რეპეტიტორების ვექტორმა ლექტორებიდან სკოლის პედაგოგებისკენ გადაინაცვლა

18 ნოე 2016

ქეთი კ.-მ სულ ცოტა ხანია პირველი საატესტატო გამოცდები ჩააბარა და გასამმაგებული დატვირთვით ოთხ სხვადასხვა რეპეტიტორთან ემზადება; როგორც ამბობს, მას ამჯერად გაუმართლა, რადგან საატესტატო გამოცდაზე ჩასაბარებელი საგნები ეროვნულ გამოცდაზე მის საგნებს ემთხვევა, მაგრამ მისი მეგობრების უმეტესობა გამოსაშვებ გამოცდებამდე 6-7 კერძო მასწავლებელთან ემზადებოდა. „ეროვნულ გამოცდაზე დამატებით საგანს ისტორიას ვაბარებ. ოჯახში ყველას გაუკვირდა ჩემი გადაწყვეტილება, რადგან სკოლაში ისტორია არც არავის უსწავლებია და არც მოუთხოვია. ნულიდან მომიწია ყველაფრის დაწყება, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა.“ ქეთი ფიქრობს, რომ დანარჩენ საგნებში განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება და რეპეტიტორებთან მხოლოდ იმიტომ დადის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება დღეს ტრადიციად იქცა.

საქართველოში ყოველ მეოთხე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ჰყავს - ასეთი შედეგი აჩვენა „განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” მიერ წარმოებულმა კვლევამ, რომელიც 2011 წლის დეკემბერში ჩატარდა („რადიო თავისუფლება“, იანვარი, 2012 წ.); მიუხედავად კვლევის ასეთი შედეგებისა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მსგავსი კვლევა აღარ განმეორებულა. კვლევამ ის ორი ძირითადი მიზეზიც გამოყო, რის გამოც რეპეტიტორთა ინსტიტუტი დღეს განათლების სისტემის განუყოფელი ნაწილია: სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სასკოლო პროგრამის შეუსაბამობა უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან.

„30 წელიწადზე მეტია მათემატიკის პედაგოგი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში ბავშვებისთვის მიწოდებული პროგრამა ვერ მოამზადებს მას ზოგადი უნარების გამოცდისთვის, ამ გამოცდის შემოტანით სკოლებში სულ მცირე ერთი საგანი - ლოგიკა უნდა დაემატებინათ. ასე კი აბიტურიენტებს იძულებულს ხდიან - კერძო რეპეტიტორებთან იარონ“, - ამბობს 55-ე საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ლია მ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა. მისაღები გამოცდების ახალი მოდელის დანერგვა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება ქვეყანაში. რეფორმიდან მე-11 წელს კი განათლების სისტემა იმ საბჭოურ ფესვებს უბრუნდება, რომელსაც გაექცა - მშობლები შვილების უმაღლესში მოსაწყობად უნივერსიტეტის ოთხი წლის გადასახადზე მეტს იხდიან. „ჩემი შვილი ინგლისურ ენაში მეორე კლასიდან ემზადება და საფუძვლიანი ცოდნაც აქვს დაგროვებული, მაგრამ ეროვნულ გამოცდამდე მაინც ურჩევნია კერძო რეპეტიტორთან იაროს, რათა თავი დაიზღვიოს, ამ საგანში მომზადება კი წელიწადში 1200 დოლარი ღირს“, - ამბობს ქეთი კ.-ს მშობელი.

კვლევის პრეზენტაციისას წარმოდგენილ შედეგებს ნაწილობრივ არ ეთანხმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ჭკუასელი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარია სკოლაში მიღებული ცოდნისა და უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების მოთხოვნათა შეუსაბამობაზე: „გამოცდების ეროვნული ცენტრის სამუშაო დოკუმენტები ნამდვილად არის ეროვნული სასწავლო გეგმები და სტანდარტები, როგორც მოსწავლეთა შეფასების დროს, ასევე, მასწავლებელთა სერტიფიცირების დროს. არანაირი ხელოვნური ბარიერი აქ არ არის. თუმცა ერთია, რომ ეს წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ეს წერია სასკოლო სილაბუსებში, მაგრამ მეორეა, ასრულებს თუ ვერა”, – ამბობს იგი.

ერთიანი ეროვნული გამოცდების უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე მიიჩნევს, რომ სკოლებში ზოგადი უნარების, როგორც საგნის, შეტანა დაუშვებელია: „ზოგადი უნარების სწავლება შეუძლებელია, ეს არის უნარი და მისი მხოლოდ განვითარება შეიძლება. უნარები არ არის ცოდნა, რომელიც უნდა შეიძინო. ვერბალური უნარები ვითარდება მოყოლებული იმ ასაკიდან, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ არ შეუძლია ლაპარაკი, დასრულებული ზოგადი უნარების გამოცდამდე წაკითხული წიგნებით“, - გვითხრა სოფო დოლიძემ.

უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილი ადამიანის წიგნიერების, ენობრივი კომპეტენციის შესაფასებელი ნაწილია და ადამიანის წიგნიერების განვითარებას სკოლა და ოჯახი უნდა უზრუნველყოფდეს, რეპეტიტორი კი ადამიანს კითხვას ერთ წელიწადში ვერ ასწავლის.

ისრაელის ერთ-ერთი ორგანიზაციის ნაიტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა რეპეტიტორების ეფექტთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ მაქსიმუმი წვრთნა, რაც შეიძლება მისცეს ადამიანს რეპეტიტორმა, არის 10% იმისა, რა უნარიც მას სინამდვილეში აქვს.

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ ეროვნული თუ საატესტატო გამოცდისთვის ყველა საგანში მომზადება არა მხოლოდ სწავლების ხარისხის ბრალია, არამედ უკვე გარკვეული სტერეოტიპია; საატესტატო გამოცდებს მხოლოდ მინიმალური ზღვარის გადალახვა სჭირდება, რაც სავსებით შესაძლებელია სკოლაში მიღებული ცოდნით, მაგრამ მშობლებს და თავად აბიტურიენტებს ურჩევნიათ, თავის დაზღვევის მიზნით მიმართონ რეპეტიტორებს.

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაჩაბელი ამბობს, რომ დღევანდელ საზოგადოებას არ აკმაყოფილებს განათლების ხარისხი სკოლებში და სწორედ ამიტომ მიმართავენ რეპეტიტორებს, თუმცა მოსწავლეთა 56% თავისივე სკოლის პედაგოგთან ემზადება („რადიო თავისუფლება“, იანვარი, 2012 წ.). „სკოლის რამდენიმე მასწავლებელს არაერთხელ შემოუთავაზებია ჩემი შვილის მათთან კერძოდ მომზადება იმ მიზეზით, რომ იგი მოიკოჭლებდა მათ საგანში, რაც აბსურდად მიმაჩნია. მასწავლებლის მოვალეობაა, დამატებით აუხსნას ბავშვს გაუგებარი საკითხები. თუ ის სკოლაში ამას ვერ ახერხებს, ძნელი დასაჯერებელია, რომ საკუთარი ბინა და დამატებითი 200 ლარი მის პედაგოგიურ ნიჭს გააღვიძებს“, - ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელი ნინო ჩიტაია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ეს მანკიერი წრე არც მხოლოდ განათლების ხარისხის ბრალია და არც საზოგადოების სტერეოტიპების: „სავსებით შესაძლებელია, რომ მასწავლებელს უჭირდეს 40 ბავშვთან მუშაობა და კერძოდ გაცილებით უკეთ ამზადებდეს მათ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ საჯარო სკოლებში კლასის კონტინგენტი არ აღემატებოდეს 25 ადამიანს“ (სოციალნეტწორკ.გე, 2016).

ბიოლოგიის პედაგოგი ნინო კ. ასწავლის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში და მიაჩნია, რომ მისი ძალები თანაბრად ყოფნის როგორც 15, ასევე 30 მოსწავლეს, მთავარია მოსწავლეების მხრიდან მონდომება: „ჩემი სკოლის მოსწავლეებს არასდროს ვამზადებ კერძოდ. თუ მშობელი მომმართავს, ვეუბნები, რომ მისმა შვილმა უბრალოდ სკოლაში უნდა მომისმინოს და არ დასჭირდება დამატებით მეცადინეობა. ჩემი ყველა მოსწავლე წარმატებით აბარებს საატესტატო გამოცდას და მათი 90% რეპეტიტორთან არ ემზადება“. ნინო კ. ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მოსწავლეებს აღარ მიაჩნიათ საჭიროდ გაკვეთილების მოსმენა, რადგან იციან, რომ რეპეტიტორი დავალებას დააწერინებს და გამოცდისთვის მოამზადებს.

ვერონიკა გეურქოვი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე 100%-იანი გრანტით სწავლობს და ამბობს, რომ რეპეტიტორთან არასდროს უვლია და გამოცდებიც საჯარო სკოლის გაკვეთილების დახმარებით ჩააბარა, მაშინ, როდესაც მისი 27-ვე კლასელი კერძო მასწავლებლებთან ემზადებოდა თითქმის ყველა საგანში.

არსებობს ქვეყნები, მაგალითად, კორეა და კამბოჯა, სადაც რეპეტიტორობა მკაცრად იკრძალება. საქართველოს განათლების სფეროს წარმომადგენლების უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ რეპეტიტორობა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების კომპენსირების საშუალებაა და ამ ინსტიტუტის გარეშე განათლების დონე საგრძნობლად დაიწევს.

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ იმ მოსწავლეთაგან, რომლებიც რეპეტიტორებთან ემზადებიან, ყოველი მეხუთე მაინც ვერ ხვდება უმაღლეს სასწავლებელში. ამასთან, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები თანაბრად მიმართავენ რეპეტიტორებს. განათლების რეფორმით ძველი, საბჭოური სისტემის ჩანაცვლება მხოლოდ იმით შეიცვალა, რომ რეპეტიტორობის ფუნქცია უმაღლესი სასწავლებლის ლექტორებს მთლიანად ჩამოართვეს სკოლის პედაგოგებმა, სისტემის არსი კი უცვლელი დარჩა.

მარიამ ზუბაშვილი,
თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი