ პასუხისმგებლობასაც. ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როცა ყოველი ნოტი არის საფრთხილო, ეს არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება“, - ამბობს ლიზა ბაგრატიონი. 

„ვფიქრობ, რომ ყანჩელის მუსიკის განსაკუთრებულობა მის სიღრმეშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ერთნაირად გასაგებია ყველა ადამიანისთვის. ჩემთვის ყანჩელის ენა მუსიკაში მშობლიური ქართული ენასავით არის - როდესაც ვასრულებ, თითქოს არც ვდგავარ მიწაზე, ეს არის ძალიან ბუნებრივი და ამავდროულად არაბუნებრივიც“, - აღნიშნა ნატო მეტონიძემ.

კომპოზიტორი 1995 წელს სამეფო სიმფონიურმა ორკესტრმა მიიწვია ბელგიაში. სწორედ ამ პერიოდიდან იგი ქალაქ ანტვერპენში მოღვაწეობს. მიუხედავად ამისა, თავად ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ახლობლები პლეხანოველები არიან, უყვარს სამშობლო წრფელი და უანგარო სიყვარულით, რადგან აქ არის მისი ფესვები, აქ არის ადგილი, სადაც დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გალია....

საღამოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა: „საღამოს იდეა გაჩნდა ერთ ერთ სამუშაო შეხვედრაზე, რის შემდეგაც დავუკავშირდით გია ყანჩელს. იგი დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა და ყველანაირად დაგვეხმარა ამ დღესასწაულის მოწყობაში. მადლობა, რა თქმა უნდა, მას, ყველა მონაწილეს, რომლებიც უანგაროდ მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტური თვითმმართველობის იმ საორგანიზაციო ჯგუფს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ამ შთამბეჭდავი საღამოს გასამართად. მოხარულნი ვიქნებით, თუ კიდევ იქნება მსგავსი დონის მუსიკალური საღამოები უნივერსიტეტში და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ სტუდენტებს არ მოაკლდეთ ხარისხიანი მუსიკა“.

დასასრულ, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს გავიხსენებ: „ხელოვნებაა თავად უკვდავება“, საუკუნეები გავა და, მჯერა, რომ ყანჩელის მუსიკა დარჩება საქართველოს და, ზოგადად, სამყაროს სიამაყედ...

ნინი მშვენიერიძე,
თსუ-ის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი