„ტვინების გადინების“ მასშტაბური პროცესი საქართველოში

18 ნოე 2016

ნებისმიერი ქვეყნისთვის წინსვლისა და განვითარების განმსაზღვრელი საკუთარი მოსახლეობაა. უფრო კონკრეტულად - განათლებული, მოაზროვნე და საინტერესო ადამიანები. ეს არის ის რესურსი, რომლის შენარჩუნებაზე ქვეყანამ არც ერთ ეტაპზე არ უნდა დაიხიოს უკან. თუმცა, ისეც ხდება, რომ ეს ადამიანები ტოვებენ საკუთარ სამშობლოს და განათლების მისაღებად სხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან. საქართველო ერთ-ერთია მსგავს ქვეყნებს შორის. ამ პროცესს „ტვინების გადინება“ ჰქვია, ის ქვეყნიდან მაღალკვალიფიციური კადრების გასვლას გულისხმობს და მას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.

„ტვინების გადინების“ მასშტაბური პროცესი სათავეებს 80-90-იან წლებში იღებს. ამ პრობლემებს, ხსენებულ პერიოდში, ზოგადად, მძიმე სოციალური და პოლიტიკური გარემო განაპირობებდა. ეს იყო დაბალი ხელფასი, უმუშევრობა და ა.შ. „საქსტატის“ მონაცემებით, 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად 434 სტუდენტი წავიდა.

არსებობს „საქართველოს კანონი დასაქმების შესახებ“. ამ კანონის მე-2 თავი სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და მოვალეობებს შეეხება დასაქმების სფეროში. ამავე თავის მე-6 მუხლის (სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება) მიხედვით, შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებაში შედის (მასობრივი უმუშევრობის თავიდან აცილებისა და დასაქმების პრობლემების მოწესრიგების მიზნით) უმუშევრობის პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია. ასევე, ამავე თავის მე-7 მუხლის მიხედვით (საქართველოს მოქალაქის უფლებები), საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება: თავისუფლად აირჩიოს პროფესია და საქმიანობის სახეობა; დამსაქმებელთან უშუალო კონტაქტით მოიძიოს სამუშაო ადგილი; ისარგებლოს დასაქმების კერძო სააგენტოს ან დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მომსახურებით; მიიღოს კონსულტაციები და ინფორმაცია სამუშაოს დაწყების, პროფესიის არჩევის, პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ასევე, მას აქვს უფლება, აირჩიოს სამუშაო ადგილი და დაიწყოს მუშაობა საზღვარგარეთ (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით).

სხვა საკითხია, საქართველოს მაგალითზე რა განაპირობებს ქართველი ახალგაზრდების სწრაფვას საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. ეკონომიკის საკითხების ექსპერტის სოსო არჩვაძის შეფასებით, გამომდინარე იქიდან, რომ ინტელექტუალების მომზადებაში, სხვა საკითხებთან შედარებით, მეტი სახსრები იდება, „ტვინების გადინების“ პროცესი ქვეყნისთვის გრძელვადიან უარყოფით შედეგებს განაპირობებს. ის ორ მოტივს გამოყოფს, რის გამოც ხსენებული პროცესი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე: 1. ქვეყანა გარკვეულ სახსრებს დებს განათლების მიღებისთვის და 2. დაბალია შანსი იმისა, რომ საზღვარგარეთ გასული ინტელექტუალი მოსახლეობა კვლავ თავის სამშობლოში დაბრუნდება. ბატონი სოსო იმ მოტივებზეც საუბრობს, რამაც, შესაძლოა, ქართველ ახალგაზრდებს განათლების მისაღებად უცხო ქვეყანაში წასვლის სურვილი გაუჩინოს. პირველ მიზეზად იგი ასახელებს, რომ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად მეტი სახსრები იდება, ანუ, მაგალითად, ევროკავშირთან შედარებით საქართველოში დაბალი ხარჯებია განათლებაზე; ასევე, მისივე თქმით, საქართველოს გარეთ ქართველი ახალგაზრდები იოლად ახერხებენ მუშაობასა და კარიერის აწყობას, რაც მათში მოტივაციას აჩენს.

მარიამ ლეკიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსის სტუდენტია. იგი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობს. მონაწილეობა მიიღო ,,ერასმუს +”-ის პროგრამაში და, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში, ვიადრინას უნივერსიტეტში იმყოფებოდა სასწავლებლად. მისი შეფასებით, ძირითადი განსხვავება საქართველოსა და გერმანიაში სწავლების მეთოდებს შორის არის ის, რომ გერმანელები უპირატესობას საკუთარი შეხედულებების წინა პლანზე წამოწევას, ანალიზსა და კრიტიკას ანიჭებენ. რაც შეეხება პროფესიით დასაქმების საკითხს, მარიამის თქმით, გერმანიის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც სწავლების ყველა საფეხურს დაამთავრებ, სავალდებულოა პრაქტიკულები ან - ერთი სემესტრით საზღვარგარეთ წასვლა (გაცვლითი პროგრამით). გამომდინარე აქედან, მარიამის შეფასებით, მათთვის დასაქმება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

მარიამისგან განსხვავებით ნინო ზარიძეს არ სურს სხვა ქვეყანაში განათლების მიღება. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ნინოს შეფასებით, არ არის სწორი ის აზრი, რომ თუ ახალგაზრდები საზღვარგარეთ წავლენ, სამომავლოდ მეტი პერსპექტივა ექნებათ. მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოდან გასვლას ისურვებდა (მხოლოდ რამდენიმე თვით), არის ინგლისური ენის შესწავლა.

ფილოლოგი და ქ. თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი (სერტიფიცირებული) მასწავლებელი მაცაცო მაღრაძე საქართველოში განათლების მიღების შესახებ საუბრობს: „ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობის დონე სასურველ სიმაღლეზე ნამდვილად არ არის. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, პირველ ყოვლისა, ჩემი აზრით, მოუწესრიგებელი სასწავლო გარემო და სასკოლო ინფრასტრუქტურა. უფროსი თაობის მასწავლებლები, ხშირად, ჩვენს გამოცდილებას პრეროგატივად მივიჩნევთ და ნაკლებად ვცდილობთ, დროს ფეხი ავუწყოთ“, - აღნიშნავს იგი. როგორც ქალბატონი მაცაცო ამბობს, თავისი სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი სასწავლებლად გერმანიაში წავიდა და უკან მათი მცირე ნაწილი დაბრუნდა, თუმცა მათ არ აქვთ საკუთარი ცოდნის შესაბამისი სახელმწიფო სამსახური. მისივე თქმით, მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც დარჩა უცხოეთში, წარმატებულია სხვადასხვა სფეროში.

საქართველოდან „ტვინების გადინების“ მასობრივ პროცესს, შესაბამისი მიმართულებით, ფსიქოლოგი მაია კალანდარიშვილიც აფასებს. იგი ახალგაზრდებში ქვეყნიდან გასვლის ტენდენციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი მოდის აყოლა იყოს. სხვა შესაძლო მიზეზები, გარდა უმუშევრობისა და დაბალი ხელფასისა, ქალბატონი მაიას შეფასებით, არის ის, რომ საქართველოში უხეშად ირღვევა ადამიანების უფლებები.

„ტვინების გადინების“ აქტიური პროცესი საქართველოსთვის, ნებისმიერ დონეზე, პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის ეს პრობლემაა, რადგან ქვეყანას აკლდება უამრავი პროფესიონალი კადრი. საჭიროა, ქვეყანამ დროულად შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის გეგმები და მათი მოგვარების ეფექტური გზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოდან მაღალკვალიფიციური კადრების სისტემატური გადინება წამგებიანი იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ისე - თითოეული მოქალაქისთვის. 

მარი ტიელიძე, 
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკისა და მასობრივი
კომუნიკაციის მიმართულების
სტუდენტი